დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოში ცნობილი ინტელექტუალი - თეთრ ხალათში
2011/02/07 14:01:41

ჯერ  თავისი ზომის თეთრი ხალათიც არ მოურგია, ინტერვიუს დროს შემოუტანეს,თუმცა ცოტა სრული აღმოაჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ, თავად ტანადი და ახოვანია. ცნობილი ინტელექტუალი, ფსიქიატრი ლაშა კილაძე სულ ახლახან დაინიშნა აკადემიკოს ზურაბ ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე. მანამდე კი იყო ქუთაისის სამხედრო-საგარნიზონო ჰოსპიტლის ექიმი, მონაწილეობდა ქუთაისის მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ჩამოყალიბებაში, გახლდათ შრომის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს იმერეთის რეგიონული დეპარტამენტის უფროსი, სამედიცინო ხარისხის რეგულირების სააგენტოში - დიპლომის შემდგომი განათლებისთვის  აკრედიტაციის განყოფილების უფროსი, იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე, ხოლო დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის კლინიკაში, სადაც  ამჟამად დირექტორია, - სადაზღვევო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორი. 

 

- თქვენი დანიშვნა დაემთხვა საკმაოდ მძიმე პერიოდს, ვირუსული ინფექციების გავრცელებას...

- ამ კლინიკაში დაახლოებით ერთი წელია, რაც ვმუშაობ. როცა მმართველთა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ ცვლილებები  განხორციელებულიყო   კლინიკის   მართვის   სისტემაში, შემომთავაზეს ეს ადგილი. მართალი გითხრათ, ცაიტნოტურ ვითარებაში აღმოვჩნდი, რადგან კრიზისული პერიოდი იყო, მაგრამ გადავწყვიტე. დავთანხმებულიყავი. რაც შეეხება გრიპის მასობრივ შემთხვევებს, ეს არის ერთი პრობლემა, მაგრამ მაინც სამუშაო სიტუაციაა,  გაცილებით რთულია მართვის სისტემის გადაწყობა, ადაპტაცია კოლექტივში, რომელიც ძალიან წარმატებულია. ცვლილების ფონზე გვინდა, რომ კიდევ უფრო წარმატფებული და კარგი გავხადოთ. რაც შეეხება გრიპის ვირუსით გართულებულ შემთხვევებს, ეს არ არის ახალი, რადგან ვირუსები მუდმივად მუტირებენ, იცვლიან თავის გენოტიპს, აქედან გამომდინარე შესაბამისად - თვისებებს. დღესდღეისობით ვირუსის გართულებით ჩვენს კლინიკას მომართა 13 პაციენტმა, მათგან, საუბედუროდ, პირველი შემთხვევა დასრულდა სიკვდილით, დანარჩენები, ღვთის წყალობით და ჩვენი სპეციალისტების სწორი და გამართული მუშაობით, კარგად არიან სუყველა. ახლა მხოლოდ ორი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.

- ბატონო ლაშა, საზოგადოება თქვენ გიცნობთ, როგორც ინტელექტუალს, ახალი თანამდებობით როგორ დაამახსოვრებთ თავს?

- ეს არის უმაღლესი დონის კლინიკა, რომელსაც თავისი ტექნიკური შესაძლებლობის და მედპერსონალის მაღალკვალიფიციურობის გამო მინიჭებული აქვს დასავლეთ საქართველოს ეროვნული ინტერვენციული ცენტრის სტატუსი, ეს არ არის შემთხვევითი სიტყვების წყობა, არამედ დიდი პასუხისმგებლობა გახლავთ. კლინიკა ორიენტირებულია მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო ჩარევებზე: კარდიოქირურგია, ნეიროქირურგია, ორთოპედია-ტრავმატოლოგია, მათ შორის -  ენდოპროტეზირება, სადიაგნოსტიკო სიმძლავრეები, რეაგნაციისა და ინტენსიური თერაპიის ძლიერი სამსახური, კატასტროფული მედიცინის მარეგულირებელი სამსახური....

- გვინდა, რომ მართვის სისტემა იყოს გაშიფვრადი, ამიტომ მოდერნიზება არის საჭირო.  რადგან, რაც უფრო რთულია სისტემა, მით უფრო რთულია მართვა. მაქსიმალურად გამართული სისტემა გვექნება დაახლოებით ერთ თვეში, ეს მისცემს მოსახლეობას კიდევ უფრო მობილურ და ადაპტირებულ ცენტრს, სადაც ყველა რგოლს ექნება პასუხისმგებლობა და სამუშაოს აღწერილობა.

ძალიან მოკლე დროში „C“ კორპუსი შევა მწყობრში, ამ წუთში ვმსჯელობთ, თუ რა სერვისები იქნება იქ განთავსებული. არსებულ მომსახურებას გავაფართოებთ, თუ დამატებით სერვისებს მოვიძიებთ. მოკლედ, მნიშვნელოვანი პერიოდის თანამონაწილე გავხდი, თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ ეს კლინიკა არის ექსკლუზიური მიმწოდებელი ძალიან ბევრი სერვისისა დასავლეთ საქართველოში, შესაბამისად, რაღაც - რაღაც კარგი ამბები უნდა მოხდეს.

- კადრების ცვლილებები თუ იგეგმება?

- სამედიცინო პერსონალში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იქნება, თუმცა რეორგანიზაცია საჭიროა. პირველი ეტაპი უკვე დაწყებულია, ეს შეეხო, ძირითადად, ადმინისტრაციას და ტექნიკურ ნაწილს. მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზედაც ვმუშაობთ - ეს არის თანაქალაქელი სპეციალისტების დაბრუნება და ჩვენს კლინიკაში დასაქმება, რადგან ქუთაისს დიდი პოტენციალი აქვს. დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, ვფიქრობთ, რომ ექიმები, რომლებიც წარმატებით მუშაობდნენ რუსეთში, თბილისში, დავასაქმოთ ჩვენს კლინიკაში. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი დეკლარირებული და არადეკლარირებული მნიშვნელოვანი მიმართულება. მეორე მნიშვნელოვანი საქმე არის, რომ კლინიკა გახდეს ფინანსურად კიდევ უფრო ძლიერი, ამ მიმართულებითაც ინტენსიურად ვმუშაობთ მიმწოდებლებთან, პროვაიდერებთან, სადაზღვევო კომპანიებთან, არის კონკრეტული, სუბიექტური და ობიექტური პრობლემები. ძალიან დიდი რაოდენობით პრობლემა უკავშირდება მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. მილიონზე მეტი ვალი დაუგროვდათ ყოფილ პაციენტებს, არ მინდა ზუსტად  ციფრი დავასახელო და შევაშინო მკითხველი, ეს თანხა კერძო პირებისგან არის ამოსაღები. ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს უკვე მივმართეთ.

არის მოსახლეობა, რომელიც სამედიცინო მომსახურებას ჩვენგან იღებს, მაგრამ პრობლემატურია მათგან ფულის გადახდა. ეს ძირითადი პრობლემაა, რომლის გადაჭრაზეც ჩვენ ვმუშაობთ.გვაქვს რამდენიმე წინადადება: დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, ჩვენ გვექნება საშუალება, მოსახლეობას შევთავაზოთ ახალი სერვისი, რომელიც გადახდის რისკებს ააშორებს კლინიკას და, შესაბამისად, მაქსიმალურად დაიცავს მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

- რა გახდა მიზეზი იმისა, რომ ადმინისტრაციაში ცვლილებები განხორციელებულიყო?

- რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, მფლობელებმა გადაწყვიტეს,  მართვის  სისტემა  გამხდარიყო  უფრო  მოქნილი  და  ეფექტური, უფრო ადაპტირებული თანამედროვე მოთხოვნებთან. ეს მოტივი იყო ჩემთვის ცნობილი .

- ძირითადად, რა პრობლემები ჰქონდა კლინიკას?

- კლინიკა, თვისობრივად უნდა გადასულიყო მართვის ახალ სისტემაზე, 5 წლის განმავლობაში წარმატებით მუშაობდა, შემდეგ საჭირო გახდა მისი ორგანიზება და ადაპტირება თანამედროვე მოთხოვნებთან. მიუხედავად იმისა, რომ აქ არის მომსახურების მაღალი დონე, საჭიროა მისი მატერიალური განმტკიცება, გაუმჯობესება. თუმცა კლინიკამ რომ ადგილი დაიმკვიდრა, ეს ბატონი კახას და მისი გუნდის შრომისა და დამსახურების შედეგია.

- დაგვისახელეთ ცნობილი ექიმები, რომლებიც თავისი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან...

- კლინიკის წარმატება არის თითოეული წევრის წარმატება. ბევრი კარგი ექიმი გვყავს: კახა ბესელია - კარდიოქირურგი, მერაბ კაპანაძე, რომელიც ენდოპროთეზირებას აკეთებს, ზურაბ ხაბეიშვილი -  ტრავმატოლოგი, დათო ჩიქოვანი - ნეიროქირურგი, გვყავს შემდგარი და წარმატებული რეანიმატოლოგები, სოფო ჭედია - დიაგნოსტიკის განყოფილების ხელმძღვანელი, ზაზა ჩუბინიძე - ქირურგიული სამსახურის უფროსი, ოთარ მაშავა - პროფესორი, რომელიც საოცრად დიდ საქმეს აკეთებს ქართველი და აფხაზი ხალხის ურთიერთობაში: ამ ბოლო დროს ჩვენთან კარდიოქირურგიული დახმარება გაეწია ორ ადამიანს, რომლებიც დეფაქტო რესპუბლიკიდან ჩამოვიდნენ; შარშან ორასამდე აფხაზმა მოქალაქემ იმკურნალა. ბატონი ოთარი ზაფხულში  მივლინებული იყო აფხაზეთში, სადაც ადგილზე ატარებდა კონსულტაციებს.

მინდა აღვნიშნო, რომ უმაღლესი დონის საშუალო პერსონალი გვყავს. ტექნიკა, რომელიც აუცილებელია წარმატებული სამუშაოსათვის, შესაბამისი გამოყენების გარეშე არის ჯართი, ამიტომ მათ გამართულ მუშაობაზე უმაღლესი დონის  ინჟინრები ზრუნავენ, ვაჟა ჯოხაძესთან ერთად. ყველას, რა თქმა უნდა, ვერ ჩამოვთვლი, ძალიან შორს წაგვიყვანს.

- ყველაზე რთული ოპერაციები, რომლებიც აქ ტარდება...

- ეს არის მეოთხე დონის ოპერაციები, მაგალითად - გულზე, როცა გულს არ აჩერებენ და ისე მიმდინარეობს ქირურგიული ჩარევა, სახსარშიგა პროტეზირება, ლაპარასკოპიული, ნეიროქირურგიული ოპერაციები, სულ რამდენიმე ხნის წინ, ბატონმა გაგა ტყეშელავამ, რომელიც სისხლძარღვთა  ქირურგიაში მუშაობს, გაგლეჯილი მუცლის აორტის ურთულესი ოპერაცია წარმატებით ჩაატარა. არის ასევე სხვა უმძიმესი შემთხვევებიც.

- რადგან მუშაობის გრაფიკი დატვირთული გაქვთ,  ინტელექტუალურ თამაშებში რამდენად ახერხებთ მონაწილეობას?

- რთულად, მაგრამ მაინც ვახერხებ: ვემზადებით საგაზაფხულო ჩაწერისთვის.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4918
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია