დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაიხსენებს თუ არა საჩხერელი მილიარდერი ციხის რეკონსტრუქციის ძველ ჩანაფიქრს?
2013/05/20 11:47:46

უზარმაზარი რეკრეაციულ-ეთნოგრაფიული კომპლექსი მოდინახესთან

 

 

საჩხერელ მილიარდერზე ამბობდნენ, რომ მას ჰქონდა საჩხერის სავიზიტო ბარათად აღიარებული „მოდინახეს“ ციხის რეკონსტრუქცია-რესტავრაციის ჩანაფიქრი. ივანიშვილს არ განუხორციელებია ინვესტირება „მოდინახეს“ რესტავრაციისათვის, მაგრამ რამდენიმე წლის წინ, ზემოთ გამოთქმულის საფუძველზე, ციხის მიდამოების შემოღობვა-მონიშვნები გააკეთა ადგილობრივმა მოსახლეობის ნაწილმა. ამას თავისებური ახსნა აქვს: თუ მეცენატი  ბიზნესსაქმიანობას  წამოიწყებდა,  ის  გადაუხდიდა მიწის  „მესაკუთრეებს“  სოლიდურ  თანხას.  საბოლოოდ,  დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, „მოდინახე“ ერთ-ერთი ყველაზე მოუვლელი ტერიტორიაა იმ ისტორიული ძეგლებიდან, რომლებიც იმერეთში საკმაოდ მრავლადაა.

 

„მოდინახეს“ არ აქვს ისეთი დიდი წარსული, როგორიც შორაპნის თუ გორის ციხეს, მაგრამ მას ზემო იმერეთში (საწერეთლოში) ჰქონდა სტრატეგიული მნიშვნელობა. ადგილობრივი დანიშნულების ციხე, რომელიც რაჭის ერისთავებთან ან აბაშიძეებთან გამოჯიბრებით აშენდა, შეინიღბა სასიყვარულო თქმულებით - თითქოს უციხო წერეთელს ქალს არ ატანდნენ, ვიდრე ციხეს არ ააგებდა. სასიძომ ციხის დასრულების შემდეგ სასიმამროს შეუთვალა: მოდი, ნახე ციხეო.

გასული წლის ბოლოს საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გამოთქვა სურვილი, რომ ჩამოყალიბებულიყო ფონდი „მოდინახე“, რომელიც იზრუნებდა საჩხერეში ინფრასტრუქტურულ-ეთნოგრაფიული საკითხების მოგვარებაზე. მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით ჩამოყალიბდა არასამეწარმეო იურიდიული პირი ფონდი „მოდინახე“, რომლის რეგისტრაცია ოფიციალურად აპრილში მოხდა.

 ამ ფონდის ჩამოყალიბების იდეა ეკუთვნის საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარეს, ინგა ზაბახიძეს. საკრებულოს გადაწყვეტილებით, სუბსიდიის სახით გამოიყო 20 ათასი ლარი, რომლის, დაახლოებით, 50% ფონდის თანამშრომლებზე დაიხარჯება, დანარჩენი კი საოფისე და საპიარო საკითხებზე. ამჟამად ფონდში სულ ოთხი თანამშრომელია: აღმასრულებელი დირექტორი, ორი სპეციალისტი და ბუღალტერი (ფინანსური მენეჯერი). ფონდს უკვე აქვს  წლიური სამუშაო გეგმა გაწერილი, რომელსაც პუნქტუალურად ახორციელებენ.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბაჩო გაფრინდაშვილი „პოსტსკრიპტუმთან“ საუბარში აცხადებს: „დავბეჭდეთ ფლაერები, დავამზადეთ სარეკლამო ბანერი, გავხსენით საბანკო ანგარიში, სადაც თანხის გადარიცხვა შეიძლება საბანკო, სატელეფონო ან სწრაფი გადარიცხვებით. ჯერ ფინანსური გადმორიცხვა არ გაკეთებულა, მაგრამ „ჯორჯიანმანგანეზი“ და ადგილობრივი სამშენებლო ქვიშის მომპოვებელი ორგანიზაცია გვპირდება სამშენებლო მასალებით მომარაგებას. ვფიქრობთ, რომ ფონდის ოფიციალური პრეზენტაციის შემდეგ ფინანსური თანადგომის პრეცედენტებიც გვექნება. დაგეგმილი გვაქვს პერიოდული გაზეთის გამოშვებაც, რომელიც მინიმუმ 500 ეგზემპლარი დაიბეჭდება ყოველთვიურად. ვეცდებით, რომ მაქსიმალურად ჩავრთოთ მედიასაშუალებები საზოგადოების ინფორმირების საკითხში. ვაპირებთ სარეკლამო რგოლის გადაღებას, რისთვისაც ცნობილ სახეს მოვიწვევთ და სატელევიზიო ეთერში გავუშვებთ.“

თუ ვინმე ერთხელ მაინც ასულა ამ ციხეზე, არ დაავიწყდება ის ულამაზესი პანორამა, რომელიც მნახველს თვალწინ ეშლება. მდინარე ყვირილას ხეობა, კავკასიონის ქედის განშტოებები და მიკროკლიმატი ყველას ხიბლავს. შემოქმედი ადამიანისთვის და ტურიზმისათვის უფრო უკეთესი ადგილის მოძებნა, ალბათ, არა მარტო კავკასიაში, არამედ დედამიწაზეც გაჭირდება. გზის დაგება, ციხის აღდგენა მარნით, კარის ეკლესიით, სახრჩობელით, საბაგირო გზის რეაბილიტაცია დაგეგმილია და საკმაო ძალისხმევას ითხოვს.

„უკვე იმ ფერდობის, რომელიც მოუვლელი და ნანგრევებით მოფენილი იყო, გამწვანება დავიწყეთ. სკოლის მოსწავლეების დახმარებით დავრგეთ ფიჭვები, თუმცა მივიღეთ რეკომენდაცია, რომ ფართოფოთლოვანი მეზოფიტებითაც გავანაშენიანოთ აღმოსავლეთის ექსპოზიცია. ვთვლით, რომ ამ ფერდობს სჭირდება შერეული მცენარეული საფარი. ზამთრის პერიოდში მარადმწვანე მცენარეები, ხოლო ზაფხულში ფოთოლცვენიებიც შექმნიან იმ დამასვენებელ ეფექტს, რომელსაც ფიტომასები რომ ქმნის. სულ ბოლოს, სავარაუდოდ, სწრაფი კვების ობიექტსაც გავხსნით ციხის მისადგომთან, საინფორმაციო ცენტრსაც და ატრაქციონსაც. თუ ამ პროექტს განხორციელება უწერია, მაშინ ხელთ დაგვრჩება უზარმაზარი რეკრეაციულ-ეთნოგრაფიული კომპლექსი“, - აცხადებენ ფონდის წევრები.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აცხადებენ, რომ მალე მოაწყობენ ფონდის პრეზენტაციას, რომლის შემდეგაც, სავარაუდოდ, აქტიური სამუშაოები დაიწყება „მოდინახეს“ აღდგენისათვის.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1926
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია