დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„შავი ლაქები თეთრ ხალათზე“
2012/03/12 12:16:46

ქართული ჯანდაცვის თავისებურებები

(წერილი მეოთხე)

წლების წინ, ნაირა გელაშვილის ამ სტატიამ არნახული რეზონანსი გამოიწვია. თუ სწორად მახსოვს, წერილი სამედიცინო სფეროში დამკვიდრებულ ფასიან „უფასო“ პრაქტიკას ეხებოდა, როცა „არაფორმალური გადახდები“  პაციენტის ჯიბიდან უფასო ჯანდაცვის განუყოფელი ნაწილი იყო. 

 

 საბჭოთა კავშირის დროს ექიმის ხელფასის ოდენობა განისაზღვრებოდა ექიმის ცენზით, მუშაობის სტაჟით და დროით, ხელფასი არ იყო მიბმული არც მიღებული პაციენტების რაოდენობაზე და არც გაწეული მომსახურების მოცულობაზე.

დღეს ექიმის ხელფასის განაკვეთი პრაქტიკულად არ არსებობს. ექიმი ხელფასის სახით იღებს მის მიერ „გამომუშავებული“ თანხის ნაწილს.

 

ეს ახალი რეალობა, უკვე დიდი ხანია, აღარ არის ახალი. ანაზღაურების განსხვავებული წესების დამკვიდრებასთან ერთად უფრო მრავალწახნაგოვანი გახდა პაციენტისა და სამედიცინო პერსონალის ურთიერთობის სფერო. თუმცა ალოგიკური „ლოგიკის“ პოვნა პაციენტებთან მიმართებაში არც საბჭოურ პერიოდში იყო ინტერესმოკლებული.

პაციენტი-ექიმის კომუნიკაცია რთული ფსიქოლოგიური დეტალებით არის დახუნძლული და ამ ფსიქოლოგიურ „უღრანში“ გზის გაკვლევა ისეთივე ძალისხმევას მოითხოვს, როგორც, მაგალითად, ტოპოგრაფიული ანატომიის შესწავლა... ჩემი გამოცდილებიდან, პირველის ათვისება გაცილებით იოლი მეჩვენება, თუმცა ზოგ ექიმს, როგორც ჩანს, მეორე ისე უადვილდება, რომ თავისუფლად შეუძლია, გზამკვლევი გამოსცეს ე.წ. „ჩაინიკებისათვის“. 

პაციენტის გაუთვითცნობიერების და არაინფორმირებულობის გამოყენება მაქსიმალური „მოგების“ მისაღებად არაერთი მედიკოსის ჩვეული იარაღია. არსენალი ერთობ შთამბეჭდავია... მაგალითად, შეიძლება რინგერისა და ლაქტატის ცალ-ცალკე განფასება ინტრავენური ინექციისათვის, მაშინ, როცა რინგერ-ლაქტატი საინექციო ხსნარის ერთიანი სახელწოდებაა. ამ გზით შეიძლება ორმაგი ფასის გადახდა ერთ პრეპარატში.  გადასხმისთვის საჭირო მედიკამენტების ამგვარად შედგენილი ჩამონათვალი შემთხვევით ჩამივარდა ხელში; ზუსტად ასე ეწერა: „რინგერი - 5ლარი, ლაქტატი - 5 ლარი!“

ასევე, მიღებული და გავრცელებული პრაქტიკაა არასაჭირო და გაუმართლებელი მკურნალობის დანიშვნა მაშინ, როცა, პრაქტიკულად, ელემენტარული რჩევების მიცემაც კი საკმარისია პაციენტისათვის. აქ მთავარია ე.წ. „პლაცებოს“ ეფექტის საჭირო დროს და საჭირო ადგილას, უფრო სწორად, საჭიროა პაციენტთან მისი გამოყენების ხელოვნების მაღალ დონეზე ფლობა. მაგალითად, შეიძლება სტანდარტული ინტრავენური ინექციის 3 კურსის დანიშვნა მაშინ, როცა  ერთიც არ ესაჭიროება, მაგრამ ამის შესახებ ხომ პაციენტს წარმოდგენაც არ აქვს?! საკმარისია რამდენიმე, მისთვის გაუგებარი ტერმინის გამოყენება,  „შესაძლო გართულების შესახებ“ „დროული“ ინფორმაციის მიწოდება და... იგი თქვენს ხელთაა.

საოცარ ეფექტს ახდენს პაციენტზე არასტანდარტული და ორიგინალური მკურნალობის დანიშვნა, მაგალითად, ეგრეთ წოდებული „ხიზილალის“ დიეტა. განსაკუთრებით გრანდიოზულია ეფექტი მაშინ, თუ ისეთ „პროდუქტს გამოვწერთ“, რომლის მოპოვება განსაკუთრებულ ძალისხმევას და საქმეში ახლობლების ჩართვას მოითხოვს, განსაკუთრებით - საზღვარგარეთ მცხოვრებისას. ნიმუში: უნდა მიიღოთ „პაპაიას“ ან „ავოკადოს“ წვენი - მთავარია, უშაქროდ! - დღეში ერთხელ, შუადღით!

ეს „მეთოდი“ განსაკუთრებით ეფექტურია ე.წ. VIP-კატეგორიაზე, რომელიც საკუთარ თავს ელიტარულ ფენას მიაკუთვნებს და მათთვის პრესტიჟულიც კია ამ „დანიშნულებით“ თავის ელიტურობაზე ხაზგასმა. სამართლიანობა მოითხოვს და უნდა ვაღიარო, რომ ძნელია, გაუძლო ცდუნებას და არ ისარგებლო მათი VIP-პრეტინციოზულობით, მით უმეტეს, როცა ამ დროს არ არღვევ მთავარ პრინციპს „არ ავნო!“.  თუმცა, ეს უკვე მკურნალობის სხვა მიმართულებაა...

არავინ დავობს ხილისა და კონკრეტულად ამ პროდუქტების სარგებლიანობაზე, აქ საუბარია მათ გამოყენებაზე პაციენტის „დაბოლების“ მიზნით (უკაცრავად ჟარგონისათვის, უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე. ი.ს.).

როგორც ზემოთ აღვნიშნე, არსებობს თავისებური „ლოგიკა“ პაციენტ-ექიმის ურთიერთობაში: - ავადმყოფის ნდობა მკურნალისადმი თითქმის ყოველთვის პირდაპირპროპორციულია მის მიერ გაცემული დანიშნულების ფასისა. რაც მაღალია გამოწერილი მედიკამენტების რაოდენობა და ფასი, მით მეტია ნდობის ხარისხი!  პაციენტი, თითქოსდა, ამით ამართლებს ექიმთან ვიზიტისთვის გაღებულ დანახარჯს. ამ დებულების მართებულებაში კოლეგები დამეთანხმებიან, ხოლო არა-კოლეგებს ვთხოვ, საკუთარ თავს ჰკითხონ და გულში აღიარონ (მე ნუ გამიმხელთ, ისედაც ცნობილია. ი.ს.) პასუხი: როდესაც სილამაზის სალონში ახალი ვარცხნილობის გაკეთებისა და პოლიკლინიკაში პროფილაქტიკურ გასინჯვას შორის არჩევანის წინაშე დგახართ, რომელს ირჩევთ ხოლმე?! 

ყველამ მშვენივრად იცის, რომ ადამიანებს უჭირთ საკუთარ ჯანმრთელობაზე დახარჯონ მინიმალური თანხაც კი მაშინ, როდესაც დაუფიქრებლად შეუძლიათ, სუპერმარკეტში ან, გაგიკვირდებათ და, „სექენდ ჰენდში“ შეიძინონ მორიგი არასაჭირო ნივთი...

ამიტომაცაა, რომ მათი უკმაყოფილება იზრდება, თუ კეთილსინდისიერი ექიმი, მოლოდინის საწინააღმდეგოდ, მინიმალურ პრეპარატს დანიშნავს და „არ გაამართლებს კონსულტაციაში გადახდილი თანხის მიზნობრიობას“, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, როცა კონსულტაციაში პაციენტი საშუალოდ 20-30 ლარს იხდის (საშუალოდ!), ის თვლის, რომ „წყალში გადაყარა“ ფული, თუკი ექიმმა მას „რაიმე“ არ აღმოუჩინა.

ამ ანომალურ პარადოქსს საკმაოდ მოხერხებულად იყენებენ არაკეთილსინდისიერი ექიმები, რომლებიც                  „რაღაცის“ მკურნალობის შედეგად ზრდიან როგორც საკუთარ რეპუტაციას („იმ ექიმმა არაფერი იცის, ვიყავი და არაფერი გჭირსო, ასე მითხრა!“), ასევე საკუთარ ფინანსებს („ძვირი კი ღირს კონსულტაცია, სამაგიეროდ, სამ მისვლაში მომარჩინა!“).

განსაკუთრებით ეფექტურია მსგავსი „მიდგომა“ პედიატრიულ და ნევროლოგიურ პრაქტიკაში, როცა, მაპატიონ კოლეგებმა, ბავშვების ჯანმრთელობის ხარჯზე ახდენენ მშობლის დამშვიდებას... მაგალითად, საძილე პრეპარატებს ნიშნავენ მშობლების (განსაკუთრებით - ახალგაზრდა ასაკის) დაჟინებული მოთხოვნით, რომლებსაც უჭირთ ღამის გათევა საკუთარი ჩვილისათვის და არ აკმაყოფილებთ ექიმის განმარტება, რომ შეუძლებელია, 4 თვის ახალშობილსაც ისე ეძინოს, როგორც დედას - 10 საათიდან 9 საათამდე გადაბმულად.

ან, ნებისმიერმა თერაპევტმა იცის, რომ მწვავე ბრონქიტი ძირითადი გამომწვევი ვირუსია, ამიტომ ანტიბიოტიკოთერაპია არ არის ნაჩვენები, მათი დანიშვნა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებითაც და საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ მოწოდებული გაიდლაინითაც მკაცრად განსაზღვრული ჩვენებების შემთხვევებშია მიზანშეწონილი (წყარო:http://www.moh.go|.ge/files/gaidline/protokoli/4.2.pdf), მიუხედავად ამისა, ექიმთა 40% მაინც ნიშნავს პირველივე დღეებში ანტიბიოტიკს, რაც, გარდა იმისა, რომ საკმაოდ არასასურველ გავლენას ახდენს პაციენტის ორგანიზმის მიკროფლორაზე, ასევე ხელს უწყობს ე.წ. გამძლე შტამების ჩამოყალიბებას, რაც სამომავლოდ მათ მკურნალობას კიდევ უფრო ართულებს. ამასთან, მათი მოქმედების ეფექტი ნულის ტოლია, რადგან ანტიბიოტიკი ვირუსზე არ მოქმედებს.

ანუ, გასაგები ენით რომ ვთქვათ, ეს 40% ექიმებისა ერთჯერადი ეფექტის მიღების მიზნით  აზარალებს თავად პაციენტის ჯანმრთელობას, სამაგიეროდ, საიმედოდ მოიპოვებს მის კეთილგანწყობას და ერთგულებას - ეს პაციენტი სხვა ექიმს, უბრალოდ, აღარ მიმართავს, მეტიც, იგი მისი უფასო „მორბენალი“ რეკლამა ხდება!

ასევე, ძნელი გასაგებია პაციენტისათვის, რომ ნებისმიერი განათლებული და პროფესიონალი ექიმი მკურნალობას იწყებს „დამზოგავი“  მედიკამენტებით, პირველ რიგში ნიშნავს ნაკლებად ძლიერ პრეპარატს, თუკი საპირისპირო ჩვენება არ არსებობს. მარტივად რომ ვთქვათ, არ იყენებს ზარბაზანს ბეღურას მოსაკლავად, რადგან მედიცინისთვის მიუღებელია მტკიცება: „Лес рубят - щепки летят!“ მიუხედავად ამისა, პაციენტის უმეტესობის „ლოგიკით“, ექიმი, რომელიც მკურნალობიდან მესამე-მეოთხე დღეს დანიშნულებას ცვლის, არაპროფესიონალია: „არ ჯობდა, მაშინვე ეს  OBECALPI დაენიშნა, მაინც თუ ამას მინიშნავდა?! - ასე მსჯელობს იგი (OBECALP-ი ანუ PLACEBO).

გასაგებია, რომ ავადმყოფობა სასიამოვნო არავისთვისაა, მაგრამ  არის შემთხვევები, თან არც ისე იშვიათი, როდესაც მკურნალობის პროცესში დანიშნულების შეცვლა არათუ დასაშვები, არამედ მიზანშეწონილიცაა.

აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ადამიანები ექიმებს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში მიმართავენ ხოლმე. ამის გასამართლებლად ხშირად ასახელებენ ეკონომიურ სიდუხჭირეს და სამედიცინო მომსახურების მაღალ ფასს, თუმცა წინა წერილებში უკვე ვწერდი, რომ ანალოგიური დამოკიდებულება შეინიშნებოდა მაშინაც, როცა ქვეყანაში უფასო ჯანდაცვა არსებობდა. იქნებ სწორედ ამის გამოცაა, რომ ექსპერტული შეფასებების მიხედვით, ნაკლებხარისხიანი მკურნალობის 9,4% განპირობებულია პაციენტის დაგვიანებული მიმართვით და ჰოსპიტალიზაციაზე უარის თქმით. ამ მონაცემებზე დაყრდნობით,  სკანდალს გამოდევნებული ჟურნალისტების გასაგონად მინდა ხმამაღლა განვაცხადო, რომ სანამ ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ექიმებს კიდევ ერთ ქვას ესვრიან  ჩასაქოლად, ჯობს კომპეტენტური ორგანოების დასკვნას დაელოდონ: იქნებ, სწორედ ამ 9,4%- შემთხვევასთან გვაქვს საქმე?!

 

***

წინა წერილებში ვწერდი, რომ  ჯანდაცვის სისტემაში დღეს შექმნილი სიტუაციის გამო, სამედიცინო პერსონალის მუშაობა ძალიან ახლოს წააგავს ფრონტისპირა ზონაში ყოფნას, როდესაც „ცეცხლის გახსნა“ არა ერთი, არამედ სამი და მეტი მხრიდან არის მოსალოდნელი-თქო!

როდესაც სამედიცინო ინსტიტუტში აბარებ, გაცნობიერებული გაქვს, რომ ურთულეს პროფესიას ეჭიდები, რომელიც ცოდნის შეძენასთან ერთად მორალურ მზაობასაც გულისხმობს; წინ ხომ არანორმირებული სამუშაო გრაფიკი, უამრავი თეთრად გათენებული ღამე, დამძიმებული პაციენტების გამო გატეხილი ძილი და შერყეული ჯანმრთელობა გელის... აქვე შემიძლია გვარებით ჩამოგითვალოთ ექიმები, რომლებიც ჯერ დანიშნულებას აძლევენ პაციენტს, შემდეგ ამ დანიშნულებით გამოწერილი მედიკამენტების შესაძენ თანხას, სახლიდან მოტანილ საკვებსა და ჩასაცმელებზე რომ აღარაფერი ვთქვა!

გაცილებით რთულდება ვითარება, როდესაც პაციენტის ჯანმრთელობაზე ზრუნვის პარალელურად იმაზეც გიხდება ფიქრი (არა, თავის ტეხა!), როგორ იპოვო სწორი გზა „მეპატრონე“ სადაზღვევო კოპანიების მიერ აგებულ ლაბირინთებში ისე, რომ არც პაციენტის ჯანმრთელობა დააზარალო, არც დამქირავებელი გადაიმტერო „არამიზნობრივი ხარჯების“ გამო და არც ტელეეკრანებზე გამოგაჭენონ ისე, რომ მერე მოგიწიოს, აქლემი რომ არ ხარ, იმის მტკიცება! ამასთან, უნდა მოახერხო, რომ, რამენაირად, საკუთარი ღირსეული არსებობაც უზრუნველყო... ექიმი ხომ მის მიერ გამომუშავებული თანხის მხოლოდ ნაწილს იღებს, საშუალოდ, პაციენტის გადახდილი 30 ლარიდან მას შეიძლება მხოლოდ 20% ანუ 6 ლარი აუნაზღაურონ. მარტივი არითმეტიკაა - თვეში 100 პაციენტის მიღება უნდა შეძლოს ექიმმა, რომ მისი საშუალო ხელფასი 600 ლარამდე ავიდეს, იმ შემთხვევაში, თუკი კონსულტაციის ღირებულება 30 ლარია. საკმაოდ იოლი მისახვედრია, რატომ მიდის ბევრი, ძალიან კეთილსინდისიერი ექიმი საკუთარ სინდისთან კომპრომისზე... ოღონდ არ გვინდა იმ თემებით ჟონგლიორობა, რომ კარგ ექიმთან ამაზე მეტი პაციენტიც უნდა მიდიოდეს! ნუ დაგვავიწყდება, რომ სამედიცინო დაწესებულებები მხოლოდ თბილისში, ან, თუნდაც, ქუთაისში არ მდებარეობს! თუმცა ვშიშობ, ზემოთ ხსენებული  „პატივცემული“ ჟურნალისტებისადმი მოწოდება კვლავაც დარჩება „ხმად მღაღადებლისად უდაბნოსა შინა“, ამიტომ ჩემს მეხსიერებაში ღრმად შემორჩენილ ეპიზოდს მოვიხმობ მშველელად:

მეექვსე კლასში ვიყავი, როცა ჩემი მასწავლებლების საუბარს შემთხვევით მოვკარი ყური, სარეცხი მაქვს გასარეცხიო, ერთი ეუბნებოდა მეორეს... ახლაც მახსოვს ჩემი გაოცება... მასწავლებელი საჭმელს თუ ჭამდა, როგორ ვიფიქრებდით?! ტუალეტშიც თუ დადიოდა, ამის წარმოდგენა ხომ „ფაქტზე წასწრების“  შემდეგაც გაგვიჭირდებოდა!

სულ სხვა მიზეზი უდევს საფუძვლად ექიმების მიმართ პაციენტთა დამოკიდებულებას, მაგრამ ფაქტია, რომ უმეტესობისათვის დღემდე მიუღებელია ის კანონზომიერება, რომ ექიმს, ისე როგორც სხვა ნებისმიერ სპეციალისტს, გაწეული სამსახურისათვის, ანუ, მიწოდებული სერვისისათვის სრული უფლება აქვს, მოითხოვოს და მიიღოს კიდეც ადეკვატური, ხაზს ვუსვამ, ადეკვატური, ანაზღაურება. 

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მენდეთ სიტყვაზე... ექიმებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მათაც სჭირდებათ სმა-ჭამა, ჩაცმა-დახურვა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ავადაც ხდებიან!!!

 

ირინე სახელაშვილი

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2191
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია