დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ღორის გრიპის“ პირველი მსხვერპლი ქუთაისში
2009/12/21 12:21:26

გასული კვირა ეგრეთ წოდებული „ღორის ვირუსის“ გავრცელების პიკი აღმოჩნდა. გამონაკლისი არც ქუთაისი იყო. დედათა და ბავშვთა დიაგნოსტიკურ ცენტრში 24 წლის ახალგაზრდა ორსული ქალბატონი გარდაიცვალა. ეს იმერეთის რეგიონში პირველი შემთხვევა იყო, რომელიც ფატალური შედეგით დასრულდა.

როგორც ქუთაისის დედათა და ბავშვთა დიაგნოსტიკური ცენტრის დირექტორი თემურ ნადირაძე ამბობს: „გარდაცვლილი 12 დეკემბერს გადმოიყვანეს სენაკიდან, რადგან გართულებული ფორმით ჰქონდა გრიპის ვირუსი და სენაკის საავადმყოფომ არ მიიღო. 5-6 დღის მანძილზე იგი შესაბამის მკურნალობას გადიოდა, თუმცა, ჩვენთან რომ შემოიყვანეს, მას ორივე ფილტვის ანთება ჰქონდა და, შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. იგი ორი დღის მანძილზე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გვყავდა შეერთებული. ორსული 8 თვის და ორი კვირის იყო, ამიტომაც მედიკოსებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საკეისრო კვეთა გაგვეკეთებინა. ბავშვი 3 კილოგრამამდე მეტი დაიბადა, მდედრობითი სქესის და მისი ჯანმრთელობა სტაბილურია. მდგომარეობა ახალგაზრდა ქალის წონამაც დაამძიმა, იგი 124 კილოგრამი იყო. ამ ვირუსს მძიმე წონის ადამიანები თითქმის ვერ უმკლავდებიან და მათთან განსაკუთრებულ მძიმე ფორმებში ვლინდება.“

საქართველოში კი  H1N1 ვირუსით უკვე 6 ადამიანი გარდაიცვალა. შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივით, ბავშვთა სახლების და მოხუცთა თავშესაფრების, როგორც მაღალი რისკის მქონე დაწესებულებების, ექიმებმა H1N1 ვირუსის პრევენციის და მკურნალობის შესახებ ინსტრუქტაჟი მიიღეს.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ უტიაშვილმა განაცხადა: „ყველა პოლიკლინიკას, ქვეყნის მასშტაბით, პირბადეები და საჭირო სამედიცინო დანიშნულების საგნები უფასოდ მიეწოდებათ. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმართვების რაოდენობა მკვეთრად არ გაზრდილა და მდგომარეობა სტაბილურია.“
ბოლო ინფორმაციით კი ქუთაისის დედათა და ბავშვთა დიაგნოსტიკურ ცენტრში H1N1 ვირუსით 70-მდე ბავშვი წევს. „მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ორი ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობას ექვემდებარება.

ასევე ქალთა რეანიმაციულ განყოფილებაში წევს ორი ორსული ქალბატონი ამავე ვირუსით და ორსულთა პათოლოგიის პალატაში - 4 ორსული ქალბატონი. ვიმედოვნებთ რომ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესდება, თუმცა უკიდურეს შემთხვევაში კი ნაყოფის გადარჩენაზე ვიზრუნებთ,“ - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას თემურ ნადირაძემ.

ქუთაისში ამ ეტაპზე პანიკა არ არის, თუმცა სააფთიაქო ქსელებში მოთხოვნა პირბადეებსა და ანტიბიოტიკებზე მკვეთრად გაიზარდა. ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე აფთიაქის მენეჯერი ხათუნა თუთბერიძე ამბობს: „ჩვენ გვეგონა, რომ საკმარისად გვქონდა პირბადეები და C ვიტამინი. თუმცა მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ ორი დღის მანძილზე ქსელში უკვე პირბადეები და C ვიტამინი დრაჟე არ გვაქვს. მოთხოვნა გაკეთებულია და, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მივიღებთ.“

„ავერსის“ სასაწყობო ქსელში შევსება ყოველდღე მოდის, თუმცა პირბადეებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ქსელში შესაბამისი მედიკამენტების ნაკლებობა არ არის. აქ C ვიტამინის ბულგარული გამოშვება, აბების სახით, საკმარისი რაოდენობით აქვთ.

GPS-ის ფარმაცევტული კომპანიის ქუთაისის სააფთიაქო ქსელშიც ნიღბების ნაკლებობაა და აქაც შევსებას ელოდებიან, ხოლო C ვიტამინი ამპულირებული და წვეთების სახით აქვთ. რაც შეეხება ტამიფლუს, იგი ყველა აფთიაქში იყიდება და ამ პრეპარატზე ფასმა დაიკლო. ქუთაისის ყველა აფთიაქში მოთხოვნა გაიზარდა ტამიფლუზე, რომელიც ექიმის  დანიშნულების საფუძველზე იცემა.

ქალაქში კი ყოველდღე პირბადით მოსიარულეთა რაოდენობა მატულობს. ამ ეტაპზე ქუთაისის არც ერთ სკოლაში სწავლა არ შეწყვეტილა. თუმცა, რამდენი ადამიანია ეგრეთ წოდებული ღორის გრიპის ვირუსით ინფიცირებული, ზუსტად აღრიცხული არ არის, რადგან ვირუსის იოლ ფორმებში მკურნალობა ბინაზეც ხდება. შესაბამისად, მათზე ლაბორატორიული დადასტურება არ არის. განსაკუთრებით მძიმე ფორმებით ვირუსი ბავშვებსა და მოხუცებში იჩენს თავს.

ამიტომაც ექიმთან დროული მიმართვა და შესაბამისი მკურნალობის დაწყება აუცილებელია ფატალური შედეგის თავიდან ასაცილებლად.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2027
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია