დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„მე შემიყვარდა ეს ადამიანები“
2013/05/07 12:47:17

საზოგადოებას, ფსიქიკურად დაავადებულ პირებსა და სახელმწიფოს შორის არსებული ხიდჩატეხილობის პრობლემა უნდა დავძლიოთ

 

 

ბიძინა ნანეიშვილის  სახელობის ფსიქიატრიული ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს 35-წლიანი ისტორია აქვს. მასშტაბურობის და რეფორმების თვალსაზრისით, იგი საქართველოში ერთადერთი დაწესებულებაა, რომელიც 700 პაციენტზეა გათვლილი.ამ დროისათვის ცენტრში 450-მდე თანამშრომელი მუშაობს, მკურნალობა-რეაბილიტაციის კურსს კი 600 ბენეფიციარი გადის.

„რვა წელია, რაც ცენტრში ფსიქიატრიული სამედიცინო მოდელის მკურნალობას ჩაეყარა საფუძველი, რაც გულისხმობს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მეთოდებით, ხელოვნებითი თერაპიების მიმდინარეობებით  პაციენტთა მკურნალობას, - განაცხადა გაზეთ „P.S.“-თან საუბრისას ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ცირა შვანგირაძემ.

კომპლექსები, რაც აქვს ჩვეულებრივ საზოგადოებას ფსიქიკური დაავადებების მქონე ადამიანთა მიმართებით, უნდა დაიმსხვრეს და ამ ადამიანებმა თავი უნდა დააღწიონ იზოლაციას, რაშიც მთელი ხნის განმავლობაში უწევდათ ცხოვრება. ცენტრის მედიკოსები ცდილობენ, ამ ადამიანებს სოციალური ფუნქცია მიენიჭოთ. როდესაც საზოგადოებაში გადიან, ეს კომპლექსი ირღვევა და, ფაქტობრივად, ჩვეულებრივ ადამიანებთან ურთიერთობაც შეუძლიათ. თეატრალური წარმოდგენა, რასაც ესენი დგამენ, არის ნატურალური, ყოველგვარი მსახიობური ოსტატობის გარეშე შესრულებული, სიყალბის გარეშე... რაღაც ბუნებრივად მოდის ეს ყველაფერი, მათი შრომის შედეგია: უხარიათ ჩვეულებრივ ადამიანებთან ურთიერთობა, უხარიათ ის, რომ ტაშს უკრავენ და ყვავილებს მიართმევენ.  ადამიანები უნდა მიხვდნენ - ეს მკურნალობა, რასაც ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აწარმოებს, ემსახურება რეაბილიტაციას და იმის ჩვენებას, რომ ამ ადამიანებსაც აქვთ რაღაც ფუნქცია ცხოვრებაში და  მათაც გააჩნიათ ღირებულებები. საზოგადოებამ აუცილებლად უნდა ნახოს ეს ყველაფერი.“

აღნიშნული მკურნალობის შედეგებს, როგორც საკუთარი შრომის პროდუქციას, ფსიქიკური პრობლემების მქონე პირები იმ მიზეზით აჩვენებენ საზოგადოებას, რომ მათ შორის  არსებული განსხვავება დაიმსხვრეს. სწორედ  ამ დევიზის ღონისძიებას  მართავენ ბენეფიციარები, რომლებიც ფართო საზოგადოების წინაშე პირველად ხონის კულტურის სახლში წარსდგნენ, შემდეგ კი გასცდნენ რაიონის მასშტაბებს და  ერთი ლამაზი დღე ქუთაისის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერის სახელმწიფო თეატრში მისულ საზოგადოებასაც აჩუქეს 26 აპრილს. „ჩვენ ვაღიარებთ განსხვავებულებს, აღიარეთ თქვენც“ - ეს იყო ღონისძიების დევიზი. თუმცა ღონისძიების დასრულების შემდეგ, თეატრში მისულთაგან ვერავინ გეტყოდათ, რა განსხვავება არსებობდა მათსა და საზოგადოების იმ კონკრეტულ ნაწილს შორის. ღონისძიების მიზანიც ხომ საზოგადოებაში არსებული სტიგმის დამარცხება იყო.

თეატრში მისულმა საზოგადოებამ ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბენეფიციართა მიერ საოცარი ინტერპრეტაციით შესრულებული ნახატები, თიხის ნივთები და ნაჭრის თოჯინები დაათვალიერა. თითოეულ ნამუშევარში ავტორთა უსაზღვრო ნიჭიერება იგრძნობოდა. ნამუშევრებმა დამთვალიერებელთა გაოცება გამოიწვია, ღონისძიების კულმინაცია კი იყო ბენეფიციართა მიერ უზადოდ შესრულებული თეატრალური წარმოდგენა „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი,“ ასევე მათ მიერ წაკითხული საკუთარი ლექსები და გაჟღერებული ქართული ჰანგები, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.

ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი გოჩა ბაკურაძე: „ეს ადამიანები, რომლებიც ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში გადიან მკურნალობას, არაფრით განსხვავდებიან იმ საზოგადოებისგან, სადაც მათ უწევთ ყოფნა. ამით კიდევ ერთხელ გვინდა ყველას დავუმტკიცოთ, რომ ჩვენი ბენეფიციარები საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები არიან და მათაც ძალუძთ თავიანთი ნიჭიერების და ადამიანური გრძნობების თუ უნარების ჩვენება ფართო საზოგადოებისათვის.“

ის ურთიერთობა, რაც საზოგადოებას ამ ბენეფიციარების მიმართ ჰქონდათ, ნამდვილად არაა ჯანსაღი, მაგრამ, უნდა ვაღიაროთ, რომ მთელი პასუხისმგებლობა საზოგადოებაზე არ მოდის და მარტო ის არაა დამნაშავე, ვინაიდან აქამდე არ ხდებოდა ფსიქიკური დაავადებების მქონე პირთა რეინტეგრაცია. ადამიანები ვერ ხედავდნენ მათ შესაძლებლობებს, მათ სიყვარულს და, რაც მთავარია, მათ პიროვნებას - იმ დაშტამპული სახელმწიფო მექანიზმის გამო, რაც ქვეყანაში არსებობდა და არსებობს, იშვიათი გამონაკლისის გარდა. იზოლირებულად მყოფი პირები, რომლებიც გარედან ერთი შეხედვითაც არასახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, ყოველთვის არაჯანსაღ დამოკიდებულებას იწვევდნენ საზოგადოებაში.

სახელმწიფო ყოველთვის გაურბოდა ისეთ პროგრამებს, რაც საზოგადოებას და დაავადებულ ადამიანებს ერთურთთან რეინტეგრაციის საშუალებას მისცემდა. ამის საპირისპიროდ პრობლემასთან ბრძოლას სახელმწიფო  ჩაკეტილი კარით ცდილობდა, რამაც ფსიქიატრიულ საავადმყოფოსა და ჩვეულებრივ ცხოვრებას შორის ხიდჩატეხილობის პრობლემა წარმოშვა. ჩვეულებრივი ადამიანები ფსიქიატრიული სავადმყოფოს პაციენტებს, როგორც იშვიათი ჯიშის ცხოველებს, ისე აღიქვამდნენო, - აღნიშნა კიდეც თავისი გამოსვლისას სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორმა, - სურამში ჩასული დამსვენებლები საავადმყოფოს კართან იკრიბებოდნენ და, მომღიმარი სახით, ბენეფიციარების დათვალიერებას ითხოვდნენო...

ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროექტი კარგი სიგნალი და წინ გადადგმული ნაბიჯია საზოგადოების გამოფხიზლებისაკენ, რათა „აღიარონ განსხვავებულები და მათი უფლებები.“

„მე შემიყვარდა ეს ადამიანები“, „ისინი ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან“, „მე  მრცხვენია იმ დამოკიდებულების, რაც მათ მიმართ მქონდა“, „ნამდვილად უნდა შევცვალოთ ურთიერთობა ჩვენს შორის“... - აღნიშნავდნენ თეატრში მისული მოქალაქეები, რომლებიც თავიანთ სიყვარულს უწყვეტი აპლოდისმენტით გამოხატავდნენ.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1927
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია