დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მუზეუმი „საწერეთლო“, რომელსაც თანადგომა სჭირდება
2013/06/03 12:22:05

საქართველოში სამუზეუმოდ ბოლო ათწლეულებში აღარავის ეცალა, მაგრამ სწორედ ამ დაწესებულებებში დაცული ექსპონატებით შეგვიძლია ვიამაყოთ და თავი მოვიწონოთ მსოფლიოს წინაშე. მართალია, საქართველო მუზეუმების რაოდენობით ვერ გაუტოლდება ლიდერ ქვეყანა ფინეთს, მაგრამ ისეთი დიდი ხნის ისტორიის მქონე ქვეყანა, როგორიც საქართველოა, მსოფლიოს წინაშე ყველაზე ღირსეულად მაინც მუზეუმებით წარსდგება.

ამასწინათ უჩვეულო მუზეუმი ვნახე საჩხერეში. მის შესახებ ერთმა ნაცნობმა ხელოვანმა მიმითითა. მიუხედავად იმისა, რომ საჩხერე პატარა, პროვინციული ქალაქია და ყველა ერთმანეთს იცნობს, როცა მუზეუმი „საწერეთლო“ ვიკითხე, მის შესახებ არცერთმა გზაში შემხვედრმა  არაფერი იცოდა. არადა, თურმე ზედ მუზეუმის კართან ვდგავარ და კარის მეზობლებმაც კი არ იცოდნენ იმის შესახებ, რომ უნიკალური ძეგლთსაცავია შუაგულ საჩხერეში.

  სატელეფონო კომუნიკაციით აკადემიკოს სერგი დურმიშიძისეულ სახლს მივადექი, სადაც სამხარეთმცოდნეო-ეთნოგრაფიული მუზეუმი მოუწყვია ანდრო გაფრინდაშვილს. ძალიან გამიკვირდა, რომ ბატონი ანდრო ბუღალტერ-ეკონომისტი აღმოჩნდა და მაინც მიმოფანტულ ექსპონატებს დიდი რუდუნებით აგროვებს - ასეთ რამეს უფრო ხელოვანები ან ისტორიკოსები „იკიდებენ ტვირთად“. ორი წლის წინ მას, ლევან ჩხეიძეს, ჟანა შუკაკიძეს, ეკატერინე ცერცვაძესა და მარიამ გოგობერიშვილს აზრად მოსვლიათ, რომ საწერეთლოში გაფანტული მნიშვნელოვანი წერილობითი, ფოტო და სხვა ტიპის მასალები მოეგროვებინათ, დაეხარისხებინათ და მომავალი თაობისათვის შეენახათ.

მასპინძელი მოზრდილა იმერულ ეზოში შემომეგება, მისალმების მერე მითხრა, რომ მიცნობდა „ფეისბუქიდან“ და გაზეთებიდან, მერე მიმიწვია სახლის მეორე სართულზე, სადაც მუზეუმის ექსპონატებია პრიმიტიულად გამოფენილი.

 პატარა საკაბინეტო მაგიდა სავსე იყო კატალოგებით, რომლებსაც, ეტყობოდათ, რომ ახლახან მიანებეს თავი (იმერული წესია, თავზე ცეცხლიც რომ გეკიდოს, სტუმარს მაინც უნდა დიდი პატივით დახვდე). დაახლოებით, 3700 ექსპონატი უკვე ნუმერაციამინიჭებული იყო და ჯამში 9 ათასამდე ღირებული ნივთი - არასაგამოფენო სივრცეში „დაბინავებული“.

„ჩვენ არ გვაქვს დაფინანსება, არც საგამოფენო ვიტრაჟები. ამჯერად ჩვენი მიზანი უფრო ექსპონატების მოგროვება და დახარისხებაა, ვიდრე მათი საგამოფენო თვალსაზრისით წარმოჩინება“, - თქვა ანდრო გაფრინდაშვილმა.

 2012 წლის მუნიციპალური ბიუჯეტის პროექტში ჩაუსვამთ აღნიშნული მუზეუმი 10 ათასიანი დაფინანსების მოთხოვნით, მაგრამ არ დაუმტკიცებია საჩხერის საკრებულოს.

 რაც შეეხება მუზეუმის ამჟამინდელ ბაზას, 1915 წელს აგებული სერგი დურმიშიძის სახლია. ცნობილი საჩხერელი აკადემიკოსის შთამომავლობას, რომლებიც საჩხერეში არ ცხოვრობენ, უფასოდ, დროებით სარგებლობაში დაუთმია მუზეუმისათვის.

 გარდა იმისა, რომ ბატონი სერგი დიდი მეცნიერი იყო, მას თავის დროზე მნიშვნელოვანი როლი შეუსრულებია საჩხერის ეთნოგრაფიული მუზეუმის დაარსებაში. მას გარდაცვალების შემდეგაც სამუზეუმო საქმიანობისათვის „კარგის კეთება“ დაჰბედებია - ასე ადვილად ამხელა ფართს არავინ უთმობს უფასოდ ვინმეს.

 გარდა იმ სამეცნიერო და საზოგადოებრივი ცხოვრებისა, რომლითაც ბატონი სერგი იყო ცნობილი, ერთი საინტერესო დეტალიც შევიტყვე დურმიშიძეების შესახებ. ვასილ დურმიშიძეს, აკადემიკოსის მამას, ერთი შვილი იმის გამო გარდაცვლია, რომ რაჭიდან ყინული ვერ ჩამოუტანია, უფრო სწორედ - გზაში დამლღვალა. ამის შემდეგ მას გადაუწყვეტია, რომ საყინულე მოეწყო საჩხერეში. 80 კუბური მეტრის მოცულობის ღრმა სარდაფი გააკეთებინა (ახლაც არსებობს) და სამკურნალო დანიშნულებით, საჩუქრად აძლევდა საჩხერლებს. ამ სარდაფში ზამთრობით ყინულს ეზიდებოდნენ და მთელი წლის განმავლობაში ვაჭრებსა და მედიკოსებს მისი გამოყენება შეეძლოთ. მუზეუმში ამჟამად დაცულია პრიმიტიული რეფრეჟატორი, რომელიც, სინამდვილეში, კარადაა და მის ერთ განყოფილებაში იყრებოდა ყინულის ნამსხვრევები, რომელიც მთლიან კარადას აციებდა.

 მუზეუმის ერთ-ერთ თვალსაჩინო ექსპონატად თამამად შემიძლია დავასახელო ნინო ძინძიბაძე-დადიანის მიერ დამზადებული ნაქარგი „დედა ენა“, რომელიც ზუსტი ანალოგია იაკობ გოგებაშვილისეული წიგნისა. ჩემი პროფესიული ინტერესი ამ ნაქარგმა წიგნმა ნამდვილად დაიმსახურა, თუმცა, უამრავ ფოტომასალას შორის ასევე დაცულია რამდენიმე ორიგინალური ფოტო, მათ შორის - მე-19 და მე-20 საუკუნის მკვიდრ ხელოვნების, სამეცნიერო და საზოგადო მოღვაწეთა, რომლებსაც გულგრილად ვერავინ გადახედავს. აქ ნახავთ გრიგოლ აბაშიძის, გალაკტიონის, აკაკი წერეთლის, ნოდარ დუმბაძისა და სხვათა ფოტოებს, რომლებიც საზოგადოების (უფრო - სიძველეთა მოყვარულთა და მეცნიერების) დიდ ყურადღებას უთუოდ იმსახურებს.

 ელისაბედ წერეთლის ფოტოს მუზეუმის დამაარსებელი ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ექსპონატად მიიჩნევს. ელისაბედ წერეთელი რაჭველი წულუკიძის ასული იყო, შემდეგ საჩხერეში გათხოვილა და ის  ზედმიწევნით გავლენიანი ქალბატონი ყოფილა იმდროინდელ საქართველოში, რადგან მის სახელს უკავშირდება საჩხერის წმინდა ნინოს ტაძრის ( ე.წ. სობოროს) და რკინიგზის სადგურის აშენება. მისი  აქტიურობით, ჭიათურა საჩხერეს სარკინიგზო ხაზით დაკავშირებია.

მუზეუმი დიდი პატივით ინახავს აკაკი წერეთლის ერთ ნაკლებადცნობილ ფოტოს, რომელიც გადაღებულია ჭიათურაში ათეულობით ადამიანთან ერთად, დავით ნიკოლოზის ძე აბაშიძის (ცნობილი ფოტოგრაფი იყო) მიერ.

- ყველაზე მეტად მინდა, რომ მუზეუმს შესაფერისი ბაზა ჰქონდეს. მართალია, დურმიშიძეებმა უსასყიდლოდ დაგვითმეს ეს სახლი, მაგრამ აუცილებელია, რომ მუზეუმისათვის შესაფერისი შენობა შევისყიდოთ. სამწუხაროდ, ამისი მატერიალური შესაძლებლობები არ გვაქვს. სხვიტორში წერეთლების ერთი საგვარეულო სახლია. ის ადრე ბეჟან წერეთელს ეკუთვნოდა, მერე მასში კოლმეურნეობის კანტორა გაუხსნიათ, კოლექტივების დარღვევის შემდეგ შენობა მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. მისი შეძენა და ვიტრაჟები ახლა ამ 9 ათასიანი მუზეუმისათვის აუცილებელია, რომ ამდენი ექსპონატი სამზეოზეც გამოვიტანოთ და დავიცვათ კიდეც. თუ ვინმე დაგვეხმარება და ამ მადლიან საქმეს გააკეთებს, საშვილიშვილოდ შეგვრჩება ჩვენი წარსულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. საწერეთლოში ზემო იმერეთის 45 სოფელი შედიოდა და ყველგან ვეძებეთ და შევაგროვეთ ეს ექსპონატები. მათი დაკარგვა დიდი სირცხვილიც იქნება ახლა. მე არ მინდა ხელფასი, უბრალოდ, სამუზეუმო ბაზა, მუზეუმის გიდი და მცველი საკმარისია იმისათვის, რომ საამაყო წარსულიც შევინარჩუნოთ და ტურისტული მიზნებიც განახორციელოს საჩხერემ, - აღნიშნა „პოსტსკრიპტუმთან“ საუბრისას ანდრო გაფრინდაშვილმა.

გამომშვიდობებისას მასპინძელს დავპირდი, რომ საინფორმციო მხარდაჭერას მაქსიმალურად ვეცდები და საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასაც ვთხოვ, რომ საინტერესო მასალები გაციფრდეს, რათა ონლაინ რეჟიმშიც გახდეს შესაძლებელი ამ უჩვეულო მუზეუმის ექსპონატების დათვალიერება. ამ ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა ონლაინმუზეუმები, რომლებიც რეალურად ექსპონატების დათვალიერებას ვერ გაუწევს კონკურენციას, მაგრამ ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, მართლაც სასურველი მიგნებაა.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2093
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია