დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„არაკოჰაბიტაციური“ ქუთაისობა
2013/05/07 12:55:41

„გვირილობის“, ანუ „თეთრი გვირილის დღესასწაულის“ აღნიშვნას გასული საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა საფუძველი. მაშინ სახალხო ზეიმი გაცილებით მოკრძალებულ სახეს ატარებდა, თუმცა დიდ მისიას ემსახურებოდა:

საქველმოქმედო საზოგადოების მიერ შერჩეული ულამაზესი ბანოვანები და გიმნაზიელი გოგო-ბიჭები ბულვარში გვირილების გაყიდვიდან შემოსულ თანხას  ჭლექით დაავადებულთა დასახმარებლად აგროვებდნენ. „გვირილობამ“ და ორმაისობამ უკანასკნელ პერიოდში სულ სხვა ფუნქცია შეიძინა და ქუთაისობის დღესასწაულად გადაიქცა. მიმდინარე წელს ორმაისობა ქუთაისის ბიუჯეტიდან 80 000 ლარით დაფინანსდა, რაც გასულ წელთან შედარებით 20 000 ლარით ნაკლებია.

ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დილის ათი საათიდან დაიწყო.

11 საათისათვის „ოქროს ჩარდახის“ ეზოში ქუთაისობის აღსანიშნავად პარლამენტარები შეიკრიბნენ. პოზიციამ და ოპოზიციამ „კოჰაბიტაციას“ ვერც ქუთაისობის ხათრით მიაღწიეს - გასულ წლებში ესოდენ გააქტიურებული „ნაციონალური“ სახეები თითქმის არსად ჩანდნენ... გარდა პოლიტიკოსებისა, დღესასწაულის სიმბოლოობაში ერთმანეთს ყვავილებიც კი ეჯიბრებოდნენ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აშკარად ცდილობდნენ, „გვირილობა“ აკაკისეული „სავარდო და სამაისო ქუთაისით“ ჩაენაცვლებინათ და ყოფილი ხელისუფლებისათვის რევოლუციის სიმბოლო   „ჩამოერთმიათ“. აღნიშნა კიდეც ერთ-ერთმა დეპუტატმა: „ვარდს დავუბრუნოთ უპირველესი მნიშვნელობა, რაც მათ „ნაციონალებმა“ წაართვეს და რევოლუციის სიმბოლოდ აქციეს“. თუმცა, სავარაუდოდ, მრავალწლიან ტრადიციასთან ბრძოლა ადვილი არ აღმოჩნდება და ორმაისობა მომავალ წელსაც „გვირილობის დღესასწაულად“ აღინიშნება.

ქართული სიმღერებით, ლექსებით და მილოცვებით შეეგებნენ ორმაისობას „ოქროს ჩარდახში“ შეკრებილნი.

გუბაზ სანიკიძე, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი: „მინდა მივულოცო ქუთაისს ორმაისობა და ასევე მთელ საქართველოს. ქუთაისში რომ გაზაფხული იცის, დედამიწაზე არ  იცის არსად. ქუთაისის როლი განსაკუთრებული იყო წარსულში, საქართველოს ისტორიაში, და მომავალშიც ასე იქნება. რაც შეეხება ქუთაისის განვითარებას, ეს იქნება პერსპექტიული ქალაქი და მისი განვითარების საკითხი ჩვენი ხელისუფლებისათვის მნიშვნელოვანია. უახლოეს პერიოდში, უფრო ზუსტად კი ამ თვეში მოხდება ქუთაისის მნიშვნელოვანი პრიორიტეტების პრეზენტირება და ყველანი ერთად ვნახავთ, როგორი სერიოზული პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ. ყველა ის დაპირება, რაც წინასაარჩვენოდ იყო ასრულდება. რაც შეეხება იმას, დარჩება თუ არა ქუთაისი საპარლამენტო ქალაქი, ეს არის პარლამენტის გადასაწყვეტი, მარტო მე ვერ გადავწყვეტ. ჩემი სურვილია, ქუთაისი იყოს არა მარტო საქართველოს, არამედ კავკასიის ინტელექტუალური და საგანმანათლებლო ცენტრი.“

„P.S.“ კიდევ რამდენიმე დეპუტატს გაესაუბრა:

ომარ ნიშნიანიძე, პარლამენტის წევრი: „ეს არის ტრადიციული ქუთაისობა. გვინდოდა, ცოტა განსხვავებულად ჩაგვეტარებინა, არ გვსურდა, ტყეში და მუხნარში აღგვენიშნა. მართალია, იქაც გავალთ,  მაგრამ  ძირითადი  შეკრება „ქართულმა ოცნებამ“ და „დემოკრატიულმა საქართველომ“ გადავწყვიტეთ, იმერეთის მეფეთა საზაფხულო რეზიდენციაში ჩაგვეტარებინა. მოვიწვიეთ ქალაქის შემოქმედებითი და სამეცნიერო ინტელიგენცია. ერთმანეთს მივესალმეთ, გავიხსენეთ წარსული, ვისაუბრეთ დღევანდელობაზე, ასევე - სამომავლო გეგმებზე და ტრადიციული ქართული სიმღერების ფონზე მივულოცეთ ერთმანეთს ეს დღე.“

ორმაისობა ქუთაისელებს სხვა დეპუტატებმაც მიულოცეს და ქუთაისის ისტორიულ მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

თინა ხიდაშელი, პარლამენტის წევრი: „დღევანდელ დღეს ვულოცავ ყველას. ჩვენ გასულ წლებშიც აქტიურად ჩამოვდიოდით ქუთაისში და, ბუნებრივია, დღეს, როდესაც ამ ქალაქში გვიწევს მუშაობა, გვინდა მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა ღონისძიებაში და ბევრ ადამიანს გავესაუბროთ. ქუთაისის ფუნქციასთან დაკავშირებით, სტანდარტული დამოკიდებულება მაქვს: ყველა ქალაქი ბუნებრივი პროცესით უნდა განვითარდეს და ამას სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს, მაგრამ შეუძლებელია საქართველოს პარლამენტის ქუთაისში მუშაობა, რადგან არაეფექტურია და ჩვენი შრომის უნარიანობა განახევრებულია, ვინაიდან არ გვაქვს ერთი სტაბილური სამუშაო ადგილი.“

ანალოგიური შინაარსის მილოცვები ჰქონდათ პარლამენტარებს ზაქარია ქუცნაშვილსა და მანანა კობახიძეს.

„ოქროს ჩარდახში“ გამართულ შეხვედრაზე ქუთაისის საზოგადოებრიობის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

მარიკა სამანიშვილი, მსახიობი: „ეს ქალაქი ყოველთვის ხალხმრავლობით გამოირჩეოდა და მინდა მომავალშიც ისეთივე იყოს. გარბის ხალხი ქალაქიდან ეკონომიური პრობლემების გამო... არადა, კარგი მომავალი თაობა მოდის, რომელსაც ხელის შეწყობა უნდა იმ მხრივ, რომ ქალაქი ცოტა გაიზარდოს, მასშტაბური გახდეს და პრესტიჟული გახდეს აქაურობა. არ იყო ამ ქალაქში პარლამენტი, მაგრამ თავისი ღირსება ჰქონდა და შვა უამრავი დიდი ადამიანი მწერლობაში, თეატრალურ სამყაროში, მუსიკალურ სამყაროში და, საერთოდ, მთელ მსოფლიოს გააცნო მათი დაბადების ადგილი - ქუთაისი, რომლის დღეობასაც ახლა ვზეიმობთ.“

ქუთაისობის დღესასწაულზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა და რიგითმა ქუთაისელებმა პატივი მიაგეს და ყვავილებით შეამკეს სამი ოთარის ძეგლი, ასევე ორმაისობას გამოეხმაურა ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი. სპეციალურად დადგმულ დეკორაციაში გააცოცხლეს გვირილობის დღესასწაულის ტრადიცია და მოაწყვეს გამოფენა.

ომარ ლანჩავა, პროფესორი, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის დირექტორი: „ეს არის ქუთაისის დღე, რომელსაც ვულოცავ ყველა ქუთაისელს და არა მარტო ქუთაისელს. გასულ საუკუნეში „გვირილობის“ დღესასწაული მარტო ზეიმი არ იყო, არამედ საქველმოქმედო ხასიათისაც ატარებდა. დარწმუნებული ვარ, ჩვენს რეალობაშიც მრავლადაა ადამიანი, ვისაც დახმარება სჭირდება, ამიტომ უნდა გამოვხატოთ მათ მიმართ თანადგომა. რაც შეეხება დღევანდელ გამოფენას, შევეცადეთ, გაგვეცოცხლებინა ის ძველი ტრადიცია და ჩვენც შევერთებოდით დღევანდელ ღონისძიებებს.“

15:00 საათზე დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეაში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „ქუთაისი და ქართული კინო, „რომელიც პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი  დოკუმენტური ფილმის   „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ 100 წლისთავს მიეძღვნა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქუთაისთან მიმართებაში ქართული კინოს განვითარების სხვადასხვა ეტაპი: „ვეფხისტყაოსნის“ დიღმელოვებისეული წარმოდგენები, კინოში გაცოცხლებული გაბრიაძისეული ქუთაისი, ვასილ ამაშუკელის, გიორგი შავგულიძის, ვერიკო ანჯაფარიძის, რეზო ჩხეიძის, შოთა მანაგაძის და სხვათა არქივები და მემორიალური ნივთები.

ანალოგიურად, პირველ საჯარო სკოლაშიც  გაიმართა ამ დღისადმი მიძღვნილი გამოფენა  „ექვთიმე თაყაიშვილი და პირველი   სკოლა“,   ასევე   მოეწყო ამ სკოლის სასახელო კურსდამთავრებულებისადმი მიძღვნილი ღია ბარათების პრეზენტაციაც. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უნიკალური მასალა ექვთიმე თაყაიშვილის, ივანე ჯავახიშვილის და იროდიონ სონღულაშვილის პირადი არქივებიდან.

ქუთაის-ქალაქობის დღესასწაულს გამოეხმაურა საგამოფენო დარბაზი     „ვარლაც“, სადაც წარმოდგენილი იყო 38 ავტორის მიერ გრაფიკასა და ფერწერაში შესრულებული 82 ნამუშევარი, ასევე გობელენები და ქანდაკებები.

ტრადიციულად გაიმართა ღვინის ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობა 40-მდე ღვინომ მიიღო. ოთხკაციანმა ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა, რომლებსაც ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ.

„გვირილობის“ დღესასწაულზე გაიმართა ყვავილების გამოფენა. თუმცა, დღის მნიშვნელობიდან გამომდინარე, გვირილების სიჭარბე შეიმჩნეოდა.

ცენტრალურ ბაღში მოეწყო სხადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებები, რომელიც დღის ბოლოსათვის გალა-კონცერტით დაგვირგვინდა.

 

ნესტან ჩაგელიშვილი

ქეთევან ლებანიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2103
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია