დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თეატრის მოღვაწეები დახმარებას ითხოვენ
2013/06/24 14:45:13

იმერეთის სახელმწიფო თეატრების თანამშრომლები საერთო პრობლემის წინაშე ერთიანდებიან. რეგიონის ხუთი თეატრის (ლადო მესხიშვილის,  ბალანჩივაძეების, იაკობ გოგებაშვილის, აკაკი წერეთლისა და უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო თეატრები) შემოქმედებითი და ტექნიკური პერსონალი სახელფასო ანაზღაურებასთან ერთად ასაკობრივი პენსიის დანიშვნას ითხოვს.

 

ხუთივე თეატრის კოლექტივი თავიანთ ხელმძღვანელებთან და „თეატრალური საზოგადოების“ ქუთაისის განყოფილებასთან ერთად ბოლო სამი წელია პრობლემის მოგვარებისთვის იბრძვის. ქუთაისის, ჭიათურისა და ზესტაფონის თეატრალური საზოგადოება სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მეთოდებით ცდილობდა, მცირე ანაზღაურების პირობებში, თანამშრომლებისთვის ასაკობრივი პენსიის დანიშვნისთვის მიეღწია, თუმცა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, პრობლემა კვლავ პრობლემად რჩება. 

საქმე ისაა, რომ საქართველოს მასშტაბით ყველა სახელმწიფო თეატრი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსს ატარებს, რის გამოც კანონით ამ სტატუსის მქონე დაწესებულების თანამშრომლებისთვის საპენსიო ფონდი არ არსებობს. თუმცა, რამდენიმე წლის წინ გამონაკლისი დაიშვა პედაგოგებისთვის და ისინი, უკვე წლებია, ხელფასთან ერთად ასაკობრივ პენსიასაც იღებენ. როგორც თეატრების თანამშრომლები ამბობენ, პრობლემის მოგვარება მარტივი გზით, კანონში ცვლილებების შეტანით, ან სახელფასო ფონდის შექმნით არის შესაძლებელი, რაც კონკრეტული პირების „კეთილ ნებაზეა“ დამოკიდებული. 

ბოლო სამი წლის უშედეგო ბრძოლის შემდეგ, სრულიად თეატრალური საზოგადოება პრობლემის მოგვარებაში მთავარ პასუხიმგებლობას საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარეს, საქართველოს პარლამენტის დეპუტატს გოგი ქავთარაძეს და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს აკისრებს.

„მთელი ეს სამი წელი დაპირებებით გვკვებავდნენ. ხან გვეუბნებოდნენ, რომ საკითხი შემუშავების პროცესში იყო, ხანაც თითქოს კომისიაზე იყო გატანილი, ხანაც მოდიოდა ინფორმაცია, თითქოს კომიტეტში გასატანად მზადდებოდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, არაფერი არ მოხდა. დაახლოებით, ერთი თვის წინ კი მივიღეთ პასუხი, რომ, რადგან ჩვენ ვართ საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ამიტომ არ ეკუთვნის ჩვენს მსახიობებს პენსია. ეს არ არის სწორი.  40 და 45 წელი რომ მუშაობს მსახიობი  და მთელი მისი ცხოვრება ამ სფეროს მიუძღვნა, ნუთუ არ იმსახურებს იმას, რომ ხელფასთან ერთად მიიღოს პენსიაც? მოგვაქციოს ყურადღება კულტურის სამინისტრომ, პარლამენტმა და შევიდეს ცვლილება  კანონში, რათა ამ ხალხმაც მიიღოს კუთვნილი პენსია,“ - აცხადებს ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის სახელმწიფო თეატრის მმართველი როზა დვალიშვილი.

„ის, რომ მსახიობის შემოსავალი აკმაყოფილებდეს საარსებო მინიმუმს, ეს ჩემს ინტერესშიც შედის. პრობლემა არის სახელმწიფოში. არ შეიძლება, ვიღებდეთ ისეთ კანონს, რომელიც ხშირად საჭიროებს  შეცვლას. არ უნდა ვყოფდეთ საპენსიო ასაკის მქონე ადამიანებს იმის მიხედვით, მუშაობს თუ არა იგი თეატრში. მათი უზრუნველყოფა პენსიით, ვინც ასაკის მიუხედავად  ქმედუნარიანია, სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაფასება და პატივისცემა იმ ადამიანებისა, ვინც მთელი თავისი ცხოვრება თეატრს მიუძღვნა,“ - მიაჩნია ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების სახელმწიფო თეატრის მმართველს ია იაშვილს. მისი თქმით, თოჯინების თეატრის საპენსიო ასაკის მქონე თანამშრომლები შეუცვლელები არიან, რადგან მათ მრავალწლიანი პრაქტიკის შედეგად თავიანთი საქმე ხელოვნებად აქციეს.

საპენსიო ასაკის 10 თანამშრომელია დასაქმებული ჭიათურის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. თეატრის მმართველი ნანა წერეთელი ამბობს, რომ მისი თანამშრომლებისთვის ხელფასთან ერთად პენსიის მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„რაიონულ თეატრებში განსა-კუთრებით მწვავედ დგას ეს პრობლემა, რადგან ჩვენთან მიზერულია მსახიობის ანაზღაურება. თუ რამდენიმე წლის წინ მოხდა ცვლილება კანონში და ყველა სფეროს პედაგოგს მიეცა ხელფასთან ერთად პენსია, რატომ არ შეიძლება, იგივე მოხდეს ჩვენს შემთხვევაშიც? ცოტანი დარჩნენ ასეთი  ადამიანები და ვფიქრობ, არ უნდა იყოს  დიდი პრობლემა მათთვის სახელფასო ფონდის გამოყოფა. უნდა დავაფასოთ ის ადამიანები, ვინც მთელი ცხოვრება თეატრს მიუძღვნა,“ - ამბობს ჭიათურის „აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის“ ხელმძღვანელი ნანა წერეთელი.

იმერეთის მასშტაბით, თეატრის თანამშრომელთა საშუალო ხელფასი 200 ლარს არ აღემატება, რაც თითქმის ნახევარია თბილისში არსებული თეატრების მსახიობთა ხელფასისა. აქედან გამომდინარე, თეატრების თანამშრომელთა თქმით, მათთვის საპენსიო ანაზღაურება ორმაგად მნიშვნელოვანია.

„ისედაც დაბალი ანაზღაურება გვაქვს და პენსია მაინც მოგვცენ. კანონი ყველასთვის უნდა იყოს თანასწორი. თუ იღებს სხვა, უნდა მივიღოთ ჩვენც. რატომ ხდება დიფერენცირება? რა დააშავეს თეატრის მსახიობებმა და ტექნიკურმა პერსონალმა, და რატომ ხდება, რომ ჩვენს გარდა კულტურის სფეროს ყველა წარმომადგენელი იღებს ამ თანხას? ყველა, ვისაც ხელეწიფება ამ საკითხის მოგვარება, უნდა ჩაერთოს და დაგვეხმაროს,“ - ასეთია ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის თეატრის დამსახურებული მსახიობის და სპექტაკლების წამყვანი რეჟისორის ფოთოლა დუნდუას აზრი. 

„55 წელია, თეატრში ვმუშაობ. 101 როლი მაქვს ნათამაშები. ძალიან ცოტა შემოვრჩით  ასეთი მსახიობები. თუ დაგვეხმარება სახელმწიფო და დაგვაფასებს,  ჩვენც მეტი ენთუზიაზმი გვექნება. მთელი ცხროვრება თეატრში გაატარეს ამ ადამიანებმა და ნამდვილად იმსახურებენ სახელმწიფოსგან თუნდაც იმ მიზერულ თანხას, რასაც პენსია ითვალისწინებს. მოგვაქციოს სახელმწიფომ ყურადღება!“ - ამბობს ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის აქტიორი, რესპუბლიკის დამსახურებული მსახიობი ლამარა ვაშაკიძე.

თეატრის თანამშრომლებისთვის სახელფასო ანაზღაურებასთან ერთად პენსიის  დანიშვნისთვის რამდენიმე წელია იბრძვის საქართველოს თეატრალური საზოგადოების იმერეთის განყოფილების თავმჯდომარე ლევან როხვაძე. მისი მცდელობის შედეგად, თეატრალების პრობლემის შესახებ უკვე იციან საქართველოს პარლამენტში.  თეატრალური საზოგადოების აქტიური წევრი და ჟურნალ „თეატრალური ქუთაისის“ დამფუძნებელი ბოლო იმედს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გასაგზავნ წერილზე ამყარებს.

„იმერეთი არის ქართული თეატრის აკვანი. არ შეიძლება უყურადღებოდ ვტოვებდეთ იმ ადამიანებს, ვინც ქართული თეატრის ისტორიას ქმნის. ეს ის ხალხია, ვისაც თეატრის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია და მათ დაფასება სჭირდებათ. საერთოდ,  მიმაჩნია, რომ მიტოვებულია ეს სფერო. მოხმარება და გვერდით დგომა სჭირდება ამ ადამიანებს. ისედაც დაბალი ანაზღაურება აქვთ თეატრის თანამშრომლებს და პენსია მაინც უნდა ჰქონდეთ, რომ არ დაკარგონ ენთუზიაზმი. ახლა სჭირდებათ მათ  დახმარება, დაფასება, რომ ითამაშონ ბევრი პრემიერა და შექმნან ბევრი კარგი სპექტაკლი. არ მოვისვენებ, ვიდრე მიზანს არ მივაღწევ და არც იმათ მოვასვენებ, ვისაც ამ საკითხის მოგვარება შეუძლია,“ - აცხადებს ლევან როხვაძე.

დამაიმედებელ პროგნოზებს არ აკეთებს საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი ქავთარაძე. ის პრობლემის მოგვარების რამდენიმე გზას ასახელებს, თუმცა ვერ აკონკრეტებს, როდის დადგება დღის წესრიგში თეატრის მოღვაწეებისთვის პენსიის დანიშვნის საკითხი.

„ამ ეტაპზე სახარბიელოს ვერაფერს გეტყვით. ჯერჯერობით, გაჩერებულია ეს საკითხი. არის შესაძლებლობა, რომ ვიცე-პრემიერ გიორგი მარგველაშვილთან დავაყენოთ საკითხი. სოციალურ საკითხთა დეპარტამენტსაც შეიძლება მივმართოთ. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ვანო კიღურაძეც მინდა ჩავაყენო საქმის კურსში. რამდენიმე საშუალებით შეიძლება პრობლემის მოგვარება. შესაძლებელია, კანონში შევიდეს ცვლილება, ან ცალკე გამოიყოს ფონდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე საკითხი ღიაა და, კონკრეტულად, არაფრის თქმა არ შემიძლია,“ - განაცხადა გოგი ქავთარაძემ. 

რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს ივანე კიღურაძეს, მან გაზეთ „P.S.“-თან საუბარი არ მოისურვა.

არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო თეატრებში, საპენსიო ასაკის მქონე 170 თანამშრომელია დასაქმებული. მარტივი დაანგარიშებით, მათი წლიური საპენსიო ანაზღაურებისთვის მხოლოდ 255 ათას ლარიანი ფონდია საჭირო.

სრულიად იმერეთის თეატრალური საზოგადოება იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება გამოიჩენს „კეთილ ნებას“ და  ღვაწლმოსილ ხელოვანებს  კუთვნილ სახელმწიფო პენსიას დაუნიშნავს.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2457
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია