დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვითომ მოხრეშილმა გზებმა ივანდიდის მოსახლეობა დააზარალა...
2010/07/19 14:15:04

სოფლის განვითარების პროგრამა ხონის რაიონში წინასაარჩევნოდ, ერთი შეხედვით, წარმატებით დასრულდა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ყველა სოფელში ყველა პროექტი ჩაბარდა და ხელისუფლებამ შესაბამისი შედეგიც აჩვენა. სოფელი ივანდიდიც იმ ჩამონათვალშია, სადაც დაგეგმილი პროექტები დროულად განხორციელდა, თუმცა, შედეგმა უკვე აჩვენა, რომ გზების მოხრეშვისთვის დახარჯული თანხა იმ წყალში გადაყრილი აღმოჩნდა, რომელმაც მოსახლეობის ეზოები დატბორა.  

გასულ წელთან შედარებით, სოფელ ივანდიდს მიმდინარე წელს სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში თანხა გაუორმაგდა და მან  29 000 ლარს გადააჭარბა. შესაბამისად, სოფელში მოსახლეობამ რამდენიმე პრიორიტეტი აირჩია. სკვერის კეთილმოწყობისთვის 8 000 ლარი დაიხარჯა. საბავშვო ბაღის გადახურვითი სამუშაოებისთვის - 6 000 ლარი. სასაფლაოს შემორაგვისთვის - 10 800 ლარი, ხოლო შიდა გზების რეაბილიტაციისათვის - 4 401 ლარი. ამ პრიორიტეტების განსაზღვრის შემდეგ სოფელს დაახლოებით 2 000 ლარამდე კიდევ დარჩა, რომელიც დამატებით ერთი სკვერის მოწყობას მოხმარდა.

სოფელ ივანდიდის რწმუნებული, დურმიშხან ტაბიძე, ამბობს, რომ          „სოფლის პრიორიტეტები თავად მოსახლეობამ განსაზღვრა. ჩვენ დავდიოდით სოფლის თითოეულ უბანში და მოსახლეობას პრიორიტეტების განსაზღვრაში აქტიურად ვრთავდით. ჩვენთან ერთად ხონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელიც დადიოდა, რომელიც  ინიშნავდა ამ პრიორიტეტებს. თუმცა, ოფიციალურად კომისია ამ პრიორიტეტების განსაზღვრისთვის არ შეგვიქმნია, რადგან ამ პროცესში თითოეული მოსახლე იყო ჩართული. გეგმის ჩამოყალიბებაში და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში სოფელში მცხოვრებმა უხუცესებმაც მიიღეს მონაწილეობა.“

მართალია სოფელმა პრიორიტეტები თავად განსაზღვრა, თუმცა კომისია, რომელსაც ამ კუთხით უნდა ემუშავა, არ შექმნილა. შესაბამისად, არ არსებობს სოფლის სხდომის, კომისიის არჩევის და შემდგომ გადაწყვეტილებების მიღების აქტები. ეს კი  პრეზიდენტის ბრძანებულების და სოფლის პროგრამის განხორციელების წესების დარღვევაა. თუმცა, ივანდიდის საკრებულოში დევს სოფლის მცხოვრებთა კოლექტიური განცხადებები, რომლებიც კონკრეტული პრობლემის მოგვარებას სოფლის რწმუნებულს სთხოვდნენ.

ერთ-ერთი ასეთი პრობლემა სასაფლაოს შემორაგვაა, რომელსაც ივანდიდის მაცხოვრებლები უკვე ოთხი წელია, ითხოვდნენ.

ნათელა გ. (მან გვარის გამხელა არ ისურვა) ჩვენთან საუბარში აღნიშნავს: „ვის არ ვეხვეწებოდით, რომ ეს საკითხი სოფლისთვის მოეგვარებინა. შეიძლება, პირუტყვმა სასაფლაოზე  რომ იაროს და წაბილწოს იქაურობა?“

სასაფლაო 120 მეტრი რკინა-ბეტონის ღობით შემოიღობა. სამუშაო თავად მოსახლეობამ შეასრულა და როგორც თავადვე ამბობენ, ხარისხიანადაც გააკეთეს.

დათო გ, რომელიც უკვე 70 წელს მიღწეულია, ყველაზე „კარგ საქმედ“ სოფელში სასაფლაოს შემოღობვას მიიჩნევს. „ამ სოფელში, შვილო, კაცს ვერ ნახავ, რომელიც უარს იტყოდა სასაფლაოს შემოღობვაზე. ვისაც ძალა ჰქონდა, ყველა აქ იყო და მუშაობდა და კარგადაც გააკეთეს,“- გვითხრა დათიკო ბაბუმ.

მეორე საკითხი, რაც სოფელმა ერთობლივად პრიორიტეტად აღიარა, საბავშვო ბაღის სახურავის შეკეთება იყო, სადაც 30 ბავშვი დადის. შენობაგადახურვითი სამუშაოების გარდა, შიდა რემონტსაც საჭიროებდა. სოფლის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობამ თავიანთი ძალებით საბავშვო ბაღი გადახურა და ოთხი ოთახი გაარემონტა კიდეც, მათ შორის -  სასადილო ოთახიც.

ახალგაზრდების მოთხოვნით ივანდიდში ორი სკვერიც მოეწყო. დურმიშხან ტაბიძის თქმით, „ამ პროგრამის დადებითი მხარე ისიცაა, რომ დროებით, მაგრამ მაინც ადგილობრივი მოსახლეობა იყო დასაქმებული. გარდა ამისა, თავიანთი ხელით გაკეთებულს მოსახლეობა მეტი გულისყურით ეპყრობა.“  

გარდა ამ პროექტებისა, სოფელ ივანდიდში დაახლოებით სამი კილომეტრი გზა გადაიხნა და მოიხრეშა. თუმცა, პირველივე წვიმის დროს მოხრეშილმა გზებმა რამდენიმე ოჯახს პრობლემა შეუქმნა. წვიმამ ხრეში სანიაღვრე არხებში ჩარეცხა, რასაც ამ არხების ამოვსება მოჰყვა შედეგად. წვიმის დროს არხებში წყლის გამტარიანობამ ზღვარს მიაღწია და მოსახლეობას წვიმის წყალი ეზოებში შეუვიდა. მანანა დ. სწორედ ამ პრობლემას უჩივის, თუმცა, აქვე ამბობს, რომ „მანამდე აქ საერთოდ ვერ გაივლიდით, რადგან დიდი ტბა დგებოდა ყოველი წვიმის დროს. ბავშვები სკოლაში შემოვლითი გზით და ეზო-ეზო მიდიოდნენ, რადგან გავლა შეუძლებელი იყო. ეტყობა, მოვალეობის მოხდის მიზნით მოხრეშეს და ყველა წესი არ დაიცვეს, თორემ აბა, ეს წყალი ჩვენს ეზოებში რატომ შემოდის?“

თუმცა არის უბნები, სადაც მოხრეშვა საერთოდ  არ შესრულდა. მოსახლეობა კი უკმაყოფილო დარჩა.    „ჩვენთან, შვილო, ეგეც არ გააკეთეს, ფული არ გვეყოო... ისე, სასაფლაო რომ შემოღობეს და ბაღი გადახურეს, კარგია, აბა ბოვშებს ბაღში უნდა აწვიმდეს თავზე?“- გვითხრა ჯემალ ქ.-მ.

 

ზოგიერთი გზის მოხრეშვამ რომ მოსახლეობის პირადი საცხოვრებელი ეზოები დააზიანა, ეს ფაქტი სოფელ ივანდიდის რწმუნებულმაც დაგვიდასტურა: „მოსახლეობის მაგ წუხილს ვეთანხმები, მაგრამ ჩვენ რომ სანიაღვრე არხები გაგვეჭრა, მაშინ იმ თანხით გზის ერთი კილომეტრის გაკეთებასაც ვერ მოვახერხებდით. რადგან ეს გაცილებით ძვირი დაჯდებოდა. ამიტომ ჩვენ ამ მოხრეშვითი სამუშაოებით შევეცადეთ, სოფლის ყველა უბანში გზის ძირითადი ნაწილი გაგვერემონტებინა და შეგვეკეთებინა შეძლებისდაგვარად. თუმცა, ეს სამუშაოც ყველა უბანში ვერ შესრულდა.“

ცოტა უცნაურია საკითხის გადაჭრისადმი ასეთი მიდგომა, როცა წინასწარ იცი, რომ სანიაღვრე არხების გაჭრის გარეშე მოხრეშვა ფულის წყალში გადაყრაა და ამას მაინც აკეთებ იმის გამო, რომ პროექტის შესრულებაში ჩაგეთვალოს. რბილად რომ ვთქვათ, ასეთ მოქმედებას სახელმწიფო მოხელეთა მიერ ხალხის ფულისადმი უდიერი დამოკიდებულება და გაფლანგვა ჰქვია...

მიუხედავად ამისა, მოსახლეობა მომავალ წელს იმ იმედით უყურებს, რომ სოფლის დახმარების პროგრამა მათ სოფელში კიდევ განხორციელდება. მთავარი პრიორიტეტიც შერჩეული აქვთ და შესაბამისი განცხადებით სოფელ ივანდიდის ახალ არჩეულ რწმუნებულს უკვე მიმართეს. ამჯერად პრობლემა სკოლის ეზოს შემოღობვაა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1505
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია