დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საჭიროა თუ არა სკოლაში ფსიქოლოგი?
2009/11/16 14:26:56

ყოველთვის ვიცოდით, რომ მოსწავლის ჩამოყალიბებისათვის ერთი მთავარი ფორმულა არსებობდა: „სკოლა - დირექცია - მასწავლებელი - მშობელი“, რასაც, კიდევ ერთი აუცილებელი რგოლი - ფსიქოლოგიც დაემატა. თუმცა, ფსიქოლოგის ინსტიტუტის აუცილებლობასა და საჭიროებაზე ქართულ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა.

 

დღეისათვის ფსიქოლოგის შტატი თბილისის ყველა სკოლაში არსებობს, ქუთაისში და, საერთოდ, რეგიონებში კი ეს ჯერ ახალი ხილია. თუმცა, სკოლების უმეტესობას ფსიქოლოგი უკვე ჰყავს.

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი ლადო პატარიძე თვლის, რომ სკოლებში ფსიქოლოგის არსებობა აუცილებელია, თუმცა, რამდენად ეყოლება კონკრეტულად ამა თუ იმ სკოლას იგი, ეს უკვე უშუალოდ დირექტორების გადასაწყვეტია. როგორც ჩანს, ასევე დირექტორების სურვილზეა დამოკიდებული ფსიქოლოგის შტატში აყვანილი ადამიანის პროფესიაც, რადგან, უმეტესწილად, მას სხვა სპეციალობის მასწავლებლები ითავსებენ.

სკოლებში ამ შტატის აუცილებლობასა და იმ მოთხოვნებზე, რასაც სკლის ფსიქოლოგი უნდა აკმაყოფილებდეს, იმერეთის რეგიონის ფსიქოლოგთა ასოციაციის წევრი, ფსიქოლოგი ციცი ჯინჯიხაძე გვესაუბრება.

„ნამდვილად აუცილებელია სკოლაში ფსიქოლოგი, ერთ კი არა, ასაკობრივი დიფერენციაციის მიხედვით უნდა იყოს. დაწყებით კლასებს სხვა უნდა ჰყავდეს, გარდატეხის - სხვა, მაღალ ასაკში - 14-დან 17-წლამდე კიდევ სხვა უნდა მუშაობდეს. ფსიქოლოგი სჭირდებათ პედაგოგებსაც. ხედავთ,  ოთხმა მოიყარა უკვე თავი. ჩვენთან კი ერთიც არ არსებობს“.

სკოლის ფსიქოლოგი რომ ჩვენი საზოგადოებისთვის ახალია და თან ცოტა გაუაზრებელიც, ამაზე არა მარტო დირექტორების მიდგომა, მშობლების რეაქციებიც მოწმობს. ბევრს აღიზიანებს მათ ბავშვთან ფსიქოლოგის მუშაობა, ზოგიერთი კი მას ფსიქიატრთანაც აიგივებს. ყოფილა შემთხვევები, როცა, საბავშვო ბაღებში შემცირებული პედაგოგები ფსიქოლოგებად დაუტოვებიათ შტატში.

ციცი ჯინჯიხაძე სკოლის ფსიქოლოგის მოვალეობებზეც საუბრობს და ამბობს, რომ მუდმივ გადამზადებასათან და სიახლეების შეტანასთან ერთად ფსიქოლოგისთვის აუცილებელია თეორიული ფსიქოლოგიური ბაზისი. ამასთანავე: „ყველა პედაგოგი უნდა იყოს ფსიქოლოგი“, - ჭეშმარიტებაა, თუმცა, არა პირდაპირი გაგებით და მიაჩნია, რომ სავსებით არასწორია, ფსიქოლოგის შტატი სკოლამ ნებისმიერი სხვა საგნის მასწავლებელს შეუთავსოს. ამასთანავე, აუცილებელია, თითოეული ბავშვი განიხილებოდეს, როგორც ცალკე ინდივიდი და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მასთან ოჯახური გარემოს შესწავლის და მშობლების ჩარევის გარეშე მუშაობა.

„ჩვენთან, ქუთაისში, ფსიქოლოგი არის პერსონა, რომელიც თითქოს რაღაც საათებს უნდა ატარებდეს გაკვეთილების სახით მოსწავლეებთან 45 წუთის დატვირთვით და ა.შ. არა და, ასე არ არის. ფსიქოლოგი სასწავლო პროცესში თავიდან ბოლომდე უნდა იყოს ჩართული, უნდა ჰქონდეს პირველი კლასიდან ბოლო კლასის ჩათვლით აბსოლუტურად ყველა მოსწავლის ინდივიდუალური პორტრეტი გაკეთებული, იცნობდეს მის ხასიათს, გემოვნებას, ინტელექტს და დირექტორთან ერთად იყოს ჩართული ამ ყველაფერში. დამრიგებელზე მეტადაც უნდა იცნობდეს ბავშვს, შედიოდეს გაკვეთილებზე, ესწრებოდეს და აკვირდებოდეს ბავშვებს, მათ ქცევას შესვენებებზე, ხატვის პროცესში, ცეკვის ან თუნდაც სპორტულ შეჯიბრებებზე. ურთიერთობა უნდა ჰქონდეს მშობლებთან, აძლევდეს მათ რჩევებს და ა.შ. ფსიქოდიაგნოსტიკის ჩატარების შემდგომ კი უკვე უნდა იძლეოდეს ფსიქო-კონსულტაციას. უნდა მუშაობდეს მოზარდების ფსიქო-კორექციაზე“.

ლალი არაბიძე 4 წელია, რაც 41-ე საჯარო სკოლაში ფსიქოლოგად მუშაობს. პროფესიით გეოგრაფიას ასწავლის, თუმცა, თავის ძირითად საქმიანობად მაინც ფსიქოლოგიას თვლის. გავლილი აქვს კვალიფიკაცია ცნობილ ფსიქოლოგებთან და სხვადასხვა სახის ტრენინგებსაც ხშირად ესწრება. ამბობს, რომ ოთხწლიანი პრაქტიკა, ბავშვებთან ყოველდღიური შეხებაც უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს.

აქვს საკუთარი სამუშაო გეგმა, რომელშიც ბავშვებთან ინდივიდუალური საუბრების გარდა, გაცდენილი გაკვეთილების ხარჯზე, დისკუსიების მოწყობა და თავისუფალი თემების წერა შედის. სისტემატურად ურთიერთობს მშობლებთან, რადგან იცის, რომ საკუთარი „მე“-ს დამკვიდრების პროცესში ბავშვის პრობლემის ძიების და გადაჭრის გზების პოვნა, ბავშვის ოჯახთან თანამშრომლობის გარეშე წარმოუდგენელია. შედგენილი აქვს თითოეული ბავშვის ფსიქოანალიტიკური რუკა.

„დიდ ყურადღებას ვუთმობ იმას, თუ როგორია მათი შინაგანი სამყარო, - მეხსიერება, ცნობიერება, ემოციები. აქვს თუ არა პრობლემა თანატოლებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან. საჭიროების შემთხვევაში ვმართავ დებატებს, სპეციალურ გაკვეთილებს, კლასგარეშე შეხვედრებს. დიდ ყურადღებას ვუთმობ დაბალი აკადემიური მოსწრების ბავშვებს, თუმცა, ჩვენს სკოლაში ასეთი იშვიათია. სასკოლო პრობლემის უმეტესობა სკოლაშივე გვარდება, თუმცა, პრობლემის აღმოფხვრაში ძალიან გვეხმარებიან მშობლებიც. მათთან საუბრის დროს მე კონსულტაციას ვაძლევ მათ საკუთარი შვილის შესახებ“, - გვითხრა ქალბატონმა ლალიმ.

ფსიქოლოგის დავალებით ბავშვები წერენ თემებს: „ჩემი ოჯახი“, „რას ურჩევდი თანატოლს?“, „რა მაქვს და რა არ მაქვს“, „მე მესმის შენი“, „ნუ განსჯი წინასწარ“ და სხვ. საკუთარ თავს ახასიათებენ, როგორც: ახალგაზრდა, ენერგიულ, შრომისმოყვარე, უკომპრომისო, ცოტა ზარმაცს... იმ უამრავ საინტერესო და ფსიქოლოგისთვის დიდი ინფორმაციის მიმცემ თემებში, ნახავთ საკუთარი თავის ასეთ დახასიათებასაც: საქართველოს მოქალაქე, იტალიის გულშემატკივარი, ჩემი აზრით კარგი ქრისტიანი, ქუთათური... ამ თემებში ბავშვები პრობლემების გარდა აკეთებენ ანალიზს, საუბრობენ საკუთარ სურვილებზე, ოცნებებზე, ქალბატონი ლალი კი ცდილობს, დაეხმაროს მათ ამა თუ იმ პრობლემის მოგვარებასა თუ კომპლექსის დაძლევაში. ბავშვებსაც მოსწონთ.

„მე ძალიან მომწონს მისი გაკვეთილები, იმიტომ, რომ ყოველდღიურობაზე ვსაუბრობთ: ოჯახი, პროფესია, მეგობრები, რომელი თვისება არ მოგვწონს ჩვენში. როდესაც თემებს ვწერ, ჩემს განცდებს უკეთესად გამოვხატავ და ვიცი, რომ ჩემს სახელს არ იტყვის, როცა ამ თემაზე კლასში ვისაუბრებთ. ეს მე უფრო მეტ თავისუფლებას მაძლევს და ჩემს გრძნობებსაც უკეთ გამოვხატავ“, - გვითხრა მე-8 კლასის მოსწავლემ მზია ბუხნიკაშვილმა.

ფსიქოლოგთან ურთიერთობა მის კლასელ რომეო კაკაბაძესაც მოსწონს. თუმცა, მისი კლასელის მიერ ჩამოთვლილი მიზეზების გარდა, მას უფრო შორსმიმავალი მიზანიც აქვს: „მე-5 კლასიდან შემოდის ჩვენთან ფსიქოლოგი და თემებს გვაწერინებს. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, რადგან ასე უფრო ვუფიქრდები იმას, თუ ვინ ვარ მე, რას წარმოვადგენ და რა შემიძლია გავაკეთო. თან, ფსიქოლოგი გვეუბნება, რომ ინახავს ამ თემებს და დიდები რომ გავიზრდებით, წაგვაკითხებს. ეს ძალიან მომწონს, რადგან როცა ვნახავ ამ ყველაფერს, მივხვდები, როგორი ვიყავი პატარა“.

ლალი არაბიძე აღიარებს, რომ თანამედროვე პირობებში გარდატეხის ასაკი უფრო ადრე იწყება და დიდხანს გრძელდება. თუმცა, არც იმას მალავს, რომ ისინი უფრო გახსნილები და გულწრფელებიც არიან და მიუხედავად იმისა, რომ სკოლა, დირექცია, მოსწავლე და მასწავლებელი ერთად უნდა მუშაობდეს, გარდატეხის ასაკში ბავშვისთვის უდიდესი მნიშვნელობა მაინც ოჯახს ეკისრება.

ამ შემთხვევაში მშობლისთვის საუკეთესო მიდგომაა: „მიუშვი - აკონტროლე - ზოგჯერ აყევი“. მნიშვნელოვანია შვილებთან ხშირი საუბარიც.

„მშობლებს ვურჩევ, პირველ რიგში, არასდროს არ მიაყენონ შვილს შეურაცხყოფა სხვისი თანდასწრებით, თუნდაც ეს ოჯახის წევრი იყოს. ეს ყველაზე დიდი შეცდომაა, რატომაც შეიძლება შვილი მშობელს დასცილდეს გარდატეხის ასაკში. შეიძლება ერთი-ერთში უთხრან, ყური აუწიონ, სცემონ კიდეც, მაგრამ სხვასთან ერთად, არავითარ შემთხვევაში. მთავარია მეგობრულად მივუდგეთ ბავშვს, როგორც მეგობართან, მშობელთან უფრო გაიხსნებიან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენობით ესაუბრონ ბავშვს: „ჩვენ ამას გავაკეთებთ“ და ა.შ.“, - ასეთია ფსიქოლოგის რჩევა მშობლებისთვის.

მთავარი კი მაინც ისაა, რომ არ დაგვავიწყდეს: გარდატეხის ასაკში ისინი არც პატარები არიან და არც დიდები, მათი საკუთარი „მე“-ს ძიების და პიროვნებად ჩამოყალიბების შედეგები კი, მთლიანად მშობლებზეა დამოკიდებული. თუმცა, ფსიქოლოგის როლიც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3636
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია