დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პანიკის ეპიდემია, თუ გრიპის?
2009/11/16 14:12:06

H1N1 ვირუსის პირველი შემთხვევა ქუთაისში 11 ნოემბერს დაფიქსირდა. ეს საქართველოში ამ ვირუსის 39-ე შემთხვევაა, რომელიც ეპიდემიოლოგებმა უკვე დაადასტურეს.

პაციენტი ქუთაისელი ექიმია, ის იტალიიდან თურქეთის გავლით დაბრუნდა და მკურნალობას სახლის პირობებში გადის. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის იმერეთის ზონალური სამსახურის უფროსი კოტე გვეტაძე აღნიშნავს, რომ პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი იმერეთში თემურ იმედაძე კი ქუთაისელებს აიმედებს, რომ მათთან 150 დოზა „ტამიფლუა“ შემოტანილი. „ღმერთმა ამდენი ადამიანი არ დააავადოს, მაგრამ, თუ საჭირო გახდა, ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ შემოიტანს ამ პრეპარატს“.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მოზრდილთა განყოფილებაში საჭიროების შემთხვევაში 40 პაციენტის მიღებას შეძლებენ. სტაციონარის ეს განყოფილება 40 საწოლზეა გათვლილი. განყოფილების გამგე ნანა გონგაძე აღნიშნავს, რომ ეპიდემიის საშიშროების შემთხვევაში პაციენტების მიღებას ყველა საავადმყოფო შეძლებს. მისი თქმით, ამ ვირუსის სიმპტომატიკას ყველა საავადმყოფოს ექიმი კარგად იცნობს, რადგანაც ისინი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ გადაამზადეს. მედპერსონალს ინტენსიურად უტარდებოდა ტრენინგები.

„ტამიფლუს“ მარაგი ჩვენთან არ დევს, თუმცა საჭიროების  დროს მას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობიდან აუცილებლად მივიღებთ. მინდა გავაფრთხილო მოსახლეობა, რომ ამ პრეპარატის თვითნებურად მიღება არ არის რეკომენდებული, რადგანაც ის საკმაოდ ტოქსიკურია. ის არ არის საპროფილაქტიკო დანიშნულების. ამიტომაც გაცივების დროს მოსახლეობამ უნდა მიმართოს ექიმს, რადგანაც ჩვეულებრივი  A და B ტიპის ვირუსმა გართულების შემთხვევაში შეიძლება ადამიანის სიკვდილი გამოიწვიოს,“ - აღნიშნავს ნანა გონგაძე. 

ამ ექიმის კიდევ ერთი რჩევა ისაა, რომ მაღალი ტემპერატურის (38 გრადუსი) და მკერდის ძვლის არეში ტკივილის დროს აუცილებელია ექიმისთვის მიმართვა.

 

რატომ უწოდებენ H1N1-ს ზოგჯერ ღორის გრიპს?

ახლად გამოვლენილ გრიპის ვირუსს თავიდან უწოდებდნენ ე.წ. „ღორის გრიპს“, რადგან ლაბორატორიულმა ტესტირებამ აჩვენა ამ ვირუსის გენეტიკური შემადგენლობის მსგავსება იმ გრიპის ვირუსისადმი, რომელიც, ჩვეულებრივ, ჩრდილო ამერიკაში ღორებში ცირკულირებს. შემდგომი კვლევებით დადგინდა, რომ ეს ახალი ვირუსი მნიშვნელოვნად განსხვავდება ჩრდილო ამერიკაში ღორებში ჩვეულებრივ მოცირკულირე ვირუსისგან. ახალი ვირუსის 2 გენი არის გრიპის ვირუსებიდან, რომელიც ევროპასა და აზიაში ცირკულირებს ღორებში, ხოლო დანარჩენი ფრინველებსა და ადამიანში მოცირკულირე გრიპის ვირუსის გენებია. მეცნიერები ამ ვირუსს „ოთხმაგი რეასორტაციის“ ვირუსს უწოდებენ.

 

 სიმპტომები ადამიანებში

გრიპის ახალი ვირუსის სიმპტომები მსგავსია ჩვეულებრივი ადამიანის გრიპის სიმპტომებისა და მოიცავს შემდეგს: ცხელება, ხველა, ყელის, კუნთებისა და სახსრების, თავის ტკივილი, შემცივნება, საერთო სისუსტე, ზოგჯერ დიარეა და პირღებინება. ისევე, როგორც სეზონური გრიპისას, დაავადებას ხანდახან ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა და გარდაცვალება.

ქართველი ეპიდემიოლოგები ფიქრობენ, რომ ამ ვირუსის გარშემო უფრო მეტი აჟიოტაჟია, ვიდრე საფრთხე.

„პაატა იმნაძემ ამ ვირუსს პანიკის ეპიდემია უწოდა, მაინტერესებს, 120 ადამიანი უკრაინელებს რა მიზეზით მოუკვდათ. ვირუსით დაავადებულ მილიონნახევარ ადამიანში, ალბათ, 10 %-იც არ იქნება H1N1. უკრაინაში პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ჯანდაცვის მიმართ, რადგანაც ვიღაცამ იქ მოინდომა ამ პრობლემაზე ბიზნესის აწყობა.  

.ჩვენთან კი სისტემა სავსებით გამართულია და საჭირო პრეპარატების მარაგი ჯერ კიდევ ორი თვით ადრე გვქონდა, ასევე მკაცრად კონტროლდება ყველა საბაჟო საკონტროლო გამშვები პუნქტი,“ - აღნიშნავს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის იმერეთის ზონალური სამსახურის უფროსი კოტე გვეტაძე. ის ამბობს, რომ ნოემბერი და დეკემბერი, ტრადიციულად, გრიპის სეზონია და წლების წინ, დროდადრო ვირუსის მატების განსაკუთრებულ შემთხვევებში, სკოლების დახურვაც კი უწევდათ. უბრალოდ ახლა უფრო მეტი აჟიოტაჟია. ქუთაისში ექიმთან მიმართვიანობა ვირუსის გამო ამ დროისათვის არ გაზრდილა.

ვირუსის გავრცელების ალბათობით უკვე მსოფლიოში 125 ქვეყანა ჩაითვალა არაკეთილსაიმედოდ, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ ოფიციალურად არ დაურეგისტრირებია. რა ვაქცინით ხდება მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაცია რუსეთში, ეს ეპიდზედამხედველობის ქართული სამსახურისთვის დღემდე უცნობია.

„გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა დღეს საქართველოში  ამცრელ კაბინეტებში შეიძლება, თუმცა ეს ვაქცინა არც ადრე  შედიოდა და არც ახლა შედის სახელმწიფო პროგრამასა და დაფინანსებაში, უფასო მხოლოდ ვირუსის სამკურნალო          „ტამიფლუა“.

მოსახლეობას მინდა შევახსენო, ნუ დაიწყებენ თვითმკურნალობას. რატომღაც, ახლა ყველა თავის ექიმია, ფარმაცევტებიც ექიმები გახდნენ და დანიშნულებას იძლევიან. არადა, ჩვენ მხოლოდ ექიმები გადავამზადეთ ამ ვირუსის სიმპტომატიკაზე!“

ეპიდემიოლოგების კიდევ ერთი რჩევა - იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი გაგიხანგრძლივდათ, მიმართეთ ექიმს, დაიცავით ოჯახის წევრებთან ერთმეტრიანი დისტანცია მაინც, დაიბანეთ ხელები ხშირად და გაანიავეთ ოთახი. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1928
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია