დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ოთხფეხა მეგობარი მტრად რომ არ გექცეს...
2009/11/02 12:51:39

ცოფი საშიში ვირუსული დაავადებაა, რომლითაც ყველა სახის თბილსისხლიანი ცხოველი და ადამიანი ავადდება, შედეგები კი ხშირ შემთხვევაში ფატალურია. დაავადება, რომელსაც კაცობრიობა ბაბილონის გოდოლის ეპოქიდან იცნობს, დღესაც ძალზე აქტუალური პრობლემაა. ინგლისსა და ევროპის სხვა ქვეყნებში ბოლო პერიოდში ცოფის საკმაოდ ბევრი შემთხვევაა. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. ბოლო წლებში ყველაზე მეტი შემთხვევა ქუთაისსა და ვანში დაფიქსირდა. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის იმერეთის სამსახურის ხელმძღვანელს რეზო არველაძეს ვესაუბრეთ.

- რა იწვევს ცოფს?

- ცოფის შემთხვევები, ძირითადად, მოდის არაიმუნური აუცრელი ცხოველებისგან. ამ მხრივ, ყველაზე საშიში ძაღლები არიან, სწორედ ისინი არიან კონტაქტში ადამიანებთან, მათ შორის - ბავშვებთან.

აქ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება პროფილაქტიკურ ღონისძიებებს. ცხოველები აუცილებლად უნდა იყვნენ აცრილი, ადამიანებმა უნდა მიიღონ ზომები, დაკაწვრის ან დადორბლის შემთხვევაში უნდა იყვნენ ფრთხილად, უცხო ძაღლთან და უცხო ცხოველთან და ასეთ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოვიდნენ სამედიცინო დაწესებულებაში.  თუ ისეთ ადგილას იმყოფებიან, რომ სამედიცინო დაწესებულება შორს არის, პირველი, რაც უნდა გააკეთონ, აუცილებელია, გამდინარე, საპნიანი წყლით მოიბანონ დაკბენილი, ან დადორბლილი ადგილი. სპირტი არ არის რეკომენდირებული, რადგან ის აკეთებს ვირუსის ფიქსაციას. უმჯობესია, თუ დაკბენილი ადამიანი მყისიერად ჩაებმება მკურნალობაში, თუმცა, 8, 10, 12 საათის შემდეგ მკურნალობა მაინც ეფექტურია.

- რა შეიძლება გახდეს დაავადების გავრცელების მიზეზი?

- მე მიმაჩნია, რომ დაავადების გავრცელების ყველაზე დიდი პირობა არის უყურადღებობა. თუ ცხოველი წელიწადში ერთხელ აიცრება ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით, ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ იგი არ გაცოფდეს. შეიძლება, ადამიანმა ცხოველი ერთხელ აცრას და სამი წლის შემდეგ გაახსენდეს შემდეგი აცრა, მაგრამ ეს არ იქნება ეფექტური, - ვაქცინის შემდეგ ორგანიზმში იმუნური ფონი ერთი წლის განმავლობაში რჩება.

- ამ მხრივ ყველაზე მეტი პრობლემა სად შეინიშნება?

- მაღლივ კორპუსებში, იმიტომ, რომ რამდენიმეკორპუსიანი სახლის წინ უყრიან ძაღლებს საჭმელს. ესეც იწვევს ცხოველთა მოკრებას და ისინი არიან აბსოლუტურად დაუცველი ამ დაავადებისგან.

ქუთაისში კიდევ ის პრობლემაა, რომ გაშლილი ტერიტორიაა. ადრეულ წლებში და ახლაც შეინიშნება, რომ სოფლებიდან შემოდიან ძაღლები. იყო ისეთი შემთხვევებიც, რომ მანქანის საბარგულით მოჰყავდათ და ქუთაისის ტერიტორიაზე უშვებდნენ.

- ამის აღსაკვეთად ღონისძიებები თუ ტარდება?

- თუ თვითონ პიროვნებები არ მიუდგებიან ამ საკითხს შეგნებით და საზოგადოებრივი თვითშეგნება არ იქნა მაღალი, ძალიან რთულია. ცხოველთა დაცვის საზოგადოებები არსებობს, ჩვენ თვითონ, ვეტერინარიის სპეციალისტები, ექიმები ვართ და დაავადებულ ცხოველებს ვმკურნალობთ, მარამ ზოგჯერ ხდება ხოლმე, რომ აკეთებენ ცხოველის იზოლაციას და გაჰყავთ შინიდან.

სამსახურების მუშაობა ძალიან მობილიზებულია, 24 საათის განმავლობაში, როცა ჩვენ, სურსათის უვნებლობისა და ვეტერინარიის სამსახური, ან ჯანდაცვის სამსახური ინფორმაციას ვიღებთ, მომენტალურად ვაგებინებთ ერთმანეთს, რომ დრო არ დავკარგოთ.

ქუთაისში არის ორი პუნქტი, სადაც შეიძლება მიმართოს დაზარალებულმა, - 18 წლის ასაკამდე ეს ხდება ბავშვთა საავადმყოფოში, მოზარდებისთვის - კლინიკურში.

აქედან შემდეგ ჩვენ მოგვდის მიმართვები და ხდება ამ ადამიანების შესწავლა. შემდეგ მოდიან ჩვენთან და მიმართვის საფუძველზე ვნახულობთ ცხოველებს, ვაყენებთ საკარანტინო რეჟიმში. ვაფრთხილებთ პატრონებს, როგორ მოიქცნენ, რას მიაქციონ ყურადღება. ზოგჯერ ცხოველები არ მოჰყავთ ჩვენთან დროულად, 12-13 დღის შემდეგ მოდიან, მერე გვეუბნებიან: ასე გვითხრეს, ჯერ უყურეთო. მაგრამ რატომ უნდა უყურო? ცოფის დაავადებას ახასიათებს აგრესიული ფონი: ცხოველი დარბის უგზო-უკვლოდ, ნერწყვი სდის, ყველას კბენს, ძალიან აგრესიული და განერვიულებულია. არის ცოფის მეორე ფორმაც, როცა, პირიქით, ცხოველი ძალიან ეალერსება ცხოველს, ძალიან მშვიდი სახითაა. ამ შემთხვევაში, არაპროფესიონალის თვალით შეუმჩნეველია. ამიტომ, ყველა შემთხვევაში, დაზარალებულმა უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას და ჩვენს ვეტერინარულ დაწესებულებებს.

- დაავადებასთან ბრძოლის რა საშუალებები არსებობს?

- ძირითადი საშუალება არის პროფილაქტიკა. საუბედუროდ, არასახარბიელო სიტუაციაა იმ მხრივ, რომ არიან მაწანწალა ცხოველები. ეს პრობლემა პირდაპირპროპორციულად უწყობს ხელს ცოფის დაავადების გავრცელებას.

ქუჩაში მოწანწალე ცხოველის აცრაზე საუბარი ზედმეტია. ბუნებრივ პირობებში ცხოველებს აქვთ გადარჩენის და ტერიტორიული ფლობის რაღაც საოცარი ინსტინქტი. ვთქვათ, არის ერთი ცხოველი, რომელიც გარკვეულ ადგილს ფლობს და მოხდა ისე, რომ ის იძულებით გაიყვანეს. აუცილებლად იქ მეორე ძაღლი შემოდის და იდებს ბინას. თუ შინაური ძაღლი 3-4 ლეკვს აჩენს, მაწანწალა ძაღლები - 10-12-ს.

მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ როცა ეცოდება და ქუჩაში უშვებს უპატრონოდ, მერე ძლიერ მრავლდებიან ეს ძაღლები საკვების ძებნაში... ჩვენი ძირითადი მოთხოვნა მეპატრონის მიმართ სწორედ ის არის, რომ თუ მოიყვანე ეს ძაღლი და გყავს, კეთილი ინებე და მიხედე.

ვიცით, რომ გამრავლების პრობლემაა, მაგრამ არსებობს შესაბამისი წესებიც, მიმართონ კლინიკას და იქ მიიღებენ კონსულტაციას.

უმთავრესია, დროულად აიცრან ეს ცხოველები, მაგრამ, იმუნური ფონი რომ ძლიერი იყოს და იმუნიტეტი გამოიმუშაოს ცხოველმა, აცრამდე პარაზიტების წინააღმდეგ აუცილებლად უნდა დამუშავდეს. 11 წლის ასაკამდე ამ მხრივ ცხოველები არიან ძალიან საშიში, რადგან ჭიები შეიძლება ბავშვებზე გადავიდეს.

ჩვენ გვქონდა პრაქტიკაში სასკოლო პროგრამები, რამაც, სხვათაშორის, ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა ბავშვები მშობლებს აიძულებდნენ, ცხოველები ასაცრელად მოეყვანათ ჩვენთან. კარგ შედეგს ვხედავდით.

ყველა ადამიანს მოვუწოდებ, ბავშვებსაც და დიდებსაც, რომ ცხოველებთან ძალიან ფაქიზი და, რაც მთავარია, სწორი დამოკიდებულება ჰქონდეთ. ყველა მოქალაქე, ვისაც ცხოველი ჰყავს, უნდა იყოს მობილიზებული და აცრას ცხოველი. ვიცით, რომ ძაღლი ჩვენი ოთხფეხა მეგობარია, მაგრამ დაავადებიდან გამომდინარე, შეიძლება, ოჯახის უსაშინლესი მტერი გახდეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2321
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია