დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არქიტექტურა ადამიანის სხეულში
2009/10/26 12:28:20

14 ოქტომბერს ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ზურაბ ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ფოიეში გაიმართა ცნობილი ფოტოხელოვანის ირინა აბჟანდაძისა და ასევე ნიჭიერი ფოტოგრაფის, პროფესიით ექიმ-სტომატოლოგის მაკა შამათავას ნამუშევრების გამოფენა. წარმოდგენილი იყო შავ-თეთრი ფოტოები, რომლებზეც შედარებულია არქიტექტურისა და ადამიანის ორგანოები, გავლებულია საინტერესო პარალელები. გამოფენას ესწრებოდნენ, როგორც ცენტრის სამედიცინო პერსონალი, ასევე ქალაქის თვითმმართველობისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ხელოვანები, გამოფენით დაინტერესებული მოქალაქეები. პროექტი დააფინანსა ინტერვენციული მედიცინის ცენტრმა და მისმა უფროსმა კახა ნურალიძემ.

კახა ნურალიძე: დღევანდელი გამოფენა ცოტა უცნაური და საზოგადოებისთვის „ახალი ხილია“. პირველად იგი ნახა დედაქალაქის მოსახლეობამ, ახლა მოეწყო ქუთაისში. ეს გახლავთ თანამედროვე არქიტექტურისა და მედიცინის, კონკრეტულად, ადამიანის მიკრო და მაკრო ანატომიის შედარება ერთმანეთთან. მათ შორის არის აშკარა კავშირი როგორც ფორმით, ასევე შინაარსით და ფუნქცია-დანიშნულებით. ეს ხელოვნების აბსოლუტურად ახალი მიმართულებაა, რომლითაც დაინტერესდნენ სამედიცინო ცენტრის თანამშრომლები, ჩვენ ვართ „ოქროს ფონდის“ სპონსორი, ამიტომ დავაფინანსეთ დღევანდელი გამოფენა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ ირინა აბჟანდაძეს, რომელიც გახლავთ ჩვენი დღევანდელობის ერთ-ერთი საუკეთესო ფოტოხელოვანი. მან მართლაც დიდი საჩუქარი გაუკეთა ჩვენს ქალაქს. თბილისში ამ გამოფენამ ფურორი მოახდინა, იქ იმყოფებოდა სამედიცინო საზოგადოების ელიტარული ნაწილი, ასევე მხატვრები, მსახიობები, ბრძანდებოდა საქართველოს პირველი ლედიც. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საზოგადოება, თბილისის მსგავსად, ქუთაისშიც აღფრთოვანდება.

ირინა აბჟანდაძეს არაერთი ნამუშევარი გამოუფენია სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის პერსონალური გამოფენები ჰქონდა: ბერლინში, ლეს ერბიეში (საფრანგეთი), ბუდაპეშტში, ერევანში, ბათუმსა და თბილისში.

ირინა აბჟანდაძე: უცხოეთში ხშირად მიწევს ჩემი ნამუშევრების გამოფენა, მაგრამ ასეთი სინთეზით და კონცეფციით გაკეთებული გამოფენა არსად შემხვედრია. მე მქონდა ურთიერთობა ბატონ კახასთან, რომელიც არის ამ გამოფენის სპონსორი, ამისათვის მინდა მას თქვენი გაზეთის მეშვეობით დიდი მადლობა გადავუხადო. მე ვფიქრობ, რომ ექიმებს განსაკუთრებით მოეწონებათ დღევანდელი გამოფენა.

მაკა შამათავა: ეს ჩვენი პირველი ერთობლივი გამოფენაა, არის ნოვატორული, ისეთი, როგორიც თითქმის არავის გაუკეთებია არქიტექტურისა და მედიცინის სფეროში. ვფიქრობ, საინტერესოა როგორც ხელოვანების, ასევე - ექიმებისთვისაც. ჩვენ მსგავს გამოფენას ასევე ვგეგმავთ ბაზელში, ბრიუსელში, სამომავლო გეგმები ბევრია... რაც შეეხება დღევანდელ გამოფენას, ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ არსებობს საოცარი პარალელები ადამიანის ორგანოებსა და შენობა-ნაგებობებს შორის. იდეა ერთობლივად მოვიდა და ჩვენც შევქმენით ეს ნამუშევრები.

გამოფენა საზოგადოებამ დიდი ინტერესით დაათვალიერა.

დავით გორდელაძე, ვიცემერი: მეტად საინტერესო ნამუშევრებია და მართლაც რომ ორიგინალურად არის გადაწყვეტილი ამ საავადმყოფოში მათი გამოფენა. ასეთი ტიპის გამოფენები, ჩემი აზრით, მსოფლიოში დიდ წარმატებას მიაღწევს. მე ვფიქრობ, რომ ბევრია ნიჭიერი ადამიანი, რომელთაც შეუძლიათ აჩუქონ ასეთი ლამაზი დღეები. ჩვენს საზოგადოებას.

მარინა შაშიაშვილი: მინდა გითხრათ, რომ ეს არის არაჩვეულებრივი გამოფენა, ვერც წარმოვიდგენდი, თუ შეიძლებოდა ადამიანის სხეულის ნაწილების და არქიტექტურული ნაგებობების ასეთი შეთანხმება. თუმცა გამოფენა პირველად არ მინახავს, ვიყავი თბილისში, როცა იქ ჩატარდა. ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენს ქალაქშიც გამოიფინა ეს სურათები.

დავით მენაბდე, ექიმი: საკმაოდ შთამბეჭდავი და საინტერესო მიგნებებია, დამთვალიერებელს ჩაღრმავება სჭირდება.

ზურაბ ჯიშკარიანი, ექიმი: ჩემი აზრით, ფოტოებზე ძალიან საინტერესო შედარებები და პარალელებია.

ელისო ყურაშვილი: როცა გავიგე, რომ ეს გამოფენა საავადმყოფოს ფოიეში ტარდებოდა, გამიკვირდა, ვერ მივხვდი, თუ რა კავშირში შეიძლებოდა ყოფილიყო გამოფენა კლინიკასთან. ვარ სრულიად კმაყოფილი, ძალიან საინტერესო და სასიამოვნოა, რომ ასეთი ნიჭიერი ადამიანები არიან ჩვენს ქვეყანაში.

გამოფენას ბევრი საინტერესო სტუმარი ესწრებოდა, დასასრულს ქალბატონმა ირინა აბჟანდაძემ მისი და ქალბატონ მაკას სახელით მადლობა გადაუხადა ნამუშევრების დასათვალიერებლად მისულ საზოგადოებას.

 

ნანა კუკულავა

ლევან ფანცხავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1899
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია