დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოციალური პროგრამების მიღმა დარჩენილნი
2010/05/24 12:30:26

მაშინ, როცა ამ ოჯახს მოულოდნელად პრეზიდენტი ეწვია, მაია სარქისაშვილი მეოთხე ბავშვს ელოდა. შვიდსულიანმა ოჯახმა ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, რაც მათი გაჭირვებისა და ყოველდღიური ცხოვრების შესახებ პრეზიდენტმაც გაიგო. ოჯახი სახლკარის გარეშე რამდენიმე წლის წინ დარჩა.  მათ  საცხოვრებელი  ფართის  გამოყოფის  შესახებ  ქალაქის ხელისუფლებას მიმართეს და, შედეგად, ავტოქარხნის დასახლებაში ერთ-ერთი ბაღის შენობაში მიიღეს საცხოვრებელი ფართი. ამ ბაღის შენობაში კიდევ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. სარქისაშვილების ოჯახს საცხოვრებელი ფართი შენობის მეორე სართულზე გამოუძებნეს. ამ სართულზე კი ბოლო ორი წლის მანძილზე როგორც გარეთ, ისე შენობაშიც წვიმდა. მეორე სართულიდან ჩასულმა წყალმა პირველ სართულზე მცხოვრები მეზობლებიც შეაწუხა, რადგან წყლის შეკავებას ქალბატონი მაია ვედროებითა და გობებითაც ვერ ახერხებდა.  

 

პრეზიდენტს, სტუმრობის დროს, ოჯახის უფროსი ზურაბ სარქისაშვილი შინ ვერ დახვდა. ის მარნეულში, დევნილების სახლების მშენებლობაზე მუშაობდა, რათა მრავალსულიანი ოჯახისთვის პურის ფული გამოეგზავნა. შვიდსულიანი ოჯახი დღემდე ვერ მოხვდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა სიაში. თუმცა, როგორც მაია სარქისაშვილი ამბობს: „ივნისის თვიდან ამ დახმარებას მივიღებთ. გვითხრეს, რომ თქვენი ქულები იმ ზღვარს შეესაბამება, რომელიც ამ თანხის გაცემის საშუალებას გვაძლევსო. თუმცა პოლისები მანამდე ჩამოგვივიდა. „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ“ მყოფთა პროგრამაში რომ მოვხვედრილიყავი, სამჯერ დავწერე განაცხადი. თავიდან, სადაც მანამდე ვცხოვრობდით, იქ ვიღებდით, თუმცა მას შემდეგ, რაც საცხოვრებელი ადგილის მისამართი შევიცვალეთ, დახმარება ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე მოგვიხსნეს.“

პრეზიდენტის ვიზიტს ბაღის შენობის სახურავის რემონტიც მოჰყვა, რომელიც დეკემბრის შუა რიცხვებში დაიწყო და დასრულდა კიდეც.

შენობას ეგრეთ წოდებული „ბრტ-ყელი სახურავი“ გაუკეთდა, რისთვისაც საჭირო თანხა ქალაქის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო. მიუხედავად ამისა, შენობაში წყალი დღემდე მოჟონავს და წვიმის დროს რამდენიმე ადგილზე კვლავ ჩამოდის.

ქალაქის საბინაო სამსახური მიმდინარე წელსაც პროგრამა „კორპუსს“ ახორციელებს, რისთვისაც 1 400 000 ლარია გამოყოფილი. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ქუთაისის მერიის საბინაო ფონდის აღრიცხვის, მართვისა და რეგულირების საქალაქო სამსახური. ამ პროგრამის ფარგლებში მაღალსართულიანი, ავარიული სახურავის მქონე ბინების შეკეთება, კორპუსის დაზიანებული ზედა ნაწილის აღდგენა-რესტავრაცია და ლიფტების რეაბილიტაცია იგეგმება. კონკრეტული სამუშაოს შესრულებაზე ტენდერი, როგორც ამბობენ, უკვე გამოცხადდა და ჩატარდა კიდეც, თუმცა ამის შესახებ ინფორმაციას მერიის საბინაო ფონდის აღრიცხვის, მართვისა და რეგულირების საქალაქო სამსახურის უფროსი ვერ ფლობს.

როგორც სარქისაშვილების ოჯახს, ამ ბაღის შენობაში მცხოვრებ სხვა ოჯახებსაც სწორედ პროგრამა „კორპუსის“ იმედი აქვთ, იქნებ ხელმეორედ გადაიხუროს შენობა ხარისხიანად. როგორც აღნიშნული სამსახურის უფროსი თორნიკე ლაბაძე აცხადებს: „მე მაქვს საწინააღმდეგო ინფორმაცია და მინდა გითხრათ, რომ ეს ბაღის შენობა არ არის ჩასმული, იმ პროგრამაში, რასაც ქალაქის მერია საბინაო სამსახურთან ერთად ახორციელებს. თუმცა, ვერ გეტყვით, შეიძლება ეს ჩასმული იყოს სარეზერვო ფონდში, საიდანაც შარშან ზუსტად ამ შენობის გადახურვისთვის გამოიყო თანხა. ან, შეიძლება, სხვა რომელიმე პროგრამაშია ჩასმული. რაც შეეხება ჩვენს სამსახურს, ჩვენ გვაქვს გადახურვის პროგრამა, რომელსაც ადგილობრივი ბიუჯეტი აფინანსებს. რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს, ამ ბაღის შენობის გადახურვა ახლა არ არის გათვალისწინებული. ბაღის შენობის ჩასმა ამ პროექტში იმიტომ ვერ მოხერხდა, რომ შენობა არ არის კერძო საკუთრება. ჩვენ პროგრამა „კორპუსს“ ბინათმესაკუთრეთა და ამხანაგობების უშუალო მონაწილეობით ვახორციელებთ. აქვე გეტყვით, რომ რა თქმა უნდა, პრეზიდენტის უშუალო მითითების შემდეგ უკვე მიმდინარეობს საჭირო დოკუმენტების შეგროვება, რათა ამ ადამიანებს კონკრეტული ფართი საკუთრებაში გადაეცეს. ამის შემდეგ კი შეიძლება ამ საკითხზე საუბარი.“

ბაღის შენობაში მცხოვრებ ოჯახებს, გარდა წვიმისა, უშუქობაც აწუხებდა: ობიექტი, როგორც აბონენტი, აყვანილი არ იყო აღრიცხვაზე, თუმცა ეს პრობლემაც მალევე მოგვარდა. მაია სარქისაშვილს კიდევ ერთი შვილი შეეძინა, თუმცა ორი თვის შემდეგ მოულოდნელად დაეღუპა. „ზუსტად ორი თვის შემდეგ ბავშვი გარდაიცვალა. ექიმი და ექთანი სამი დღის ნამყოფი იყო და არაფერი პრობლემა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით არ ჰქონია. ბავშვის გარდაცვალებამდე კი, როგორც მრავალშვილიანმა ოჯახმა, ერთჯერადი დახმარება მივიღეთ 400 ლარის ოდენობით. განცხადება ქალაქის მერის სახელზე დავწერე და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურში ავიღეთ.“ მათ ამ შემთხვევაში „მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამა“ შეეხოთ, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახების მეოთხე და მეტი შვილის დაბადების ზუსტი და დროული რეგისტრაციის შემთხვევაში მატერიალურ დახმარებას ითვალისწინებდა.  თუმცა სხვა სახელმწიფო პროგრამა, რაც მათ მრავალშვილიანობას სტაბილურად დააფინანსებდა ოთხი შვილის ყოლის შემთხვევაში, სახელმწიფოში არ არსებობს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი დემოგრაფიული პრობლემის წახალისებისთვის გასულ წელს მხოლოდ 120 000 ლარი იყო გამოყოფილი.

სარქისაშვილების ოჯახის უფროსი, ზურაბი, უმუშევარია, თუმცა, როგორც თავად ამბობს: „პარლამენტის შენობის მშენებლობა რომ დაიწყო, მივედი და იქ ჩავეწერე. მითხრეს, როცა დაგვჭირდები, დაგიძახებთო“.

სარქისაშვილების ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ“ ყოფნაა. ამ პროგრამით გათვალისწინებულ თანხას ოჯახის შვიდი წევრი ივნისის ბოლოს ელოდება. ოჯახის უფროსი კი პარლამენტის მშენებლობის დაწყების იმედზეა, რადგან თვლის, რომ, თუ ერთხელ სამუშაოდ დაუძახებენ, 2012 წლამდე გარანტირებული სამსახური ექნება.

რატომ გაჭიანურდა ბაღის შენობის მობინადრეთა საცხოვრებელი ფართის დაკანონების პროცესი და რა საბუთებია საჭირო პრობლემის მოგვარებისთვის, ამაზე საგაზეთო მასალას მომდევნო ნომერში შემოგთავაზებთ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1503
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია