დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ხარაგაულის სახალხო თეატრი ბულგარეთშია მიწვეული
2013/06/03 12:14:43

ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის შესახებ მინდა გიამბოთ. 1910 წელს სპირიდონ კიკნაძის ეზოში გაიმართა წარმოდგენები, რომლის სულისჩამდგმელებიც იყვნენ ხარაგაულელი  მოქალაქეები შალვა ხარაძე და ასკალონ ლომსაძე. ეს ადამიანები ცდილობდნენ ნიჭიერი ადამიანების შემოკრებას თეატრალურ დასში, რადგან იმდროინდელ ხარაგაულში თეატრალურ წარმოდგენებს არ ჰქონდათ მხოლოდ წმინდა სახელოვნებო დანიშნულება. მაშინდელი თეატრი სოციალური და პოლიტიკური ლოკომოტივის ფუნქციას ასრულებდა. მოყვარული მსახიობების გვერდით ხარაგაულელთა სპექტაკლებში მონაწილეობდნენ შალვა დადიანი, მარო მდივანი, ვასო ურუშაძე, გრიგოლ ჩარკვიანი და ვასო აბაშიძე.

 

პუბლიცისტი ვლადიმერ მაჭავარიანი იხსენებს, რომ ხარაგაულში სხვადასხვა როლი შეუსრულებიათ ქართული თეატრის ვარსკვლავებს ვერიკო ანჯაფარიძეს და მიხეილ ჭიაურელს. სხვათაშორის, მახსოვს, რომ ხარაგაულის ერთ პატარა სოფელში, იგორეთში, ამაყობდნენ, რომ დები იშხნელების კონცერტი უშუალოდ მოუსმენიათ.

მე-20 საუკუნის 20-იან წლებში სცენისმოყვარეთა დასს რკინიგზის კლუბში ჰქონდა ადგილსამყოფელი. დასს ხელმძღვანელობდა კლუბის გამგე ნოე აბაშიძე. 30-იანი წლებიდან თეატრალური დასი უკვე მუდმივმოქმედი გახდა და 1943-1947 წლებში სახელმწიფო თეატრის სტატუსი ჰქონდა. 1947 წელს სახელმწიფო თეატრი გაუქმდა, მაგრამ მოყვარულთა კოლექტივი აგრძელებდა მოღვაწეობას, რის საფუძველზეც 1959 წელს სახალხო თეატრის წოდებაც მიენიჭა.

იმის გამო, რომ სახალხო თეატრის პირველი რეჟისორი რესპუბლიკის დამსახურებული რეჟისორი ოთარ აბაშიძე იყო, თეატრი მის სახელს ატარებს. ოთარ აბაშიძე არა მარტო კარგი რეჟისორი, არამედ შესანიშნავი მსახიობიც გახლდათ და საინტერესო როლებიც გააცოცხლა სცენაზე. 1967 წლიდან თეატრს სათავეში ჩაუდგა თამაზ კიკნაძე, რომლის ხელმძღვანელობისას პოლიკარპე კაკაბაძის, დავით კლდიაშვილის, რაფიელ ერისთავის პიესები დაუდგამთ.

ერთ-ერთი განსაკუთრებული მიღწევა მოუტანა თეატრს 1990 წელს დადგმულმა „დარისპანის გასაჭირმა“(გრან-პრი დაიმსახურა საკავშირო თეატრალურ ფესტივალზე).

2004 წლიდან ხარაგაულის თეატრს ხელმძღვანელობს ირინე ჩხეიძე, რომლის ხელმძღვანელობითაც დაიდგა „ნატვრის ხე“, „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი“, „თანამდევი სული“, „და დროც გაჩერდება“. 

სპექტაკლი „თანამდევი  სული“, რომელმაც თეატრს განსაკუთრებული წარმატება  მოუტანა, 2007 წელს დაიდგა  და მიეძღვნა ილია ჭავჭავაძის 170 წლისთავს.  2009 წელს სპექტაკლი წარადგინეს ბათუმში, საქართველოს   ფოლკლორის  სახელმწიფო ცენტრის მიერ გამართულ კვირეულზე. 2010 წელს  სპექტაკლი უჩვენეს ყვარელში.  2012 წელს -  თბილისში.

2012 წლის  ივნისში ქუთაისში გაიმართა იმერეთის თეატრალური  ფესტივალი, სადაც მონაწილეობდა იმერეთის მხარის ყველა  მუნიციპალიტეტის თეატრი. ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის  სახალხო თეატრმა წარმოადგინა ილია ჭავჭავაძის  ნაწარმოებების  მიხედვით შექმნილი სპექტაკლი „თანამდევი სული“ (სცენარის ავტორი და რეჟისორი ირინე ჩხეიძე) და ფესტივალის  მთავარი  ნომინაცია - „საუკეთესო  სპექტაკლი“ მოიპოვა.

თეატრისათვის განსაკუთრებულად წარმატებული 2013 წელი აღმოჩნდა.  26  აპრილიდან  2  მაისის  ჩათვლით, თურქეთის  რესპუბლიკის ქალაქ ქემერში მიმდინარეობდა თეატრალური ფესტივალი,  რომლის ორგანიზატორები  იყვნენ  ქ. ქემერის  კულტურის  განყოფილება, კლასიკური  მუსიკის განვითარების  კავშირი „ჰარმონია“ და საქართველოს  ტექნიკური  უნივერსიტეტის  თეატრ-სტუდია  „მოდინახე“. აღნიშნულ  ფესტივალზე ხარაგაულის  სახალხო თეატრმა  „გრან-პრი“ დაიმსახურა  და მიწვეულ იქნა ბულგარეთში, თეატრალურ ფესტივალზე, რომელიც მიმდინარე წლის 27 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

იმედია, ხარაგაულის სახალხო თეატრი მოახერხებს ბულგარეთში გამგზავრებას, რათა კიდევ ერთხელ შეძლოს ქართული კულტურის წარმოჩინება და გამარჯვებით დაბრუნება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2039
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია