დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აგრესიული თაობა
2009/10/14 14:12:38

დღეს მთელ მსოფლიოში იმატა აგრესიამ, განსაკუთრებით - მოზარდებში. საქართველოს რეალობაში საკმაოდ ხშირია შემთხვევა, როცა ახალგაზრდების შეტაკებებს სისხლიანი დასასრული აქვს. რა იწვევს მოზარდებში აგრესიას, როგორ შეიძლება ის გავანეიტრალოთ და როგორია ოჯახისა თუ  საზოგადოების როლი ამ პროცესში - ამის შესახებ იმერეთის რეგიონის ფსიქოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარეს დარეჯან მაღლაკელიძეს ვესაუბრეთ.

 

- საკუთარი „მეს“ დამკვიდრების პროცესის დროს რამ შეიძლება მოზარდში აგრესია გამოიწვიოს? 

- გარდატეხის ასაკში საკუთარი „მეს“ დამტკიცებას ყველა განსხვავებულად ახერხებს, - ზოგი ნიჭიერებით, ზოგი უნიჭობით, ზოგიც მასხარაობით. ანუ, ყველა ისე აკეთებს, როგორც მას უნდა. ზოგმა შეიძლება ითამაშოს, თამაშის წესი იცოდეს და ამით დაიმკვიდროს თავი სხვადასხვა მიმართულებით.

13-14 წლის ასაკში (სქესს არა აქვს მნიშვნელობა) ადამიანს უჩნდება მოწონებისა და დაპყრობის სურვილი. ყველაზე მთავარი დაპყრობის სურვილია, - ის იპყრობს და ამისთვის სხვადასხვა მეთოდი უნდა გამოიყენოს. ჭაბუკობის ასაკში, 18-დან 25 წლამდე, ყველაზე კარგად გამოვლინდება აგრესიის ფორმა, როგორც ქალში, ისე მამაკაცში, რადგან ამ ასაკში ხდება საკუთარი თავის დამკვიდრება რაღაცის მიღებით. აქედან იწყება იმის გარკვევა, თუ რა უნდა მას ცხოვრებაში. ჩნდება სურვილი, რომ რაღაც შექმნას, ვიღაცაზე ზემოქმედება მოახდინოს და ა.შ.

- გარდატეხის ასაკში, ძირითადად, რა პრობლემები აქვთ?

- პრობლემა არის ის, რომ ადამიანებში პატივმოყვარეობამ იმძლავრა (პატივმოყვარეობა და თავმოყვარეობა სხვადასხვაა). მე დავარქვი ამას „ახალგაზრდების წიკები“ და რატომ? წიკია ის, რომ ითხოვ რაღაცა არარეალურს, ე.ი. ანალიზის უნარი არა გაქვს. ეს ბავშვები ქაოსურად მოძრაობენ: ქაოსურად ამთავრებენ სკოლას, ქაოსურად ეწყობიან ინსტიტუტში, სადაც შეყვარებულის პრობლემაც ემატება... პრობლემა პრობლემას ედება და იმდენად „დაგრუზულები“ არიან პრობლემებით, ვეღარც ანალიზს უკეთებენ მათ. პრობლემებიდან რომ გამოხვიდე, პირველ რიგში, უნდა დაალაგო ისინი, რომ დაულაგებ, მერე გადასარევად აგვარებენ.

მე-11 კლასში მქონდა გამოკითხვა, პრობლემები ასე დაალაგეს: პირველ რიგში - მატერიალური, მეორე - ის, რომ ვერ ერკვევიან, ვინ უყვართ. აქედანვე პრობლემად თვლიან იმას, რომ დედამთილთან და მამამთილთან არ იცხოვრონ. აუცილებლად უნდა იყოს ფულიანი, ვისაც გაყვებიან, ან მოიყვანენ ცოლად და ბოლოს - საზოგადოებასთან ინტეგრირება.

პრობლემად თვლიან იმასაც, რომ მასწავლებელი გაკვეთილის უცოდინრობას ან შატალოზე წასვლას ვერ უგებს მათ. ყველა გაკვეთილზე სურთ თავისუფალ თემებზე საუბარი, როგორიცაა: სიყვარული, ქორწინება, განქორწინება, უნდა ჰყავდეს თუ არა ადამიანს „ბოიფრენდი“ და ა.შ.

- ამ ასაკში უკვე იციან, კონკრეტულად რა უნდათ?

- 10 წლის წინ ფსიქოლოგებმა და სოციოლოგებმა მოზარდებში გამოკვლევა ჩავატარეთ. 300 რესპონდენტს ვკითხეთ: „ვინ გინდა იყო?“. 90% პასუხი იყო -     „ქურდი“. მიზეზად ის დაასახელეს, რომ ქურდი კარგად ცხოვრობს, კარგი გარემო აქვს, მისი ცოლი უზრუნველყოფილია. 3 წლის შემდეგ იმავე შეკითხვის პასუხი იყო: „ბიზნესმენი“. მაგრამ იქაც გახლდათ ნათქვამი, რომ ბიზნესმენი ვერ გახდები, თუ არ მოიპარე.

ურჩევნიათ, ცოლს გაუგზავნონ ფული და მან ამით საკუთარი სურვილები დაიკმაყოფილოს, ვიდრე მათ გვერდით იყოს. აქ უკვე არის შინაგანი დამალვის პროცესში, - ესეც აგრესიის დამალული პროცესია, აგრესიის ყველაზე ცუდი ფორმა, რადგან, შეიძლება, ასეთი პროცესის მიმდინარეობის დროს კაცმა ისე მოკლას ცოლი, უკან არ მოიხედოს.

- აგრესიის ყველაზე მძიმე, გამოვლენილ ფორმაზე რას იტყვით?

- გათხოვება, ეს არის აგრესიის ყველაზე მაღალი ფორმა.  ძალიან მომრავლდა 15-16 წლის ბავშვების დაოჯახება. 16 წლის ადამიანისთვის მეუღლეობა - ეს არის განსაზღვრული სილაღე - სილაღე ურთიერთობის, პატივისცემის, მაგრამ, როცა თხოვდები და სხვა პიროვნებასთან გაქვს საქმე, 16 წლის ბავშვის ე.წ. „თამაშის წესი“ სწორი არ არის, რადგან ის ლაღად ფიქრობს და გამოცდილ ადამიანებს მასთან ურთიერთობა სხვანაირად აქვთ. ეს იწვევს აგრესიას.

ყოველთვის ჯობია, რომ ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა იცხოვროს მარტო, არა აქვს მნიშვნელობა ასაკს. სიყვარულის გრძნობა შობს როგორც პატივისცემას, ისე აგრესიას. ყველა ადამიანი პატივისცემით ვერ აკეთებს ამ საქმეს, ამიტომ აგრესიულობა ჩანს. დაოჯახებამდე ახალგაზრდას დედ-მამა კვებავდა, მაგრამ, როცა შეერთდნენ, ეს საქმე ბიჭის ოჯახმა იტვირთა და აქ იწყება განხეთქილება, რადგან სოციალური ფონი ძალიან რთულია და ესეც იწვევს აგრესიას. აგრესიის ფორმის განაწილება ხდება ერთმანეთის შეზღუდვითაც: ტელეფონზე რატომ დაგირეკეს, ვინ იყო, სად უნდა წახვიდე და ა.შ.

- როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაწყვეტა?

- ჭკვიანურად. პირველ რიგში, საზოგადოების ის ფენა, რომელშიც ხვდება ახალგაზრდა, უნდა იყოს მოწესრიგებული, - წინა თაობაში უნდა იყოს ყველაფერი მოგვარებული. როცა წინა თაობაში თავიანთი მოუგვარებელი პრობლემები აქვთ, მდგომარეობა რთულდება. დედამთილი, სიდედრი, მამამთილი პრობლემად ხედავენ ისეთივე გადაწყვეტას, რასაც თვითონ აკეთებდნენ. ჩვენ ვართ ტრადიციების მატარებელი სახელმწიფო. ხშირად ამბობენ, რომ რთულია ტრადიციებით ცხოვრება, მაგრამ ტრადიცია, ამასთანავე, რაღაცას გასწავლის. როცა ოჯახში ტრადიციული უმცროს-უფროსობა არის, შეზღუდულია აგრესიულობის ფორმა.

- რა იწვევს ოჯახში აგრესიას?

- უკულტურობა, უპატივცემულობა. როცა რაღაც დათმობაზე მიდიხარ, ეს არის შეგნება. შეგნებული, განათლებული საზოგადოება აგრესიულობას არ წარმოშობს. აგრესიას იწვევს უარყოფითი ემოციაც. ემოცია განსაზღვრავს ადამიანის დამოკიდებულებას. მე თუ სახლში ვზივარ, გარშემო მახვევია: რძალი, შვილი, შვილიშვილი და წინა თაობა, მე უნდა ვიყო ძალიან მობილიზებული, რომ ამდენ ადამიანს თავი დავუხარო და არ წარმოიშვას ერთმანეთის უპატივცემულობა. როცა ერთმანეთის პატივისცემაა და რაღაცეებს თმობ, მაშინ აგრესია არ იქნება.

- როგორია მშობლის როლი მოზარდის ჩამოყალიბების პროცესში?

- ბავშვს სჭირდება ურთიერთობა, თავისი ნააზრევის დადებითად ან უარყოფითად წარმოჩინება. პირველი ფორმა აგრესიისა არის სიყვარული, - იმის ვერ გაანალიზება, უყვართ თუ არა. თბილისში რომ ორმა გოგონამ დაჭრა ერთმანეთი, ვერავინ დამაჯერებს, რომ ეს ბიჭის გამო არ მოხდა. მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ბავშვებს არავინ მოუსმინა.

მშობლების როლი არის ერთადერთი, - უნდა იყვნენ მართალი საკუთარ შვილებთან, უნდა იყვნენ შვილის მეგობრები. შვილმა რა დანაშაულიც არ უნდა ჩაიდინოს, მშობელი ყოველთვის მის გვერდით უნდა იდგეს.

თქვენი შვილების წინაშე იყავით ყოველთვის მართლები, არ დაუმალოთ არაფერი. შვილმა უნდა იცოდეს, როგორ შეიქმნა ოჯახი, გულღიად მოუყევით, როგორ შეხვდით ერთმანეთს... როცა გულახდილი და გახსნილი იქნება მშობელი, ბავშვიც მიხვდება, რომ ის მასთან კარგადაა და თვითონაც გახსნილები იქნებიან. შვილმა ისიც უნდა იცოდეს, რატომ ხდება კონფლიქტი მშობლებს შორის, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ანალიზი გააკეთოს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი მთელი ცხოვრების მანძილზე - ანალიზის უნარი.

- როგორ შეიძლება, დავძლიოთ აგრესიულობა?

- აღზრდით, განათლებითა და ურთიერთპატივისცემით. დადებითი ემოციები უნდა მიიღოს ადამიანმა, რომ აგრესია შეიზღუდოს. სილამაზის ყურებაც დადებით ემოციას იწვევს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2529
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია