დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ნაწილ-ნაწილად დასაშლელი“ რობი კუხიანიძე და სხვები
2013/07/09 17:10:57

რა პრობლემები აქვს ქართულ როკს?

როკ-მუსიკოსი და მწერალი, სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით პოპულარული ნინო გუგეშაშვილი დღეს „facebook"-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს ჩანაწერს, სადაც საქართველოში მცხოვრებ საუკეთესო მუსიკოსთა სოციალურ–ეკონომიკურ პრობლემებზე საუბრობს.

„ეს ჩვეულებრივი ამბავია, „ბონიემის“ ჩირის სანახავად უფრო დიდი  სიამოვნებით გარბის ზოგი, თან ფულს იხდის, უხარია..." – მსმენელის შესახებ გულისტკივილით აღნიშნავს იგი, როცა იმ ქართველ მუსიკოსთა ბედს აღწერს,  ვინც არასოდეს  ყოფილა ხელისუფლების ფავორიტი.

გთავაზობთ „facebook“–ზე გამოქვეყნებულ ნინო გუგეშაშვილის პოსტს

„ერთი საქმეში ჩახედული კოლეგისგან გავიგეთ – ბოლო წლებში საქართველოში როკის განვითარებისთვის 17 მილიონი დაიხარჯაო. საერთოდ არ გაგვკვირვებია – ქართული როკ-ინდუსტრია ისე დუღს და გუგუნებს, 17 მილიონი კიდევ ცოტაა.
რა თქმა უნდა, „ცოცხალი მუსიკის“ პროექტებით გადაივსო ტელეეთერები, ფესტივალები, შეაგდებენ პროექტში ბავშვს, რომელიც დაბადებიდან მერაია ქერიზე კაიფობს, ან შალახოს უსმენს ფარულად, მისცემენ როკმენის, ან როკვუმენის იმიჯს, გაუწეწავენ თმებს, შეუღებავენ ფრჩხილებს და თვალებს შავად, აკივლებენ, ხან ჯენის ჯოპლინს ადარებენ, ხან რობერტ პლანტს, მერე დამთავრდება პროექტი და საწყალი გზასაცდენილი ბავშვი რჩება ასე გაწეწილი, დადის, დაქანაობს იმიჯშერჩენილი მამლის წაქცეული ბიბილოსავით, არფერი გააჩნია იმიჯის გარდა  ხოლო ვინც დაბადებით და სულით როკმუსიკოსია, ვისაც ასეულობით კომპოზიცია აქვს შექმნილი, ისინი ძირითადად როგორ ცხოვრობენ იცით? რობიმ თქვა ერთხელ კუხიანიძემ გენიალურად: ჯიბიდან ამოიღო საკუთარი კბილი, გვაჩვენა, მე არ მოვკვდები, მე ნაწილ–ნაწილ უნდა დავიშალოო, გვითხრა. მაშინ კი გავიცინეთ – ძალიან სასაცილოდ თქვა, მაგრამ პრინციპში თუ რამე სასაცილოა იმაში, რომ ქართული მილიონებდახარჯული როკი ზუსტად ასეთია – ჯიბით დააქვს საკუთარი კბილები და დაშლილი ნაწილები, მაშინ ეს წკვარამი შავი იუმორია. ისეთ ქართველ როკმენს რა ვუთხარი, 3–4 კბილი მაინც თუ არ აკლია. ვშიშობ, ეს მოდა ცოტა ხანში გრანტიანმა პროექტებმა იმ უმანკო თმაგაწეწილ ბავშვებზე არ გაავრცელონ... ჩემს ფბ და ისე მეგობრებს კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა ვუთხრა – პირადში მიკავშირდებიან და ნამდვილ როკულ–ჰიპურ სპონსორობას მთავაზობენ ხვალისთვის  ზოგი ტორტს, ზოგი – ღვინოს, ზოგი – ლაღიძის წყლებს, ზოგი რაღაც სიურპრიზს მპირდება. ძალიან საყვარლები ხართ, ნუ წუხდებით, ყველაფერი კარგად იქნება. თქვენ გრძნობთ და აფასებთ, რომ ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ, ჯვარი გვწერია,სამთავრობო ფავორიტები, არც ფულიანი ნათესავები გვყავს (ან თუ გვყავს, იმათ ჩვენც ვკიდივართ და მუსიკაც). აწყვეტილი თავისუფალი მუსიკოსები ვართ, ამიტომ ჩვენთან ყველაფერი ძალიან ძნელად და უმაღლესი ბარიერების ძლევის ფასად მოდის, ჯიბეებს ვიჩხრეკთ, ხურდებს და ჩვენს დაშლილ ნაწილებს ვაკოწიწებთ, ხან გადავიხდით სარეპეტიციოს, მაგრამ ბენზინზე აღარ გვყოფნის და ხელით მივაგორებთ მანქანას, ხან ვერც სარეპეტიციოს გადავიხდით და ფიქრში ვვარჯიშობთ, თვალები ბუნებრივად გვაქვს ჩაშავებული და თმები ბუნებრივად გაწეწილი :)) ჯინსებიც ბუნებრივად გვეხევა  და რამდენიმე წელიწადში ერთხელ რომ კონცერტი გავმართოთ, რა პრობლემებს უნდა ვძლიოთ, ხომ ვერ აგიწერ. ჰოდა, ჩემო კეთილო და გოჭივით ენაკვიმატო  ამ ფონზე რომ მომწერ პირადში, თუ ერთი ადგილი ავწიე, აუცილებლად მოვალ კონცერტზეო, ამას არ ჯობია ისევ ძველსტუდენტური გაიხსენო და "ბებია მომიკვდა" მოიმიზეზო? 
ან საერთოდ არაფერი არ მოიმიზეზო, დარჩე ჩუმად სახლში და გულისყური მიუგდო შენს ერთ ჭკვიან ადგილს და მისი დირექტივებით ცხოვრება მშვიდად განაგრძო? ;))) არ იღელვო, ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს 
ნარინჯი და თურინჯი
ირეკლება ბროლში,
კაბა ნარინჯისფერი
ჩაგიცვია თოვლში,
ეჰეი, საქართველოა,
ეჰეი, როგორ ცხელა,
თეთრი მთაგრეხილები,
წითელი საპოვნელა.
ალხანა და ჩალხანა
შეეზარდნენ სუფრას,
ქეიფობენ, ჩამსხდარან, 
ერთი ქალი უყვართ,
ეჰეი, საქართველოა, 
ეჰეი, ქალი ჭკნება, 
ძმობაა და ამბავი
და არ შეიძლება.
ჰეიდა, საქართველოა,
ქალი იკარგება,
კარის მეზობელია –
რავა შეიძლება!
გზათა გასაყარია,
ნაბახუსევია,
ცოტა წილნაყარია,
ცოტა სულელია,
ჩამოუვლის თეთრი რაში –
დგას, არ მოახტება, 
ჩამოუვლის შავი რაში –
არსად არ მიჰყვება,
ამერი და იმერი, 
აირ–დაირევი,
ალთა–ბალთა ირემი,
აჩხა–ბაჩხა მთები,
ეჰეი, საქართველოა, 
ეჰეი, ლამაზია, 
გარეთ დასავლეთია,
შიგნით – კავკასია,
ჰეიდა, საქართველოა, 
ეჰეი, როგორ ცხელა, 
თეთრი მთაგრეხილები, 
წითელი საპოვნელა.
ამ სიმღერას ხვალ ვერ დავუკრავთ, ყველაფერს ხომ არ დავუკრავთ? უბრალოდ, ლექსად მინდოდა თქმა და გითხარით. " 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1846
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია