დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჭიათურის მაჟორიტარი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
2013/08/02 18:33:56

 ჭიათურაში, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვი მინისტრ აიმედო განცხადებებს აკეთებს, სამედიცინო თვალსაზრისით საკმაოდ მიმე მდგომარეობაა. რამდენიმე კვირის წინ პოსტკრიპტუმი წერდა იმაზე, რომ ჭიათურის ჯეოჰოსპიტალსში სამეანო განყოფილება გაუქმდა. ვარაუდობენ, რომ სხვა განყოფილებებსაც არ ელოდება დღეგრელობა. ამას ემატება ექიმების ხელფასების გაუცემლობა და სოფლის ამბულატორიების თითქმის უფუნქციობა. ამის გამო ჭიათურის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მალხაზ წერეთელმა, სპეციალური მიმართვა გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

„მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ მძიმე სიტუაციაზე, რომელიც შეიქმნა ჭიათურის  რაიონში სამედიცინო თვალსაზრისით.

მოგეხსენებათ, 1 ივლისიდან ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელმაც მოიცვა ქვეყნის დაუზღვეველი მოსახლეობის 2 მილიონზე მეტი ადამიანი. ჩატარდა დიდი მოცულობის სამუშაო, გაკეთდა უზარმაზარი საქმე. ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება გაუჭირდებოდა ჩვენზე ეკონომიკურად ბევრად გამართულ ქვეყნებს. ზუსტად ამ დროს ჭიათურაში მოქმედმა სადაზღვევო კომპანიამ „ირაომ“, რომლის ხელშია პირველადი ჯანდაცვა თავისი პოლიკლინიკით, სოფლის ამბულატორიებით, ასევე სასწრაფო დახმარება, სტაციონარი, თავისი სააფთიაქო ქსელით, ორი კვირაა, შეაჩერა მშობიარეთა მიღება, ოთხი თვეა, ხელფასს არ (თუ ვერ) უხდის სოფლის სამედიცინო პერსონალს, შეფერხებით მუშაობს სასწრაფო დახმარების ბრიგადებიც. რაც შეეხება სტაციონარს, როგორც აქამდე, დღესაც მისი ძირითადი ფუნქცია ავადმყოფთა მიღება-განაწილებაა სხვადასხვა ქალაქის სტაციონარებში.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ უკვე ერთი წელია, „ჯორჯიანმანგანეზის“ მიერ დაზღვეულ მუშა-მოსამსახურეებს და მათი ოჯახის წევრებს, 15000-მდე  ადამიანს, სამედიცინო დახმარების მისაღებად 80 კილომეტრის გავლა უწევს ქალაქ ზესტაფონამდე.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა რაიონში შექმნილუ მძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ ფონს: რეგიონში ყველაზე მდიდარი რაიონი, ყველაზე ღატაკია; პირველ ადგილზე ვართ შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობით, მილიონობით ლარის დავალიანებაა დარჩენილი მიწისძვრითა და „ჭიათურმანგანუმის“ მიერ დაზარალებული მოსახლეობის, 100 ათასობით ლარის სახელფასო დავალიანებები აქვთ სხვადასხვა ორგანიზაციებს, ჰაერშია გამოკიდებული „ჭიათურმანგანუმის“ 12 ათასი აქციონერის საკითხი, რაიონის უდიდესი პრობლემაა უმუშევრობა, სოფლის გზები და წყალმომარაგება. ყველა ეს ადამინი ითხოვს შველას, თანადგომას, დასაქმებას.

სწორედ ამ ფონზე, გაუმჯობესების ნაცვლად, კიდევ უფრო გაუარესდა მდგომარეობა სამედიცინო მომსახურების მხრივ ჩვენს რაიონში.

ცალკე მინდა გამოვყო სოფლის სამედიცინო პერსონალის მდგომარეობა. იცით, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ეს ხალხი მიზერული ხელფასით ასრულებს თავის მოვალეობას. სხვათ აშორის, ამას ხელფასსაც ვერ დავარქმევთ, რადგან ამ თანხიდან ექიმმა უნდა უპატრონოს ამბულატორიას, გადაიხადოს კომუნალური გადასახადები,  გამოიყენოს ტრანსპორტირებისათვის, შეიძინოს მედიკამენტები, ბუღალტრებიც და ეკონომისტებიც ისინი არიან. და უკვე 4 თვეა, სადაზღვევო კომპანია ვერ უხდის მათ ხელფასს, რომელსაც თანაბრად აფინანსებს ჯანდაცვის სამინისტრო და სადაზღვევო კომპანია. სამინისტრო თავის კუთვნილ თანხებს დროულად რიცხავს, რომელიც ვერ აღწევს ადრესატამდე, ხდება ამ თანხების გადანაწილება სადაზღვევო კომპანიის მიერ სხვა დაწესებულების თანამშრომლებზე.

ცალსახად კომპანიის დადანაშაულება მიჭირს, მას ნამდვილად უდგას ფინანსური კრიზისი, ე.წ. 100 საავადმყოფოს პროექტი იყო იძულებითი და თავსმოხვეული.  რა მივიღეთ, ამის ნათელი მაგალითია ჭიათურის რაიონში სამედიცინო ქსელისმდგომარეობა. მაგრამ გამოსავალი სწრაფად უნდა მოინახოს.

მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს, საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, სასწრაფოდ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც გამონახავს გზებს პროცესების დარეგულირებისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ შესანიშნავ პროექტს შეექმნება (და უკვე შეექმნა) პრობლემები რაიონში. სამედიცინო პერსონალს გარკვევით უნდა ვუთხრათ, რას ვაპირებთ, რა გზები არსებობს პრობლემის გადასაწყვეტად.

გამოვხატავ სრულ მზაობას, აქტიურად ჩავერთო პროცესებში, როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი და ასევე, როგორც რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი

იმედს ვიტოვებთ, უყურადღებოდ არ დარჩება ჩემიგანცხადება და უმოკლეს დროში მოინახება პრობლემის გადჭრის გზები.“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2116
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია