დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ნაბაკევი მაგარია“, „ნინუაკუთხევ, არ შეგვარცხვინო!“
2011/05/09 15:17:43

ლელობურთი სამტრედიის რაიონის სოფლებში

რამდენიმე ათეული წელია, სამტრედიის რაიონის სხვადასხვა სოფელში „ლელო ბურთი“ ტრადიციულად იმართება. ამ მამა-პაპურ შეჯიბრში სამტრედიის მოსახლეობა ერთსულოვნად ებმება. 1 მაისს სოფელ ნაბაკევსა და სოფელ ნინუაკუთხეს შორის გაიმართა ლელო ბურთი. მაყურებელი მრავლად იყო, გულშემატკივრები შეძახილებით ორივე გუნდს ამხნევებდნენ. 

უკვე შებნელებულია. ტრადიციულად ბურთს ნაზარე ლეჟავას სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მამა რომანოზი აგდებს, რომელიც მოთამაშეების შუაგულში დგას. თამაში ნელ-ნელა სერიოზულ ხასიათს იღებს. ნაბაკევი აშკარა უპირატესობას ფლობს. ხისგან დამზადებული მოგრძო მოყვანილობის ბურთი, ერთი შეხედვით, რაგბის ბურთს მოგაგონებთ. თამაში „ჯვარცმის მოედანზე“ იმართება. ირგვლივ ნაძვნარია, ცუდი ამინდის გამო, მინდორი, ცოტა არ იყოს, სველია, რაც თამაშისთვის სახარბიელო არ არის. თუმცა ენთუზიაზმით და ბრძოლის ჟინით სავსე მოთამაშეებს ეს ხელს სულაც არ უშლის. „ნაბაკევი მაგარია“, „ნაბაკევი ყოველთვის იმარჯვებს“, „ნინუაკუთხე, არ შეგვარცხვინო“, „ჩვენ თქვენს გვერდით ვართ“.. - ისმის გულშემატკივრების შეძახილები. აქ ყველა ასაკის ადამიანს დაინახავთ, უხუცესით დაწყებული, ჩვილი ბავშვით დამთავრებული, ემოცია ყველას ერთნაირი აქვს: უნდათ, მათმა გუნდმა მოიგოს. ნაბაკევმა ერთხელ სცადა ბურთის გამოტანა, თუმცა მოწინააღმდეგეებმა იმარჯვეს და თავიანთ მხარეს წაიღეს. რამდენიმე წუთში ისევ ნაბაკეველი მოთამაშეების ხელთ აღმოჩნდა ბურთი.

... უკვე 2 საათზე მეტია, რაც თამაში მიმდინარეობს, თუმცა გამარჯვებული ისევ არ ჩანს. ერთ-ერთი მოთამაშე, რომელიც ნინუაკუთხელია, ფეხზე ძლიერი დარტყმის გამო, თამაშიდან გამოჰყავთ. დაახლოებით 15 წუთში სასწრაფო დახმარების ავტომობილი ჩნდება და მოთამაშე სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ. თამაში გრძელდება. ნაბაკევი კიდევ ერთ შეტევას ახორციელებს. გულშემატკივარიც აქტიურობს. თუმცა ბურთს ისევ ნინუაკუთხელები ეუფლებიან. მაგრამ ეს რამდენიმე წამს გრძელდება და ისევ ნაბაკევი აქტიურობს. უკვე თერთმეტის ნახევარია, ბურთი ნაბაკევისკენ მიემართა. რამდენიმე წუთი და გამარჯვების შეძახილები ისმის...

„ნაბაკევმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვა!“ - მოთამაშეები და გულშემატკივრები ერთნაირად ზეიმობენ.

ტრადიციის მიხედვით, ლელო ახალგაზრდების საფლავზე იდება. ამჯერადაც ასე  ხდება. თამაში წელიწადში რამდენჯერმე იმართება: აღდგომას, ახალ კვირას და 9 მაისს. გამარჯვებული გუნდი საჩუქრად ხარს იღებს. წელს ნაბაკევმა მეორედ მოიგო. მესამე თამაშისას კი ორჯერ გამარჯვებული გუნდი ბურთს დამარცხებულს აძლევს.

როგორ უყურებს ახალგაზრდობა სპორტის ამ ტრადიციულ სახეობას?

თამთა სტურუა, 16 წლის: „ლელო ბურთს“ ყოველთვის ვესწრები. მართალია, მაყურებელი ვარ, მაგრამ ისეთი განცდა მეუფლება, თითქოს მეც მოთამაშე ვარ. ნაბაკევმა კიდევ ერთი მოგება გვაჩუქა და გაგვახარა გულშემატკივრები.

ბაქარ ჟორჟოლიანი, 17 წლის: ყველაზე მეტად ჩემი ფავორიტი გუნდის მოგება გამიხარდა. „ლელო ბურთს“ პირველად დავესწარი და იმდენად კარგი განწყობა მაქვს, რომ მომავალ თამაშსაც აუცილებლად მივადევნებ თვალყურს. მე, სპეციალურად, ქუთაისიდან ჩამოვედი, მეგონა, არც ისე კარგი სანახაობა იქნებოდა, თუმცა ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.

დავითი, 21 წლის, ნინუაკუთხის გუნდი: სამწუხაროდ, დავმარცხდით, თუმცა ეს არაფერია,მთავარია, ტრადიციას არ ვკარგავთ და ყოველწლიურად ვთამაშობთ.

გიორგი, 24 წლის: მიუხედავად იმისა, რომ თანაბარი ბრძოლა მიმდინარეობს, სულ ნაბაკევი იგებს. ჩვენ ვართ ყოველთვის გამარჯვებულები.

მამუკა ჩხიროძე, სამტრედიის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე: „ლელო ბურთის“ პროცესის ორგანიზებაში მეც, გამგებელიც, დეპუტატიც ერთნაირად ჩართულები ვართ. გარდა ამისა, პრიზად ხარი გვაქვს დაწესებული გამარჯვებულისათვის. ეს ლელოს ტრადიცია 1930-იანი წლებიდან იღებს სათავეს და ვცდილობთ, შევინარჩუნოთ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2622
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია