დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რატომ გაათავისუფლეს თემურ ტონია?
2011/12/12 11:25:15

გასულ კვირას ქალაქში ხმა გავარდა, რომ „ალდაგი- ბისიაიმ“, რომლის მფლობელობაშიც გადავიდა ქუთაისის სამხარეო დედათა და ბავშვთა სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი, სამსახურიდან დაითხოვა თემურ ტონია.

 

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სამედიცინო ჟურნალის დამფუძნებელი თემურ ტონია, რომელიც საავადმყოფოს პედიატრიულ განყოფილებას წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა, საზოგადოებისათვის იმდენად ცნობილი პერსონაა, მისი გათავისუფლება, ცხადია, არ ჩაითვლება რიგით მოვლენად.

იმის გასარკვევად, თუ რა მოხდა, გადავწყვიტეთ, თავად ბატონი თემურ ტონია და დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელობა მოგვენახულებინა. თუმცა, მანამდე საავადმყოფოში ნორჩი პაციენტების შეწუხებულ მშობლებსაც გადავაწყდით. ერთ-ერთმა მათგანმა, ინკლუზიური სწავლების ცენტრის დირექტორმა, ქალბატონმა შორენა ამაღლობელმა გვიამბო: „დღეს, საავადმყოფოში რომ მივედი, გაკვირვებული დავრჩი, როცა მის კაბინეტთან ჩვეული რიგი არ დამხვდა. არ შემიძლია, არ ვთქვა, რაც ამ ექიმმა ჩემი ძმიშვილისთვის გააკეთა! როცა შუნტირებული ბავშვი, ოთხჯერ ნაოპერაციევი, საზღვარგარეთიდან ჩამოვიყვანეთ, აკლიმატიზაცია განიცადა და მოვხვდით ბავშვთა საავადმყოფოში, - სწორედ თემურ ტონიამ შეუნარჩუნა პატარა არჩილს სიცოცხლე. ამის შემდეგ, ხშირი სტუმარი ვიყავით ბავშვთა საავადმყოფოსი. ხშირი შეხვედრა მქონდა ამ ადამიანთან არა მარტო ჩემს ძმიშვილის, არამედ - ჩემი ცენტრის ბავშვების (20 ინვალიდი ბავშვის) ჯანმრთელობასთან დაკავშირებითაც. ის დღემდე გვაძლევს კონსულტაციას და დანიშნულებას ამ ბავშვებისთვის. ბატონ თემურს ყოველთვის განსაკუთრებული წესრიგი და მომთხოვნელობა ჰქონდა განყოფილებაში, შესანიშნავი სპეციალისტი და ხელმძღვანელი იყო. გაოცებული ვარ: ასეთ პროფესიონალს, როგორ შეელია ხელმძღვანელობა?“

მას ამჟამინდელ სამსახურში - კერძო კლინიკა „ბომონდში“ მივაკითხეთ.

რას გვიამბობს თავად დათხოვილი პროფესორი?

თემურ ტონია: „ყველაფერი მოხდა მოულოდნელად. სამსახურიდან გათავისუფლებას საერთოდ არ ველოდი. ეს იყო, როგორც იტყვიან, ბომბის გავარდნა. მე ვიყავი პედიატრიული განყოფილების გამგე, გახლავართ პედიატრი, პროფესორი, დოცენტი, დოქტორი... 70 სამეცნიერო ნაშრომი მაქვს. თავის დროზე ვიყავი პრეზიდენტის სტიპენდიანტი. ჩემი გათავისუფლებისას არავინ გაითვალისწინა, თუ როგორ მდგომარეობაში იყო მანამდე ბავშვთა პედიატრიული განყოფილება და როგორი გახდა ჩემი მუშაობის პერიოდში. ბოლო 8 წლის განმავლობაში ეს იყო ერთ-ერთი თვალსაჩინო და წარმატებული განყოფილება მთელს დასავლეთ საქართველოში, დასაყრდენი აქაური მოსახლეობისათვის. მთავარი, რაც არის: ფაქტობრივად, ჩვენი განყოფილებიდან ძალიან იშვიათად ხდებოდა გართულებული ბავშვის გადაგზავნა თბილისის სტაციონარში, ანუ განყოფილება მუშაობდა წარმატებულად და სპეციალისტებიც არაჩვეულებრივი გვყავდა.

ჩემი იქიდან გამოშვება კი მოხდა მფლობელებისაგან. რამდენადაც ვიცი, მფლობელები არიან სადაზღვეო კომპანია „ალდაგი-ბისიაი“ და „ბლოგ ჯორჯია“. თუმცა, არც მე დავიკარგები და არც ჩემი პაციენტები. ჩემს მაგივრად იქ დაინიშნა ვახტანგ კეკუა, რომელიც ჩემამდე, რამდენიმე წლის განმავლობაში, პედიატრიული განყოფილების გამგე იყო. მე ამ საავადმყოფოში 26 წელი ვიმუშავე. პირველ ეტაპზე დავიწყე მუშაობა რეინგრაციისა და ინტონაციურ განყოფილებაში, შემდეგ - პედიატრიული განყოფილების ორდინატორად და 2003 წლიდან ვარ პედიატრიული განყოფილების გამგე. 2003 წლამდე, 5 წლის განმავლობაში, როგორც გითხარით, პედიატრიულ განყოფილებას ხელმძღვანელობდა ბატონი ვახტანგ კეკუა. ის დღეს კომპანია „ალდაგი-ბისიაის“ თანამშრომელია.

შევეცადე, გამერკვია მიზეზი ჩემი გათავისუფლებისა, მაგრამ ხელმძღვანელობა ერთმანეთს გადახედავს და მეტი არაფერი.

ვფიქრობ, რომ მთავარი მიზეზი მაინც ის არის, რომ მე მქონდა ჩემი მოსაზრება ლაბორატორიის მუშაობასთან დაკავშირებით და ამის გამო გამიკეთეს ეს ყველაფერი. ის საკითხები, რომელიც მე წამოვჭერი, ნელ-ნელა გამოსწორების გზაზე მგონია, თუ არ გამოსწორდება, მაგათ დააკლდება.“

 

*** 

გვინდოდა, გავსაუბრებოდით პედიატრიული განყოფილების ახალდანიშნულ ხელმძღვანელს, რომელიც, თემურ ტონიას თქმით, დღეს „ალდაგი-ბისიაის“ თანამშრომელია. მაგრამ ბატონმა ვახტანგ კეკუამ პანტომიმის ენაზე, ჯვარედინად გადაჭდობილი ხელების მეტყველი მოძრაობით მიგვანიშნა, რომ ჩვენთან არავითარ შემთხვევაში არ ისაუბრებდა და „იქით“, ცენტრის ხელმძღვანელისკენ „გადაგვამისამართა“.

ქუთაისის სამხარეო დედათა და ბავშვთა სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის დირექტორმა, ბატონმა თემურ ნადირაძემ ჩვენს შეკითხვებს უპასუხა. მისი თქმით:

„თემურს ჩვენთან კონტრაქტი შეუწყდა და სხვა დაწესებულებამ შესთავაზა მუშაობა. როგორც ვიცი, „ბომონდში“ მუშაობს. კონტრაქტი 1 დეკემბერს ყველა თანამშრომელს შეუწყდა და მათ შორის - თემურ ტონიასაც. „ალდაგი-ბისიაი“  მესაკუთრეა   საავადმყოფოსი. გამორიცხულია, კეკუა არ თანამშრომლობს „ალდაგი-ბისიაისთან“. ამჟამად კეკუა ასრულებს თემურ ტონიას მოვალეობას. ვიღაცას ხომ უნდა ეხელმძღვანელა. პედიატრიული განყოფილება სერიოზული განყოფილებაა და ვიღაცას თემურ ტონიას ადგილი ხომ უნდა ჩაენაცვლებინა. კეკუა არის სამედიცინო საქმიანობის ხარისხის მენეჯერი, მას ისედაც ევალება ყველა განყოფილებაზე კურირება და ზედამხედველობა. კეკუა დროებით არის მოვალეობის შემსრულებელი, რაც არის შეთავსებადი.

რამდენიმე დღის წინ სამედიცინო განყოფილებაში ცვლილებები მოხდა დაწესებულების მფლობელის ინიციატივით. თემური არ ეთანხმებოდა ამ გადაწყვეტილებას და რაღაც აზრთა შეუთავსებლობა მოხდა. მფლობელმა ამჯობინა, შეეწყვიტა კონტრაქტი, მათ საერთო ენა ვერ გამონახეს. ძირითადად, ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული. ვიცი, რომ გარკვეული პაციენტები თემურთან აქედან მიდიან „ბომონდში“... ნუ, რა ვიცი, შეიძლება, თემურის ავტორიტეტით პაციენტების გადაზიდვაც მოხდეს იქ. არაა  გამორიცხული, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. თუ მინდა, იმ ექიმთან მივალ, ვინც მომწონს. რა თქმა უნდა, იქაც და აქაც კარი ღიაა პაციენტებისათვის.“

 

ლიკა ჩახუნაშვილი, ნოდარ ჯოჯუა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3494
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია