დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აზროვნების ლოკალიზაციის ადგილი ტვინია, გრძნობებისა კი - გული
2009/10/26 12:12:31

სულიერი აშლილობის დროს იცვლება პიროვნების სოციალურ-შრომითი და ემოციურ-მორალური წარმოდგენები. ადამიანის სპეციფიკური თვისებები - შრომა, მოვალეობა და დაუცხრომელი მოთხოვნილება ზიანდება. მორალურ გაბზარვასთან ერთად ქრება იმის შეგნება, რომ სინდისი, როგორც სოციალურ-ფსიქოლოგიური კატეგორია - ადამიანის სიცოცხლის საწყისი და სიხარულია, შრომის საუკეთესო მოკავშირეა. სინდისი ზრუნვის ხმა კი არა, მოვალეობის ძახილია, შრომა და მოვალეობის შესრულების გრძნობა ადამიანს ანიჭებს უდიდეს სიამოვნებას, უქმნის პერსპექტივას მომავალი ცხოვრებისთვის, ამაყია, რადგან რჩება სახელთან დაკავშირებული მისი შრომის შედეგი.

ავლიპ ზურაბაშვილი

ფსიქიკის მოშლა - ნორმალური ფსიქიკური  - ადამიანური საქმიანობის მოშლას იწვევს. მეცნიერებს შორის დავა ამ საკითხებზე ჯერაც არ დასრულებულა. პრაქტიკოსი ექიმების მტკიცებით, ერთი და იგივე მოვლენა-სინდრომის მიზეზი რამდენიმე ინდივიდში შეიძლება სხვადასხვა - ერთი სავსებით სისაღის, ხოლო სხვა ავადმყოფობის აღმნიშვნელი იყოს.

ვესაუბრებით ლულუ კაკაჩიას - ნევროლოგს:

 

- შეიძლება თუ არა ფსიქიკურ აშლილობაზე გაკეთდეს ისეთი ზოგადი დასკვნა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში სხვადასხვა ფსიქიკის მქონე ადამიანებთან ურთიერთობაში დაგვეხმარება?

- ჯანმრთელ და ავადმყოფურ ფსიქიკურ  მოვლენათა გარდა არის მოსაზღვრე მდგომარეობა (ფსიქოპათიები), რომლებიც გარკვეულ პირობებში  ნორმალურად მიაჩნიათ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო შეიძლება ავადმყოფურად განვითარდეს და ჩამოყალიბდეს ფსიქოზი - გადახრა ნორმალური ქცევისგან, რომელიც დროულად შემჩნევისა და ექიმის ჩარევის შემთხვევაში შეიძლება უკვალოდ გაქრეს. ცხოვრება ხშირად ისეთ სიურპრიზებს გვთავაზობს, ძნელია ნორმალური ქცევა პათოლოგიურისგან განასხვავო, უფრო ხშირად, ერთისთვის ნორმალური, სხვებისთვის პათოლოგიურ ქცევად აღიქმება, მაგრამ მაინც არის რაღაც შუალედური, რომელსაც ყველა აღიარებს. ჰიპოკრატე ჰუმორალური პათოლოგიის შემქმნელია. ის ხელმძღვანელობდა თავისი დროის ფილოსოფიური წარმოდგენებით, რომლის თანახმად ბუნება შედგება ოთხი სტიქიის: ჰაერის, წყლის, მიწისა და ცეცხლისგან. შესაბამისად ადამიანის სხეულში არის ოთხის ძირითადი სითხე: სისხლი, ლორწო, შავი და ყვითელი ნაღველი. ანუ სანგვინიკი, ფლეგმატიკი, ქოლერიკი და მელაქოლიკი ტემპერამენტების ჰუმორალური საფუძველი, და ამტკიცებდა, რომ ერთ-ერთი მათგანის სიჭარბე ორგანიზმში განსაზღვრავს ადამიანის ფსიქიკას

- ქალბატონო ლულუ, შესაძლებელია თუ არა, სიყვარულმა გამოიწვიოს ფსიქიკური აშლილობა?

- არის დაფიქსირებული ასეთი შემთხვევა: ახალგაზრდა კაცს ფოტოგრაფთან გამოფენილ სურათებს  შორის ნანახი უცნობი ქალი შეუყვარდა. მოახერხა ფოტოს ყიდვა და ამ ქალის საძებნელად თბილისის ქუჩებში დაიწყო სიარული, რაც კარგა ხანს გაგრძელდა. ბოლოს იპოვა კიდეც. სწორედ ამ პერიოდში დაეწყო ავადმყოფური ბოდვა, რომელიც იმდენად გართულდა, რომ მალე მისი ყოფნა სახლში აუტანელი გახდა და ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. მანამდე თითქმის სამი თვე ემჩნეოდა ნიშნები, მაგრამ ეჭვი არავის შეჰპარვია, რომ ეს უიმედო სიყვარულით კი არ იყო გამოწვეული, არამედ ფსიქიკური პათოლოგიის გამოვლინება გახლდათ, ქალის დაჟინებით ძებნა და მონახვაც ავადმყოფურ ხასიათს ატარებდა. ცნობილია არაერთი შემთხვევა, როცა, თითქოს სიყვარულში უიღბლობის გამო ახალგაზრდა ხვდება საავადმყოფოში. მახსოვს ასეთი შემთხვევაც, ახალგაზრდა კაცი, თითქოს სიყვარულში ხელმოცარვის გამო, ლოგინად ჩავარდა და მთელი თვე სიკვდილს ებრძოდა. როცა ექიმს მიმართეს, მაშინვე მიუხვდა მიზეზს და ავადმყოფს უპირველეს ყოვლისა, მომხიბვლელი „მედიცინის და“ მიამაგრა, ექიმთან წინასწარი შეთანხმებით მან სასიყვარულო ურთიერთობა დაამყარა ახალგაზრდა კაცთან, რომელიც სამი კვირის შემდეგ სრულიად ჯანსაღი გაწერეს ჰოსპიტლიდან, ის კვლავ შეყვარებული იყო, მაგრამ არა მისტიფიკაციაზე, არა პათოლოგიურად, არამედ რეალურ ქალზე და სრულიად ჯანსაღად. მათ მალე იქორწინეს და ავადმყოფობის მიზეზიც გაქრა.

გადმოცემის თანახმად, გასული საუკუნის დასაწყისში საფრანგეთში,                „ლუვრში“ დაცული ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზა“ საფრანგეთის მოქალაქეს შეუყვარდა, (რაც, როგორც ამბობენ, ხშირად ხდებოდა) და ყოველ დილით,  სამსახურში წასვლამდე აუცილებლად შეივლიდა ლუვრში სურათის სანახავად... ეს გრძელდებოდა წლობით, უიღბლო „შეყვარებულის“ არაორდინარულ ფსიქიკას არავინ შეუწუხებია, საფრანგეთს კი მშვენიერი სამსახური გაუწია:

ერთ დილას „მონა ლიზას“ სანახავად ლუვრში მოსულმა ატეხა განგაში, ეს არ არის ჩემი ჯოკონდაო. სურათი ადგილზე ეკიდა. ფსიქიკურ აშლილობაზე ეჭვმიტანილის განცხადების გამო ზედმეტ ხმაურს მოერიდნენ და ნახატი დაათვალიერეს. „შეყვარებული“ მართალი აღმოჩნდა, ეს ლეონარდო და ვინჩის „მონა ლიზა“ კი არა, ასლი იყო, რომელსაც საღებავები ჯერაც არ შეშრობოდა.

საქმე იმაშია, რომ იტალიელებს მიუღიათ ოფიციალური  ნებართვა, მათ წარმომადგენელს გადაეხატა „ჯოკონდა“. მხატვარს დიდხანს უმუშავია ლუვრში. ბოლოს, შესანიშნავად შესრულებული ასლი ჩუმად დაუკიდია კედელზე, ხოლო დედანი თან წაუღია. ქურდი მხატვარი საფრანგეთის საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს.

ავადმყოფების ახლობლები ფსიქოზს ხშირად უკავშირებენ რომანული ხასიათის ემოციებს - „შეყვარებას“. მაგრამ მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ტრავმული განცდები გამომწვევი მიზეზი კი არა, უკვე არსებული სულიერი ავადმყოფობის ნაადრევი სიმპტომია. სასოწარკვეთილება, მომავლის პერსპექტივის დაკარგვა და პათოლოგიური დეპრესია ვლინდება, როგორც უკუღმა მბრუნავი დროის დამახინჯებული ავადმყოფური განცდა.

- დევნილებისა და იძულებით გადაადგილებულთა ფსიქიკაზე რისი თქმა შეგიძლიათ?

- საქართველოში ამ ადამიანთა ფსიქიკით მხოლოდ აღფრთოვანება შეიძლება. ჩემს პრაქტიკაში პრაქტიკულად არ ყოფილან ფსიქიკადარღვეული დევნილები და იძულებით ადგილნაცვალი პირები, რაც შესწავლისა და განზოგადების საბაბს იძლევა. თუმცა პრაქტიკაში ასეთი შემთხვევა გვქონდა: სამკურნალოდ მოიყვანეს 46 წლის ავადმყოფური ქცევის მამაკაცი, რომელიც  ნაგავს ესროდა პოლიციელს, რომელიც სხვენიდან მის ჩამოყვანას ცდილობდა. აყვანისას კანკალებდა, ცდილობდა ხელიდან დასხლტომოდა „მოძალადეებს“. აღმოჩნდა, რომ იყო დევნილი და დიდხანს მოდიოდა, არაფერს ჭამდა, თან წამოღებული დიდი რაოდენობის თანხის დაკარგვის შიშით არ უძინია. დაძაბული მგზავრობის ბოლოს, როცა მატარებლიდან ჩამოვიდა, მოჩვენებები დაეწყო, ეგონა, რომ საეჭვო პირები უთვალთვალებდნენ და მათთან გამკლავებას ცდილობდა. იქნევდა ხელ-ფეხს, საკუთარ თავს ელაპარაკებოდა, შემდეგ „მტრებისგან“ დასამალად სხვენზე ავიდა, სადაც დააკავეს. ორი დღის მკურნალობისა და ნორმალურ პირობებში ცხოვრების  შემდეგ ავადმყოფურმა მდგომარეობამ გაიარა.

- შესაძლებელია თუ არა, შიშის დაძლევა ფსიქიკის დაურღვევლად?

- ცხოველის ქცევა ეყრდნობა ჰედონიზმის (სიამოვნება) პრინციპსა და შიშს. ადამიანის პიროვნული მოქმედება კი - მოვალეობის, სოციალური ჰეროიკისა და შინაგანი სინდისის პრინციპებს. ცხადია, რომ ცხოველი შეიძლება მიეჩვიოს შიშს მექანიკური ვარჯიშით, ხოლო ადამიანი შიშსა და საფრთხეს დათრგუნავს, გმირობას ჩაიდენს და იხელმძღვანელებს მაღალი, კეთილშობილური გრძნობებით, რადგან აცნობიერებს, რომ შიში მორალურად აშიშვლებს ფსიქიკას და პიროვნება არარაობამდე დაჰყავს, რის უფლებასაც არ აძლევს საკუთარ პიროვნებას მაღალი შეგნების ძალისხმევით. ამიტომაც ყოველ შეგნებულ პატრიოტს შეუძლია შიშის დაძლევა, ამით აიხსნება მებრძოლთა მამაცობა. შიშის დათრგუნვა შეიძლება მხოლოდ პიროვნული რეგისტრებით, მოვალეობის გრძნობით. სინდისი, ზრუნვის ხმა - მოვალეობის ძახილია. როცა ადამიანის მოქმედება გაპირობებულია მისი მორალით, პიროვნება კონტროლს უწევს და მედგრად ებრძვის თავდაცვის ინსტინქტს. ამ დროს ცალკეული ფსიქიკური სფერო გადაირთვება უფრო მაღალ სპეციფიკურ ადამიანურ ფუნქციებზე: რადგან შეგნებაში უკვე არსებობს წარმოდგენა მორალსა და მოვალეობაზე, თავს იჩენს აბსტრაგირებისა და ჭეშმარიტების ძიების ტენდენცია. ადამიანში მოქმედი ძლიერი „ცენზორი“, თავისი სოციალური არსით მოწოდებულია არ დაემორჩილოს ინსტინქტებს, კორექცია გაუწიოს, ან საერთოდ ჩაახშოს ისინი ძლიერი ფსიქიკის ხარჯზე. ადამიანს ხშირად გული მართავს, ტვინის დათრგუნვის ხარჯზე.

ფსიქოზის დროს ვითარდება დეფექტი - განმუხრუჭება ქცევაში და პათოლოგიური რეაგირება, რაც ადამიანს ფუნქციურად სულ სხვას, ახალს ხდის. ბევრი მწერალი თვლიდა, მათ შორის გამოჩენილი მწერალი გარშინი, რომ ბოდვიანი ავადმყოფი ჩვეულებრივი ადამიანია, და მოკლებული არ არის უმაღლეს კეთილშობილურ ემოციებს და შეუძლია შეეწიროს თავის წმინდა მიზანს. ამის შესახებ წერენ კიდეც. ცნობილია, რომ ომის დროს ფსიქოზი ისეთ ადამიანებში წარმოშობილა, რომელთაც ცხოვრებაში დაავადების არანაირი ნიშნები არ ჰქონიათ. ასეთი არა ერთი შემთხვევაა ცნობილი, რომელიც გმირობით დასრულებულა. როცა თავგანწირვას შეეხება საქმე, ძნელია გაავლო ზღვარი საყოველთაოდ აღიარებულ ნორმასა და პათოლოგიას - შორის. თუმცა ძნელია და ყველას არ ძალუძს, მაგრამ მაინც არა ერთ ადამიანს გაუწირავს თავი სხვა ადამიანისთვის, იდეისთვის...

მეცნიერთა მტკიცებით, შიზოფრენია ჭეშმარიტი ადამიანური ფსიქოზია, რომელიც ვითარდება ტვინის ქერქისა და ქერქქვეშა აპარატის უნატიფეს ორგანულ ცვლილებათა ნიადაგზე. ფსიქიკური აპარატის მასალა შიზოფრენიის დროს ძირითადად ხელშეუხებელია, ხოლო ფსიქიკის კონსტრუქცია განიცდის გაუკუღმართებას. ერთობ რთულია იმის განსაზღვრა, რა უფრო სწორია, ცნობილმა მეცნიერმა, რომლის გამოკვლევებს მთელი მსოფლიო იმედის თვალით შესცქერის ავიაკატასტროფისას ოკეანეში ჩავარდნილ თვითმფრინავში მიღებული კუთვნილი მაშველი რგოლი დაუთმოს მის გარეშე დარჩენილ უბილეთო მგზავრს - 16 წლის გოგონას და გადაარჩინოს თავგანწირვის ხარჯზე, თუ მოიქცეს ისე, როგორც ადამიანების უმეტესობა იქცევა ამ დროს - საკუთარი თავი გადაირჩინოს. ერთი რამ ცხადია, ხშირად ფსიქიკაში ცვლილებების ბედი წყდება სინდისის სასარგებლოდ, საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ. ასე ხდება ომში. კეთილშობილი ზრახვებით საკუთარი თავის გაწირვა ყველას ხვედრი ვერ იქნება, მით უფრო, ამას არავინ ითხოვს არავისგან, არც კანონი, არც მორალი, მხოლოდ საკუთარი ფსიქიკური მდგომარეობის ამარა დარჩენილი იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, რადგან ცნობილი ფსიქიატრების მტკიცებით, აზროვნების ლოკალიზაციის ადგილი ტვინია, გრძნობებისა კი - გული. ასეთი მაგალითი იცის კაცობრიობამ როგორც გმირობის, ან მისი ტოლფასი საქციელისა, ასევე საკუთარი მერკანტილური მიზნებით სხვისი გაწირვისა.

ქეთევან ჩემია

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2495
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია