დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მიახლოება უცნობ ზღვართან
2009/10/26 12:16:37

„უკვე აღარ ითვლება სიცოცხლედ, მაგრამ ჯერ არ არის სიკვდილი“, - ასე განმარტავენ მეცნიერები კლინიკურ სიკვდილს, უწყვეტელობის გაწყვეტას...

რეანიმატოლოგია - მეცნიერება ორგანიზმის გაცოცხლების შესახებ - სწავლობს შეგრძნებებს, რაც ადამიანებმა კლინიკური სიკვდილის გადატანისას განიცადეს. ექიმ-რეანიმატოლოგები ასეთი „სიკვდილის“ არსებობას ტერმინალური მდგომარეობით ხსნიან, რაც წინა აგონიის სტადიებს მოიცავს.

დღესდღეობით არსებობს უამრავი სამეცნიერო ლიტერატურა, რომელიც ტვინის კვდომასა და გაცოცხლებას ეხება. ეს პროცესები ხშირად თან ახლავს ზოგიერთ მოვლენას, რომლის არსი ჯერ კიდევ არასაკმარისად არის შესწავლილი („ხილვა“, ჰალუცინაცია). ამ იდუმალებით მოცულ მდგომარეობაში „შესული“ ადამიანები სხვადასხვანაირად ყვებიან განცდილის შესახებ, თუმცა, მათი შეგრძნებები ხშირად ერთმანეთს ემთხვევა. „სიკვდილის“ დროს თითქმის ყველა მათგანს ესმის არასასიამოვნო ხმა, ხმამაღალი ზარი. შემდეგ ისინი სვლას განაგრძობენ ბნელ გვირაბში, რომლის ბოლოში კაშკაშა სინათლე ელოდებათ. ხვდებიან უკვე გარდაცვლილ ნათესავებს და მეგობრებს. მთელი ამ ხნის განმავლობაში გრძნობენ, რომ არ იმყოფებიან საკუთარ სხეულში. ეუფლებათ ნეტარების გრძნობა და სიხარული სხეულიდან გამოსვლის გამო.

მაკა მურცხვალაძემაც რამდენიმე თვის წინ მსგავსი რამ გადაიტანა, თუმცა,         „სიმპტომები“ მის შემთხვევაში ცოტათი განსხვავებული იყო. ამბობს, რომ იმ მომენტში, როგორც მსგავს შემთხვევებში ყვებიან, შვება არ უგრძვნია. შვება მხოლოდ მას შემდეგ მოვიდა, რაც საკუთარ სხეულს დაუბრუნდა. გადატანილის მიუხედავად სიკვდილის მაინც საშინლად ეშინია და ამ მოვლენასაც თავისებურ ახსნას უძებნის.

- როგორ დაიწყო ყველაფერი?

- ჩვეულებრივად მეძინა. ყოველ ღამე ვნახულობ სიზმარს, ანუ ვიცი  სიზმრის განცდა როგორიცაა. ეს ნამდვილად არ იყო სიზმარი. შეიძლება, ვიღაცისთვის დაუჯერებელია, მაგრამ განცდა იყო მართლა განსაკუთრებული, სხვანაირი.

ახალი გადატანილი მქონდა ანგინა და იმ პერიოდში კარგად არ ვიყავი. ღამე იყო, ვიწექი, უბრალოდ, თვალები მქონდა ღია, ისე ვერ ვინძრეოდი. ვხედავდი, როგორ ირეოდნენ ღრუბლები ერთმანეთში. ღვთისმშობლის სახე დავინახე, რაღაცას მელაპარაკებოდა, მაგრამ სახე ირეოდა ღრუბლების მოძრაობასთან ერთად. რას მეუბნებოდა, ვერ აღვიქვამდი, თითქოს რაღაცაზე მსაყვედურობდა.

შიშმა დამიარა, მერე საშინელი ტკივილი ვიგრძენი მთელ ტანში, ფეხის წვერიდან თმის ღერამდე რაღაც დატრიალდა მთელს ორგანიზმში მტკივნეულად, - ტკივილი იყო საშინელი, მწვავე. ტკივილმა რომ გაიარა, ჩემი რაღაც, არ ვიცი, ალბათ, სული, მაღლიდან უყურებდა ჩემს სხეულს, როგორ ვიწექი გაყინული, ფერშეცვლილი საწოლზე. როგორ ეძინათ ჩემს შვილებს, მეუღლეს და ვფიქრობდი: ეს რა საშინელება ყოფილა სიკვდილი, ამას ჯობია, მართლა არაფერი არსებობდეს, მოკვდე და დამთავრდეს ყველაფერი-მეთქი.

- გვირაბი დაინახეთ, ან უცნაური ხმები თუ გესმოდათ, როგორც მსგავს შემთხვევებში ყვებიან?

- სხვათა შორის, ამ შემთხვევიდან რამდენიმე თვის შემდეგ მაია ასათიანის გადაცემა ვნახე, სადაც ყვებოდნენ, როგორ დატოვა სულმა სხეული. მე ასეთივე მომენტი მქონდა ადრე, ნარკოზის დროს - გვირაბი და სინათლე დავინახე. თან, ისეთი ხმები მესმოდა, რომ ვერ გაარჩევ, თან არ გსიამოვნებს. ამ შემთხვევაში ხმები არ გამიგია, ხმა მხოლოდ მაშინ მესმოდა, ღვთისმშობლის სახეს რომ ვხედავდი, თუმცა სიტყვებს ვერ ვარჩევდი.

- უკან დაბრუნების სურვილი გქონდათ?

- მართალი გითხრათ, მაგაზე არ მიფიქრია იმ მომენტში. რაზეც ვფიქრობდი, ის იყო, რომ დილით გაიღვიძებდნენ ჩემები და მნახავდნენ გაქვავებულს, მე კი ვერანაირად ვერ ვაგრძნობინებდი, რომ არ მიტირონ და ინერვიულონ, რადგან მე ისევ ვარსებობ.

არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდა ასე, მაგრამ უცებ ისე, თითქოს ქარიშხალი დატრიალდა და დამაბზრიალა, იგივენაირად ჩავიდა სული სხეულში. 10 წუთი მაინც ვერ ვინძრეოდი. როცა მოვახერხე და ჩემს სხეულს შევეხე, ისეთი გრძნობა მქონდა, როგორც ნარკოზის დროს: თითქოს ვიყავი მუყაოსი. შვების გრძნობა მოვიდა მაშინ, როცა დავბრუნდი სხეულში. უკან დაბრუნება ძალიან მინდოდა.

- მოძღვარს თუ ესაუბრეთ ამის შესახებ?

- იმ პერიოდში ვიყავი გაგიჟებული, ყველას ველაპარაკებოდი ამაზე. კარგა ხანს შიშებიც მქონდა, მაგრამ მერე გადავლახე. მოძღვართან არ მივსულვარ. მე ძალიან სხვანაირი მიდგომა მაქვს რწმენის მიმართ. სულ მგონია, რომ ყოველი ჩემი დღე უფალმა იცის. ყოველ ღამე ვამბობ აღსარებას.

- ამ შემთხვევის შემდეგ რაიმე უჩვეულო თუ გიგრძვნიათ?

- ამის შემდეგ დამეღუპა ბიძა და რომ შევედი ოთახში, ვგრძნობდი, რომ ის ოთახში იყო და ვერაფერს გვეუბნებოდა. ახლაც, სადმე რომ გავივლი, ქუჩაში, სულ რომ არ ვიცოდე, ვგრძნობ, რომ იქ, სადღაც, მიცვალებულია. ან სადმე მიგრძვნია, რომ რაღაც მოხდებოდა იმ ოჯახში და მოკლე ხანში გარდაცვლილა ვინმე.

ყოველთვის ვგრძნობ ღვთის წყალობას, იმას, რომ ღმერთი არასდროს მტოვებს. თუნდაც იმით, რომ მეუღლე არის სამხედრო, ერაყში თუ საქართველოში ომიანობაც იყო, მაგრამ, ღვთის წყალობით, ჯერჯერობით ვდგავართ ფეხზე.

- თქვენ რა ახსნას უძებნით ამ შემთხვევას?

- ალბათ, უნდა დამეჯერებინა, რომ სული არსებობს.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2003
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია