დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შვილი, თუ ნაყიდი საჩუქარი?!
2011/10/31 11:58:00

რას ფიქრობს საზოგადოება სუროგატ დედებზე

 

მედიკოსების თქმით, უშვილობის პრობლემა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გადაჭრილია: მედიცინაში შემოვიდა მცნება „სუროგატი დედა“.  

სუროგატი დედა არის ქალი, რომელიც საკუთარი სურვილით აჩენს სხვის ბიოლოგიურ შვილს. ამ დროს სუროგატი დედის საშვილოსნოში გადააქვთ უშვილო ქალის განაყოფიერებული კვერცხუჯრედი, რომელიც აქ 9 თვის განმავლობაში იზრდება და ვითარდება. ბავშვი დაბადებისთანავე გადაეცემა გენეტიკურ მშობლებს, რადგან სწორედ ისინი ითვლებიან კანონიერ მშობლებად.

 

საქართველოში, ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, სუროგატი დედობა არ იკრძალება და შედარებით იაფიც ჯდება, ამასთანავე, ანონიმურობაც დაცულია, რაც უცხოელთა უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია.

ავსტრალია, ნორვეგია, შვედეთი, საფრანგეთი - ეს ის ქვეყნებია, რომლებიც სუროგატ დედობას კრძალავს. საფრანგეთში ამ კანონის დამრღვევებს 45 00 ევროთი და სამწლიანი პატიმრობით სჯიან.

საქართველოში კი სუროგატი დედების ცენტრი 2004 წლიდან ფუნქციონირებს. ცნობილია, რომ სუროგატი დედობა შეუძლია იმ ადამიანს, რომელიც არ ეტანება ალკოჰოლიან სასმელებს, არ ეწევა სიგარეტს, ჰყავს საკუთარი შვილი და არ ეწევა მძიმე ფიზიკურ შრომას. დადგენილია ასაკიც - არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს. სასურველია, ჰყავდეს მეუღლე, თუ სუროგატი დედობის მსურველი აკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ ყველა მოთხოვნას, სუროგატი დედების ცენტრი მასთან აფორმებს ხელშეკრულებას, რის შემდეგაც ხდება 3 დღის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მოთავსება სუროგატის საშვილოსნოში.

საქართველოს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონის 143-ე მუხლის თანახმად, სუროგატ დედას ბავშვის დატოვების უფლება არა აქვს, რადგან მას არანაირი გენეტიკური კავშირი არა აქვს ბავშვთან, გარდა იმისა, რომ 9 თვე მუცლით ატარებდა.

32 წლის თეა სუროგატი დედაა. ბავშვი ბერძენი წყვილის კვერცხუჯრედიდან ჩაისახა და 6 თვის წინ სუროგატი დედის საშვილოსნოში მოათავსეს.

„თავიდან ძალიან გამიჭირდა ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ ბოლოს, როცა სხვა გზა აღარ დამრჩა, გამბედაობა მოვიკრიბე და ჩემი შვილების კეთილდღეობისთვის მაინც გადავდგი ეს ნაბიჯი - ორი ტყუპი მყავს. ხუთი წელია, რაც ქმარს დავშორდი და ჩემს მშობლებთან ვცხოვრობ, ისინი უკვე ასაკში არიან, მუშაობა არ შეუძლიათ, სოფელში შემოსავალიც ძალიან მცირეა და მოხუცების პენსია არაფერში გვყოფნიდა, ამიტომაც გადავწყვიტე სუროგატი დედობა.

შინ ყველა დავარწმუნე, რომ საბერძნეთში მივდიოდი სამუშაოდ. ძალიან გამიჭირდა შვილებთან დაშორება. 6 თვეა, ბავშვები არ მინახავს და ძალიან მენატრებიან.

პირველი სამი თვე ისე გავიდა, რომ ნაყოფის მიმართ არანაირი დედობრივი გრძნობა არ გამჩენია. შეგუებული ვიყავი იმ აზრს, რომ ბავშვს სხვა წყვილისთვის ვაჩენდი და მასთან არანაირი კავშირი არ მექნებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც პირველი მოძრაობა ვიგრძენი, მოსვენება დავკარგე. თუმცა, უკან დასახევი გზა აღარ მაქვს. სოფელში ბავშვით ხელში ვერ დავბრუნდები და არც ფინანსურად მაქვს ცხოვრება უზრუნველყოფილი. ვიცი, ჩვილის რჩენას ვერ შევძლებ და ამიტომაც ფსიქოლოგთან გავდივარ კონსულტაციას.

ვიცი, რომ სამ თვეში დავკარგავ ბავშვს, რომელსაც ველოდები. მისი ბიოლოგიური მშობლები სამშობლოში წაიყვანენ მას და საბოლოოდ მომიწევს მისი დავიწყება.

სულ რაღაც სამ თვეში 15 00 დოლარს ავიღებ, დავბრუნდები ჩემს სოფელში და ჩვეულებრივ გავაგრძელებ ცხოვრებას შვილებთან და მშობლებთან ერთად.“

 

*** 

სოციალურ ქსელებში საზოგადოების აზრი სუროგატ დედებზე რამოდენიმე ნაწილად გაიყო:

„ვინც შვილს სხვას უჩენს, იმაზე დიდ ცოდვას სჩადის, ვისაც აძლევს, თუ ღმერთმა მოგცა, არ უნდა მიაკუთვნო სხვას.“

„ჯერ ერთი, ფულზე ყიდის ღმერთის ყველაზე ძვირფას საჩუქარს. ვისაც არა აქვს შვილის გაჩენის საშუალება, ანუ უშვილოა, ხშირად უნდა იაროს  ეკლესიაში, რწმენა უნდა ჰქონდეს და, არა მგონია, რამემ შეუშალოს ხელი. შეიძლება, ბედნიერებას ანიჭებს სხვას, მაგრამ ეს ნაყიდი საჩუქარია: ამიტომ სერიოზული ცოდვაა იმისთვის, ვინც ყიდულობს და მითუმეტეს მისთვის ვინც ყიდის.“

ელენე: „ფულის გამო აკეთებს, მაგრამ ზოგს უჭირს, ჰყავს ბავშვები და არა აქვს შესაძლებლობა, არჩინოს შვილები, ამიტომ მიდის სუროგატობაზე. ეს არაა ცოდვა. სუროგატობა არაა ადვილი. უფრო მძიმე ტვირთია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ორსულობა.“

თათა: „არ მიმაჩნია სწორად, რადგან, თუ შვილი არ გყავს, ე.ი. ღირს არ ყოფილხარ.“

ელენე: „ეგ თავისთავად ცოდვაში ეთვლება სუროგატ დედას, მაგრამ ვისაც ბავშვს აძლევს, მას ბედნიერებას ანიჭებს. თუ კი ამას უსასყიდლოდ გააკეთებს, მაშინ არაა პრობლემა.“

სალო: „კარგი საშუალებაა. თუ ძალიან გინდა შვილი, მაშინ აიყვან, მაგრამ რატომ უნდა აიყვანო შენთვის უცნობი ადამიანის შვილი? მითუმეტეს, მაშინ, როდესაც მედიცინა განვითარდა და სუროგატი დედები არსებობენ. სჯობს, გამოიყენო სხვისი „ჭურჭელი“ და გაანაყოფიერო საკუთარი კვერცხუჯრედი. ასეთ შემთხვევაში ადამიანი უფრო დადებითადაა განწყობილი საკუთარი შვილის მიმართ.“

რას ფიქრობს ეკლესია?

მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის მოძღვარი მამა პეტრე (გაბუნია): „ეკლესიისთვის მიუღებელია სუროგატი დედობა, რადგან ბავშვი უნდა იყოს ჯვარდაწერილი ცოლ-ქმრის სიყვარულის ნაყოფი. თუ წყვილს შვილი არ ეძლევა, ეს უფლისგანაა დაშვებული და მასში ნებისმიერი ხელოვნური ჩარევა აკრძალულია. ასევე აკრძალულია ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღება, რადგან ის მიმართულია უკვე ჩასახული მცირე ზომის ნაყოფის განადგურებისაკენ. ასე რომ, ადამიანი, რომელიც ასეთ აბებს გამოიყენებს, ან სუროგატი დედა გახდება, უნდა დაისაჯოს ეკლესიურად - უზიარებლობით.“

მაშინ, როცა საზოგადოება ჯერ კიდევ მსჯელობს სუროგატი დედობის პრობლემის შესახებ, ზოგიერთმა ქალბატონმა ეს უკვე „პროფესიად“ აქცია და ფულის შოვნის შედარებით იოლ გზას თამამად დაადგა...

 

მალვინა ზარანდია

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2045
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია