დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მოსახლეობის გარეშე დაგეგმილი პრიორიტეტები
2010/07/19 14:16:53

სოფლის დახმარების პროგრამა - „თითო პროექტი - თითო სოფელს“ - უკვე მეორე წელია, რაც მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში ცალკეულ მუნიციპალიტეტებზე გარკვეული თანხა იყოფა, ხოლო  მუნიციპალიტეტები ამ თანხებს სოფლების მიხედვით ანაწილებენ. როგორ ხორციელდება აღნიშნული პროგრამა რეგიონებში, ამ საკითხით დაინტერესებულები ზესტაფონის რაიონის სოფელ სასახლეში აღმოვჩნდით.

 

სოფლის პრობლემები იმთავითვე ცნობილი ხდება, რაც დანგრეული ცენტრალური გზიდან არანაკლებ მოუწესრიგებელ სოფლის გზაზე გადახვალ. სოფლის მოსახლეობას ვხვდებით და არსებულ პრობლემებზე ვესაუბრებით. პრობლემების ჩამონათვალში გზა პირველ ადგილზეა, შემდეგ წყალი. კითხვაზე, თუ რატომ არ აირჩიეს გზის გაკეთება სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობა გაკვირვებული რჩება. „რა, ეგ ჩვენ უნდა გადაგვეწყვიტა? ჩვენთვის არავის არაფერი უკითხავს“.

არადა, „თითო პროექტი - თითო სოფელს“ პროგრამის განხორციელება სწორედ მოსახლეობასთან ერთად უნდა ხდებოდეს. უნდა ტარდებოდეს სოფლის კრება, რომელ კრებაზეც მოსახლეობა იღებს გადაწყვეტილებას, სოფლისათვის გამოყოფილი თანხით რა უნდა გაკეთდეს.

„არავინ არ მოსულა ჩვენთან, არც გამგებელი, არც ადგილობრივი წარმომადგენელი და აზრი არ უკითხავს. არც რაიმე კრება ჩაუტარებია ვინმეს. არავინ შეგვკითხვია, რა გინდათ ამ ფულით რომ გავაკეთოთო...“ - ამბობს სოფელ სასახლის მცხოვრები ბონდო გურული.

მოსახლეობასთან გასაუბრებით გავარკვიეთ, რომ მუნიციპალიტეტმა ისეთი პროექტები აირჩია, რაც თვითონ აწყობდა და სოფლის მცხოვრებთა ინტერესი არ გაუთვალისწინებია. შესაბამისად, მგზავრთა მოსაცდელები, რომელიც ამ პროექტით გაკეთდა და ყველა უბანშია აშენებული, სოფლის მოსახლეობაში სახუმარო თემად იქცა.

„რად მინდა მოსაცდელი, სახლიდან 5 წუთში გზაზე ვარ უკვე. ან ვის უნდა? ვინმემ გვკითხა რამე, რომ აკეთებდნენ? სამი ათას ლარზე მეტი ჯდება ერთი მოსაცდელის გაკეთება, ეს ფული წყალში გადაყრილია. რაც საჭიროა, იმას არ გვიკეთებენ. მარშუტკამ თუ ვერ გაიარა გზაზე, რა ჯანდაბად გვინდა მოსაცდელი,“ - ამბობს სოფელ სასახლის მცხოვრები ლერი გურული.

 

„უსარგებლო“ მოსაცდელებზე სოფლისთვის გამოყოფილი ფულიდან  საკმაოდ სოლიდური თანხა - 3765 ლარი დაიხარჯა. აქედან ერთ უბანში მოსაცდელისათვის თუნუქის ფურცელი იყიდეს - 204 ლარის, მეორე უბანში - 150 ლარის ცემენტი, მესამე უბანში კი ახალი მოსაცდელი ააშენეს, რომელიც 3411 ლარი დაჯდა.

სოფლის მოსახლეობის პრეტენზიებს არ იზიარებენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში.

„2010 წლის დასაწყისში, როდესაც უკვე ცნობილი გახდა, რომელი სოფელი „სოფლის მხარდამჭერი პროექტის“ ფარგლებში რა თანხას ღებულობდა, სოფლის რწმუნებულებს მიეცათ დავალება, შეხვედრები ჩაეტარებიათ სოფლის მოსახლეობასთან, რათა სოფელს თავად გამოევლინა  პრიორიტეტები. ყველა თემის რწმუნებულს ჩვენთან წარმოდგენილი აქვს კრების აქტები, მოსახლეობისავე ხელმოწერებით. ჩვენ შეგვიძლია, მოგაწოდოთ კონკრეტულად სოფელ სასახლიდან ჩამოტანილი აქტების ქსეროასლები, რომლის საფუძველზე სოფელმა რამდენიმე სამუშაოს ჩატარება მოითხოვა,“ - ამბობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით ალანია.

მოწოდებულ აქტებში ნათქვამია, რომ ცალკეულ უბნებში ჩატარდა კრებები, რომელსაც ესწრებოდა სოფლის მოსახლეობის უმრავლესობა. თუმცა, აქტებზე ხელს მხოლოდ რვა-ათი ადამიანი აწერს.

ქვედა საზანოს თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ლევან კვიჟაშვილი განმარტავს, რომ სოფლის კრება ყველა უბანში ჩაატარა და გადაწყვეტილებებიც მოსახლეობასთან ერთად მიიღო.

„სოფლის კრება ყველგან ჩატარდა და კრებაზე რა გადაწყვეტილებაც მიიღო მოსახლეობამ, იმ გადაწყვეტილების მიხედვით დავგეგმეთ სამუშაოები. რაც შეეხება ხელმოწერებს, 5-6 კაცის ხელმოწერაც საკმარისია და 50 კაცს რატო მოვაწერინებდით ხელს? რაც გაკეთდა, ყველაფერი იყო ხალხის მოთხოვნა. რაც შეეხება გზას, საუბარია ცენტრალურ გზაზე, რომელსაც ეს თანხები არ ეყოფოდა. წყალსადენის რეაბილიტაცია და  მოსაცდელების შეკეთება - ესაა, რისი გაკეთებაც შევძელით ამ თანხით,“ -  ამბობს ქვედა საზანოს თემის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ლევან კვიჟაშვილი.

მუნიციპალიტეტის მიმართ მოსახლეობას სხვა პრეტენზიებიც აქვს. სოფელ სასახლეში სულ 310 კომლი ცხოვრობს. მიმდინარე წელს სოფლის პროგრამის ფარგლებში სოფელს 15 353 ლარი გამოეყო. ამ თანხის დიდი ნაწილი სხვადასხვა უბნებში წყალსადენის რეაბილიტაციას ხმარდება. 7270 ლარით შეიძინეს პლასტმასის მილები, ცემენტი და თუნუქის ფურცელი. თუმცა, არცერთ უბანში წყალსადენის სრული რეაბილიტაცია არ ხდება. მოსახლეობას რიგი სამუშაოების ჩატარება საკუთარი სახსრებით უწევს. 

„რეალურად მოსახლეობას უწევს ყველაფრის გაკეთება. წყალსადენია შესაკეთებელი და დიდი დავის შემდეგ მარტო შლანგები მოგვიყარეს, არც ძრავა, არც არაფერი. ჩვენი სახსრებით უნდა გავაკეთოთ ყველაფერი,“ - ამბობს სასახლის მცხოვრები ბონდო გურული.

„მართალია, ჩვენ შევიძინეთ და სოფელს მივაწოდეთ პლასტმასის მილები, მაგრამ სოფლის მოსახლეობამ კარგად იცოდა, რომ ფიზიკური სამუშაო თავად უნდა გაეწია. ანუ თანადაფინანსებით მოგვარდებოდა სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა. ჩვენ ჩვენის მხრივ ნაკისრი ვალდებულება შევასრულეთ, მასალები დროულად გადავეცით, თუმც ველოდებით, რომ წლის ბოლომდე თავად ისინიც შეასრულებენ ვალდებულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივმართავთ გარკვეულ ზომებს. შესაძლებელია, მასალები უკან გამოვითხოვოთ,“ - გვეუბნება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის

ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი დავით ალანია.

 

როგორც ხედავთ, მუნიციპალიტეტში ამტკიცებენ, რომ პრიორიტეტები მოსახლეობის არჩეულია. თუმცა, მოსახლეობა კატეგორიულად არ ეთანხმება და მაგალითისთვის გზაზე გვითითებს, რომელზეც გავლა მართლაც რომ რთულია.

 

მანანა ქველიაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1552
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია