დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ძმები ბარიერს მიღმა
2009/07/31 20:20:00

მეთხუთმეტე წელია, ანტონი 30 კვადრატულ მეტრ ოთახში ცხოვრობს მეტყველების, ოცნებებისა და სათამაშოების გარეშე

 

„სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“ გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად ბავშვთა სიღარიბის დაძლევის კამპანიას იწყებს. მასში მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობენ  

ამ კამპანიაში, იქნებ, ერთად ჩავერთოთ და სახელიც მოვუძებნოთ! 

როცა ქუთაისში, ანჯაფარიძის ქუჩის ?3 სახლის ზღურბლს გადააბიჯებ, ფეტისოვების გაჭირვება  იქვე იწყება. თითქმის დაცარიელებული ოთახის შესასვლელში 15 წლის ანტონი ზის და მისალმებას ურეაქციოდ ტოვებს. „ამდენი ნამდვილად არ ვიცით, ვერ საუბრობს,“- გვიხსნის მარტოხელა დედა ირინა ფეტისოვა.

 ორ ძმას ერთ ოჯახში და ერთ ოთახში სპეციალური ხის ბარიერი ჰყოფს. ეს იმიტომ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის 15 წლის ანტონმა, დროდადრო აგრესიულმა, პატარა ძმას არაფერი დაუშავოს. მეთხუთმეტე წელია, ანტონი 30 კვადრატულ მეტრში მეტყველების, ოცნებების და სათამაშოების გარეშე ცხოვრობს.  ამდენივეხნიანი ჩვევაა, ხელში ყოველთვის რაღაც ეჭიროს, ეს „რაღაც“ კი, ტრადიციულად, პლასტმასის ბოთლია, ოჯახში მეტი რომ არაფერი გამოიძებნა. დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ ერთი ან ორი საათი თუ სძინავს, ისიც საძილე საშუალებებით.

მისი რთული სამედიცინო დიაგნოზი კი ასეთია: ეპილეფსია გონებრივი დაქვეითებით, პახიგირია, ჰიპომილიენიზაცია. „ეს იმას ნიშნავს, რომ ნახევარი ტვინის ხვეულები აკლია,“- განმარტავს დედამისი ირინა ფეტისოვა. ის ჰყვება, რომ ბავშვი ამ მდგომარეობაში პირველი აცრის შემდეგ ჩავარდა. „ახლა საშინლად აჩქარებულად სუნთქავს და ღორის ღრუტუნის მსგავს ხმებს გამოსცემს,“ - ჰყვება ირინა და ცოტა ხანში მსგავსი ხმა ჩვენამდეც აღწევს.

ფეტისოვების ოჯახში ყოველი დღე პატარ-პატარა გმირობასავითაა. აუცილებელ ხარჯებში პირველ რიგში 6-ლარიანი დეპაკონია, რომელიც ანტონის სასიცოცხლო პრეპარატია. ექიმის დანიშნულებით გამოწერილი სხვა წამლების კომპლექსურ მიღებას ბავშვი უსახსრობის გამო ვერ ახერხებს. ყოველდღიურ ხარჯებში ორივე ძმისათვის - ანტონისა და წლისა და სამი თვის ლევანისათვის პამპერსებია, მერე საჭმელი, შემდეგ - გადასახადები, თუ არა, ისევ უშუქოდ და უგაზოდ დარჩებიან, ისევე, როგორც ბევრ სუსხიან ზამთარში. ღამეები ფეტისოვებთან ხანდახან სანთელსა და ჭრაქზეც თენდება. ახალი ტანსაცმელი არასოდეს უყიდიათ, ყოველთვის სხვის ნაქონ ტანსაცმელს ირგებენ.

მაგიდაზე ნისიების ფურცელი დევს: „მარკეტის ნისია“, „ბაზრის ნისია“,  „კეჩის ნისია“... ნისია ფეტისოვებთან 15-წლიანი იძულებითი ტრადიციაა, თუმცა ოჯახში ამ ტიპის რვეულის არსებობა იმის ნიშანიცაა, რომ ვალის პირნათელი გამსტუმრებლები არიან.

ყველაზე დიდ ხარჯებთან მაინც ანტონის მკურნალობაა დაკავშირებული და მას ოჯახის ყველა სოციალური დახმარება სჭირდება.

რამდენიმე დღის წინ თბილისში, იაშვილის სახელობის კლინიკაში, დედამ ანტონი იმ იმედით წაიყვანა, რომ სამედიცინო პოლისით უფასო გამოკვლევებს ჩაუტარებდნენ, მაგრამ მკურნალობაზე უარი გადახდის უუნარობის გამო უთხრეს. „თბილისში ათი დღით გამოკვლევებზე წავედით. პროფესორისგან ვიცოდით, რომ მინიმუმ ამდენი ხანი დასჭირდებოდა გამოკვლევებს, ძლივს შეკოწიწებული ფულით, თბილისში ტაქსით ჩავედით, 140 ლარი მარტო მგზავრობა დაგვიჯდა.  წავიყვანე უმძიმეს სიტუაციაში და არ მიგვიღეს, ის ღამე სტუმრად გავატარეთ, მეორე დღეს 100-ლარიანი ენცეფალოგრამა გადაუღეს. ვთქვი, პოლისი მაქვს-მეთქი, მაგრამ თურმე ქუთაისიდან, „ალდაგიდან“ მიმართვა უნდა მიმეტანა კლინიკაში, ეს კი არ ვიცოდი და უკან გამომაბრუნეს, დღემდე გადაღების პასუხიც არ ვიცი,“ - წუხს ირინა ფეტისოვა. ის ჰყვება, რომ სანამ მშობლები ჰყავდა, მათი სამამულო ომის მონაწილის პენსიით ანტონის საფუძვლიან მკურნალობას ახერხებდა, ღამისთევაშიც ისინი ეშველებოდნენ, ახლა ღამეებს ანტონთან ერთად ათევს. ოჯახის მთავარი იმედი ექვსთვიანი დახმარებაა. რომელიც სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრის ბავშვზე ზრუნვის სამსახურმა დაუნიშნა. პროგრამიდან 220 ლარი ეძლევათ: 130 - ანტონს, 90 - კი ლევანს. კიდევ სიღატაკის დაძლევის პროგრამის ფარგლებში მიღებული დახმარებაა - ოჯახში ძალიან დიდი ხანია არაფერი შეუძენიათ. „პირიქით, თხუთმეტი წელია, ამ ოჯახიდან ყველაფერი გამაქვს - ავეჯი, ჭურჭელი, ახლა გასაყიდიც არაფერი მაქვს, ეზოშიც კი არაფერი დავტოვე, წინა ზამთარში 50 წლის ნიგვზის ხე მოვჭერი, შეშა რომ არ მქონდა, წელს რაღას ვიზამთ, არ ვიცით“.

ვიდრე დედა საუბრობს, ლევანი ძველი, სხვისი ნაჩუქარი სათამაშოებით და ბურბუშელათი იქცევს თავს. ირინა დროდადრო მზერას ანტონისკენ აპარებს, რამე რომ არ მოიწიოს. გასულ ახალ წელს მიღებული ტრავმა, როცა გულყრა დაემართა და ანთებულ ღუმელზე დაეცა, ჯერაც არ მოშუშებია. გახშირებული გულყრების გამო მის დატოვებას ყველა ერიდება, მეზობლები და ახლობლებიც. პატარა ლევანის დატოვების პრობლემა მოაგვარა, მაგრამ ანტონი რჩება გადაუჭრელ პრობლემად და ამის გამო გარეთ გასვლას და მუშაობას ვერ ახერხებს, თან დასაქმების ქართულ „კრიტიკულ ასაკსაც“ - 45 წელს მიუახლოვდა.

„15 წელია, დატანჯული დედა ვარ, ერთხანს ბავშვების შვილობილობასაც კი ვაპირებდი, სანამ ლევანი გაჩნდებოდა. ხო არაფერი გამაჩნია, მაგრამ ძალიან მინდოდა, ვიღაცას ჩემს გარშემო რაღაც სხვა გარემო შეექმნა და პატარათი მაინც გავეხარებინე“. ფეტისოვებს მართლაც იშვიათად უხარიათ, ახლა უკვე ოთხი თვის შემდეგ წინ გახედვაც აშინებთ, როცა დახმარება შეწყდება, მერე რაღა იქნება, ეს აღარ იციან, ჯერ მხოლოდ ის იციან. რომ   „თი-ბი-სი“ ბანკში გახსნილი მათი ანგარიში 39536010100033 ამ სტატიის წაკითხვამდე   ცარიელია.

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის რეგიონული საკოორდინაციო ცენტრში ფეტისოვების 6 თვიანი დახმარების შესახებ რომ მოვიკითხეთ, ამ ცენტრის უფროსმა, სოციალურმა მუშაკმა ცირა ღაჭავამ აგვიხსნა, რომ დახმარება სტანდარტული დროით, თუნდაც ექვსი თვით არ ინიშნება, რეგიონული საბჭო გადახედავს ამ ოჯახის მდგომარეობას და, თუ ის არ გაუმჯობესებულა, მის ექვსი თვის შემდეგ გაგრძელებაზეც იმსჯელებს.

ფეტისოვების მსგავსი ისტორია  არცთუ იშვიათია, მითუმეტეს, თუ გაეროს სტატისტიკას გადავხედავთ. უკიდურეს სიღარიბეში (ანუ კვებითი სიღარიბის ზღვარს მიღმა) ცხოვრობს ბავშვების 12%, ხოლო სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს ბავშვების 28%. გაეროს ქართული სტატისტიკა  სიღატაკეს ასე გამოხატავს: საქართველოს ბავშვების 12%-ს დღეში 1 დოლარზე  ნაკლები ხმარდება, 28%-ს -1, 4 დოლარზე ნაკლები. ხოლო 44%-ს 2 დოლარზე ნაკლები.

ბავშვთა სიღატაკე ამ ციფრებით არ მთავრდება და ის აბსტრაქტული თემა სულაც არაა. ბავშვთა სიღარიბე ხელს უშლის მათ შემეცნებით განვითარებას, მაღალი ხარისხის სოციალური მომსახურების მიღებას  და სასიცოცხლო პერსპექტივებს.

ამ ყველაფრის შეცვლა კი ისევ ადამიანებს შეუძლიათ...

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2003
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია