დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გასაღები ადამიანური სისუსტეების საპატიებლად
2009/10/22 15:50:21

სისუსტის ნიშნები - შიში და დეპრესია განცდათა უძველესი ფორმებია და შორეული წარსულიდან თან სდევს ადამიანს ბიოლოგიურად და საზოგადოებრივ-მორალურად  დამკვიდრებისთვის მუდმივ ბრძოლაში, ხოლო პიროვნული კატეგორია - წარმოდგენა შრომაზე, მოვალეობაზე, მორალზე აჩლუნგებს შიშისა და დეპრესიის ემოციებს და ქმნის ფსიქოლოგიურ დერივატს: სოციალურ-შრომით მოღვაწეობაში ადამიანი ჰპოვებს როგორც სიამოვნებას, ასევე თავის მოწოდებასა და მომავლისადმი რწმენას, რასაც მისი ფსიქიკური მდგომარეობა განსაზღვრავს. მთავარია, თუ როგორ უყურებს ადამიანი საკუთარ პიროვნებას, საკუთარ ფსიქიკას, აცნობიერებს თუ არა, რომ ყველაფერი რასაც ავლენენ სუსტი, ან დარღვეული ფსიქიკის ადამიანები ნორმალური და ძლიერი ფსიქიკის მქონეთათვისაც ნიშანდობლივია სხვადასხვა დროსა და სიტუაციაში, ეს საკმარისი მიზეზია ადამიანური სისუსტეების საპატიებლად. 

ჰამლეტს ჰორაციო:

- სად ხედავ მოჩვენებას? 

- ჩემი ტვინის თვალებში.

შექსპირი, „ჰამლეტი“.


უდიდესმა მხედართმთავარმა ალექსანდრე მაკედონელმა განახორციელა სანუკვარი ოცნება: მსოფლიოს მპყრობელი გახდა, მაგრამ ანდერძის თანახმად, სამარხისკენ ამობრუნებული ხელისგულებით მიასვენებდნენ, რათა ყველას დაენახა ამქვეყნიდან მისი ცარიელი ხელებით წასვლა, მისი ვარაუდით, ხალხი უნდა მიმხვდარიყო შეცდომას და არ გაემეორებინა. ეს ისტორიული ფაქტია. ცხადია, ნემსსაც ვერავინ წაიღებს, მაგრამ, ეს ხელს არ უშლის ადამიანს მსოფლიოს დაპყრობასა და მილიონის თავმოყრაზე თუ არა, ბევრად მეტის შეძენაზე იფიქროს, ვიდრე აქვს და ამით ფსიქოზამდე მივიდეს. რაც მეტი აქვს მეტი უნდა - ეს სრულიად გასაგები და ამავე დროს, გაუგებარი ადამიანური მოვლენაა, ისევე, როგორც ამ დროს განვითარებული ფსიქოზის - პათოლოგიური ქცევის ბუნება.

მაგული კაკაურიძე-გვაძაბია - ექიმია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ გასული საუკუნის 50-იან წლებში სოხუმის რაიონში გაანაწილეს და აფხაზეთის დაცემამდე იქ მოღვაწეობდა. ერთი პერიოდი ნევროპათოლოგად მუშაობდა, ის გვიამბობს:   

საინტერესოა, რომ ისტორიული წყაროების თანახმად, ძველ ბერძნებს უკვე სცოდნიათ მასობრივი ფსიქოზი, ანუ ეპიდემიური სულით ავადმყოფობის შემთხვევებიც. თუ მანამდე სულით ავადმყოფებს დასცინოდნენ, ფსიქიურად დაავადებულებს ეშმასგან შეპყრობილებად მიიჩნევდნენ, მიზეზად კი ცოდვას ან პიროვნებაში ავი სულის - დემონის შეჭრას მიიჩნევდნენ. მათ ეკლესია პატრონობდა და მკურნალობის მიზნით ან ჯაჭვებით აბამდნენ, უზომოდ დიდი რაოდენობის სისხლის გამოშვებით მკურნალობდნენ, ან ცივ წყალს ასხამდნენ... არა ერთი მათგანი დაუწვავთ ინკვიზიციის ცეცხლზე, რადგან ეშმაკთან ნებაყოფლობით თანამშომლობაში ედებოდათ ბრალი. ჰიპოკრატემ თავის დროზე პირველად გაილაშქრა ამის წინააღმდეგ და საჭიროდ აღიარა სულით ავადმყოფებზე არა მარტო ექიმის, არამედ ადამიანების საერთო მზუნველობა, განაცხადა, რომ სულით ავადმყოფებს დაავადებული აქვთ ტვინი. ჰეროდოტეს გადმოცემით, ძველ ეგვიპტეში სულით ავადმყოფებზე ცალკე სპეციალისტები ზრუნავდნენ. ასევე ცნობილია, რომ ფსიქიკადარღვეულ, ანუ ავი ძალით შეპყრობილ ავადმყოფებს ინდუსების რვა სახის მკურნალიდან ერთერთი საგანგებოდ მკურნალობდა. 

ზიგზაგებიანი ჩვენი ყოფა, ფსიქიკის განსაკუთრებულ სიძლიერეს მოითხოვს თითეული ჩვენთაგანისგან. ძნელია შეინარჩუნო წონასწორობა საყოველთაო ისტერიისა და გამდიდრებისა და უკეთესად ცხოვრებისაკენ თავაწყვეტილი ლტოლვისას... ძნელდება ჯანმრთელის დაავადებულისგან გარჩევა...

ახალგაზრდა იმპერატორი მხლებლებთან ერთად ქალაქში მისეირნობს, ხალხი მუხლებზე ეცემა და ბღავის: ვივატ, ვივატ იმპერატორს!

ხაზინადარი უკან მისდევს და მბრძანებლის თვალით ნიშნებაზე ხალხს ოქროს მონეტებს ურიგებს. ბრბო მზადაა, ფულისთვის ერთმანეთს ყურები მოაკვნიტოს, თვალები დათხაროს, ტალახში ჩაცვენილიც ამოიღოს და რაც შეიძლება მეტი მონეტა ჩაიგდოს ხელში. თან, უფრო მეტის მიღების იმედით ბოლო ხმაზე ბღავიან - გაუმარჯოს იმპერატორს!!!

დაცვა თვალყურს ადევნებს, რომ ყველამ მოიყაროს მუხლი ქვეყნის მპყრობელის წინაშე, თუ ვინმე გაბედავს და მის წინაშე ქედს არ მოიდრეკს, მათრახს უტყლაშუნებენ, ან საერთოდ, თავს ჭრიან.

უცებ, ჯალათმა მახვილი იშიშვლა, რათა თავი მოკვეთოს ფეხშიშველა, ბინძურ, ჩამოფლეთილ, მაგრამ დაუმორჩილებელ მაწანწალას, რომელიც ამაყად თავაწეული მიიწევს იმპერატორისკენ. ის-ისაა მახვილი უნდა დაეშვას, რომ მბრძანებლის შეშფოთებული ხმა ესმის:

 - შესდექ!

 ჯალათი გაკვირვებეული ჩერდება. ეს როგორ? არაერთი თავისუფლებისადმი მიდრეკილი თავი მოწყდა მხრებს იმპერატორის ბრძანებით.

მაგრამ იმან, რაც შემდეგ მოხდა, შეძრა ყველა!

ახალგაზრდა იმპერატორი ჩამოხტა ბედაურიდან, მიუახლოვდა „თავხედს“ და მუხლმოყრილმა აკოცა ძონძების კალთებზე.

 თანმხლებნი გაოგნდნენ. ხალხმა ამოიოხრა. სასწაულია პირდაპირ! იმპერატორი თითქოს შეცვალეს! თუმცა, მოგვიანებით ზოგიერთებმა მოხეტიალეში იცნეს მამა-მეფე, რომელმაც რამდენიმე წლის წინ უარი თქვა ტახტზე, ძალაუფლება მემკვიდრეს გადაულოცა, თავად ამ ცხოვრების ჭეშმარიტების საძიებლად სამოგზაუროდ წავიდა. 

- გამარჯობა, მამა! გილოცავ დაბრუნებას!

- შვილო ჩემო, მე ჯერ არ დავბრუნებულვარ. შენს ქვეყანაზე გამოვიარე.

- ეს შენი სამეფოა, მამა!..

- არა, შვილო, ეს შენი სამეფოა.

- ძალიან გამხდარხარ, მამა. მოართვით იმპერატორს ცხენი!

- არ არის საჭირო, შენ ხომ იცი, დავიფიცე, რომ ვივლიდი ფეხით და სიღატაკეში ვიცხოვრებდი. თუ ძალიან გინდა, ამ ჯამში რამდენიმე მონეტა ჩამიგდე, რათა პური ვიყიდო. მამაშენს მეტი არაფერი უნდა.

მათხოვრის ბინძური პატარა ჯამის დანახვაზე შეცბუნდა შვილი. ხაზინადარს უხმო და ჯამის ოქროთი ავსება უბრძანა:

- შვილო, ხომ იცი, არ შემიძლია იმაზე მეტის წაღება, რაც ამაში ჩაეტევა.

მაწანწალისთვის ამდენი სიმდიდრის მიცემამ ბრბოს აღშფოთება გამოიწვია. რა დამსახურებისთვის? მზად არიან დაახრჩონ არამზადა. აყვირდნენ:

- გაუმარჯოს იმპერატორს! მაგრამ მათხოვარს - ამდენი სიმდიდრე?

ამასობაში ხაზინადარს თვალები შუბლზე აუვიდა: მონეტები იყრება, ჯამი კი ცარიელი რჩება.

- რას გაშეშებულხარ?! ჩაყარეთ! - გაისმის ბრძანება და გაოცებაც მატულობს, ოქროთი დატენილი ფუთიანი ტომარა დაიცალა, ჯამი კი ცარიელი დარჩა.

შვილმა ჯამი გაოცებით შეატრიალა ხელში, ყველა მხრიდან დაათვალიერა, შემდეგ განრისხებულმა დაახეთქა მტვრიან გზას და ბრძანა:

- აავსეთ!!!

მსახურები ოქროს მოტანას ვერ აუდიან. ბოლოს ხაზინადარმა თქვა:

- მბრძანებელო! ოქრო გამოილია!

- გაგზავნეთ მხედრები, მოიტანონ კიდევ! სანამ ეს საზიზღარი ჯამი არ გაივსება ადგილიდან არ დავიძვრებით!

ოქროთი სავსე ბევრი მძიმე ტომარა ჩაცალეს ჯამში, მაგრამ კვლავინდებურად ცარიელი დარჩა. მეორმოცე ტომარზე შვილმა ვეღარ მოითმინა:

- რა სატანური და ეშმაკეული ჯამი მოიტანე, მამაჩემო! ორმოცი ცხენი ოქრო ჩავცალეთ და მაინც ცარიელია. როგორ და რით ივსება ის?

- შვილო ჩემო, რომ იცოდე, რა ბედნიერი ვარ, რომ შენ ჩემზე მიხვედრილი აღმოჩნდი. შენ მეორმოცე ტომარაზე მკითხე, თუ რა ჯამია ეს. მე კი ამის გასაგებად ნახევარი მსოფლიო, დედამიწის ათასი აზრიანი და უაზრო სიმდიდრე. ჯანმრთელობა, ბევრ სხვა სიკეთესთან ერთად მთელი ჩემი ცხოვრება ჩავაგდე შიგ, ჯამი კი მაინც ცარიელი დარჩა, შვილო, იმიტომ, რომ დამზადებულია ჩემი სურვილებისგან, ეს სურვილების ჯამია...

კარგი იქნებოდა გაგვეცნობიერებინა, რომ ჩვენ ყველას ეს ჯამი გვამოძრავებს, ოღონდ ამის შესახებ სიცოცხლის ბოლომდე, ხშირად ვერც ვიგებთ, მანამ სანამ ყველაფერს არ ჩავყრით მასში: ახალგაზრდობას, სილამაზეს, ბედნიერებასაც კი... ის ყლაპავს ჩვენს სულიერ სიმშვიდეს, სიცოცხლით ტკბობას, მაგრამ ჭეშმარიტი ოცნების განხორციელებას მაინც არ გვაძლევს. ამ ჯამში ვუპირებთ ჩაგდებას მთელ ჩვენს დარჩენილ ცხოვრებას. და თუ მას დაუყოვნებლივ, ახლავე არ შევწყვეტთ დარჩენილი ცხოვრებაც იქ ჩავა.

შეშფოთებითა და დაუკმაყოფილებლობით სავსე ჩვენი ცხოვრება პათოლოგიურია, ზოგისა მეტად, ზოგისა ნაკლებად... ამის გაცნობიერების შემდეგ შეიძლება გავუგოთ ჯერ საკუთარ თავს და შემდეგ სხვას, ამიტომ არ ღირს სხვების დაძრახვა და გაღიზიანება იმის გამო, რაზეც თავის დროზე, ჩვენ თავად არ ვამბობთ უარს.

ადამიანი მოწოდებულია იყოს ბედნიერი, მიილტვის მისკენ. მაგრამ, გენეტიკურად კოდირებულია იბრძოლოს უფრო მეტი ქონებისა და არა ბედნიერებისთვის. მეტად დიდია ცდუნება და ამ გზაზე გამოცდას ყველა როდი უძლებს. თუმცა ცნობილია, რომ ძველი ლათინების მზა პასუხი ჰქონდათ ზოგიერთ ზოგადსაკაცობრიო საკითხზე, რაც იმდენად მართალი იყო, რომ ათასობით საუკუნეა ეს ჭეშმარიტება ეჭვს არ იწვევს. ამბობდნენ:

ლამაზია არა ის, ვისაც საკუთარი თავი ჰგონია ლამაზი, არამედ ის, ვინც სხვის სილამაზეს ამჩნევს.

ბრძენია არა ის, ვინც თავის თავს მიიჩნევს ასეთად, არამედ ის, ვინც სხვის სიბრძნეს აღიარებს.

მაგრამ ბედნიერია არა ის, ვინც სხვის ბედნიერებას ამჩნევს, ან აღიარებს, არამედ ის, ვინც თავის თავს მიიჩნევს ბედნიერად.

ღმერთმა ადამიანი ბედნიერებისა და სიყვარულისთვის შექმნა და სიცოცხლით ტკობობა მას მიანდო, ამისთვის მისცა ფსიქიკა და უთხრა, მართე - გააკეთე არჩევანი ბედნიერების სასარგებლოდ!


ქეთევან ჩემია

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1825
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია