დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ზვიად პატარიძის დიდი სტარტი საჭიდაო ხალიჩაზე
2013/04/29 12:27:09

ამ დღეებში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, 16 წლის ქუთაისელმა ზვიად პატარიძემ აზერბაიჯანში ჩატარებული წარმატებული ასპარეზობის შედეგად ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი ლიცენზია მოიპოვა. ის პირველი ადგილით დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქს.

 

ზვიად პატარიძე 22-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა. იგი აიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების  ?14 ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია.

10 წლის იყო, როცა მეგობრების დაჟინებული თხოვნით მივიდა სპორტულ სკოლაში.

მისი მწვრთნელი, საქართველოს სპორტის დამსახურებული ოსტატი, სხვადასხვა ასაკში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონების, პრიზიორების აღმზრდელი, თავადაც არაერთგზის ჩემპიონი ელგუჯა მარუაშვილი იხსენებს ზვიადის პირველ სპორტულ დღეს: „ბავშვი რომ მივიღე, ლოტოს კოჭივით გამოიყურებოდა, მრგვალი, მსუქანი იყო, მაგრამ დიდი მონდომება ეტყობოდა. არ მიცდენდა ვარჯიშებს. ჩანდა ნიჭიერი, აზრიანი, წამიერად შეეძლო გადაწყვეტილების მიღება, ეს თვისება კი სპორტსმენისთვის აუცილებელია. იგი ყველა ჩემს დავალებას პირნათლად ასრულებს დღემდე და შედეგიც სახეზეა...“

როგორც ზვიადმა გვიამბო, მშობლები, თურმე, ძალიან ეწინააღმდეგებოდნენ სპორტისადმი მის მიდრეკილებას - „სიმაღლეში ვერ გაიზრდებიო“ (დღეს 16 წლის სპორტსმენი სიმაღლით 184 სმ-ია და 104კგ-ს იწონის...).

„თავიდან მიჭირდა, არ მრჩებოდა თავისუფალი დრო, რომ მეგობრებთან ერთად გასართობად წავსულიყავი. ყველაზე დიდი პრობლემა იყო სკოლის გაცდენა. ვარჯიშის გამო ჩამოვრჩი სასწავლო პროგრამას, თუმცა ჩემი სკოლის დირექტორი, ბატონი ლევან ბუაძე ძალიან მიწყობს ხელს, რისთვისაც მისი მადლიერი ვარ,“ - ამბობს ზვიადი.

იგი კვირაში ექვსი დღე (დღეში ორ-სამჯერაც კი) ვარჯიშობს თავდაუზოგავად. თავისი ექვსწლიანი კარიერის მანძილზე აქტიურად მიიწევს წინ, მიუხედავად ხელისშემშლელი ფაქტორებისა (ძირითადად - ტრამვები. თუმცა, როგორც ზვიადი და მისი მწვრთნელი თანხმდებიან: „სპორტსმენს ვერანაირი ტრამვა წინ ვერ აღუდგება წარმატებისკენ სვლაში“...).

ზვიადის აქტიური მოღვაწეობა ჭიდაობაში 12 წლის ასაკში დაიწყო, მაშინ აიღო პირველი თასიც ოზურგეთში ჩატარებულ შეჯიბრში, თუმცა, ბატონი ელგუჯა ამბობს: „იქ უფრო „ვაჩუქე“ მას თასი, დავანახე, რომ ასეთია შეჯიბრი და დავაჯერე საკუთარ თავში, რომ მეტი შეუძლია.“ იმ დღეს მიღებული ემოციები ახალგაზრდა სპორტსმენისათვის დაუვიწყარი აღმოჩნდა:

„მახსოვს, თასი რომ გადმომცეს, ძალიან გახარებული ვიყავი, ადგილს ვერ ვპოულობდი, სახლშიც არ დამირეკავს, მამისთვისაც კი არ მითქვამს ჩემი წარმატება, მანქანაშიც არ ჩავჯექი, ჩავიხუტე ჩემი თასი და მთელი გზა ფეხით მივდიოდი, მინდოდა, ყველას დაენახა და გაეგო ჩემი წარმატება. ეს დიდი სტიმული იყო ჩემთვის, მაშინ მივხვდი, რომ თუ ვიშრომებ, ყველაფერს მივაღწევ.“

კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი 14 წლის ასაკში განახორციელა, როცა ხულოში ჩატარებულ საერთაშორისო სეზონურ ტურნირზე სომხეთის წარმომადგენელი დაამარცხა ფინალში და მე-3 ადგილი მოიპოვა. ეს მისი პირველი ოფიციალური წარმატება იყო. შემდეგი სვლა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი აღმოჩნდა კადეტთა შორის, სადაც მეორე ადგილის მოპოვება შეძლო. ამ მეორე ადგილით თითქოს დაკარგა ევროპის საგზური, თუმცა ერთ თვეში, რუსეთში, ყაზარაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე, სადაც საქართველოს პირველი-მეოთხე ნომრები მონაწილეობდნენ, წარმატებით იასპარეზა და ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი საგზურიც ღირსეულად მიიღო. აღნიშნული შეჯიბრი შარშან გაიმართა პოლონეთში (კატოვიცაში).

იქ ზვიადმა ადგილობრივ სპორსტმენებს ორი შეხვედრა მოუგო, თუმცა ფინალში რუსეთის წარმომადგენელთან დამარცხდა... მას შემდეგ ერთი წელი გავიდა და კვლავაც აქტიურ მზადებას შეუდგა წლევანდელი ჩემპიონობისთვის. მან მოიპოვა ევროპისა და მსოფლიო შესარჩევ ტურნირებში პირველობა, გახდა ჩემპიონი და, როგორც აღნიშნეს, „ცალი ხელით“ გაიმარჯვა ფინალში. აზერბაიჯანში ჩემპიონატზე რამდენიმე დღის წინ მოპოვებული წარმატებით ზვიად პატარიძემ საბოლოოდ გაინაღდა ლიცენზია. ევროპის ჩემპიონატი დაგეგმილია მონტერეიში 14 ივნისს, ხოლო მსოფლიო - აგვისტოში, საბერძნეთში.

ზვიადი თავის განცდებსა და ემოციებზე გვესაუბრა: „შეჯიბრის წინ ყოველთვის ვნერვიულობ ხოლმე, ეს ყველა სპორტსმენს ახასიათებს, თუმცა, საკმარისია, ფეხი დავადგა ხალიჩაზე და ყველაფერი მავიწყდება. მარტო გამარჯვებაზე ვფიქრობ. ისიც მაქვს გონებაში, რომ მაყურებელს კარგი სანახაობა უნდა ვაჩვენო, სიამოვნება მივანიჭო გულშემატკივრებს. მიხარია, როდესაც ქართულ დროშას გვიშლიან ტრიბუნებზე და გვამხნევებენ.“

ზვიადის წარმატებაში, როგორც მან აღნიშნა, მის მეგობრებსაც აქვთ დამსახურება: „მაძალებდნენ თავიდან, აქ რა გინდა, წადი, ივარჯიშეო“. ლომის წვლილი კი ბატონ ელგუჯას ეკუთვნის, რომელიც საამაყო მოსწავლეს ახასიათებს, როგორც გამორჩეულს, მიზანდასახულს. „ერთ-ერთი აღმოჩენაა ეს ბავშვი, მისი იმედი მართლაც მაქვს. შეიძლება, რომ გახდეს ოლიმპიური ჩემპიონი. კარგი სპორსტმენია, არ უყურებს ტრამვებს. შემართებით ემზადება დიდი სტარტისთვის. ხასიათი ისეთი აქვს, რომ მიზიდავს ეს ბავშვი, როგორც მწვრთნელს. სწორედ ეს არის მასში საინტერესო, უდიდეს იმედებს ვამყარებ მასზე. ჩემი მიზანია, ისეთი გავზარდო, რომ სიამოვნება მიანიჭოს მაყურებელსაც მისი საქმით. უნდა მოდიოდნენ მის საყურებლად, ხალხს უნდა უყვარდეს იგი. უკან არასოდეს იხევს ზვიადი; გასულ წელს საქართველოს ჩემპიონატზე გასასვლელი ტურნირიდან გამოეთიშა, თუმცა 7 თვეში ისე ივარჯიშა, რომ თავი არ დაუზოგავს, შეძლო და საქართველოს სამი  ჩემპიონი დაამარცხა...“

ზემოთხსენებული მარცხი მტკივნეულად ახსოვს ზვიადსაც: „ძალიან დამწყდა გული, რომ გამოვვარდი მაშინ. ჩემი მწვრთნელის დახმარებით შევძელი 7 თვეში მომზადება. გამუდმებით ვვარჯიშობდი, რომ ვიღლებოდი, არ მაცლიდა მოდუნებას, სირბილის დროს უკან მიმყვებოდა მანქანით, რომ ფარხმალი არ დამეყარა, შედეგიც მალევე მივიღეთ...“

?14 ჭიდაობის კომპლექსურ, სპორტულ სკოლაში მცირედი პრობლემა არსებობს: ეს ცხელი წყლის არქონაა, არ არის პირობა იმისათვის, რომ სპორტსმენებმა ვარჯიშის შემდეგ ცხელი წყლის გადავლება შეძლონ. „სხვა ყველაფერი კარგად გვაქვს, ყველანაირად გვიწყობენ ხელს, გვიფინანსებენ შეჯიბრებებს და გვერდით გვიდგანან. ესაა საწინდარი იმისა, რომ ასეთი ბავშვები კიდევ გაიზარდონ,“ - განაცხადა ბატონმა ელგუჯამ.

ახალგაზრდა სპორტსმენს უახლოეს გეგმებში ანტალიაში 16 მაისს დანიშნული ექვსდღიანი სეზონური ტურნირი აქვს, ზაფხულში კი ევროპა და მსოფლიო ელოდება.

 

ჟანა ჯანელიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2807
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია