დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
დოკუმენტური ფილმების ფესტივალი თერჯოლაში
2013/04/22 12:14:07

11 და 12 აპრილს ჩეხური ორგანიზაციის - „ადამიანი გაჭირვებაში“ - პროექტში „სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა დასავლეთ საქართველოს რაიონებში“ ჩართულმა ქუთაისელმა და ტყიბულელმა ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს დოკუმენტური ფილმების ფესტივალში, რომელიც ქალაქ თერჯოლაში გაიმართა.

 

პირველ დღეს ოცზე მეტი ახალგაზრდა ტყიბულიდან სპეციალურად ჩამოვიდა ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად. მათ გულითადად შეეგება ფესტივალის ორგანიზატორი, ქალბატონი რუსუდან კოვზირიძე, რომელმაც ისინი დარბაზში მიიწვია. 150 კაცზე გათვლილი დარბაზი ორივე დღეს სავსე იყო, ძირითადად, ახალგაზრდებით და მოზარდებით.

11 აპრილს უჩვენეს ორი ფილმი: „კაპიტალიზმი – ჩვენი საიდუმლო რეცეპტი“ და „კატასტროფის რეცეპტი“. პირველი წარმოადგენდა ერთგვარ კოქტეილს, რომელიც შედგებოდა რეპორტაჟებისაგან რუმინელი ოლიგარქების შესახებ, დიდი ქარხნების კადრებისაგან, საინფორმაციო გამოშვებების კადრებისა და ანიმაციურად გაფორმებული იუმორისტული ჩანართებისაგან. ყოველივე ამას თან ახლდა რეჟისორის ირონიული კომენტარები. მეორე ფილმი „კატასტროფის რეცეპტი“ ეძღვნებოდა გლობალურ დათბობასა და ბუნებრივი რესურსების გამოლევასთან დაკავშირებულ პრობლემებს რიგითი ფინური ოჯახის ჭრილში. მიუხედავად იმისა, რომ ფილმები საკმაოდ სერიოზულ საკითხებს ეხებოდა, მათ ბავშვების დიდი დაინტერესება გამოიწვიეს და ფილმების ჩვენების შემდეგ გამართული დისკუსიაც აქტიური იყო, რასაც ხელს უწყობდა კვალიფიციური ფასილიტაცია.

12 აპრილს ნაჩვენები იქნა თბილისის ახალგაზრდული ეროვნული სასახლის ფილმების კლუბის ნამუშევრები. აღნიშნულმა ფილმებმა ბავშვების განსაკუთრებული გააქტიურება გამოიწვია, ვინაიდან მათ მიერვე იყო გადაღებული მათთვის ახლო და გასაგებ საკითხებზე, რომლებიც რეალურად აღელვებს ახალგაზრდებს. დარბაზში დიდი ხალისი გამოიწვია კადრებმა ყმაწვილების შესახებ, რომლებიც საზოგადოებრივ ბაღში სკამზე ისხდნენ და არ ჩქარობდნენ ადგილის დათმობას ფეხზე მდგარი მოხუცი ქალბატონისათვის. როდესაც მიმზიდველმა ახალგაზრდა გოგონამ ეშმაკობით გაათავისუფლებინა მათ ადგილი და ქალბატონს დაუთმო, სიცილთან ერთად დარბაზი ოდნავ შეფიქრიანდა – ასეთი სურათები არცთუ იშვიათია ჩვენს ყოველდღიურობაში.

ფილმების ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელშიც თითქმის ყველა დამსწრე ცდილობდა, გამოეხატა თავისი აზრი, რაც დასტურია იმისა, რომ გულგრილი არავინ დარჩენილა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ორგანიზაციის მოხალისეები: მონიკა ჯავახაძე და ვიოლა მარდალეიშვილი, ასევე კალენიკე აბესაძე.  ბავშვები  ძალიან   კმაყოფილნი  დარჩნენ ღონისძიებით, ბევრი მათგანისთვის ეს იყო პირველი გამოცდილება მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობისა. მათი დიდი სურვილია, ასეთი შეხვედრები ხშირად ჩატარდეს, რაც საშუალებას მისცემს, ბევრი ახალი გაიგონ, გაუზიარონ ერთმანეთს აზრები და განვითარდნენ.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1936
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია