დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უმწეო ოჯახები სოციალური აგენტების მოლოდინში
2010/11/08 12:50:35

ქუთაისში ოფიციალური მონაცემებით, სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი 6 ათასამდე ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც ყოველთვიურად სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ ფულად დახმარებასა და ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისს იღებენ.

 

2010 წლის 15 სექტემბრიდან, დაახლოებით, 3 ათასამდე ოჯახს შეუჩერდა კუთვნილი დახმარება. საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახები ამ საკითხში გარკვევასა და პრობლემის მოგვარებას ქალაქისა და სახელმწიფოს შესაბამის სტრუქტურებს სთხოვენ.

თამარ ბაბუხადია, პენსიონერი:  „ოჯახში 7 სული ვცხოვრობთ, აქედან სამი არასრულწლოვანია, რომელთაც მუშაობა არ შეუძლიათ, თან დევნილები არიან. სახლი ავარიული იყო და დაგვენგრა. ახლა სხვასთან ვცხოვრობთ. ერთი წელია, რაც არსებულ დახმარებას ვიღებთ და ისიც მოულოდნელად შეგვიწყვიტეს, როდესაც გასარკვევად და გადასამოწმებლად მივედით, თუ რატომ შეგვიწყვიტეს კუთვნილი დახმარება, კომპიუტერმა ერთ-ერთი ოჯახის წევრის სამუშაო ადგილი ამოაგდოო. მე-9 ბაგა-ბაღის მდებარეობაც არ იცოდა ჩემმა შვილმა! შემდეგ ცნობა მოგვთხოვეს, რომ არ მუშაობს იმ ბაგა-ბაღში, - ისიც ავიღეთ. ახლა კი სოციალურ აგენტს დაელოდეთ და ხელახალი რეგისტრაციის შემდეგ გავარკვევთ, მიიღებთ თუ არა დახმარებასო! ამას კიდევ დრო სჭირდება. ბავშვებს დევნილობის ფულიც შეუჩერეს. ჩვენ რით უნდა ვიარსებოთ ყველაფრის გარკვევამდე, არავის აინტერესებს!“

ციცინო მესხორაძე, 75 წლის, პენსიონერი: „პურის ფული არ გვაქვს, შვილო, ობოლი ბავშვები გვყავს! ოჯახში ერთი მუშაობს და მისი 150 ლარით როგორ ვირჩინოთ თავი თვიდან-თვემდე? დახმარება ისე შეგვიწყვიტეს, ვინმეს არც არაფერი აუხსნია. სოციალური მომსახურების ცენტრს მივაკითხე და ჩემსავით შეწუხებული ადამიანების რიგი იმხელა იყო, უფროსამდე მაინც ვერ მივაღწევდი და უკან გამოვბრუნდი. გავიგე, აგენტი ხელახლა უნდა მოვიდესო.

პირველად რომ მოვიდა - თქვენ იმხელა სახლი გაქვთ, დახმარება რად გინდათო. სახლი მამაჩემმა დამიტოვა და კედლებს ხომ ვერ შევჭამთ? რომ გავყიდოთ, სანამდე გვეყოფა, თუ ყოველთვიური საარსებო შემოსავალი არ გვექნა. დილიდან-საღამომდე ველოდებით აგენტს, სახლიდანაც ვერ გავდივართ, რომ მისი მოსვლა არ გამოგვეპაროს, მაშინ ის იმედიც დამეკარგება, რომ ისევ გაგვიგრძელებენ კუთვნილ დახმარებას.

მანანა ვაშაკიძე: „სექტემბრიდან სოციალური დახმარება არ მიმიღია. ჩემს ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა, არც სამსახური დამიწყია და კომპიუტერმა რატომ ამოაგდო ჩემი ოჯახი, არ ვიცი. შვილი მეორე ჯგუფის ინვალიდი მყავს, რომელსაც მუდმივი მკურნალობა და ექიმის მეთვალყურეობა სჭირდება. დაზღვევის პოლისს კი ყველგან ვერ ვიყენებ. პირველად რომ შევავსე დეკლარაცია, ერთ-ერთ დროებით სამუშაო ადგილას ვიყავი გაფორმებული, ის პროექტი ორ თვეში დასრულდა და ისევ უმუშევარი დავრჩი. მითხრეს, ხელახალი გადამოწმება უნდა ჩატარდესო. მეც ველოდები და თუ არ მომცემენ, შემდეგ სხვა სამსახურებს მივმართავ.“

მოსახლეობის მხრიდან დაყენებულ, მოსაგვარებელ პრობლემებში გასარკვევად, ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელობას მივმართეთ.

ნინო ჭიღლაძე, ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრის უფროსის მოადგილე: „მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტო იტოვებს იმის უფლებას, რომ პერიოდულად გადამოწმდეს ოჯახები, რომლებიც საარსებო შემწეობას იღებენ. ზოგადად 4 წელიწადში სავალდებულო გადამოწმება ხდება, ასევე, თუკი არის მიზეზი, ან საფუძველი საჭიროდ მივიჩნიოთ გადამოწმდეს ოჯახი, იმ შემთხვევაშიც, თუ ეს დრო არ არის გასული. გადასამოწმებელი ოჯახების სიას გვიგზავნის ცენტრალური აპარატი, შესაბამისად, ცენტრალიზებულად ხდება შეჩერება საარსებო შემწეობის. ჩვენს ქალაქში 15 სექტემბრიდან შეუჩერდა სოციალური დახმარება 3 ათასამდე ოჯახს სხვადასხვა მიზეზით. იყო ოჯახები, რომელთა მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაციიდან 4 წელი იყო გასული, ასევე ოჯახები, რომლებიც, სავარაუდოდ, იყვნენ დასაქმებულები სხვადასხვა სამსახურებში.

გაზეთ „P.S.“-თან საუბარში ქალბატონმა ნინომ აღნიშნა, რომ მათ ინტერესებშიც შედის, სწრაფად გადამოწმდეს ყველა ოჯახი, მაგრამ, რადგანაც ქალაქში მხოლოდ ცხრა სოციალური აგენტი მუშაობს, მეტი სისწრაფე შეუძლებელია. ოჯახებს წინასწარ ვერ გავაფრთხილებთ, ამის უფლება არ გვაქვს, ხოლო აგენტი მინიმუმ 3-ჯერ უნდა მივიდეს ერთ ოჯახში, ასე რომ, რომელიმე ოჯახის გამოტოვება არ მოხდებაო.

ოჯახი, რომელიც კვლავ დააგროვებს 57-ათასამდე ქულას, ისევ მიიღებს კუთვნილ საარსებო შემწეობას. ასევე, რაც შეუჩერდათ 2010 წლის 15 სექტემბრიდან, ამ კუთვნილ თანხას მიიღებენ უდანაკარგოდ.

ნინო ჭიღლაძე: „დეკლარაციას კიდევ რამდენიმე პუნქტი ჩაემატა შესავსებად, ესენია: თუ ოჯახის წევრს აქვს სიცოცხლისთვის საშიში დაავადება და საჭიროებს მუდმივ მედიკამენტოზურ მკურნალობას, ხდება მისი მონიშვნა, საბჭოთა საოჯახო ტექნიკისა და ნივთების ჩანიშვნა არ ხდება და ოჯახს არ უნდა გააჩნდეს თანამედროვე ტექნიკა, ხოლო დეკლარაციაში მხოლოდ თხევად-კრისტალური ტელევიზორის მონიშვნა ხდება.“

როგორც ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრში ნოემბრის თვის დასაწყისის მდგომარეობა გაგვაცნეს, ამ ეტაპზე დარჩენილია 1700 გადასამოწმებელი ოჯახი. მათი გამოანგარიშების თანახმად, ერთ თვეზე ცოტა მეტი დრო დასჭირდებათ საბოლოო გადამოწმების დასრულებამდე.

 

ნათია ადეიშვილი

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1925
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია