დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დედის გარეშე გაზრდილი თაობა
2010/03/22 13:40:10

დუბლი პირველი: 20 წლის ნინოს ექიმმა გულზე სერიოზული პრობლემა აღმოუჩინა. მიზეზი - 5 წლის წინ საზღვარგარეთ წასული დედის მონატრება...

დუბლი მეორე: 15 წლის ლევანს კლასიდან თავხედობის გამო აგდებენ. მიზეზი - მასწავლებელი ამბობს, რომ მისთვის ქალის პატივისცემა არავის უსწავლებია. თუმცა, ვინ ასწავლიდა, მშობლები კარგა ხანია საზღვარგარეთ არიან...

დუბლი მესამე: „ბირჟაზე“ შეკრებილი ბიჭები. ერთ-ერთი საზღვარგარეთიდან დედის გამოგზავნილი ფულით ნაყიდი ძვირადღირებული ნივთებით „ბლატაობს“, „კაი ბიჭობისკენ“ კიდევ ერთი ნაბიჯი და ციხე...

მსგავსი შემთხვევები ჩვენს ირგვლივ საკმაოდ ხშირია. ქალის მიმართ დაკარგული პატივისცემა, შერყეული ჯანმრთელობა, არამყარი ფსიქიკა და აგრესია, რომელიც, არავინ იცის, როდის და როგორ იჩენს თავს - ყველაფერი ეს ხშირად დედის გარეშე გაზრდილი თაობისთვის არის დამახასიათებელი.

იმ ოჯახების რიცხვი, სადაც ბავშვები უდედოდ იზრდებიან, დღეისთვის საკმაოდ დიდია. უმუშევრობისა და სიდუხჭირისგან თავის დასაღწევად ოჯახი არჩევანს აკეთებს და ერთ-ერთი მშობელი (ხშირ შემთხვევაში - დედა) საზღვარგარეთ მიდის სამუშაოდ. რა შედეგი მოაქვს ამას ბავშვებისთვის, როგორ ყალიბდება შემდგომში მათი ფსიქოლოგია? ამის შესახებ ფსიქოლოგ ციცი ჯინჯიხაძეს ვესაუბრეთ.

 

- პირადად თქვენ თუ გაქვთ შეხება ისეთ ბავშვებთან, რომლებიც უდედოდ იზრდებიან?

- რამდენიც გინდა! თუნდაც ჩემს სამეზობლოში, იმ გარემოში, რომელშიც მე ვარ. ეს დღეს ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. უმრავლესობა ასეა, 10 ოჯახიდან 8 ოჯახში დედა წასულია საზღვარგარეთ. ნაკლებია ისეთი ოჯახები, რომლებიდანაც ორივე მშობელია წასული, უმეტესად მხოლოდ დედები მიდიან და მამები შინ რჩებიან. ბებია-ბაბუა სანამ არის, იზრდებიან ბავშვები. ბავშვთა სოფელში ვმუშაობდი ფსიქოლოგად ერთი პერიოდი, იქ ბევრი ბავშვი იყო ისეთი, დედები რომ საზღვარგარეთ ჰყავდათ. ეს პრობლემა კი არ არის, ეს ტრაგედიაა! ასე შვილის დატოვება და გაზრდა დაუშვებელია. ამ ბავშვების უმეტესობის აზრი ასეთია: ჩემს დედას ცივი წყალი დაელევინებინა ჩემთვის, არ ეყიდა მობილური და ჩემთან ყოფილიყო, მერჩიაო.

- ამ დასკვნამდე რა ასაკში მიდიან ბავშვები?

- ეს ბავშვები უკვე დიდები არიან, გარდატეხის ასაკი გაიარეს და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ დედა მათთვის საჭირო ყოფილა. უფრო პატარა ასაკში - 8, 9, 10 წლისა - ვერ აცნობიერებს, რომ დედა მარტო ბიოლოგიური არსება არ არის მათთვის... თუმცა, ის იციან, რომ დედის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ.

ხშირად შევსწრებივარ, პატარა ბავშვს რომ ეუბნება დედა: მე წავალ ეხლა, დედი, საზღვარგარეთ და გამოგიგზავნი ფულს, შენ გექნება: მობილური, კარგი ჩასაცმელი, ინგლისურზე წახვალ, იქ წახვალ, აქ წახვალ და შენ და მამიკომ იცხოვრეთ ერთად სახლში. პატარა ბავშვმა უკვე იცის, რომ ფული კარგია. ნაყინი რომ მოუნდა და ვერ იყიდა, იქიდან ის უკვე იწყებს აზროვნებას და ორიენტირს აკეთებს ფულზე. ფული თუ ექნება, იმ ლამაზ ფერად ბუშტებს იყიდის, რამდენჯერაც მოუნდება, ნაყინსაც იყიდის, ანუ - მოთხოვნებს დაიკმაყოფილებს, დედა რომ წავა და ფულს გამოუგზავნის. როცა იზრდება, მერე ხვდება, რომ დედა არ ყოფილა ფერადი ბუშტები, არც ნაყინი, არც მობილური და რომ უდედობა ვერ შეცვალა ვერანაირმა მატერიალურმა ღირებულებამ.

ყოველთვის უნდა დედა ადამიანს, რა ასაკშიც არ უნდა იყოს. რაიმე რომ ეტკინება, ქართველი თუნდაც 90 წლის ასაკში, „ვაი დედას“ იტყვის და სხვას არაფერს. ეს ჩვენი ქვეცნობიერია, დედას რომ ითხოვს მაშინ, როცა უჭირს. თან, ენა არ ამბობს ამას, ამას ამბობს მისი ქვეცნობიერი, ფსიქიკაშია ეს დაფიქსირებული...

- რა განსხვავებული ცვლილებები მიმდინარეობს იმ ბავშვებში, რომლებიც უდედოდ იზრდებიან?

- ბავშვი ამას ვერ ამჩნევს, უფრო სწორად, კი ამჩნევს, მაგრამ ვერ აცნობიერებს. ჯერ ერთი, მოზარდი ყალიბდება ეგოისტად. ყველას ეცოდება ასეთი ბავშვი: ბებიას, დეიდას, მამიდას, ბაბუას - ირგვლივ მყოფებს: „დედა არა ჰყავს, ცოდოა“. ადამიანის ფსიქიკა მწიფდება ისე, რომ ის არის საცოდავი, მაშინ, როცა ის უნდა გავზარდოთ პატივისცემით. საცოდავი ადამიანი არავის უყვარს, არანაირ პატივისცემას საზოგადოებაში არ იმსახურებს. მეორეც, - რაც არ უნდა გადაყვნენ ოჯახის წევრები და ახლობლები, რა სითბო და სიყვარულიც არ უნდა გაიღონ ირგვლივმყოფებმა, დედის ერთი დაყვირება მთლად ურჩევნია ყველაფერს.

- მამას არ გამოსდის, შეცვალოს დედა?

- მამა ვერ ცვლის ვერანაირად. ეს არის საშინელება, როდესაც ქალი მიდის ოჯახიდან და მის ფუნქციას კისრულობს მამაკაცი. მამაკაცმა უნდა გააკეთოს სადილი, სარეცხი, დააუთოოს, ბავშვი წაიყვანოს და ა.შ. კაცი კარგავს თავის ფუნქციას, როგორც ოჯახის ღერძი და პირველი პირი. ქალი, მეტნაკლებად, მაინც უფრო ახერხებს შეითავსოს ორივე ფუნქცია და შვილს მამის დაკარგვის შემთხვევაში არ აგრძნობინოს ობლობა. მამაკაცი კი ამას ვერ ახერხებს, თუნდაც მისი ფსიქიკიდან, ხასიათიდან გამომდინარე.

- დედის გარეშე გაზრდილი გოგო თვითონ როგორი დედა იქნება მომავალში?

- რა თქმა უნდა, ეს აისახება მასზე იმდენად, რამდენადაც მოაკლდა ყველაზე დიდი - მზრუნველობა, სითბო. ასეთ დედებს შემდეგ გამომჟღავნების უნარი არა აქვთ თავისი შვილის მიმართ. ურთიერთობა ეშლებათ, იმიტომ, რომ ეს ურთიერთობა, როცა შვილები იყვნენ, არასდროს ჰქონიათ საკუთარ მშობლებთან. არ იციან, დედა როგორ ექცევა ბავშვს და მარტო სხვისი მაგალითი არ კმარა. უმეტესობა, პირიქით, ცდილობს, ყველაფერი ის, რაც დააკლდა, თვითონ მისცეს თავის შვილს.

ადამიანის გაზრდა როგორ იქნება უდედოდ? დარღვეულია ოჯახის გარემო, ის პატარა სოციუმი, ის ურთიერთობა, რომელიც არსებობს.

არის დიდი ოჯახი, რომელშიც შედიან: დედა, მამა, ბებია, ბაბუა და შვილები. პატარა ოჯახში: დედა, მამა და შვილები, ოჯახის ყველა წევრს აქვს განაწილებული თავისი როლი, ვინ რა უნდა აკეთოს და შეასრულოს. თუ ამ როლს ყველა კარგად ასრულებს, ის ოჯახი მოწესრიგებულია, მაგრამ ამის შესაძლებლობაც უნდა იყოს მხოლოდ სიყვარულზე დამყარებული.

დედიდან და მამიდან როგორც გაიზარდნენ შვილები, ისეთივე ოჯახს აყალიბებენ, ისევე იქცევიან. მშობლები არიან შვილებისთვის ყველაზე დიდი ავტორიტეტები. რაც არ უნდა კარგად ვასწავლოთ ჩვენ, - ფსიქოლოგებმა და მასწავლებლებმა, რომლებიც თაობებს ზრდიან და რა მაგალითებიც არ უნდა მოვუყვანოთ, ყველაზე კარგი მაგალითები შვილებისთვის მშობლები არიან. და როცა ბავშვს არ ჰყავს მშობელი, ნიმუში ვისგან აიღოს?

- დედის გარეშე გაზრდილ მამაკაცს განსხვავებული დამოკიდებულება ხომ არ უყალიბდება ქალების მიმართ?

- ბიჭი გარდატეხის ასაკიდან მამისკენ იხრება. მამამ უნდა გაზარდოს ის, როგორც მამაკაცი, და მამამ უნდა ჩამოაყალიბოს, მაგრამ ქალთან ურთიერთობა სწორედ ოჯახში მყოფ ქალთან ურთიერთობით იწყება. დედამ, როგორც ქალმა, უფრო კარგად იცის მამაკაცისგან როგორი მოპყრობა ესიამოვნება ქალს და ამიტომ უკეთ აღზრდის ის, ვინც კარგად იცის ეს ურთიერთობები. ბუნებრივია, კარგადვე ასწავლის და კარგადვე ჩადებს თავის ვაჟში ამ თვისებებს.

- რამდენად შეიძლება აისახოს ეს მდგომარეობა ბავშვის ჯანმრთელობაზე?

- საიდან მოდის იგივე გულის პრობლემები? ნევროზიდან, ნევროზი - მოუწესრიგებელი ფსიქიკური ცხოვრებიდან. ეს, გულის დაავადება, როგორც ასეთი, არაა, ამას ნებისმიერი მედიკოსი იტყვის. ყველა ბიოლოგიური და ფსიქიკური დაავადების თავი და თავი არის ნერვული სტრესი და ნერვული სტრესი არსებობს დაძაბულ გარემოში.

- გვაქვს იმის საშიშროება, რომ დედის გარეშე აღზრდილი თაობა „სასტიკი“ იქნება?

- საშიშროება დიდია! დედის უბისგან მოწყვეტილი თაობა - ეს არის უსიყვარულოდ გაზრდილი თაობა. უსიყვარულოდ გაზრდილი თაობა არის აგრესიის უდიდესი გამომხატველი. აგრესია არის ყველაზე დიდი დამანგრეველი კაცობრიობის.

- თუ შეიძლება, რაიმე რჩევა მივცეთ ოჯახის იმ წევრებს, რომლებიც უდედოდ დარჩენილ ბავშვებს ზრდიან?

- ძალიან ძნელია, როგორ ვუთხრა მე დედას, ბებიას, მამიდას და ა.შ. რომ არ აგრძნობინოს ბავშვს უდედობა? ვინ შეუვსებს მათ იმ დანაკლისს... გაუხანგრძლივონ შვილებს ბავშვობა, რადგან ვერანაირი რაოდენობის თანხა ვერ გადაწონის იმ სითბოს და სიყვარულს, რომელსაც ისინი აკლებენ შვილებს, მაშინ, როცა ეს მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2125
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია