დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სადაზღვევო კომპანიების „ქოლგების“ ქვეშ მოქცეული ბენეფიციარები
2012/03/05 11:52:14

ქართული ჯანდაცვის თავისებურებები

(წერილი მესამე)

 

 

ჩემი მეზობლის ქალს, თამარას ტელევიზორი ჰქონდა გაფუჭებული, უფრო სწორად - ანტენა. 74 წლის იყო თამარა, მენჯ-ბარძაყის მოტეხილობის გამო ლოგინად ჩავარდნილი და მასზე ასაკით არც ისე პატარა, მაგრამ ენერგიული ნინო უვლიდა. თუმცა ანტენის გასასწორებლად სახურავზე აძრომა მის ძალებს აღემატებოდა. თამარა და ნინო ორი წლის განმავლობაში მხოლოდ რუსთავი 2-ს უყურებდნენ, სანამ თამარამ ზეციურ საქართველოში არ გადაინაცვლა... არა, მარტო რუსთავი 2-ს ვერ დავაბრალებ, მთლად ჯანსაღი და საღ-სალამათი არც თავად იყო, მაგრამ ახლა ტელევიზიის და ტელეგადაცემების ნეგატიურ გავლენაზე არ მაქვს საუბარი, არჩევანის თავისუფლებაზე მინდოდა ორიოდე სიტყვა მეთქვა...

 

2010 წლის აპრილის მონაცემებით, სამედიცინო მომსახურებით უზრუნველ-ყოფის სახელმწიფო პროგრამებით დაზღვეულია მოსახლეობის დაახლოებით 30%; დაზღვეულები არიან: სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა; კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები; მზრუნველობამოკლებული ბავშვები; პედაგოგები და თბილისის მერიის მიერ დაზღვეული მოსახლეობა, სულ 1 104 785 ადამიანი.

თავი რომ დავანებოთ დანარჩენ 70 %-ს (თუმცა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, საქართველოს მოსახლეობის 76%-ს არ გააჩნია ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი), საუბარი ამ პოლისის მაღალეფექტურობაზეც ცოტა ხმამაღალია.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის ?85 დადგენილების საფუძველზე, უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს, რომელსაც მსოფლიოში არ აქვს ანალოგი! - მოხდა სადაზღვევო პაკეტების რეგიონული დანაწილება, ანუ მარტივად რომ ავხსნათ, საქართველოს ფორმის ტორტი დაიჭრა იმდენ ნაწილად, რამდენი რეგიონიც არის და ნაჭერ-ნაჭერ დაურიგდა ქვეყანაში მოქმედ წამყვან სადაზღვევო კომპანიებს. მაგალითად, ყველაზე მსუყე, „იმერეთის ნაჭერი“ შეხვდა სადაზღვევო კომპანია „ალდაგს“ და, ვაუჩერის მფლობელმა ბენეფიციარმა ძალიანაც რომ მოინდომოს სხვა კომპანიებთან კონტრაქტის გაფორმება, ვერ მოახერხებს, მინიმუმ სამი წლის მანძილზე, ისევე, როგორც „ჯიპიაი - ჰოლდინგის“, „იმედი-L“-ისადმი და სხვა სადაზღვევო კომპანიების „ქოლგების“ ქვეშ მოქცეული ბენეფიციარი.

ამ „გეოგრაფიულ-მონოპოლური თავისუფლების“ გარდა, სახელმწიფომ  მზღვეველებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტი მისცა ხელში: სადაზღვევო კომპანიებს ამ „წყალობის“ სანაცვლოდ  დაავალა თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო საწოლების შექმნა, რომლებიც მათ კერძო მფლობელობაში იქნება!!! 

ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ვაუჩერის მფლობელი ვერ ირჩევს ვერც სასურველ სადაზღვევო კომპანიას, ვერც სასურველ სამედიცინო დაწესებულებას, ვერც სასურველ ექიმს და, საერთოდ, დარჩენილია მხოლოდ იმ შეღავათების იმედზე, რასაც ამ რეგიონის მფლობელ კონკრეტულ კომპანიას უდევს სერვის-პაკეტში.

აქვე მოგახსენებთ იმასაც, რომ ძალიანაც რომ სურდეს ექიმს, კლინიკის, შესაბამისად, სადაზღვევო კომპანიის მფლობელების მიერ განსაზღვრული სტანდარტების ჩარჩოებს მიღმა ვერ გამოვა და ვერ დანიშნავს იმ პრეპარატს, რომელიც მას მიაჩნია მიზანშეწონილად იმიტომ, რომ თვითნებური „გადახვევის“ გამო მკაცრად დაისჯება და შეიძლება სამუშაოს გარეშეც დარჩეს. ამავე დროს, როგორც წესი, ერთი და იგივე სადაზღვევო კომპანია აწარმოებს მედიკამენტების დისტრიბუციასაც საკუთარ სააფთიაქო ქსელებში, მკურნალობასაც საკუთარ კლინიკებში და სადაზღვევო მომსახურებასაც...

სამედიცინო სფეროში დასაქმებულებს მშვენივრად მოეხსენებათ, რომ სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები თუ სპეციალისტები, ასევე, სადაზღვევო კომპანიების მფლობელობაში მყოფი კლინიკის თანამშრომელი ექიმები, წერილობითი თუ ზეპირი ინსტრუქციების ბორკილებით არიან შებოჭილნი. მეტიც, სადაზღვევო კომპანიებში  მოქმედებს მომუშავეთა ბონუსური ანაზღაურება „დაუკმაყოფილებელ, აუნაზღაურებელ სამედიცინო მომსახურებებზე“, ანუ, რაც მეტ უარს ეტყვიან წარმომდგენს გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე, მით მეტ ფულად პრემიას იღებს კომპანიის თანამშრომელი.

სწორედ ამიტომ აღარსად ჩანს სადაზღვევო კომპანიების სარეკლამო რგოლები ტელეარხებზე - რა საჭიროა ძვირადღირებულ სარეკლამო კამპანიაში ფულის ხარჯვა, როდესაც სამწლიანი კონტრაქტით უკვე გარანტირებული გაქვს დაზღვეულთა სოლიდური რაოდენობა, ასევე სოლიდური სადაზღვევო პრემიის ოდენობით, რომლის ანაზღაურებაც სახელმწიფომ ივალდებულა?! რა საჭიროა მიწოდებული სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე ფიქრი, როცა რასაც აწვდი, იმითაც კმაყოფილია ბენეფიციარი, ის ხომ ამ მომსახურებაში ფულს არ იხდის, უფასო ყველი კი, ყველამ ვიცით, სად არის - სათაგურში!!!

სადაზღვევო კომპანიები იმ საზრუნავისგანაც გათავისუფლდნენ, რომ იფიქრონ, რა ახალ - ახალი პროდუქტი შესთავაზონ მომხმარებელს,  რათა მკაცრი კონკურენციის პირობებში უფრო მოხიბლონ მომავალი კლიენტი, იმიტომ რომ უალტერნატივო და, შესაბამისად, უკონკურენტოა რეგიონულ ბაზარზე...

კვლავ აქილევსის ქუსლია მოსახლეობის ინფორმირებულობის საკითხი. გასაგები მიზეზების გამო სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტებს არ ეძლევათ ამომწურავი ინფორმაცია პროგრამების მოცულობის, გავრცელების და დაფინანსების შესახებ.

ცხადია, ამ ყველაფრისა და კიდევ ბევრი „უმნიშვნელო“ დეტალის გამო დაზარალებული საბოლოო ჯამში პაციენტი რჩება, რომელმაც ხშირ შემთხვევებში არც კი იცის, რა სერვისების მიღების უფლება აქვს; იგი იძულებულია დათანხმდეს იმ სერვისზე, იმ ხარისხითა და იმ ფასში, რომელსაც რეგიონის „მფლობელი“ სადაზღვევო კომპანია სთავაზობს, სხვა არჩევანი მას, უბრალოდ, არ დაუტოვეს.

ასეთია „თავისუფალი ბაზრის“ ქართული გაგება...

 

ირინე სახელაშვილი

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2182
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია