ტურისტული რესურსების გათვალისწინებით, დღეს ერთ-ერთ უმდიდრეს და უნიკალურ ქვეყანაში უნდა ვცხოვრობდეთ, მაგრამ თავად ტურიზმის ინდუსტრიის უმძიმესი მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევა. საქართველოში ერთ-ერთი პერსპექტიული სფერო - სამთო ტურიზმიც ასეთ მდგომარეობაშია.
ქუთაისელი მთამსვლელი კოტე გიორგაძე, რომელიც დღეს სამთო ტურიზმის განვითარებისათვის აქტიურად საქმიანობს, თავის დროზე 200-მდე ალპინისტურ ექსპედიციაში მონაწილეობდა. დღეს იგი ქუთაისის ნაკრების მთავარი მწვრთნელია კლდეზე ცოცვაში. მომავალი თაობის დიდი ინტერესის მიუხედავად, ამ სფეროში ფინანსები მწირია, ამიტომ ექსპედიციების მოწყობას ხშირად ვერ ახერხებენ. ახალგაზრდები ცდილობენ, პროფესიულ ოსტატობას ალპინიადებში მონაწილეობით მიაღწიონ.
„ქალაქის თვითმმართველობის მხარდაჭერით, მეოთხე წელიწადია, რაც მურად ჭიჭინაძის სახელობის ტურნირი დავაარსეთ. საქართველოში თუ რაიმე ალპინისტური გუნდია, მაისში ჩვენთან ჩამოდიან და ჭომაში, სადაც სავარჯიშო კლდეა, ვატარებთ შეჯიბრს. მოხარული ვარ, რომ ეს შეჯიბრი ყოველწლიური გახდა და ჩავარდნა არ გვქონია.
და კიდევ ერთი - ლევან ახვლედიანის სახელობის ალპინიადას ვაკეთებთ. მომავალ თაობას თოკზე მუშაობას ვასწავლით,“ - ამბობს მთამსვლელი.
იგი იხსენებს იმ დროს, როცა ქუთაისის მთამსვლელთა გუნდი საკავშირო პირველობის დროს მეხუთე ადგილზე იყო, რაც მაშინ დიდ მიღწევად ითვლებოდა. „ქუთაისს ჰყავდა და ჰყავს საუკეთესო მთამსვლელები. მარტო აფი გიგანი რად ღირს, ევერესტის დამპყრობი! მისი მიღწევები საქვეყნოდაა ცნობილი. როცა მთაში სიარული დავიწყე, მაშინ მოღვაწეობდა კიდევ ერთი დიდი მთამსვლელი - საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, მრავალი ჩვენგანის დიდი მოამაგე მურად ჭიჭინაძე. ერთ-ერთი უძლიერესი ალპინისტი გახლდათ შაქრო გაბისიანი. მას სასიმაღლო ასვლებში ბადალი არ ჰყავდა. პატარა, სუსტი კაცი იყო ფიზიკურად. მის შესახებ ლეგენდები დადიოდა. ერთხელ, თურმე, მთაზე ასვლისას ცხენი დავარდნია, მის ტვირთთან ერთად მოუკიდებია და ისე ასულა მწვერვალზე, ჩაი მოუდუღებია და თბილისელებისთვის უთქვამს: აგერ, ჩაი ავადუღე და არ უნდა ამოხვიდეთო?“ - ღიმილით იხსენებს კოტე გიორგაძე.
ქუთაისის გუნდის ერთ-ერთ მიღწევად თვლის შარშანდელ 14 კაციან ექსპედიციას მწვერვალ თეთნულდზე. ასევე იხსენებს ახლო წარსულში სვანეთში - მწვერვალ ქორუმზე მოწყობილ ექსპედიციას, რომელშიც ორმოცი ბავშვი მონაწილეობდა.
ყველაზე დასამახსოვრებელი ექსპედიცია მის ბიოგრაფიაში იყო ტაჯიკეთში ფანების მთების დაპყრობა. კოტე გიორგაძე ამბობს, რომ ეს „ბუნებრივი პირობებით გამორჩეული უნიკალური რაიონია.“ ევერესტი (ჯომოლუნგმა) მისთვისაც, ისევე როგორც ყველა ალპინისტისათვის, საოცნებო მწვერვალია, თუმცა აქვე დასძენს: „საქართველოშიც შეიძლება მოაწყო ისეთი ექსპედიცია, რომელიც არანაკლებ სიამოვნებას მოგანიჭებს.“
რესურსები კი ქვეყანაში მართლაც ბევრი გვქონია, რამაც, შესაძლოა, სამთო ტურიზმი წამყვან დარგადაც კი აქციოს. მაგრამ, სამწუხაროდ, არ გვაქვს ტურიზმის ინდუსტრია, რაც მის განვითარებას აფერხებს. მთამსვლელი ამბობს: „ტურიზმის განვითარებას უდიდესი პერსპექტივა აქვს თუნდაც ქუთაისში, მაგრამ ინფრასტრუქტურა ჩამოშლილია. სამთო ტურიზმი რომ განვითარდეს, სჭირდება შესაბამისი ინფრასტურქტურა, რათა ტურისტს მაღალ დონეზე მოემსახუროს.“
ამასთან დაკავშირებით, იგი ერთ ისტორიას იხსენებს: „როცა ფრანგები გვეწვივნენ ქალაქში, ჩვენზე სტატია გამოაქვეყნეს თავიანთ ქვეყანაში. სტატიაში წერენ, რომ ნანახით აღფრთოვანებული არიან, კმაყოფილები დარჩნენ ადამიანებთან ურთიერთობით, ლამაზი ბუნებითაც, ბოლოს კი, ინფრასტრუქტურის კუთხეს რომ მიადგნენ, მაშინ თქვეს: არ არის სამაშველო სამსახური, არ არის სასტუმრო, არ არსებობს ინფრასტრუქტურა... ეს მათთვის წარმოუდგენელი იყო!“
აქედან გამომდინარე, არც არის გასაკვირი, რომ ჩვენს ქალაქს, ჯერჯერობით, უცხოელი ტურისტები არ სწყალობენ. კოტე გიორგაძე ამბობს: „წელიწადში ერთი-ორი თუ შემოდის. ქუთაისში ტურისტს ვერ გააჩერებ. უნდა გაიყვანო რეგიონში და მის გარეთ. ტურისტულ მასას, რაც შემოდის, აინტერესებთ სვანეთი. ძირითადად, თბილისში ჩამოსული ტურისტები ტუროპერატორებს მიჰყავთ სვანეთში. ჩვენთან თუ შემოდის, - ინდივიდუალური კონტაქტებით.“
ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი იმისათვის, რომ მხოლოდ ბუნების რესურსებით არ შემოვიფარგლოთ და ჩვენი ქვეყნით დაინტერესებული ტურისტი მომსახურებითაც კმაყოფილი დარჩეს.
ალპინიზმი კი დაფინანსების მოლოდინშია და იმ ახალგაზრდებს, რომელთაც ინტერესი აქვთ, დიდი იმედია, რომ დაფინანსებამდე არ გაუქრებათ იგი.
კოტე გიორგაძესაც ამის იმედი აქვს და კიდევ - იმ მომავალი უცხოელი ტურისტებისა, რომლებსაც თავიანთ შთაბეჭდილებებში აღარ დასჭირდებათ ჩამოშლილ ინფრასტრუქტურებზე საუბარი.