დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დაკანონებული ფალსიფიკაცია
2009/09/18 13:32:08

2005 წლის პარლამენტის დადგენილებით საქართველოში სანიტარული ინსპექცია გაუქმდა და მისი ფუნქციონირება 2010 წლამდე „დროებით“ შეჩერდა. მიზეზად, კორუფციის აღმოფხვრა და იმპორტის ხელშეწყობა დასახელდა, შედეგად კი დახლზე 40%-ით გაზრდილი ფალსიფიცირებული პროდუქცია მივიღეთ, რომლის ყიდვა არა მარტო არღვევს მომხმარებლის უფლებებს, არამედ, სერიოზულ საფრთხესაც უქმნის მის ჯანმრთელობას.

 

 

დღეს ადამიანი რომელიმე პროდუქტით რომ მოიწამლოს, არ არსებობს სტრუქტურა, რომელიც ამ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს. არც ლაბორატორიაა, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, თავად გამოიკვლიონ საეჭვო პროდუქტი.

ქუთაისში შეიქმნა ასეთი ლაბორატორია, რომელსაც შეუძლია, პროდუქტი გამოიკვლიოს, ამისთვის  აკრედიტაციაც გაიარა, შესაბამისი აპარატურაც შეიძინა,  მაგრამ... კანონმა თქვა - არაო.

ისინი, ვისაც ფალსიფიცირებული პროდუქტის შემოწმება შეეძლოთ, პრესასთან კომენტარს არ აკეთებენ. პირად საუბრებში უბრალოდ აღნიშნავენ, რომ, შემოწმებისთვის ყველანაირი პირობა აქვთ, მაგრამ ზემდგომი ორგანოებიდან მითითებები - არა. ამბობენ რომ, მცირე სახის შემოწმებები დროდადრო ხდება, იწერება ოქმებიც, მაგრამ დაწუნებული პროდუქტი ისევ დახლებზეა.

ცოტა ხნის წინ ინტერნეტში, ერთ-ერთ საიტზე, ქართულ დახლებზე შემოწყობილი ფალსიფიცირებული პროდუქტების „ტოპ ხუთეულიც“ გაჩნდა, რომელშიც ტუალეტის ქაღალდი ლიდერობს, მომდევნო ადგილებს ინაწილებენ: კარაქი, მინერალური წყალი, ჩაი და ყავა. ეს ყველაფერი კი ჯანმრთელობაზე გამოუსწორებელ ზეგავლენას ახდენს.

კავშირ „21-ე საუკუნე“-ს მიერ 2008 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებით, საქართველოში რეგისტრირებული საკვებისმიერი ინფექციებისა და ინტოქსიკაციების მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 2002 წელს 388 შემთხვევაა დაფიქსირებული, 2003 წელს - 437, 2004 წელს - 408, 2005 წელს - 761, 2006 წელს - 1289, ხოლო 2007 წელს - 2038.

ჩანს, რომ 2005 წლიდან ბაქტერიული საკვებისმიერი ინტოქსიკაციის რეგისტრირებული რაოდენობის ყოველწლიური ზრდა იწყება, 2004 წელთან შედარებით კი 2007 წლისთვის მონაცემები 5-ჯერ გაიზარდა, რაც ნამდვილად საგანგაშოა, მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ქართველები მხოლოდ გამოუვალ შემთხვევაში ვაკითხავთ სამედიცინო დაწესებულებებს. ვარაუდობენ, რომ ბაქტერიული საკვებისმიერი ინტოქსიკაციების რაოდენობის რეალური მაჩვენებლები მოცემულზე რამდენჯერმე მეტია.

აღნიშნულ პრობლემებზე გავესაუბრეთ დამოუკიდებელ ექსპერტთა პალატის ექსპერტს კვების პროდუქტების საკითხში, ტარიელ სვანაძეს.

- როდესაც ქვეყანაში არ ფუნქციონირებს სანიტარული ინსპექცია, რამდენად უსაფრთხოა დღეს პროდუქტი, რომელსაც ყოველდღიურად იყენებს მოსახლეობა? 

- საზოგადოებრივი კვება ისეთი საკითხია, რომელსაც განსაკუთრებული სიფაქიზე სჭირდება. არადა, დღეისათვის არ არსებობს ბაზარდე პროდუქტი, რომლის მიღებაც ადამიანისთვის უსაფრთხოა არ იყოს. ავიღოთ თუნდაც პური, რომელშიც იმდენ დანამატს უშვებიან, რომ გადააჭარბა იმ რაოდენობას, რაც უნდა იყოს სინამდვილეში...

მნიშვნელოვანია არა მარტო წარმოება, არამედ ისიც, თუ სად იყიდება პროდუქტი და როგორ? ქუჩაში რომ პროდუქტს ყიდიან, დანაშაულია. მესმის იმ ხალხის, ვინც ყიდის, მაგრამ სხვას რას ერჩი? მე ვლაპარაკობ ბოსტნეულზე, ხილზე, ყველზე და სხვა ისეთ პროდუქტებზე, რომლებიც ქუჩაში იყიდება, ყოველგვარი კონტროლის გარეშე.

- მაინც, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ფალსიფიცირებული პროდუქტის გამოყენებას ადამიანის ორგანიზმისთვის?

- ძალიან მძიმე! პირველ რიგში ფალსიფიცირებული პროდუქტი იწვევს კუჭნაწლავთა დაავადებას, შემდეგ - გენეტიკურ ცვლილებებს. ამ ბოლო დროს, ძალიან ფართო მასშტაბი მიიღო ისეთი სწრაფმზარდი საკვების გამოყენებამ, რომლებიც იწვევს ფრინველის და ცხოველის სწრაფად ზრდას. ეს კი ადამიანის ორგანიზმისთვის დამანგრეველია.

- თუ ფლობთ ინფორმაციას, ამ კუთხით დღეისთვის რა მდგომარეობაა?

- ამჟამად წმინდა ნიკოლოზის სახელობის კლინიკაში ვმუშაობ ეპიდემიოლოგად და ვხედავ, რომ ძალიან ხშირია სიმსივნით დაავადებები, რაც შინაგანად განგაშს იწვევს ჩემში, როგორც მოქალაქეში, ექიმსა და პროფილაქტიკოსში. უამრავია კუჭის კიბოს შემთხვევა, მითუმეტეს - ახალგაზრდებში. მდგომარეობა საკმაოდ საგანგაშოა. ამას დროული რეაგირება სჭირდება!

მესმის, რომ კორუფცია არ უნდა იყოს, მაგრამ უსაფრთხოება, განსაკუთრებით, საკვები პროდუქტებისა, ძალიან მნიშვნელოვანია. არანაკლებ მნიშვნელოვანია სასმელი წყალიც, რომელიც ყოველგვარი კონტროლის გარეშეა დარჩენილი. არადა, იყო დრო, როცა დღეში დაახლოებით 10-15 წერტილში კონტროლდებოდა ქალაქი. ძალიან სწრაფად ხდება წყლის დაბინძურება, რასაც კუჭნაწლავის დაავადებები მოჰყვება, ადამიანი კი ექიმთანაც ვერ მიდის. ფაღარათის წინააღმდეგ დალევს წამალს და ჰგონია, ამით პრობლემა მოგვარებულია. არსებობს სერიოზული დაავადებები, რომლებიც წლების შემდეგ გვაძლევს შედეგს...

- რა შეიძლება მოიმოქმედოს მოსახლეობამ, როგორ დაიცვას თავი?

- მოსახლეობა არის უძლური და დაუცველი. მოსახლეობა დღეს დამოკიდებულია თავის ჯიბეზე. ძეხვი რომ 1 ლარი ღირს და ხორცი 10 ლარი, რა უნდა იყოს ის ძეხვი? რა დანამატები უნდა ჰქონდეს? ამიტომ, იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ იაფი ძეხვის ყიდვა უფრო ძვირი უჯდება ადამიანს.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ შეწყვიტა კონტროლი, არიან ადამიანები, რომელთაც კარგად ესმით ამ საკითხის მნიშვნელობა. მე ვგულისხმობ საწარმოებს, რომელთაც აქვთ სურვილი, რომ მათი პროდუქცია იყოს ხარისხიანი. ამიტომ, მათ შეიმუშავეს პირადი კონტროლი, შექმნეს თავიანთ ფირმებში სპეციალური სამსახურები, სადაც კოლოსალურ თანხას უხდიან თანამშრომლებს, რათა პროდუქტის წარმოების ყველა წესი იყოს დაცული. „გუდვილი“, „ეკოფუდი“ - მაგალითად... ქვეყანაში არსებობს საწარმო („იოლი“), რომელსაც „აისოს“ (კვების პროდუქტების წარმოების) სერთიფიკატი აქვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

მე მინდა თანამოქალაქეებს მივმართო, რომ იყვნენ ფხიზლად და დაინტერესდნენ, - ასე იაფი რომ ღირს ესა თუ ის  პროდუქტი, რატომ და რა არის შიგნით? კი, მესმის, ძნელია მშიერ კაცთან თეორიებსა და მაღალ მატერიებზე ისაუბრო, მაგრამ ჯანმრთელობაზე უკეთესი ხომ არაფერი არსებობს?

- თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს?

- მე არ ვიძახი, რომ გინდა თუ არა, ის სამსახურები აღადგინონ, ხალხი დანიშნონ თანამდებობებზე და კიდევ ფული იშოვონ, - ეს არის აბსურდი, მაგრამ თანამედროვე პირობებში, იმისდა მიხედვით, თუ რა მდგომარეობაში ვართ, უნდა გამოინახოს გზები, რომ კონტროლი იყოს, კაცს ხელფასი ჰქონდეს და პატიოსანი ხალხი მიიწვიონ, თორემ ეს ყველაფერი ძალიან მძიმე შედეგებს მოგვცემს წლების შემდეგ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2092
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია