დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოში სიღარიბის ზღვარს მიღმა 77 ათასი ბავშვი იმყოფება - დისკუსია Press- კლუბში
2013/06/01 14:46:27

დღეს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ინტერნეტპორტალ www.psnews.ge-თან  არსებულ Press-კლუბში ამ დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ქუთაისში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისის წარმომადგენელმა, ბავშვთა უფლებების დაცვის თავლსაზრისით, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განიხილეს. დისკუსიაში აქტიურად ჩაერთვნენ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მოსწავლეები, რომლებმაც აქცენტები ბავშვთა უფლებების დაცვასთან არსებულ პრობლემებზე გააკეთეს.

არასამთავრობო ორგანიზაციის „დედათა და ბავშვთა დაცვის ლიგის“ ხელმძღვანელს, მანანა მანაგაძეს, ერთ-ერთ უმთვარეს პრობლემად,  მშობელთა მიგრაცია მიაჩნია, რის გამოც ბავშვები ვერ ახერხებენ იცხოვრონ ჰარმონიულ გარემოში. „ბავშვთა უფლებების დაცვა პირდაპირ არის დამოკიდებული იმ სოციალურ პოლიტიკაზე, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს. მიგრაცია არის უმნიშვნელოვანესი პრობლემა. როცა ბავშვს არ აქვს შესაძლებლობა  იცხოვროს საკუთარი დედის მზრუნველობის ქვეშ, პირდაპირ ნიშნავს მისი უფლებების დარღვევას“ -ამბობს  მანანა მანაგაძე.

თავად მოსწავლეების მიერ დასმული კითხვების უმრავლესობა ეხებოდა განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს, სადაც, ასევე, ირღვევა მათი უფლებები. „ქუთაისის განათლებისა და დასაქმების ცენტრის“ წარმომადგენელის, ნათია ნამიჭეიშვილის თქმით, სკოლებში ამ თვალსაზრისით, უმთავრესი პრობლემა არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის სათანადო გარემოს არარსებობა. „ გადადგილების პრობლემები, მშობლები, რომლებიც ერიდებიან საკუთარი შვილების ადაპტაციას გარემოსთან -ეს ის საკითხებია, რომლებიც უმთავრეს პრობლემებს წარმოადგენს მოზარდისათვის. სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ ბავშვებს ჰქონდეთ სათანადო გარემო, რათა მიიღონ სრულყოფილი განათლება. ჩვენი ორგანიზაციის მთავარი მიზანია, ბავშვებმა არათუ იცოდნენ საკუთარი უფლებები, არამედ დაიცვან კიდეც და ამ ცოდნას მათ  სკოლა უნდა აძლევდეს“ -ამბობს ნათჲა ნამიჭეიშვილი.

როგორც შეხვედრაზე გაირკვა, საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული არაერთი პრობლემა მოხვდა სახალხო დამცველის 2012 წლის ანგარიშში. სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისის წარმოამდგენელის, გიორგი ლაბაძის თქმით, უმთავრეს პრობლემა, რის გამოც ყველაზე ხშირად ირღვევა ბავშვთა უფლებები საქართველოში, არის მძიმე სოციალური ფონი ქვეყანაში.

„გაეროს კვლევის მიხედვით, გასულ წელს, სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფებოდა 77 ათასი ბავშვი და დღიურად ერთ ბავშვს მხოლოდ ორი ლარი ხმარდებოდა, რაც კატასტროფაა. სახელმწიფო ვალდებულია განახორციელოს მეტი ღონისძიებები, რათა ბავშვების სოციალური უფლება იყოს დაცული. ასევე ერთ ერთი საკითხი, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო სახალხო დამცველის ანგარიშში, ეს არის მშობელთა განქორწინების შემდეგ, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, რაც ხშირ შემთხვევაში არღვევს ბავშვთა უფლებებს.  მაგალითად, როცა ერთ მშობელთან იზრდება ბავშვი და სასამართლო მეორეს მიანიჭებს  მეურვეობის უფლებას“ -განაცხადა გიორგი ლაბაძემ.

შეხვედრაზე ყველამ ცალსახად აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ბევრადაა დამოკიდებული სამოქალაქო აქტივობაზე და ამ კუთხით განათლების სისტემაში მიღებულ ინფორმაციაზე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1945
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია