დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„თვალისმომჭრელი“ ჩეკები უახლეს კლინიკებში
2012/02/27 11:59:20

ქართული ჯანდაცვის თავისებურებები (წერილი მეორე)

 

 

საქართველოში, 2010 წლის მონაცემებით, 249 საავადმყოფოა, 12 ათასი საწოლით; 21,2 ათასი ექიმი და 19,3 ათასი საშუალო სამედიცინო პერსონალი. 1641 ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულება. 

წყარო: http://www.geostat.ge (საქართველოს ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით)

ციფრები რომ ქართულ ენაზე გადმოვთარგმნოთ, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 4 მლნ 470 ათასია, 1000 სულ მოსახლეს ემსახურება დაახლოებით 5 ექიმი და 4 საშუალო სამედიცინო პერსონალი. ამ მაჩვენებლებით ჩვენ ნამდვილად ვუსწრებთ გერმანიასაც, საფრანგეთსაც, ნორვეგიასაც, ჩეხეთსაც და კიდევ ბევრ სხვა განვითარებულ ქვეყანას.

(წყარო: http://apps.who.int/whosis/database/core/core_select_process.cfm?countries=all&indicators=healthpersonnel)

სამწუხაროდ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც მატერიალისტური დიალექტიკის რაოდენობრივის თვისობრივში გადასვლის კანონი არ მოქმედებს.

მახსენდება ერთი საგულისხმო ამბავი, რომელიც 1991 თუ 1992 წელს მოხდა, როდესაც საქართველოში მხოლოდ ერთი სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი არსებობდა. იმ წელს მისაღებ გამოცდებზე ჩაჭრილი აბიტურიენტების მიერ მოწყობილმა ბუნტმა ისეთი რეზონანსი გამოიწვია, რომ საქმეში საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ჩარევაც კი გახდა საჭირო. მან კომპრომისზე წასვლა არჩია და მისი „პოლიტიკური“ ხასიათის გადაწყვეტილებით, გამოცდებზე ჩაჭრილი ყველა აბიტურიენტი  ჩარიცხეს მაშინ ახალ გახსნილ, ე.წ. კახიანის სამედიცინო ინსტიტუტში; მათი რაოდენობა 2 ათასს აჭარბებდა. სამწუხაროდ, არ ვფლობ ინფორმაციას, მათ შორის - რამდენმა გააგრძელა სამედიცინო საქმიანობა. არ უარვყოფ, შეიძლება მათ შორის ბევრი ღირსეული  სტუდენტიც იყო - სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტიც ბევრმა ვითომ ექიმმა დაასრულა. თუმცა იქ იყო კიდევ ერთი უცნაური რამ, რასაც დღემდე ვერც მე ვხვდები და ვერც ვერავინ ამიხსნა: როგორ შეიძლებოდა, მეორეჯერ გამოცდაზე ჩაჭრილიყვნენ ერთხელ უკვე ჩაჭრილი აბიტურიენტები, რომლებიც ასევე         „წარმატებით“ ჩაირიცხნენ კახიანის სამედიცინო ინსტიტუტში?

ცხადია, მხოლოდ ამ 2 ათასის გამო არ ჩამორჩება სამედიცინო მომსახურების ხარისხი სასურველს და აუცილებელს. დღეს მოქმედი ექიმების რაოდენობა, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, 21 ათასზე მეტია და, საბედნიეროდ, მათი უმრავლესობა ნამდვილად საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე ახერხებს, მკურნალობისას მაქსიმალურად დაიცვას როგორც ექიმის, ისე პაციენტის ღირსება. თუმცა ჯანდაცვის სისტემაში დღეს შექმნილი სიტუაციის გამო, სამედიცინო პერსონალის მუშაობა ძალიან ახლოს წააგავს ფრონტისპირა ზონაში ყოფნას, როდესაც „ცეცხლის გახსნა“ არა ერთი, არამედ სამი და მეტი მხრიდან არის მოსალოდნელი. ამ თემაზე სხვა წერილში ვისაუბრებ. ამჟამად კი სამედიცინო დაწესებულებებს დავუბრუნდები...

2007 წელს საქართველოს მთავრობამ ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმა დაამტკიცა, რომელიც 100 ახალი საავადმყოფოს მშენებლობას გულისხმობდა. ერთის მხრივ, არსებული საავადმყოფოების გარემონტებას და დასავლური სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანას ნამდვილად ჯობდა ახალი საავადმყოფოების აგება; უხერხული იქნება იმის მტკიცება, რომ ვინმე წინააღმდეგია  მაღალი დონის, კვალიფიციური მომსახურების მიღებისა; საკითხავია, რამდენად ხელმისაწვდომია ეს მომსახურება ყველასათვის; საქართველოს კონსტიტუციის 37 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება ისარგებლოს ჯანმრთელობის დაზღვევით, როგორც ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების საშუალებით.

ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა მხოლოდ  858 000 ბენეფიციარს მოიცავს. (წყარო: http://ssa.gov.ge/index.php?lang_id=&sec_id=648);  ამას დავუმატოთ ის 835 ათასი პენსიონერი, რომლის მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაზღვევის პირობას სახელმწიფო იძლევა. მარტივი მათემატიკით, გვყავს 858 000 + 835 000 ?1 693 000 დაზღვეული; შეგახსენებთ: - 2012 წლის სექტემბრიდან! მანამდე, სახელმწიფო ზრუნავს მხოლოდ 858 000 დაზღვეულის ჯანმრთელობაზე.

ახლა მინდა, ბოდიში მოვუხადო საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, რადგან დასაქმებულთა რაოდენობის წყაროდ მათ მონაცემებზე დაყრდნობა ცოტა უხერხულია, რადგან, მათი ანგარიშით, 2010 წელს საქართველოში ყოველი მეოთხე ადამიანი დასაქმებულია - 1 მლნ 628 ათასი კაციო, ასე ამბობს მათი საიტი; ცოდვა გამხელილი ჯობს და მე NDI-ს კვლევას უფრო ვენდობი, რომლის თანახმადაც უმუშევრობის პრობლემა ქვეყნის მოსახლეობის 68%-ს აწუხებს...

მოკლედ, ამ ციფრების ბზრიალით თავი რომ არ აგატკივოთ, ძალიან დამრგვალებული და ძალიან „გალამაზებული“ მონაცემებითაც კი - საქართველოს მოსახლეობის 30% დაზღვევის მიღმა არის დარჩენილი; მე უფრო მეტი მგონია, მაგრამ მავანმა და მავანმა ტენდენციურობა რომ არ დამწამოს, 30%-ზე შევჩერდები.

ვინ არის ეს 30 პროცენტი ანუ  მილიონ...?! - ვინც არც უმწეოა, არც პენსიონერი და არც დასაქმებული. როგორც წესი, ეს არის საშუალო ასაკის მოსახლეობა, რომელთა სოციალური მდგომარეობა არ შეიძლება და ვერ იქნება საშუალო - მარტივი მიზეზით: უმუშევრობის გამო მათ არ აქვთ შემოსავლის წყარო, შესაბამისად, მათი საარსებო მინიმუმი მართლაც  რომ     „საარსებო მინიმუმია“ და მხოლოდ!

ამ ფენის ავადობის მაჩვენებელი ლოგიკურად უნდა იყოს მაღალი; სიღარიბე ჯანმრთელობას ხელს რომ არ უწყობს, საკამათო არ არის;  ამიტომაც არის შეტანილი ავადმყოფობის ისტორიის აუცილებელ შესავსებ ნაწილად Anamnesis Vitae - ანუ, ექიმი ვალდებულია, გამოარკვიოს, როგორ სოციალურ პირობებში ცხოვრობს პაციენტი. ასევე, მარტივი ლოგიკა გვკარნახობს, რომ თუ ადამიანი ხშირად ავადმყოფობს, ექიმსაც ხშირად უნდა მიმართავდეს!

აი, აქ არის ქართული ჯანდაცვის კიდევ ერთი პარადოქსი - ამ კონტიგენტის ექიმთან მიმართვიანობა ძალიან დაბალია. თუმცა მიზეზის კვლევას არ სჭირდება შერლოკ ჰოლმსის ტალანტი - კარგი ცხოვრება, რაც კარგ ჯანმრთელობასაც გულისხმობს, ძვირი ჯდება!!!

ამიტომ ამჯობინებს ხოლმე დაბალი შემოსავლის მქონე პაციენტი, მიმართოს ექიმს მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად გაუარესების შემთხვევაში და მაშინაც თავი აარიდოს უახლესი აპარატურით აღჭურვილ ჰოსპიტალში მოხვედრას, ვინაიდან ამ აპარატურებით კვლევის ჩეკებიც ისეთივე „თვალისმომჭრელია“, როგორც ამ კლინიკების ინტერიერები.

აქვე დავძენ, რომ ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტების აზრით, ის ფენაც, რომელიც დღეს დასაქმებულია და ამის გამო სარგებლობს სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიების მომსახურების პაკეტებით, რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან იმ თვალსაზრისით, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ძალიან მარტივად შეიძლება გადაინაცვლონ სოციალურად საშუალო ფენიდან უმწეო ოჯახების კატეგორიაში, თუკი საკუთარი ან ოჯახის წევრის მკურნალობის გამო ქონების, მანქანის და სახლის გაყიდვა მოუწევთ. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, საშუალო და დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლებს არ აქვთ ჩვევად მიმართონ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს, რომელიც გაცილებით უფრო იაფი ჯდება, ვიდრე უკვე საგრძნობლად შერყეული ჯანმრთელობის გამოსწორება.

თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ სტაციონარში გატარებული თითოეული ღამე პაციენტს რეგიონების მიხედვით, 150 ლარიდან 1200 ლარამდე უჯდება, ძნელია იმ ზღვარის დადგენა, რა უნდა იჯავროს ავადმყოფმა - ის, თუ როდის გამოჯანმრთელდება, თუ ის, როგორ გადაიხადოს მკურნალობის ღირებულება; ან, თუ გადაიხდის, მერე როგორ იცხოვროს?!

ეს, რაც შეეხება საქართველოს მოსახლეობის დაუზღვეველ ნაწილს.

რაც შეეხება დაზღვევას, აქ კიდევ უფრო საინტერესო სიტუაციაში ვართ. როგორც ?1 რეფორმატორი ქვეყანა, არც ჯანდაცვის სფეროში განვიცდით იდეების ნაკლებობას, ამიტომ შორს არ არის ის დროც, როცა ჩვენს ქვეყანაში წარმატებით განხორციელებული კიდევ ერთი რეფორმის გასაცნობად გვესტუმრებიან მეზობელი და შორეული ქვეყნის ექსპერტები. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის ?85 დადგენილების საფუძველზე, ერთ რაიონში სახელმწიფო პროგრამით დაზღვეულ მოსახლეობას სადაზღვევო მომსახურებას მხოლოდ ერთი სადაზღვევო კომპანია გაუწევს 3 წლის ვადით. სანაცვლოდ, კომპანიებს დაევალათ, რეგიონების მიხედვით, თანამედროვე დონის საავადმყოფოების შექმნა, რომლებიც მათი საკუთრებაა.

აი, ამ თემაზე უკვე მომდევნო წერილში ვისაუბრებთ.

 

ირინე სახელაშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1940
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია