დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დიმიტრი ტატიშვილი: „მილიონს თუ შემომთავაზებენ, უარს არ ვიტყვი იაფფასიან სიუჟეტზე“
2013/07/15 13:39:54

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი  დიმიტრი ტატიშვილი და მისი ცხოვრებისეული პრობლემები, სიხარული, წარმატებები, დაცემა, შეცდომები...

30-ზე მეტი როლი თეატრში და რამდენიმე კინოროლი. სხვადასხვა სერიალი და შეთავაზებები. დიმიტრი ტატიშვილი ორი გოგონას, ტყუპების ანა და ქეთის მამაა. მეუღლე,  მაია ცხვედიანი, პროფესიით ფილოლოგი, ქართულის მასწავლებელია. მსახიობი ამბობს,  რომ მის ოჯახში ჰარმონია სუფევს. „ვისთვის – ჰარმონია და ვისთვის – მოწყენილობა“, – თავად ასე აფასებს დიმიტრი ტატიშვილი თავის 24-წლიან ოჯახს. არ ეთანხმება  მსახიობის პროფესიის  შესახებ  შექმნილ სტერეოტიპებს და თვლის, რომ  ურთიერთობებში ნდობა და პატივისცემა ყველაზე მთავარია:

–        დიმიტრი, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სერიალიდან, უცებ, იმედის ერთ-ერთ სერიალში მოჩნდით, ეს როგორ მოხდა?  

–        როცა რუსთავი 2“-ში, სერიალის სცენარისტმა გადაწყვიტა, რომ ჩემმა პერსონაჟმა ამოწურა თავისი ფუნქცია, აღმოჩნდა, რომ ახალი წლის შემდეგ დემნა აღარ დასჭირდათ გადაღებებისთვის. ამის პარალელურად კი „იმედში“ გაიგეს ეს ამბავი და „რუსთავი 2“-ს დაუკავშირდნენ. ასევ ვთქვათ, ჩემი თავი „გამოითხოვეს“. „რუსთავი 2“-ც დათანხმდა.

–        არ არის  ორ არხზე ერთდროულად მუშაობის პრობლემა? რუსთავი 2“-ზე გახმოვანებაზე მუშაობთ,იმედში სერიალში ხართ დაკავებული...

–        რა, იმიტომ, რომ ჩემზე ექსკლუზიური უფლება არცერთ არხს არ აქვს. მგონი, ყველა მსახიობი ასე უნდა იყოს. ნებისმიერ სხვა არხზეც შემიძლია წავიდე პარალელურად, თუკი საინტერესო შეთავაზება მექნება. „იმედში“ გადაღებებზე მისვლა ჩემთვის სიახლე იყო, ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი... ამ ეტაპზე სეზონი დასრულდა და, სავარაუდოდ, სექტემბრიდან გაგრძელდება. საინტერესო იყო ისიც, რომ ამ დრომდე ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი სცენაზე და როგორ –  კამერასთან. ორივესთან ერთად როგორ უნდა მოვქცეულიყავი, ჯერ არ ვიცოდი და „იმედში“, სერიალის გადაღებებიდან ვისწავლე, იმიტომ, რომ იქ უშუალოდ მაყურებლის წინაშეც თამაშობ და თან კამერები გიღებენ. ეს საინტერესო იყო.

–        ადვილია კომედია ითამაშო? მაყურებლის გაცინება საკმაოდ ძნელია...

–         არ არის რთული. არ მინდა, ისე გამომივიდეს, რომ მე ყველაფერი შემიძლია. უბრალოდ, ყველა ახალი როლი –  მსახიობის ცხოვრებაში ახალი ეტაპია. როცა როლის ძერწვას და სახის ჩამოყალიბებას იწყებ, შემდეგ გამოდის, იღებს როლი თავისებურ სახეს, რომელიც აქამდე არ გითამაშია. არ აქვს ჟანრს მნიშვნელობა, ყველა როლი განსხვავებულია. მთავარი ჩემთვის არის, პროფესიონალებთან მომიწიოს მუშაობა.

გეთანხმებით, ძნელია გააცინო მაყურებელი, გააცინო არა იაფფასიანი ტრიუკით, არამედ – ჯანსაღი იუმორით. მაგრამ ჩემთვის მთავარი არი, ვიმუშაო პროფესიონალებთან და, როცა ასეთ გარემოში ვმუშაობ, საკუთარ თავს არ ვაძლევ უფლებას, მოვეშვა. სტიმული მეძლევა.

მსახიობებს ხშირად გიწევთ გარემოს შეცვლა, სხვადასხვა როლი, სხვადასხვა გუნდი, სხვადასხვა გარემო, ეს ადვილია?

–      ეს ადვილი არა, მაგრამ ძალიან საინტერესოა. იმდენად საინტერესოა, რომ სირთულეები გავიწყდება. კარგ გუნდთან, კარგ ადამიანებთან მუშაობა საუკეთესოა.

–       მაღალანაზღაურებადი შეთავაზება, მაგრამ არა საინტერესო სცენარი და სიუჟეტი... შესაძლებელია, უარი თქვათ?

–       რა თქმა უნდა. თუკი დავინახე, რომ უხარისხო და ხელწამოსაკრავი სიუჟეტი იქნება, უარს ვიტყვი. არ მინდა, იმაზე უარესი აღმოვჩნდე, ვიდრე შემიძლია ვიყო. მაგრამ, მილიონს თუ შემომთავაზებენ, უარს არ ვიტყვი იაფფასიან სიუჟეტზე. მილიონი ჯერ არავის შემოუთავაზებია.

–       თეატრის მსახიობისებისგან მსმენია, რომ არასაინტერესოა, თეატრის შემდეგ კამერებთან ითამაშო, რადგან თეატრში უშუალოდ მაყურებელთან გაქვს კონტაქტი...

–       რიგითობით თუ დავალაგებთ, თეატრი პირველია. იმიტომ, რომ ჯერ თეატრი იყო ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ, ხანდახან სვამენ ასეთ შეკითხვას-თეატრი თუ კინო? მე არ ვაპირისპირებ ერთმანეთთან ამ ორ ადგილს. შეთავსებით, შესაძლებელია, ორივეგან იყო. ეს ორი განსხვავებული ადგილია და ორივე ძალიან საინტერესო. ორივე მიყვარს, ჩემი საქმეა და დიდი სიამოვნებით ვაკეთებ.

–      კინოში რამდენი როლი გაქვთ შესრულებული?

–      რამდენიმე... „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს“, „ჭამა და სექსი“, „გალობის რაინდები“ და ასევე რამდენიმე ფილმი ...

როლი, რომელზეც ოცნებობდით და ჯერ არ დაუკავებიხართ რეჟისორს?

–       როგორც ბევრს მსახიობ მამაკაცს, მეც ძალიან მინდოდა ჰამლეტის თამაში, შემდეგ მინდოდა ფიგაროს როლი. პრინციპში, ახლაც მინდა ორივე როლის შესრულება. არის როლები, რომლებიც ყველამ იცის და არის როლები რომლებიც ბევრმა არ იცის, მაგრამ ძალიან საინტერესოა. ჩემთვის ძალიან საინტერესოა ისეთი მამაკაცის როლი, რომელსაც ბევრი წინაღობა ხვდება ცხოვრების გზაზე. დიდი სიამოვნებით ლაღ კომედიაში ვითამაშებდი.

ისე, რეჟისორები იშვიათად მიდიან ექსპერიმენტებზე,არადა, ძალიან საინტერესო მგონია. ამბობენ ხოლმე, რომ ეს ამას ითამაშებს, ეს ამის როლია. და, მართლაც, ასეა, მაგრამ საწინააღმდეგო რომ ათამაშონ, საინტერესო არ იქნება? თვითონ მაყურებლისთვისაც და მსახიობისთვისაც...

–       კლიშეა შექმნილი, რომ მსახიობებს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით არასერიოზული დამოკიდებულება  აქვთ. არ უჭირთ ოჯახის დანგრევა, ღალატი, თვალის სხვისკენ გაქცევა და .. თუ ყოფილა თქვენს ცხოვრებაში მსგავსი საშიშროება?

–      რატომღაც,ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, თითქოს მარტო მსახიობები შორდებიან ცოლებს და ქმრებს და სხვები არა. მე ამას ვერ დავეთანხმებოდი. არ მგონია, მსახიობები ამ საკითხში სხვა პროფესიის ადამიანებს ვუსწრებდეთ. ეს ყველა სფეროში ხდება, მათ შორის – ჩვენს სფეროში. თვალები გამქცევია და არაერთხელ, ეს არის ბუნებრივი. მაგრამ, გატაცებული, შეყვარებული და აღტაცებული სხვა ქალზე არ ვყოფილვარ. თუ საუბარია იმაზე, რომ ოჯახი უნდა შეინარჩუნო, უკვე ცუდი თემაა. მე და ჩემს მეუღლეს არასდროს გვქონია ეს პრობლემა, რომ ოჯახის შენარჩუნებაზე მიმდგარიყოს საქმე. ოჯახი მაქვს, რომელიც ჩემთვის მთავარია.

–       არ ეთანხმებებთ მოკლევადიან ფლირტს?

–      მსუბუქ სიმპათიას თუ გულისხმობთ, ყველა იპრანჭება, კაცებიც და ქალებიც, ეს ცუდი არ არის. ეს ნორმალურია. მაგრამ რომანზე საუბარი ზედმეტია. როცა ადამიანს მყარი და ჩამოყალიბებული ოჯახი ჰყავს, მითუმეტეს –  ამდენწლიანი, საუბარი ასეთ თემებზე არც არის. მე და მაიას 24 –წლიანი ოჯახი გვაქვს. ჩვენ ბევრი პასუხისმგებლობა გვაქვს ერთმანეთთან. ბევრი რაღაც გვაქვს გადატანილი, სიხარული, გაჭირვება და ა.შ. მე არ ვოცნებობ ვინმე სხვა ქალთან ერთად ვცხოვრობდე. ეს არ მინდება და, მგონი, ჩემი ცოლიც ასეა.

–       როგორია თქვენი და ქალბატონი მაიას ერთი თავისუფალი დღე? რომანტიკულ ვახშმებს თუ იწყობთ ხოლმე?

–      არა, ასეთ რაღაცებს არ ვიწყობთ. ორივეს ცოტა დრო გვაქვს საიმისოდ, რომ სახლში გავატაროთ დრო. დატვირთული დღის რეჟიმი გვაქვს, ის ქართული ენის მასწავლებელია, ძალიან იღლება სკოლაში. როცა თავისუფლები ვართ, ორივეს გვირჩევნია, რომ შინ  ვიყოთ. შეიძლება, ბევრი არც კი ვისაუბროთ, თუკი რამე განსახილველი თემა არ არის. შეიძლება, არც არაფერი ვუთხრათ ერთმანეთს. ორივემ ყოველთვის ვიცით, რას ვფიქრობთ იმ მომენტში. შეიძლება, ამ ყველაფერს სხვამ მოწყენილობა დაარქვას,  მაგრამ ძვირფას ადამიანთან ერთად ყოფნა მოსაწყენი არასდროს არის.შესაძლებელია, სადმე სტუმრადაც წავიდეთ, ოღონდ – იშვიათად.

–       როგორ ერთობა დიმა ტატიშვილი? კლუ, ბარი, სტორანი, ფესტვალი... რამდენად შესაძლებელია  ასე ადგილებში თქვენი ლვა?

–       ასეთ ადგილებში არ დავდივარ, არ მიყვარს. თუმცა, თუ სადმე ბანკეტია, ან ფესტივალის გახსნა, ან რაიმე ამგვარი, მაშინ მივდივარ ხოლმე. თუ თავისუფალი დრო მაქვს და გადავწყვეტ, რომ დალევა მსურს, მირჩევნია, მეგობრები ჩემს სახლში მოვიყვანო, ან რომელიმე მათგანის სახლში შევიკრიბოთ. ჩემი პროფესია იმდენად აქტიურია, რომ აქტიური გართობა აღარ მჭირდება, არ მიმაჩნია აუცილებლად რომელიმე კლუბის მუსიკაზე ძიგძიგი. რესტორნები არ მიყვარს იმიტომ,  რომ იქ ჩემთვის საინტერესო მუსიკა არ ჟღერს, არათუ საინტერესო, არამედ ისეთ მუსიკას უკრავენ, რომელიც არ მსიამოვნებს, შესაბამისად, თავს კომფორტულად ვერ ვგრძნობ. რატომ უნდა მივიდე იქ, სადაც თავს კომფორტულად არ ვგრძნობ?

–       ტყუპი გოგონების მამა ხართ, რამდენად აკონტროლებთ მათ, რამდენად ერევით მათ ცხოვრებაში, სად და ვისთან ატარებენ დროს და .?

–       ასე თუ ისე, ყველაფერი ვიცი. უხეში სიტყვა იქნება, თუ ვიტყვი,  რომ მათ ცხოვრებაში ვერევი. საქმის კურსში ვარ. ისინი, ჯერჯერობით, არ გათხოვილან, ასე რომ, პასუხისმგებლობა ჩემსა და დედამისზეა. დედამისთან უფრო მეგობრობენ, მაგრამ მეც მიყვებიან ბევრ რამეს. ისეთს არაფერს აკეთებენ,  რომ საჩხუბარი გვქონდეს. ერთმანეთის გვესმის. ვთვლი, რომ ჭკვიანი ადამიანები არიან. კარგი განათლება აქვთ. აზრებს ვცვლით ხოლმე. ბევრი ისეთი რამ იციან, რაც მე არ ვიცი, ან პირიქით. ახლა მოგზაურობა სურთ, ფიქრობენ, საიდან დაიწყონ, სად წავიდნენ.  ბარსელონაში აპირებენ წასვლას. ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, ყველგან უნდა წავიდნენ და ბევრი რამ ნახონ. ერთმანეთის გვესმის, დაახლოებით ერთნაირი მუსიკა მოგვწონს, დი ფარფლის კონცერტზეც ერთად ვიყავით. თუმცა, ყოველთვის არის ის დისტანცია, რომ მე მამა ვარ და ისინი – შვილები.

–      მსმენია, ბიჭიც გსურდათ, ამაზე რატომ აღარ იფიქრეთ?

–      90 წელს დაიბადნენ ჩემი გოგოები. ნელ –ნელა,სანამ დალაგდა ქვეყანა, ესენი უკვე წამოიზარდნენ. დიდი განსხვავება იქნებოდა ასაკებს შორის. გაჯანჯლდა ეს ამბავი და მივხვდით,  რომ დაგვიანდა. თუმცა, მეუბნებიან, რომ გვიანი ახლაც არ არის.

თანაც, ექიმებმა მითხრეს, რომ ძალიან დიდი ალბათობა იყო,  ისევ ტყუპი გოგონები მყოლოდა. მე ვიქნებოდი ოთხი გოგოს მამა, გავგიჟდებოდი კიდეც... (იცინის) ეკონომიურად უფრო მყარად რომ ვყოფილიყავით, ალბათ, ვიფიქრებდით. მაშინ თეატრში ისეთი ხელფასი მქონდა,  რომ ოჯახს სამი დღეც არ ყოფნიდა...

–      მსახიობის პროფესიას ხშირად ახლავს კარიერული შეფერხება, როლის არქონა, გრძელვადიანი პაუზა, უფინანსობა... დეპრესია რამდენად ყოფილა თქვენს ცხოვრებაში?

–       მადლობა ღმერთს,  დეპრესიაში არასდროს ვყოფილვარ. ბევრი დრო გადიოდა ხოლმე, სანამ სასურველ როლს მივიღებდი. ყოფილა პერიოდი, როცა ჩემთვის გადაწყვეტილი სასურველი როლი სხვისთვის მიუციათ. მაგრამ, ამ ყვეალფერმა არ დამბოღმა. ყოველთვის ვიცოდი, რომ „ჩემი დროც მოვიდოდა“. სულ ვიცოდი, რომ სჯობდა, მომეთმინა და არ დამწყვეტოდა გული, ხელები არ ჩამომეყარა. ეს ყველაფერი თავისთავად ხდებოდა. ერთი რამ ვიცოდი და გადაწყვეტილი მქონდა, თუკი 35 წლამდე ისე ვიცხოვრები, რომ არაფერს მნიშვნელოვანს არ შევქმნიდი, სხვა რამის გაკეთებას შევეცდებოდი.

–       გქონდა გადაწყვეტილი,რომელ სფეროში მოსინჯავდით თავს?

–       გადაწყვეტილი არაფერი მქონდა, მსახიობობა ჩემი პროფესიაა, რომელიც მიყვარს. შესაძლებელია,  დამეწყო რეჟისორობ –. პროფესია,  რომელშიც უფრო მეტად ხარ საკუთარ თავზე დამოკიდებული. ეს სფერო ძალიან საინტერესოა, მაგრამ ძალიან რთული. ახლა რომ მითხრან, რამე გადაიღე, ან სპექტაკლი დადგიო, უარს ვიტყვი, მირჩევნია ვითამაშო.

–       მუსიკა თქვენი საყვარელი სფეროა. რატომ არ გაყევით ამ საქმეს, მითუმეტეს, რომ ბავშვობაში მუსიკაზე გივლიათ.

–       ამაზე გული ძალიან მწყდება. არ გავაგრძელე ფორტეპიანოზე სიარული, მუსიკალურ სკოლაში. სპორტმა გამიტაცა, წყალბურთმა. მე რომ დამემთავრებინა შვიდწლედი, კარგი იქნებოდა, ეს სფერო ძალიან მიყვარს. ძალიან ხშირად მიტრიალებს თავში სხვადასხვა მუსიკა. ხან ავაწყობ ხოლმე, ხან არა, მაგრამ არ მავიწყდება. ზოგი ლექსებს წერს, ზოგი ხატავს. მე მელოდია მიტრიალებს ხოლმე თავში. ჩემს შეგრძნებებს და ემოციებს მელოდიებში ვახორციელებედი, მაგრამ ამის შესახებ ბევრს არავის ვეუბნებოდი, იმიტომ, რომ არ ვარ ამ საქმის პროფესიონალი.

–       მუსიკას დროს როდის უთმობთ?

–       სახლში, მანქანაში. სხვაგან ვერსად.

ზაფხულის გატარებას სად და როგორ გეგმავთ?

–       ბოლო ხანებში უცნაურობა დამეწყო, როცა საქმე არ მაქვს,კარგად ვერ ვარ. ვთქვათ, ჩავედი ზღვაზე, ერთი დღე მეძინა, მეორე დღეს ზღვაზე გავედი, ვიცურავე, ვჭამე, დავიძინე. მესამე დღეს აღარ მეძინება... ზღვაზე გავატარე დღე და მეოთხე დღეს უკვე ძალიან მომბეზრდა. მთაშიც ასე ვარ, წავალ, ვიქეიფებ და წამოვალ. შეიძლება ვთქვა რომ ერთი კვირა მინდა დასვენება, არც არავინ მირეკავდეს, არც არაფერს ვაკეთებდე მეთქი, მაგრამ რეალურად ორი დღე მყოფნის და შემდეგ უკვე მინდა ისევ ვიმუშაო. წელს, არ ვიცი, დავისვენებ თუ არა, იმიტომ ,რომ მაქვს გეგმები და ,შესაძლებელია ,გადაღებები მქონდეს ორი სხვადასხვა ფილმისთვის.  როცა გადაწყდება, მერე ვიტყვი, რომელი ფილმებია...

ანა ნოდია

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3594
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია