დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ტორპედო“ რომ დაბრუნდა, ეჭვი არავის შეეპაროს...
2011/02/14 12:22:49

9 თებერვალს ქუთაისის „ტორპედომ“ საღორიის ბაზის ხელოვნურ საფარიან მოედანზე ქვედა ლიგის პირველადგილოსანს მარტვილის „მერანს“ უმასპინძლა. თამაში დაძაბული აღმოჩნდა. ორივე ტაიმში ქუთათურებმა მეტოქეს სძლიეს და გაიმარჯვეს კიდეც, ანგარიშით 2:1.

გუნდი ჩვეულ ფორმას დაუბრუნდა და უმაღლეს ლიგაში ითამაშებს. „ტორპედოს“ პირველი გასვლითი შეხვედრა 14 თებერვალს ზესტაფონის-„ზესტაფონთან“ ექნება. ამ და სხვა საკითხებზე, ქუთაისის „ტორპედოს“ აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი პაპაშვილს გავესაუბრეთ.

 

- ბატონო გიორგი, რა მდგომარეობაა დღეს ქუთაისის „ტორპედოში“?

- ქუთაისის „ტორპედოს“ რეაბილიტაცია 2010 წელს კომპანია „ვისოლმა“ განახორციელა. თავიდან განახლდა როგორც შენობა, ასევე სტადიონი. გამორიცხულია გუნდი სამ, ოთხ თვეში შეიქმნას, ამას წლები სჭირდება. საფუძველი უკვე ჩაყრილია, რომ მომავალში შედეგი მივიღოთ. აქედან გამომდინარე, მომავალი წლიდან ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის შექმნას ვაპირებთ, სადაც ახალი თაობის ფეხბურთელები გაიზრდებიან.

- წელს თუ აპირებთ გუნდის გაძლიერებას?

- რაც შეეხება „ტორპედოს“ გაძლიერებას, ჩვენ საკმაოდ კვალიფიციური, გამოცდილი, ძლიერი ფეხბურთელები დავიმატეთ სხვადასხვა გუნდიდან. გუნდს დაუბრუნდა გიორგი მეგრელიძე, რომელიც ქუთაისელებისთვის საყვარელი ფეხბურთელია, მოვიყვანეთ ახალგაზრდები ზუგდიდის „ბაიადან“. გოგუჩია, ქებაძე. აი, ეს ხალხია, ვინც გააძლიერებს გუნდს.

- საზღვარგარეთ ფეხბურთელების შეძენას ხომ არ გეგმავთ? 

- პირველ ეტაპზე სავარჯიშო ბაზის მთლიანი რეაბილიტაცია მიდის, შესაბამისად, უცხოელისთვის უნდა შექმნა კომფორტი. რა თქმა უნდა, ადგილობრივებსაც უნდა შეუქმნა ნორმალური პირობები, მაგრამ იმათ სხვანაირი მოთხოვნები აქვთ. ეს არის შემდეგი ეტაპი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველად ქართველების მოწვევა სჯობს. მომავალში თუ გაჩნდება მოთხოვნა, ვიზრუნებთ უცხოელების ჩამოყვანაზე. რაღა დაგიმალოთ და, წელს ნამდვილად ვიცი, ეს არ მოხდება.

- სეზონის    პირველი    თამაში   „ზესტაფონთან“  გექნებათ.  როგორ ფიქრობთ, მზად არის გუნდი წარმატებული სერიისთვის?

- სწორედ დღევანდელი საკონტროლო, ამხანაგური თამაში არის იმედის მომცემი და გუნდი მზადაა შედეგიანი თამაშისთვის. ფეხბურთელებმა თურქეთში საფუძვლიანი შეკრება გაიარეს, საკმაოდ კარგ მეტოქეებს ვეთამაშეთ და შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ წლევანდელი სეზონი მეტად მნიშვნელოვანი იქნება. ნებისმიერი გუნდისთვის შევძლებთ ანგარიშის გაწევას. წარმატებული სერია იქნება მაშინ, როდესაც სატურნირო ცხრილში მაღალ ადგილზე ვიქნებით. ამ ეტაპზე კი მეექვსეზე ვიმყოფებით, ამიტომ ყველაფერი დამოკიდებულია შრომაზე. რთულია, ახლა ვთქვა, წარმატებული იქნება თუ არა? ჩვენ გუნდს ყველანაირ პირობებს ვუქმნით და ბიჭებიც მონდომებულები არიან, რომ ქუთაისელი გულშემატკივრები გაახარონ.

- ვინ აფინანსებს ქუთაისის „ტორპედოს“?

- ქუთაისის „ტორპედო“, მოგეხსენებათ კომპანია „ვისოლიმ“ შეისყიდა, შესაბამისად, შეიქმნა შპს საფეხბურთო კლუბი „ტორპედო“. ძველი ტრადიციების მატარებელი გუნდი განახლდა და აუცილებლად, იტყვის ახალ სიტყვას, ქართულ ფეხბურთში.

 

***

ამხანაგური შეხვედრისას ფეხბურთელებს „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი გიორგი გიგატაძე აკვირდებოდა. „P.S.“-ი გაესაუბრა მთავარ მწვრთნელს.

გიორგი გიგატაძე: „ბიჭები ნამდვილად მონდომებული არიან, ამ წუთში, როგორც საჭიროა, ისეთ ფორმაში არ იმყოფებიან, მაგრამ ნელ-ნელა ვიზრდებით. იმედია, წარმატებით დავიწყებთ ჩემპიონატს. დარწმუნებული ვარ, პირველ თამაშებს შედეგიანად გადავლახავთ. ახლა ორ ლიდერთან გვიწევს პაექრობა და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ წარმატებებს მივაღწიოთ. თასის აღება თუ გინდა, ძლიერ მეტოქეს უნდა მოუგო. დღევანდელ თამაშზე ვიხილეთ, ვინ როგორ ფორმაშია და, ვფიქრობთ, ყველაფერი ნორმალურად იქნება. ლიდერობა ცოტა ძნელია, მაგრამ სამომავლოდ ვეცდებით. გუნდი ყალიბდება და ის „ტორპედო“ არ არის, რამდენიმე წლის წინ, რომ მაჩანჩალას ეძახდნენ. რაც ნაკლი აქვს ქართულ ფეხბურთს, ის გვაქვს ჩვენც, ანუ სწრაფი შეტევა გვიჭირს და ამაზე უნდა ვიმუშაოთ. „ტორპედო“, რომ დაბრუნდა, ეჭვი არავის შეეპაროს, ქუთაისი ძველი ფეხბურთის ტრადიციის ქალაქია და ვეცდებით დავიბრუნოთ ლიდერობა“.

 

***

„ტორპედოს“ ჯგუფში ძლიერი მეტოქეები შეხვდა: „ზესტაფონი“, „ოლიმპი“, „დინამო“, „ვიტ-ჯორჯია“ და „ბაია“.

ვნახოთ, როგორ წინააღმდეგობას გაუწევს განახლებული გუნდი.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1888
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია