დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფსიქიატრია 21-ე საუკუნეში
2009/12/21 12:33:44

ავტორისაგან: შეიძლებოდა, ორი სტატია დამეწერა. ერთი - გამოფენაზე. მეორე  - დევნილზე. გაერთიანების მიზეზი მქონდა - დევნილსაც და იმ ნამუშევრების ავტორებსაც, რომლებიც დავით კაკაბაძის სახვითი ხელოვნების გალერეაში იყო გამოფენილი, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ.

***

მურადი დევნილია. დედამისი, ქალბატონი თალიკო, დაუღალავად საუბრობს შვილის პრობლემებზე, იმაზე, რომ მთელი დღეების მანძილზე მხოლოდ საწოლში წევს და სიგარეტს ეწევა, მეზობლებთან არ კონტაქტობს. ჯანმრთელობის პრობლემებს სხვა ბევრი ყოფითი და სოციალური პრობლემაც ემატება.

ეს ერთი „არაჩვენნაირის“ ცხოვრებაა. უკვე წელიწადი და სამი თვეა, მურადი და დედამისი დევნილის სტატუსს ატარებენ. რამდენიმე თვეა, თაბუკაშვილის ქუჩის ბოლოში, მთავრობის მიერ გარემონტებულ დევნილთა საერთო საცხოვრებელში სხვა კოდორელებთან ერთად ცხოვრობენ.

მურადი ავად 17 წლის წინ გახდა - ჯარში მსახურობდა, მისი ძმები აფხაზეთის ომში იბრძოდნენ. ძმის სიკვდილი გაიგო, მწუხარებას ვეღარ გაუძლო და მარადიული დიაგნოზიც დაუსვეს - მწვავე ფსიქიკური აშლილობა.

მას შემდეგ მისი ცხოვრების ერთადერთი თანამგზავრი დედაა. სხვებს, უბრალოდ, ეცოდებათ. არა, დედასაც ეცოდება, მაგრამ 77 წლის ქალს იმდენი საზრუნავი აქვს - წამლები, საკვები, რომ არც სიბრალულისთვის და არც ჯავრისთვის დრო აღარ რჩება.

***

მურადს და დედამისს დილით შევხვდი. იმავე დღეს, საღამოს, დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ფსიქონევროლოგიურ დისპანსერსა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, უკვე წლებია, არტ-თერაპიით მკურნალობენ. აქ გამოფენილი ნამუშევრებიც, ამ თერაპიის შედეგად შეიქმნა. ავტორთა იდენტიფიკაცია არ მომხდარა.

„ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პაციენტებს სხვადასხვა პერიოდი აქვთ. არის პერიოდი, როცა მათ სტაციონარში უნდა იმკურნალონ, არის პერიოდი, როცა მათი ინტეგრაცია უნდა მოხდეს საზოგადოებაში. სწორედ ეს ეტაპია ახლა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ამ ადამიანებს“- განაცხადა ჩვენთან საუბრისას ფსიქოლოგიური დისპანსერის დირექტორმა მაია ნუცუბიძემ.

არტ-თერაპია წარმატებით მუშაობს. არტ-თერაპევტი ლალი კემულარია ამბობს, რომ პირველი სამი ნახატი სადიაგნოსტიკოა. „მე ზუსტად შემიძლია ნახატით ვთქვა, რა დიაგნოზი აქვს პაციენტს. ფერებით და ფორმებით ყველაფერია ნათქვამი. არსებობს საჩვენებელი და თერაპიული ნახატები. თერაპიულ ნახატებს აქ ვერ გამოიტან. თუმცა, ამ ნამუშევრებშიც შეიძლება ბევრი რამ წაიკითხო“.

წაიკითხო მათი სულიერი სამყარო, განვლილი ცხოვრება, ტკივილები, ფიქრები... წაიკითხო ზღაპარი, მათ რომ შექმნეს ერთ პრინცესაზე, რომელსაც დასასრული ძალიან კეთილი აქვს.

არტ-თერაპიისთვის სულაც არ არის აუცილებელი, პაციენტმა ხატვა იცოდეს. თუმცა, გამოფენაზე წარმოდგენილი ნახატებით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ხელოვნებას არა აქვს საზღვრები და მას ადამიანში მყოფი „რაღაც შეუცნობელი“ ქმნის.

ამ გამოფენის ერთადერთი მიზეზი ნამუშევრების ავტორების საზოგადოებაში ინტეგრირება იყო, თუმცა, ავტორები იქ არ ყოფილან...

 ***

მურადი არ ხატავს. „პატარა კოდორში“, რომელიც თაბუკაშვილის ქუჩის ბოლოშია, ინტეგრაციის პრობლემა არა აქვს. მისი არც დიდ და ნამდვილ კოდორში ეშინოდათ და არც აქ. ყველამ იცის, რომ მურადს „თავისი სამყარო“ აქვს და მისი ნებაა, როდის გამოვა ამ სამყაროდან და როდის შევა ადამიანებთან კონტაქტში. მურადის სამყაროში შესვლასაც არავინ ცდილობს.

„საწოლიდან არ დგება, მთელი დღეები წევს და სიგარეტს ეწევა, ნეტა იცოდეთ, როგორი ბიჭი იყო, ვერავინ გაუტოლდებოდა, ვერავინ შეედრებოდა...“- ამბობს დედამისი.

დედა ერთადერთი ადამიანია, ვისთანაც კონტაქტის სურვილი აქვს. არტ-თერაპიაზე ქალბატონ თალიკოს არც კი სმენია, მისი სადარდებელი მედიკამენტებია.

„ექიმი გვყავს, აღრიცხვაზეა აყვანილი. ვიცი, რომ არასდროს განიკურნება. არ გვაქვს წამლები, რასაც დევნილობაში გვჩუქნიან, იმათ ვყიდი და საჭმელსაც ისე ვჭამთ, მაგრამ, რაც გვჭირდება, ისინი ჩვენთვის ხელმიუწვდომელია. მე რომ მოვკვდები, არ ვიცი, ამას რა ეშველება. ყველას თავისი გასაჭირი აქვს, ყველას თავისი ტკივა, მურადისთვის ვინ მოიცლის.“

***

ფსიქიატრიაში მკურნალობა სწორედ არტ-თერაპიის მეთოდით გაგრძელდება. ეს თანამედროვე, 21-ე საუკუნის მეთოდია, ყველაზე ეფექტური და მნიშვნელოვანი. მურადიც 21-ე საუკუნეში ცხოვრობს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2066
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია