დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტრაგედია ნაქერალაზე
2009/07/22 07:16:45

13 ივლისს შაორის ტბისკენ, პატრიოტთა ბანაკში მიმავალი ავტობუსი, რომელსაც თბილისიდან  15-დან 18 წლამდე ასაკის 24 ახალგაზრდა გადაჰყავდა, ნაქერალას უღელტეხილზე გადავარდა. ავარია საღამოს 5 საათზე მოხდა. ავტობუსი 40 მეტრის სიმაღლის ხევში გადაიჩეხა, მანამ კი ჰაერში 6-7 ბრუნი გააკეთა. ძლიერი წვიმის გამო ხევიდან მისი ამოყვანა მხოლოდ 14 ივლისს, დღის მეორე ნახევარში გახდა შესაძლებელი.

 

ავტობუსში მსხდომი 24 მოზარდიდან ორი ადგილზევე გარდაიცვალა. 22 ბავშვისა და მძღოლის გადმოყვანა დასავლეთ საქართველოს კატასტროფის სამსახურმა, ქუთაისის სასწრაფო დახმარების სამსახურის ავტომანქანებითა და საეკლესიო საავადმყოფოს რეანიმობილით დაახლოებით საათნახევრის მანძილზე მოახერხა.

ყველა დაზარალებული ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მოათავსეს. დაუყოვნებლივ, ურთულესი ოპერაცია გაუკეთდა ხატია კავთიაშვილს, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრამვა ჰქონდა, კერძოდ, მთლიანად მოწყვეტილი ჰქონდა მარცხენა ქვედა კიდური, რის გამოც პაციენტმა სისხლის 90: დაკარგა. მედიკოსების თქმით, ხატიას ტყიბულში გადაყვანისთანავე უკვე აღენიშნა კლინიკური სიკვდილი, მეორედ კი კლინიკური სიკვდილი გზაში, მისი ტრანსპორტირების დროს, რეანიმობილში განვითარდა, როცა მას სისხლს უსხამდნენ. დასავლეთ საქართველოს ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის დირექტორის, კახა ნურალიძის თქმით: „მას ოპერაციის შემდგომ უმძიმესი ხარისხის ანემია განუვითარდა, რაც სიკვდილის მიზეზი გახდა. თავად ოპერაცია წარმატებით დამთავრდა, მაგრამ ხატია 4 საათის შემდეგ გარდაიცვალა. მას ასევე ჰქონდა მუცლის ღრუს დაზიანებები, გახეთქილი ჰქონდა ნაწლავი. ამავე დროს ჩაატარეს კიდევ ორი ოპერაცია. შოთა ჭოლოკავა და დავით მიხანაშვილი საკმაოდ მძიმე პაციენტები იყვნენ. შოთა ჭოლოკავას ბოქვენის მოტეხილობა, ქალა-ტვინის ტრამვა, ტვინის ძლიერი შერყევა აღმოაჩნდა და თირკმელი ჰქონდა გახეთქილი. მცირე მენჯის ძვლების შეცილების გამო დაზიანებული ჰქონდა შარდის ბუშტი. ქირურგიული ოპერაციის შემდეგ პაციენტი თავს უკეთ გრძნობს. რაც შეეხება მიხანაშვილს, მას ელენთა ჰქონდა გახეთქილი, იგი მეორე დღესვე ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს და პალატაში გადაიყვანეს.“

შოთა ჭოლოკავა ის ახალგაზრდა აღმოჩნდა, რომელმაც რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტს წერილი მისწერა. იგი პრეზიდენტს „გადახურულ ჭერს“ და კომპიუტერს სთხოვდა. შოთა ჭოლოკავა თბილისის ?58 საჯარო სკოლის მოსწავლეა, რომელიც ღამეს სკოლის შენობაში, ხან კიდევ მე-9 საავადმყოფოს ეზოში, საეკლესიო საავადმყოფოში ათევდა. 15 ივლისს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მყოფი მოზარდები თავად მოინახულა და სასუნთქ აპარატზე შეერთებული 18 წლის შოთა ჭოლოკავას „საკუთარი ჭერი“ აჩუქა, კომპიუტერი კი - სამედიცინო ცენტრის დირექტორმა კახა ნურალიძემ. აპარატზე შეერთებულ შოთას ამ ნანატრ საჩუქრებზე რეაქცია არ ჰქონია, თუმცა, ექიმების თქმით, მას ყველაფერი ესმის და გრძნობს, რაც მის ირგვლით ხდება. სავარაუდოდ, ის საჩუქრებით გამოწვეული სიხარულის გამოხატვას რამდენიმე დღეში შეძლებს. შოთა ჭოლოკავას დედა გარდაცვლილი ჰყავს, მამის ადგილსამყოფელი კი დღემდე არავინ იცის. მას რუსთავში ბაბუა, ხოლო ხონში დიდი ბებია ჰყავს.

21 მოზარდიდან, შესაბამისი სამედიცინო კვლევების შემდეგ, რამდენიმე მეორე დღეს თბილისის ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ნაწილს ამბულატორიული მკურნალობა დაუნიშნეს. დღეის მდგომარეობით ადგილზე რჩება 13 მოზარდი, რომლებიც საშუალო და მძიმე ტრამვის პაციენტები არიან. ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მედიკოსები ვარაუდობენ, რომ მკურნალობის პროცესი წარმატებული იქნება.

მცირე ტრამვები აღენიშნებოდა ავტობუსის მძღოლს, რომელიც მეორე დღესვე სახლში გადაიყვანეს. ის ამ ეტაპზე ჟურნალისტებთან არ საუბრობს. ავარიის გამომწვევად კი სამი მიზეზი სახელდება: ძლიერი წვიმის გამო მიწის მოწყვეტა, შემხვედრი ავტომობილი და ელემენტარული დაუდევრობა. როგორც თბილისის მერიის ტრანსპორტის სამსახურში აცხადებენ , თბილისიდან რაჭის მიმართულებით წამოსული ავტობუსი 12 ივლისს შესაბამისი სამსახურის მიერ ტექნიკურად დათვალიერებული იყო და ავარიის მიზეზად ტრანსპორტის გაუმართაობა მხოლოდ ამ მიზეზის გამო არ სახელდება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

დაზარალებული ბავშვები, 14 ივლისს ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში, ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა და თბილისის მერიის ჯანდაცვის სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამაც მოინახულეს. მკურნალობის ხარჯები სახელმწიფომ, კერძოდ, თბილისის მერიამ გაიღო. ისინი გარდაცვლილების ოჯახებსაც დაეხმარებიან.

14 ივლისი საქართველოს მთავრობამ გლოვის დღედ გამოაცხადა - ასე დაიწყო მთავრობის სხდომა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა. ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში დროშები დაუშვეს და შავი არშიები ააფრიალეს.

ბათუმში ქეთი მელუამ თავისი სოლო კონცერტის რეპერტუარი ექსტრემალურ ვათარებაში შეცვალა და კონცერტი დათო პირველის, ნათია ჩხეიძისა და ხატია კავთიშვილის ხსოვნას მიუძღვნა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1884
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია