დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თვითმკვლელობას, უმეტეს შემთხვევაში, 44 წელს გადაცილებული მამაკაცები სჩადიან
2010/11/22 14:16:01

მიმდინარე წლის ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში თვითმკვლელობის 161 შემთხვევა დაფიქსირდა. სტატისტიკური მონაცემებით, თვითმკვლელობას, უმეტეს შემთხვევაში, 44 წელს გადაცილებული მამაკაცები ჩადიან, თუმცა აღრიცხულია 21 შემთხვევა, როდესაც სიცოცხლე თვითმკვლელობით 16-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებმა დაასრულეს. ამავე სტატისტიკის მიხედვით, თვითმკვლელთაგან 134 მამაკაცია, 27 კი - ქალი. შს სამინისტროს ინფორმაციით, თვითმკვლელობის უშედეგო მცდელობის 593 შემთხვევა გამოვლინდა. ამათგან 375 მამაკაცია, ხოლო 218 - ქალი.

 

 

ფსიქოლოგ მერაბ მაღრაძის თქმით, თვითმკვლელობა ხშირად არის დაკავშირებული მძიმე სოციალურ ფონთან: „თუმცა არსებობს სხვა მიზეზებიც, რის გამოც ადამიანები საკუთარ სიცოცხლეს ხელყოფენ. როგორც ბატონი მერაბი გვიამბობს, ესენია:

1) სულიერი აშლილობა, როცა ადამიანი დაავადებული, გაუწონასწორებელია და ეს ორგანული დაზიანებიდან გამომდინარეობს.

2) სტრესი - შესაძლოა, პირმა აფექტის შედეგად მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება.

3) დეპრესიული მდგომარეობა, როცა პირი თავისი არსებობის აზრს ვერ ხედავს, რამაც, შესაძლებელია, თვითგანადგურების გადაწყვეტილებამდე მიიყვანოს - ამით გამოხატავს აგრესიას საკუთარი თავის მიმართ.“

ფრანგი სოციოლოგის ემილ დიურკემის მოსაზრების მიხედვით (რომელმაც პირველად ჩაატარა კვლევა თვითმკვლელობის თემაზე), არსებობს სუიციდის შემდეგი ტიპები:

- ეგოისტური თვითმკვლელობები - მიეკუთვნება დეპრესიის, ადამიანური ურთიერთობებისა და სოციალური ფაქტორების გამო ჩადენილი სუიციდის ფაქტები;

- ანომიური თვითმკვლელობა - ახასიათებს ეკონომიკური მიზეზებით გამოწვეულ სუიციდურ ფაქტებს;

- ალტრუისტული თვითმკვლელობა - ამ შემთხვევაში ადამიანი საკუთარ სიცოცხლეს ხელყოფს სხვაზე ორიენტირებულობის გამო. ეს მაშინ ხდება, როცა პიროვნება ისე აიგივებს თავს ვინმესთან, რომ მის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენლად მიაჩნია.

ძირითადად, ალტრუისტულ თვითმკვლელობას სიყვარულით იმედგაცრუებულები მიმართავენ.

- ფატალისტური თვითმკვლელობა - ადამიანი სიცოცხლეს ასრულებს საზოგადოებრივი დოგმებისა და სტერეოტიპების გასაპროტესტებლად.

საქართველოს რეალობაში უფრო ხშირად ეგოისტური და ანომიური თვითმკვლელობის მაგალითებია. უმეტესად თავს იკლავენ ეკონომიკური პრობლემების (ტოტალიზატორში წაგებული თანხის, ვალების ან ფინანსური სიდუხჭირის გამო), ან სიყვარულით იმედგაცრუებისას.

შს სამინისტროს მონაცემების მიხედვით, თვითმკვლელთა შორის მამაკაცები სჭარბობენ. ფსიქოლოგები ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ ჩვენს ქვეყანაში შუა ხნის მამაკაცები სტრესულ მდგომარეობაში იმყოფებიან: ბევრმა მოულოდნელად დაკარგა სამსახური, შეექმნათ მძიმე ფინანსური მდგომარეობა ოჯახში და ამან გავლენა მოახდინა მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

რაც შეეხება თვითმკვლელობას მოზარდებში, იგი დაკავშირებულია პიროვნების გარდამავალ ასაკთან, როცა მან უნდა განსაზღვროს საკუთარი მომავალი. იგი აწყდება ბევრ წინააღმდეგობას და გამოუცდელობის გამო ადვილად ჰყრის ფარ-ხმალს.

გარდა ამისა არსებობს ფარული სუიციდიც, რომელიც ხორციელდება ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მიღებით. მათი მიღება თვითდესტრუქციული ქცევაა, რომელიც პირდაპირ მიმართულია სიცოცხლის შემოკლებისკენ. ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მოხმარება იზრდება სოციალური პრობლემების პროპორციულად, როცა ადამიანი მათი მეშვეობით ცდილობს რეალობიდან გაქცევას, თუმცა, სინამდვილეში, მისდა უნებურად, სიცოცხლეს გაურბის.

მსოფლიოში თვითმკვლელობების მაჩვენებლით წამყვან პოზიციას იკავებენ სკანდინავიის ქვეყნები, რომლებშიც სოციალური ფონი მოწესრიგებულია და მოსახლეობაც მატერიალურად უზრუნველყოფილია. სამაგიეროდ, ამ ქვეყნებში ადამიანური ურთიერთობების დეფიციტი და საზოგადოების ინტეგრირებულობის ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ადამიანი, რომელსაც არა აქვს პერსპექტივა, გაჭირვებაში ვინმეს იმედი, პოტენციური თვითმკვლელია.

ამ პრობლემის მიმართ ქრისტიანულ რელიგიას მკაცრი მიდგომა აქვს. თვითმკვლელს არ აღევლინება პარაკლისი და მისი დაკრძალვა არ ხდება ქრისტიანული წესების დაცვით. ვინაიდან ეს ცოდვა ღვთის გმობას უტოლდება და მიუტევებელია, გამონაკლისი შემთხვევების გარდა - თუ ადამიანი ფსიქიკურად დაავადებულია.

მაგრამ, უფრო ხშირად, თავს საღად მოაზროვნე ადამიანები იკლავენ. ცხოვრებაში მიზნებისა და პოზიციების დაკარგვა, კავშირების არარსებობა, ეკონომიკური არასტაბილურობა, უკარგავს ადამიანს სრულფასოვნების შეგრძნებას. ხოლო, როცა პიროვნება თავს არარაობად გრძნობს, ის ყველაფერზეა წამსვლელი. ადამიანს მარტო არც ტკივილის და არც სიხარულის ტარება შეუძლია. ადამიანის ხსნა ისევ სხვა ადამიანშია, მხოლოდ სიყვარულსა და თანაგრძნობაში.

 

ნინო ბაქრაძე

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2148
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია