დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უპატრონო ძაღლების „გაძაღლებული“ ბედი
2011/02/22 12:10:39

საქართველოში უპატრონო ძაღლების რეგისტრაცია არასდროს ჩატარებულა, თუმცა, არაოფიციალური მონაცემებით, მათი რიცხვი მხოლოდ ქუთაისში რამდენიმე ათასს აღწევს. ცხოველების უმეტესობა სხვადასხვა ინფექციური დაავადების მატარებელია და ქალაქში მათი არსებობა ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

საქართველოს, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ცოფზე ადამიანთა აცრის  ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. გასულ წელს ამ ვირუსით 7 ადამიანი გარდაიცვალა. ეს მაშინ, როდესაც ევროპაში ცოფით სიკვდილი არ ფიქსირდება.

 

თანამედროვე მსოფლიოში ინფექციის თავიდან აცილების მეთოდი ცხოველების ორალური ვაქცინაცია გახლავთ, ცოფის პრევენციის მეორე გზა კი უპატრონო ძაღლების პოპულაციის შემცირებაა. საქართველოში უპატრონო ძაღლების დაჭერა და მოკვდინება უმეტესწილად ქუჩაშივე ხდება, რაც მოსახლეობის უ კმაყოფილებას იწვევს.

თინიკო, 45 წლის: „ხშირად, განსაკუთრებით - ზაფხულში, მოდიან აქ მანქანით და იჭერენ უპატრონო ცხოველებს. რა თქმა უნდა, ისინი მოსახლეობისათვის საფრთხეს წარმოადგენენ, მაგრამ ისე სადისტურად იჭერენ, რომ ცხოველები შეგეცოდებათ, ცემით და რკინის მაშებით შეაგდებენ ხოლმე მანქანაში. ეს ფაქტი ცუდია, რადგან ეზოში ბავშვები არიან და უყურებენ ამ საცოდაობას, უნდა მოხდეს ამ მეთოდის გამოსწორება, თორემ არავინ ამბობს, რომ ძაღლები ქუჩაში უნდა დარბოდნენ.

ლალი რობაქიძე: „მე მაქვს შეხება ინფექციურ საავადმყოფოსთან და ხშირია შემთხვევა, უპატრონო ძაღლით დაკბენილების მოსვლის. ხშირად ფიქსირდება ცოფის შემთხვევაც.

აუცილებელია ცხოველების დაჭერა, მაგრამ შემოწმებაც უნდა ხდებოდეს, რათა ჯანმრთელი ცხოველი არ აღმოჩნდეს მსხვერპლი. თუმცა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არ არსებობს ჩვენს ქალაქში უპატრონო ცხოველთა თავშესაფარი. კარგია, თუ ვინმე ამაზე იზრუნებს“.

იუზა იობიძე: „გაცილებით ბევრი მაწანწალა ძაღლი დადიოდა ქუჩაში, ახლა იმდენი აღარ არის, თუმცა მაინც შეიმჩნევიან და საშიშია მათი ყოფნა ეზოებში, მითუმეტეს, არც მათი ვაქცინაცია ხდება და არც რეგისტრაცია. მაგრამ ისე მხეცურად მათი დაჭერა არ უნდა ხდებოდეს. არ ვიცი, დაჭერის შემდეგ რას უშვრებიან მათ, მაგრამ ძნელი მისახვედრი არაა, რა ბედიც ელით“.

ქუთაისის ბიუჯეტიდან უპატრონო ძაღლების დაჭერა -  გადაყვანისათვის მიმდინარე წელს 42000 ლარია გამოყოფილი. ფირმა „კაგომ“ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა და უპატრონო ძაღლთა პოპულაციის შემცირების კონტროლი საკუთარ თავზე აიღო.თუმცა, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ტენდერში მონაწილე ერთადერთი ფირმაც თავად იყო. ამჟამად ფირმაში ოთხი თანამშრომელი მუშაობს. ისინი კატეგორიულად უარყოფენ ცხოველთა ქუჩაში მოკვდინებას და აცხადებენ, რომ ინექციის მეთოდს იყენებენ.

კალე გორგოძე („კაგოს“ დირექტორი): ფირმა უკვე ოთხი წელიწადია არსებობს. ჩვენ მოსახლეობიდან შემოსულ ზარებზე ვრეაგირებთ, გამოძახების ადგილზე მივდივართ და ცხოველები ფირმაში მოგვყავს.

- რა შემთხვევაში უკეთდება ძაღლს ინექცია და სად ხდება ეს პროცესი?

- ძაღლს ვეტერინარები სინჯავენ, თუ ის დაავადებულია, ცხოველს ინექცია უკეთდება, შემდეგ გვამი ნიკეას ნაგავსაყრელზე გადაგვაქვს, სადაც ორმოში ვაწყობთ და მიწას ვაყრით.

- რა ბედი ელის, თუ ცხოველი ჯანმრთელი აღმოჩნდა?

- თუ შემოწმების მერე ცხოველი ჯანმრთელი აღმოჩნდა, ვცდილობთ, მას პატრონი მოვუძებნოთ. გვქონია შემთხვევები, რომ ცხოველი რომელიმე მოსახლეს წაუყვანია. ბოლო შემთხვევა იყო, როდესაც მამაომ წაიყვანა, ხოლო თუ პატრონი არ გამოუჩნდა, გვაქვს დავალება სამხარეო ადმინისტრაციასა და მერიისგან, რომ ცხოველი ქალაქიდან 20-30 კმ მოშორებით გავიყვანოთ და გავუშვათ.

- ამ შემთხვევაში ხომ სხვა მოსახლეებს შეაწუხებს?

- ჩვენ ცხოველები დაუსახლებელ ადგილებში გაგვყავს, სადაც არავის შეაწუხებს.

- გამოდის, რომ მაინც სასიკვდილოდ იმეტებთ?

- ასე გამოდის. მე არავისზე ნაკლებად არ მიყვარს ცხოველები, მაგრამ რას ვიზამ, ქალაქში ცხოველთა თავშესაფარი არ არის და მე ამდენ ცხოველს ვერ მოვუვლი.

- მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ ძაღლებს თქვენი სამსახური ადგილზე კლავს!

- ქუჩაში მოკვდინების შემთხვევა არ ყოფილა, რომელი ნორმალური ადამიანი მოკლავს ქუჩაში ცხოველს, ადამიანების თვალწინ, ეს მცდარი ინფორმაციაა.

კალე გიორგაძის განცხადებით, ბიუჯეტიდან გამოყოფილი 42000 ლარის დიდი ნაწილი ინექციისათვის საჭირო პრეპარატების შესაძენად გამოიყენება, ნაწილი კი იმისათვის სჭირდებათ, რომ უპატრონო ძაღლები ქალაქიდან მოშორებით გაიყვანონ.  გაურკვეველია, რა განსხვავებაა ინექციით სიკვდილსა და ტყეში მიტოვებას შორის, თუ შედეგი ორივე შემთხვევაში ერთია. თუმცა ქვეყანაში, სადაც ადამიანების უმეტესობა თავის ცხოვრებას „გაძაღლებულს“ არქმევს, ძნელია, ძაღლის ბედზე იფიქრო.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2021
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია