დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სად ატარებენ ქართველები ზაფხულის ცხელ დღეებს?
2013/07/11 17:13:39

„ათი  დღით ბოდრუმში ვისვენებ,  ძალიან მაგარი ავტობუსით უნდა ვიმგზავრო, კონდიციონერით, მაცივრითა და ტელევიზორით“

 

საზაფხულო არდადეგების ციებ-ცხელება. დასასვენებელი ადგილის ძებნა, სამზადისი, ჩემოდნები, ხარჯები...   ყველაფერ  ამას რიგი ადამიანები  წლიდან წლამდე გეგმავენ, ზოგისთვის კი ჯერაც  დაუგეგმავია. ადგილი, სადაც წელს დასვენება პროცენტულად მეტი ადამიანისთვის გახდა ყველაზე სასურველი და ხელმისაწვდომი, საქართველოს მასშტაბებს არ სცილდება. ზღვა, მთა და სხვადასხვა სოფელი – ეს  ის ჩამონათვალია, სადაც ყველაზე ხშირად ისვენებენ. საქართველოს ფარგლებს გარეთ კი დღეს გამოკითხულ რესპონდენტთაგან  მხოლოდ 5 პროცენტი მიემგზავრება.

რა ხარჯებთან არის დაკავშირებული საზაფხულო არდადეგები, ამის შესახებ იხილეთ ჩვენი გამოკითხული რესპონდენტების პასუხები:

 

თამარ მაისურაძე, 52 წლის: "ზაფხულს სოფელში გავატარებ შვილიშვილებთან ერთად. ჩემი შვილი მეუღლესთან ერთად ზღვაზე წავა და ბავშვებს მე დავიტოვებ. მთავარია რომ მათ კარგად დაისვენონ. ზღვაზე დასვენებას, ყოველთვის მთიანი ადგილები მირჩევნია. ჩემი და ჩემი შვილიშვილების დასვენება ძვირი არ ჯდება. ერთი თვის განმავლობაში 300 – დან 400 ლარამდე გვყოფნის. "

ელენე მგალობლიშვილი, 25 წლის: "ზღვაზე წავალ, ბათუმში. ჩემი ასაკის ადამიანები ზღვაზე ბევრად უკეთ ერთობიან და ისვენებენ . ზაფხულს მარტო ამიტომ ველოდები ხოლმე, რომ აჭარისკენ წავიდე. რა თქმა უნდა, ძვირი მიჯდება, 1000 ლარიც არ მყოფნის ხოლმე, მაგრამ, ხშირად ისე ხდება, რომ კლუბებში ფული არ მეხარჯება, სხვადასხვა მოსაწვევისა და ნაცნობ-მეგობრის წყალობით. "

ზურა კიკნაძე, 31 წლის: "ზამთარშივე დავგეგმე წლევანდელი ზაფხული და მეგობრებთან ერთად ყაზბეგში მივდივარ. იქ ბევრი საინტერესო ადგილია. საღამოობით საკმაოდ გრილა. თუმცა, მეგობრებთან ერთად, სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან კარგ დროს ვატარებ, ვმღერით, ვთევზაობთ, ვსვამთ.... ეგრეთ წოდებულ "პახოდებში" სიარული ბევრი არაფერი ჯდება, თითო ადამიანს, ერთი კვირის განმავლობაში, ასიდან ასორმოცდაათ ლარამდე გვჭირდება. საკვები, გადაადგილება...  კარვებში გვძინავს, ამიტომ ადგილის ფასის გადახდა არ გვიწევს."

ქეთევან ლომაშვილი, 38 წლის:" არ ვისვენებ, უფრო სწორად ვერ ვისვენებ, რადგან შესაბამისი ფინანსები ოჯახში არ გაგვაჩნია. სამწუხაროდ, წლიდან წლამდე ოჯახი იმდენს ვერ გამოიმუშავებს, რომ ზაფხულში დავისვენოთ. შვილებს, ალბათ, სოფელში გავუშვებთ, ბებიასთან. მე და ჩემი მეუღლე კი თბილისში ვრჩებით. საკმაოდ ბევრი წელია,არ დამისვენია და ეს ყველაფერზე მოქმედებს. "

მარიამი , 44 წლის:" არ ვისვენებ, მთელი ზაფხული მუშაობა მომიწევს, მასწავლებელი ვარ და სასექტემბროდ წინ დიდი სამზადისი მაქვს. ჩემმა უმცროსმა შვილმა წელს ჩააბარა და ისიც უნდა მოვამზადო სტუდენტობისათვის. წელს ვერ დავისვენებ. ზოგადად, ყოველთვის ზღვისკენ მივდიოდი შვილთან ერთად."

მარი ნაკაიძე, 21 წლის: "ჯერ არ ვიცი, სად დავისვენებ. რა თქმა უნდა,  ზღვაზე მინდა წასვლა, გარუჯვა, გართობა. გააჩნია, რას გადაწყვეტენ ჩემი მშობლები და როგორ დამაფინანსებენ. როცა საკუთარი ანაზღაურება მექნება, ალბათ, ყოველთვის ზღვაზე წავალ. მიყვარს აქტიური დასვენება, მეგობრებთან ერთად გართობა, კლუბი. ისე, სოფელშიც ვერთობი ხოლმე, მეგობრები იქაც ჩამოდიან, მაგრამ ზღვა საუკეთესო ადგილია დასასვენებლად."

გივი რაზმაძე, 23 წლის: "აგარაკზე წავალ, რამდენიმე დღით, მუშაობა ახალი დაწყებული მაქვს და შვებულება ჯერ არ მეკუთვნის. თითქმის ყველა ზაფხულს ჩემს აგარაკზე, ნატახტარში ვატარებ. ბევრი მეგობარი მყავს და კარგად ვერთობით ხოლმე. კარგია, როცა იმდენი საშუალება გაქვს, სადაც გინდა იქ დაისვენო, ჯერ-ჯერობით, მე ამის საშუალება არ მაქვს."

ვანო მამაცაშვილი, 28 წლის: "მეუღლესთან ერთად თურქეთში მივდივარ. თითქმის იგივე თანხა მიჯდება, რაც საქართველოში დასვენება. იქ კი ბევრად მეტი კომფორტი, გართობა და სისუფთავეა. მეტი რომანტიკაც, მილიონობით თვალი არ გიყურებს, რას აკეთებ, სად ჭამ, რატომ დადიხარ ასე და ა.შ. ხო ხვდებით, საქართველოში ყველა ყველას აკვირდება."

ლალი მჭედლიშვილი, 39 წლის: "ზღვაზე წავალ, ალბათ... ჯერ არ დამიგეგმავს ზაფხული, აგვისტოს შუა რიცხვებიდან გავალ ქალაქიდან. მანამდე ვმუშაობ. ამიტომ, არ ვიცი, საითაც ჩემი ამხანაგები წამიყვანენ, იქით წავალ. ზღვა ძალიან მიყვარს, ამიტომ მირჩევნია ასეთ ადგილას დასვენება.  საკმაოდ ძვირი ჯდება დასვენება, ათლარიან ბინაში ვერ გავჩერდებით, სასტუმრო კი ძვირია. მაგრამ, დასვენება იმისთვის არის, რომ ფულიც უნდა დახარჯო და წლის განმავლობაში დაკარგული ენერგია აღიდგინო."

ნინო ხინჩიკაშვილი, 25 წლის: "სოფელში მივდივარ რამდენიმე დღეში. მერე კი ზღვაზე წავალ. ორივეგან კარგად ვისვენებ. მიყვარს აქტიური და მშვიდი დასვენებაც. ამის საშუალება კი ყოველთვის მაქვს. ცოტ-ცოტას ყველგან ვისვენებ, სადაც შემიძლია. სოფელში არაფერი მეხარჯება, ზღვაზეც ვცდილობ, რომ მაქსიმალურად შეღავათიან ფასებში ვიპოვო ბინა. კვებაც არ მიჯდება ძალიან ძვირი. გართობას რაც შეეხება, ეს ინდივიდუალურია, ზოგი ბათუმში იმიტომ მიდის, რომ ყველა კლუბში შევიდეს. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არ არის."

ნანა, 48 წლის: "ზაფხულს სოფელში ვატარებ. იქ ვმშვიდდები ხოლმე. ჩემი პატარა ბოსტანი მაქვს, ვუვლი და გულს ვაყოლებ. ხილი ყოველთვის მაქვს, ჰამაკში ვწვები და ვკითხულობ ჟურნალ-გაზეთებს. კარგი ჰაერი და სიმშვიდეა. ასეთი დასვენება შემიყვარდა. "

 სერგო მანჯგალაძე, 26 წლის: "წელს ბოდრუმში ძალიან იაფად ვისვენებ.  სასტუმროში სამჯერადი კვებით.  ათი დღით მივდივარ,  ძალიან მაგარი ავტობუსით უნდა ვიმგზავრო, კონდიციონერით, მაცივრითა და ტელევიზორით. იმედია კარგი ზაფხული მექნება. თან, ძალიან იაფად, თითქმის 500 დოლარი მყოფნის."

მანანა კიკნაძე, 24 წლის: "იმდენს აქებენ ლოპოტას და  ყვარლის ტბას,  ძალიან მინდა წელს იქ წავიდე. არ ვიცი სასტუმროს ფასები, ან სახლები თუ ქირავდება. ჯერჯერობით,  მეგობრებმა ვერ გადავწყვიტეთ, წავიდეთ თუ არა, მაგრამ ზღვაზე დასვენება არ გვინდა, განსხვავებულ ადგილს ვეძებთ და,იმედია,  სანამ ზაფხული დასრულდება, ვიპოვით და წავალთ." (იცინის)

ქეთევანი, 35 წლის: "ზღვაზე მივდივარ შვილთან და მეუღლესთან ერთად. თუმცა, რამდენად მოვახერხებ დასვენებას, არ ვიცი. პატარა შვილი მყავს და, მგონი, უფრო მეტად ნერვიულობაში გავატარებ ზაფხულს, ვიდრე დავისვენებ. ზღვა ძალიან მიყვარს და გული ყოველთვის იქით მიმიწევს. ბათუმში არ წავალ, ალბათ, სარფისკენ, შეკვეთილისკენ უფრო დავისვენებთ. რა თქმა უნდა, იაფი არ ჯდება დასვენება, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, მინიმალური დანახარჯი გვქონდეს. ალბათ 500-600 ლარი გვეყოფა ერთი კვირა. "

ნინი ქველიძე, 22 წლის: "ბევრგან მივდივარ, ცოტა ხნის წინ სიონიდან ჩამოვედი, ოთხი დღე დავისვენე, ბევრ მეგობართან ერთად და ძალიან კარგი დროც გავატარე. ისე მომეწონა იქ ყოფნა, რომ, ვფიქრობთ, ისევ სიონში წავიდეთ, თუმცა, ბევრი სხვა გეგმაც გვაქვს. ბევრიც არ გვეხარჯება, მთავარია დასალევი გვქონდეს და ერთად ვიყოთ. "

მაგდა  ნინიშვილი, 18 წლის: "ძალიან მინდა ბათუმში წავიდე. აბიტურიენტი ვარ, გამოცდები ჩავაბარე და დასვენება ნამდვილად მჭირდება. მშობლებს უკვე ვთხოვე, რომ მეგობრებთან ერთად ზღვაზე გამიშვან და ფიქრობენ, ალბათ, ვინმეს გამაყოლებენ. მთავარია, რომ ზღვაზე წავიდე და, ვინც უნდა, ის გამაყოლონ, მაინც კარგად გავერთობი. არ ვიცი, რა ჯდება დასვენება, რადგან ზღვაზე მარტო ჯერ არ წავსულვარ. ვიცი, რომ იაფი არ არის."

რატი , 24 წლის:" ალბათ,  წელს ვერ დავისვენებ, ისევე როგორც ბოლო რამდენიმე წელია, ვერსად მივდივარ. ფოტოგრაფი ვარ და ხშირად მაქვს სხვადასხვა შეკვეთა, ამიტომ დასვენება ცოტა ძნელი სათქმელია. ამ ეტაპზე მირჩევნია, ფული დავაგროვო და მერე მივცე ჩემს თავს კარგი დასვენების საშუალება. მიყვარს მთიანი ადგილები, კარგი ხედები, ბუნება... ალბათ, ასეთ ადგილებში დავისვენებდი, ან მარტო, ან მეგობრებთან ერთად... "

სალომე, 27 წლის: "წყნეთში მივდივარ ათი  დღით და სრულიად საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ენერგია აღვიდგინო და სასექტემბროდ მოვემზადო. წყნეთში სახლი მაქვს, აუზიც და იქ მოდიან ჩემი მეგობრები.  ყველაზე სასიამოვნო ზაფხული ყოველთვის წყნეთს უკავშირდება. წელსაც სწორედ ამ ადგილას დავისვენებ. ბევრი არაფერი მეხარჯება, ჩემი მეგობრები თუ მოდიან, სასმელ-საჭმელი მოაქვთ ხოლმე. რა უნდა დაგეხარჯოს, გარდა საჭმლისა და გამაგრილებელი სასმლის, ან ნაყინის ფულისა. ამიტომ, დასვენება ძვირი არ მიჯდება ხოლმე."

ნათელა, 59 წლის: "სოფელში თუ მოვახერხე წასვლა, შვილიშვილებთან ერთად წავალ და დავისვენებ. ისე, დიდი ხანია, არსად წავსულვარ, უფრო შვილების და შვილიშვილების დასვენებაზე ვფიქრობთ ხოლმე. რაჭაში გვაქვს ადგილი და შეიძლება წელს მეც წავიდე რამდენიმე დღით. ჯერ შვილებმა დააწყონ გეგმები და მერე ჩემს თავს მივხედავ. დასვენება იაფი არასდროს ჯდება. პატარებს სხვანაირი დასვენება სჭირდებათ, კვება, გართობა... ჩემი შვილები ყოველთვის მოგზაურობაზე ფიქრობენ, ხან ახერხებენ, ხან-ვერ. მთელი წლის განმავლობაში გროვდება ფული ზაფხულისთვის, რადგან ეს რამდენიმე დღე თუ კვირა კარგად გაატარონ."

ნინო, 28 წლის: "თურქეთში მივდივართ ჩემს ორ დაქალთან ერთად. თითქმის ყოველ წელს თურქეთში ვისვენებ. მას შემდეგ,რაც საკუთარი ფინანსები მაქვს, თავად ვგეგმავ ჩემს ზაფხულს ადგილს, თუ სად წავიდე. თურქეთი არც ძვირი ჯდება და თანაც ბევრად უკეთ ვერთობი. იქ არავის რომ არ იცნობდე, ისედაც გაერთობი, იმდენი შოუ და სანახაობაა. სპეციალურ გასართობებს გთავაზობენ. კარგი დღეები მახსენდება თურქეთთან დაკავშირებით და წელს მეგობრებთან ერთად გავემგზავრები. "

ნუკრი შაიშმელაშვილი, 26 წლის:  "მე უკვე დავისვენე, შვებულება ისეთ დროს მომიწია, ჩემს გარდა, მგონი, არავინ ისვენებდა. ჩემს სოფელში წავედი, კახეთში. ბევრი არ მეხარჯება, როცა სოფელში ვისვენებ. სახლი მაქვს და საჭმელს ბებიაჩემი მიკეთებს. ალბათ, სიგარეტში და მზესუმზირაში თუ დაგეხარჯება იქ ფული. ზღვაზე დასვენება ძვირია და თან, დიდად არც მიყვარს ზღვა. "

ანა ნოდია 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3464
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია