დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაჩერება უცნობ ბაქანზე
2009/10/29 16:45:14

ამ „ბაქანზე“ ჩერდებიან ადამიანები საკუთარ თავში უცნაური აღმოჩენებით. ისინი ცალკე კასტა არ არიან, ადამიანები ხომ რანგებად და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით არავის დაუყვია (თუმცა ამას ყველაზე კარგად ისევ ჩვენ ვახერხებთ)...

 

ელზას ნდობის მოსაპოვებლად მისი ყველა სურვილი უპირობოდ სრულდება.

- მაგიდასთან დავსხდეთ თუ სავარძელთან? - არჩევანს ელზა აკეთებს.

ოთახში გარედან შემოსულ ხმებს თავი რომ დავაღწიოთ, კარის დასაკეტად ვდგები, მაგრამ ამ შემთხვევაში ისევ ელზას სურვილია გადამწყვეტი: „კარი ბოლომდე არ დაკეტო, რა!“

 

„ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში პოლიგრაფიული წარმოების ფაკულტეტზე ვსწავლობდი, 1995 წელს კურსიდან კურსზე გადასასვლელი გამოცდა ვერ ჩავაბარე და ნერვიულობის გამო ავად გავხდი. აკადემიური წელი ავიღე, ვმკურნალობდი, მაგრამ 1997 წელს ინსტიტუტი მაინც დავამთავრე.

ძალიან ცუდად ვიყავი, გათიშული დავდიოდი, თავი საშინლად მტკიოდა და ამას გულის წუხილიც ემატებოდა, გარეთ არ გამოვდიოდი. მეგონა, ჩემზე ყველა გლახას ფიქრობდა. მერე დედამ ზუგდიდში მლოცველებთან ჩამიყვანა და იმგენმა გვითხრეს, დიდებულები უბრძანდებაო... ხო...  დაკარგულ ტყავის ჩანთაზე მითხრეს, ბიცოლაშენს რომ არ მოეპერა, უკეთესად იქნებოდიო. მომკლა იმ ქალმა, კუდიანი ქალია, რათ უნდა ჩემი დახეულტარიანი ჩანთა?! მიძახის ამ თვეში დაგიბრუნებ, იმ თვეშიო, მარა არ გვაძლევს, მამაჩემი კიდო მაგ ჩანთის დარდს გადაჰყვა.

აქ ხანდახან მოვდივარ. 2004 წელს ვიწექი, ახლა 7 თვეა, რაც აქ ვარ

...ერთ დროს კაი ბიჭიც მერიგებოდა, თერჯოლიდან იყო, მაგრამ ისე ჩამჭიდა ავადმყოფობამ ხელი, ვის რად ვუნდივარ ახლა?  მარტო ერთი ოცნება მაქვს, აქედან რომ წავალ, დედას და ძმას ამოვუდგე გვერდით სოფლის საქმეებში.

აქ დრო ნელა გადის, ხანდახან პიანინოზე ვუკრავ,  „თუ-კიიი გე-სი-ზმრე-ბიიი“ მიყვარს ყველაზე მეტად. გუშინ ჩემმა ძმამ დამირეკა და მითხრა, რომ მალე წაგიყვანო. მობილური მე არ მაქვს, აქ რეკავს ხოლმე, მითხრეს მობილური აქ არ გჭიდებაო, კიდე ტელევიზორს ვუყურებ. ვიქტორია მიყვარს ძალიან და „კურიერიც“ არ გამომრჩება.“

 

„რუსეთში ვცხოვრობდი, „შოფერი“ ვიყავი, რაღა დაგიმა-ლოოოო და წამლის კეთების მერე გავხდი ავად, მერე აქ მოვხვდი,  ადამიანები რომ ლაპარაკობდენ, მუსიკის ხმასავით მესმოდა, ძალიანაც რომ მოვინდომო, ვერც გადმოვცემ ეს მელოდიები როგორია. ახლა მეგობრები არა მყავს, აღარც საკუთარი ოჯახი.  ერთხანს როსტოვის ციხეშიც მომიწია პატიმრობა, იქედან რო გამოვედი, ჩემი რუსი ცოლი კი გათხოვდა, უფრო სწორად, მე გავათხოვე, კაი კაცს გავატანე. ერთ დროს ფეხბურთს ვთამაშობდი ტყიბულის „მეშახტეში“. მერე კი სმოლენსკის „ისკრაში“, ახლა ესპანეთის ჩემპიონატს ვუყურებ, თუმცა ტელევიზორს ხშირად არ ვუყურებ, ომი რომ იყო, არც გამიგია.

როცა უძილობა სამი-ოთხი დღე გადაებმება, აქ მოვდივარ, აქვე ვცხოვრობ, დედაჩემს ვეუბნები, მივდივარ ახლა მე აკვანში ჩასაწოლადთქო. ხან ერთი, ხან ორი თვე ვჩერდები. ასე არაა, დინარა სესტრა?“ - დაიმოწმა განყოფილების მთავარი ექთანი დინარა ღვინეფაძე.

 

ელზასთვის ის დინარა დეიდაა, მურთაზისთვის „დინარა სესტრა“. პაციენტებს დროდადრო შემოუვლიდა, დაუყვავებდა, გაამხნევებდა. დაწესებულებაში  ოთხი ათწლეულის განმავლობაში მომუშავეს ბევრი ისტორია აქვს მოსმენილი. ელზას მსგავსად ბევრს ურჩევს, ტყავის ჩანთასა და ბოროტ მეზობლებზე ფიქრი დაივიწყონ.

ქუთაისის ი. სხირტლაძის სახელობის სარაიონთაშორისო ფსიქონერვოლოგიურ დისპანსერში ელზას და მურთაზის ყოველდღიურობას კიდევ ათი პაციენტი იზიარებს. დროდარო თხუთმეტიც არიან.

ორ კარებში ჩაკეტილი ელზას დღის განრიგი კი ასეთია: 9 საათზე - საუზმე, 10 სთ-ზე - წამლები. მერე ორი არჩევანი - ძილი ან ტელევიზორი, ორზე და 7-ის ნახევრაზე ისევ სადილ-ვახშამი.

ამას პარასკევობით არტ-თერაპიაც ემატება. ხატავენ, ქარგავენ, საკუთარ თავსა და განწყობებს სხვადასხვა ფერებში აქსოვენ.

ამასობაში ჩემი დიქტოფონი და ფოტოაპარატიც უფუნქციოდ რჩება.

დიქტოფინი გულახდილ საუბარს აშკარად ავნებდა, ელზა ფოტოს პროფილში გადაღებამაც ვერ მოხიბლა, სურვილი კი გაუჩნდა თითქოს და გადაწყვიტა კიდეც დინარა დეიდასთვის ეკითხა, მაგრამ საბოლოოდ თავი შეიკავა.

დაწესებულების პირველ სართულზე მაია ექიმის, იგივე დირექტორის  კაბინეტთან გრძელი რიგი დგება 5-წუთიანი ნაცნობობის შემდეგ გურიიდან ჩამოსული კლარა საკუთარ რიგს დიდსულოვნად მითმობს, თუმცა ამაზე უარს ვამბობ, კლარა მთხოვს სიმართლის პოვნაში დავეხმარო, რადგანაც მათ კუთვნილ შენობას ართმევევენ.

 

ქუთაისის ფსიქო-ნერვოლოგიურ დისპანსერში ამბულატორიული და სტაციონარული პროგრამა ხორციელდება. აქ ამბობენ, რომ პაციენტების მომართვიანობა გაიზარდა და ამიტომაც ყოველთვიური 25 000-ლარიანი დაფინანსება მედიკამენტებისათვის საკმარისი არ არის.

 

„ამბულატორიული პაციენეტები დროდარო შეიძლება, გახდნენ სტაციონარული პაციენტები. მოსახლეობის 1% მუდმივად ავადობს შიზოფრენიით. მიუხედავად იმისა, რა ხდება ქვეყანაში, რა კატაკლიზმები მიმდინარეობს, ზოგიერთ შემთხვევაში ის სტრესული ფაქტორებითაა განპირობებული და ყველა სოციალური წრის ადამიანი შეიძლება გახდეს ჩვენი პაციენტი, საზოგადოებას გარედან რატომღაც ძალიან განსხვავებული წარმოდგენა აქვს ჩვენს პაციენტებზე. ისინი კეთილშობილი, სათუთი და განათლებული ადამიანები არიან,“ - ამბობს მაია ნუცუბიძე, ქუთაისის  ფსიქო-ნერვოლოგიური დისპანსერის დირექტორი.

„ექიმებს სხვადასხვაგვარი მეთოდი გვაქვს პაციენტებთან ურთიერთობის. ერთ-ერთია, გავარკვიოთ, აქვთ თუ არა მათ კრიტიკული დამოკიდებულება საკუთარი მდგომარეობისადმი. ყოფილა შემთხვევები, როცა მერე უთქვამთ, ახლა რა კარგად ვარ, ექიმო, და მაშინ რა ცუდად ვიყავიო. თუმცა, ზოგჯერ მათი შეგრძნებები სუბიექტურია. როცა ამბობენ, რომ კარგად არიან, ეს  მათ სურვილს უფრო ჰგავს,“ -  გვიხსნის დისპანსერის სტაციონარული განყოფილების უფროსი გიორგი ბენიძე.

ყოფილი ფსიქიატრიული პაციენტებიდან დასაქმებული ადამიანების მოძებნა ვერ შევძელი, საზოგადოებას მათ მიმართ კეთილგანწყობა ისევ უჭირს.

ქვეყანაში ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ არსებული ინფორმაცია არასრულია. 2007 წელს ფსიქიკური აშლილობის მხრივ ჭარბობდა შიზოფრენია, შიზოტოპიური და ბოდვითი აშლილობა. ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს დაფინანსების გაზრდის მიუხედავად, ერთ სულ მოსახლეზე გაწეული ხარჯით საქართველო ჩამორჩება სომხეთს თითქმის ხუთჯერ, ყაზახეთს - რვაჯერ,  დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებს - სულ მცირე სამჯერ. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ჯანდაცვაზე გამოყოფილ დანახარჯებში ფსიქიატრიაზე მხოლოდ 3,5% მოდის.

ამბობენ, რომ 2020 წლისათვის ინვალიდობის ყველაზე ხშირი მიზეზი დეპრესია იქნება. დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში 450 მილიონ ადამიანს ფსიქიკური აშლილობა აწუხებს.

„გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანები ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ჯგუფს მიეკუთვნებიან, მიუხედავად შრომისუნარიანი ასაკისა და განათლებისა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ( 90%) უმუშევარია, ძირითადი შემოსავლის წყარო კი - პენსიაა. მათი სოციალური ურთიერთობები დაბალია, იშვიათი კავშირი აქვთ ნათესავებთან და 88% სახლშია გამოკეტილი. ამ ადამიანებზე ოჯახის წევრები ზრუნავენ, ეს კი მძიმე ტვირთია ბევრისთვის, რადგან მზრუნველთა 68% უმუშევარია,

ფსიქიატრები გვარწმუნებენ: რისკი იმისა, რომ შიზოფრენიით დაავადებულმა ადამიანმა დააზიანოს ან მოკლას სხვა, არის 0,005%-ია მაშინ, როცა თვითდაზიანების რისკი უფრო მაღალია - 10%.

 

...ელზას მეგობრების შეძენის დიდი სურვილი აქვს. უნდა, რომ გარეთ გასულს თვალს არ არიდებდნენ...

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2130
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია