დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახალციხის სპეციფიკური მედია
2009/11/09 13:38:03

ახალციხის მედია-საშუალებების რამდენიმე სიტყვით დახასიათება ასე შეიძლება - სპეციფიკური, თვითდაფინანსებადი და უკონკურენტო, რადგან აქ რადიომაუწყებლობა არ აქვთ, მხოლოდ ერთი ტელევიზია, ორი რადიკალურად განსხვავებული მიმართულების გაზეთი და ერთიც საუნივერსიტეტო გამოცემაა.

პატარა ქალაქში, სადაც ამბები ელვის სისწრაფით ვრცელდება, ჟურნალისტები კიდევ უფრო მეტ პროფესიულ პასუხისმგებლობას გრძნობენ. ინფორმაცია „ნიუსების“ ფორმატით, ძირითადად, ტელევიზიით გადის, გაზეთები კი, ოპერატიულობის ხარჯზე, ცდილობენ, ყოველი სიახლე პრობლემურ სტატიად აქციონ. სვამენ პრობლემას და ითხოვენ რეაგირებას, დადებით შედეგსაც ხშირად აღწევენ.

ეთნიკური სომხებით დასახლებულ რეგიონში დღეისთვის ერთადერთი ტელევიზია - „მეცხრე არხი“ 1997 წელს კობა გოგიძემ დააარსა. იმ დროისთვის ტელევიზიას კონკურენციას                       „ლომსია“ უწევდა, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ სამაუწყებლო ლიცენზიის თანხის გადაუხდელობის გამო დაიხურა.

დღეს „მეცხრე არხის“ დირექტორი ლაშა ბუტულაშვილია. უსახსრობის გამო ტელევიზია მხოლოდ სამ ჟურნალისტს და ერთ საინფორმაციო გადაცემა - „ექოს“ ითვლის. სხვა გადაცემები ჯერ მხოლოდ იდეის, ან საცდელი გადაცემების სახით არსებობს. აქვეა მოხატული კედლები საცდელად ჩაწერილი გადაცემებისთვის, რომლებიც ისევ უსახსრობის გამო, ეთერში ჯერ არ გასულა.

„მარადიული ხსოვნა“ ამ დროისთვის ტელევიზიის ერთადერთი შემოსავალია.

„ფინანსებისა და უსახსრობის გამო, არანაირი გადაცემა ტელევიზიას არ აქვს. საინფორმაციო გადის კვირაში სამჯერ და ვთვლით, რომ საკმაოდ კარგადაც ასახავს მოსახლეობის პრობლემებს. ვამბობთ იმას, რაც ითქმის, არ ვართ შებოჭილები, ვართ აბსოლუტურად თავისუფლები, მითუმეტეს, ჩვენს რეგიონში ისეთი არაფერი ხდება, რომ დასამალი იყოს ვინმესთვის. არანაირი ზეწოლა არ გვაქვს, ისე ლამაზად ვმუშაობთ ხელისუფლებასთანაც და ოპოზიციასთანაც... - გვითხრა ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა ბუტულაშვილმა, - ახლა, ასე ვთქვათ, შიდა პოლიტიკას ვცვლი, მაგრამ ამაზე, ჯერჯერობით, არ ვსაუბრობ. ძირითადი პრობლემა მაინც ფინანსებია. სარეკლამო ბაზარი საკმაოდ საშინელია. ჯერ, გამომდინარე ხალხისგან, თვითონ ვერ ხვდებიან, რომ რეკლამა ფასიანია. რეკლამის კეთების და ფულის გადახდის ეშინიათ, დიდი-დიდი, ბარტერზე წამოვიდნენ“.

ასევე, აბსოლუტურ თვითდაფინანსებაზეა ქართულენოვანი, დამოუკიდებელი გაზეთი „ადგილის დედა ახალციხე“, რომელიც ეროვნული მოძრაობის დროს იზოლდა წიქარაშვილმა დააარსა და 12 წლის განმავლობაში, დღემდე, საკუთარი ხარჯებითა და ხელმომწერთა იმედით მოაქვს. ამიტომაცაა, რომ აქ მხოლოდ ერთი ჟურნალისტია, გამოცემის სიხშირე კი ყოველთვიური.

„ახალციხის ისტორიას არ ახსოვს ქართულენოვანი გაზეთი. „არაფორმალების“ ერთ-ერთ შეკრებაზე, რომელსაც მე ვესწრებოდი, დაისვა საკითხი: რატომ არ აქვს ახალციხეს ამდენი ხნის მანძილზე ქართულენოვანი გაზეთი?

მაშინ ბევრი მეუბნებოდა: რა დროს გაზეთია, როგორ იარსებებთო? მაგრამ 1993 წელს პირველი საახალწლო ნომერი მაინც გამოვიდა, რომლის ნომრები საკუთარი ხელით ჩავყარე საფოსტო ყუთებში. მას შემდეგ ძალიან რთული გზა გამოვიარეთ,“ - ამბობს იზოლდა წიქარაშვილი.

ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა ყოველკვირეულ, ორენოვან გაზეთ „სამხრეთის კარიბჭეში“. 2004 წელს გამოსული გაზეთის პირველი ნომერიც ქართულ-სომხური იყო. ის მეორე წელია, ჰოლანდიური ორგანიზაცია „press now“-ს დაფინანსებისა და ხელმომწერების იმედზეა, თუმცა, ვარაუდობენ, რომ მომავალი წლიდან მათაც თვითდაფინანსებაზე მოუწევთ გადასვლა.

„თავიდანვე ასეთი ჩანაფიქრი იყო, რომ გაზეთი ყოფილიყო ორენოვანი. მოგეხსენებათ, შერეული რეგიონია, ეთნიკური სომხებით დასახლებული და აუცილებლობა გაჩნდა, რომ მათ თავიანთ ენაზე მიეღოთ ინფორმაცია. iwpr-ის პროექტი იყო თავიდან, მან დააარსა გაზეთი, მოიძია ხალხი, ჟურნალისტები, რომლებსაც სისტემატურად უტარდებოდათ ტრენინგები, სემინარები, iwpr უდგა ყველაფერს სათავეში. ცენტრალური ოფისი დღესაც ახალციხეშია, თუმცა, ახალქალაქშიც გვაქვს ოფისი, სადაც, ასევე, გვყავს სომხური მხარის ჟურნალისტები. ნინოწმინდიდანაც თანამშრომლობენ ჟურნალისტები, მაგრამ იქ ოფისი არ გვაქვს, ხარჯი იყო ძალიან დიდი და დაიხურა,“ - აღნიშნა სამცხე-ჯავახეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთის „სამხრეთის კარიბჭის“ რედაქტორმა ნინო ნარიმანიშვილმა.

სწორედ ეს გაზეთი გვმასპინძლობდა ერთი კვირის განმავლობაში ქუთაისიდან ჩასულ ჟურნალისტებს. დავინტერესდით, როგორი იყო, მათი აზრით, ჟურნალისტის დანიშნულება და რამდენად რთულია ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში სხვადასხვა თემის გაშუქება. 

პასუხი ისევ რედაქტორისგან მივიღეთ: „ვფიქრობ, უპირველესი ჩვენი მოვალეობაა, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ არ გვაქვს სქესი, ეროვნება, აღმსარებლობა, რომ ჟურნალისტის უპირველესი მოვალეობაა, მკითხველამდე მიიტანოს ობიექტური ინფორმაცია, დროულად, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე. ვცდილობთ, ეს პრინციპი დავიცვათ გაზეთში. აქ ძალიან ძნელია წერო რელიგიურ თემებზე, თუნდაც პოლიტიკაზე და რაღაც მომენტში დაგავიწყდეს, რომ ჟურნალისტი ხარ იმიტომ, რომ რეგიონია თვითონ სპეციფიკური, მუდმივად ბომბზე და ძალიან დიდი სიფრთხილე სჭირდება თითოეული თემის შერჩევას და გაშუქებას. სულ ვცდილობთ, რომ ეს არ დაგვავიწყდეს“.

ცდილობენ, რეგიონსაც გასცდნენ. ასევე, მძიმე პოლიტიკური თუ ეკონომიკური, სოციალური თემების გვერდით, გაზეთში ადგილს უბრალო ადამიანებსაც უთმობენ - მეწაღეებს, მესაათეებს... აქვთ მუდმივი რუბრიკა, სადაც თანამდებობის პირების პორტრეტებს აკეთებენ - სამსახურში და მის მიღმა. იციან, რომ ხალხს მოსწონს, რადგან საკუთარი მასალის სათაურებს ქუჩაში ხშირად ხვდებიან. ხალხის აზრი, გამოკითხვების საშუალებით, გაზეთშიც ყოველთვის დომინირებს. მაგალითად, გუბერნატორთან წასვლის წინ, ჯერ ხალხს ეკითხებიან, რა კითხვებს დაუსვამდნენ მას...

აქვთ ცხელი ხაზიც, რომელზეც ხშირად შემოდის პრობლემები.

„ისეც ხდება, რომ შემოსულ პრობლემაზე სტატიის დაწერა ვეღარ ხდება, იმდენად მომენტალურად რეაგირებენ საჭირო ორგანოები“, - გვითხრა „სამხრეთის კარიბჭის“ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა თამუნა უჩიძემ, რომელიც გაზეთ „მესხეთის უნივერსიტეტის“ რედაქტორიცაა.

ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზეთი „მესხეთის უნივერსიტეტი“ 1990 წლიდან გამოდის.

ორწელიწადნახევარია, რაც ინსტიტუტი დამოუკიდებელ სასწავლებლად გადაკეთდა, მანამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯავახეთის ფილიალი იყო. როგორც ამბობენ, გამოცემა მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს იმ თვალსაზრისით, რომ ხელს უწყობს სასწავლებელში ქართულ და სომხურ მხარეს შორის ინტეგრირებას. გაზეთი მხოლოდ ქართულენოვანია, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ აქ მოსწავლე სომხები ქართულადაც თავისუფლად კითხულობენ. კითხვებიც დღემდე მხოლოდ გაზეთის სათაურთან დაკავშირებით ჩნდებოდა.

„ახალციხის უნივერსიტეტის ინსტიტუტად გადაკეთების შემდეგ იყო საუბარი იმაზე, შეცვლოდა თუ არა გაზეთს სახელი, მაგრამ თავიდანვე იყო განსაზღვრული, რომ ინსტიტუტს, უახლოეს პერიოდში, უნივერსიტეტის სტატუსი კვლავ უნდა დაბრუნებოდა.  უნივერსიტეტის გაზეთი მხოლოდ ქართულენოვანია, ძირითადი აუდიტორია ახალციხის სახელმწიფო ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები არიან. ქალაქიდანაც არის გამოწერები. ძირითადად ვწერთ ინსტიტუტში მიმდინარე ფაქტებსა და მოვლენებზე, განათლების სფეროში არსებულ პრობლემებზე, სტუდენტურ ცხოვრებაზე. ამჟამად მხოლოდ ერთი ჟურნალისტი მუშაობს. თუმცა, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებიც არიან ჩართულნი,“ - აღნიშნა „მესხეთის უნივერსიტეტის“ რედაქტორმა თამუნა უჩიძემ.

როგორც ჟურნალისტები აღნიშნავენ, ყველაზე დახურულ და შეუვალ ორგანოებად, ახალციხეშიც, ისევე, როგორც მთელს საქართველოში, - ძალოვანი სტრუქტურები, პოლიცია, სამხარეოები, პროკურატურა და სასამართლო ითვლება. ამბობენ, რომ ათდღიანი ლოდინია საჭირო მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ გითხრან: „კომენტარს არ ვაკეთებთ“. ამ ჩამონათვალში მოხვდა რაიონული პოლიკლინიკაც, საიდანაც ინფორმაციის მიღებაზე ადგილობრივ მედიას ხშირად ექმნება პრობლემები.

ადგილობრივ მედიასთან დაკავშირებით ხალხის გამოკითხვაც ჩავატარეთ. მოსახლეობა ზედმეტი ფულის დახარჯვისგან თავს იკავებს და ინფორმაციას, ძირითადად, ტელევიზიით, ან ინტერნეტით ეცნობა, აქაც უპირატესობას ცენტრალურ ტელევიზიას ანიჭებენ. არიან ისეთებიც, ვინც ადგილობრივ პრესას ეცნობა და თვლიან, რომ პრობლემები საკმაოდ ობიექტურად შუქდება.

„ძირითადად ტელევიზიით ვიგებ ახალ ამბებს. გაზეთებიც მომწონს        „სამხრეთის კარიბჭე“ ყველაფერს აშუქებს და კარგად წერენ, მაგრამ ბაზარში რომ ცეცხლი უკიდია ყველაფერს, იმაზე ჯერ არაფერი წამიკითხავს“, - გვითხრა ახალციხის ერთ-ერთმა მკვიდრმა შალვა ზურაბიშვილმა.

„ობიექტურები არიან, ადგილობრივ ტელევიზიაში საინფორმაციოს ყოველთვის ვუყურებ. მეტ-ნაკლებად პრესასაც ვეცნობი“, - გვითხრა ფებრონე ვართანიანმა.

„იყიდება გაზეთები „კვირის პალიტრა“, „თბილისელები“, „ასავალ-დასავალი“. ადგილობრივი გაზეთები კარგად აშუქებენ, ტელევიზიაც“, - ამბობს გაზეთების გამყიდველი რუსიკო ტოგონაძე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1654
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია