დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ავტოგრაფების გამოფენა
2013/04/12 18:39:38

11 აპრილს ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში ქართული ენისადმი მიძღვნილ ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ავტოგრაფების დროებითი გამოფენა მოეწყო.

 

დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში ქუთაისში მოქმედ საზოგადოებათა არქივებში დაცულ ქართველ მწერალთა და მოღვაწეთა ავტოგრაფებს, მათი შემოქმედების ნიმუშებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 12 მოღვაწის ავტოგრაფები (ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, კირილე ლორთქიფანიძე, იაკობ გოგებაშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ჯავახიშვილი, გიორგი წერეთელი, გრიგოლ რობაქიძე, ნიკო ნიკოლაძე, გალაკტიონ ტაბიძე, სერგეი მესხი, ტრიფონ ჯაფარიძე).

გამოფენის ინიციატორმა, მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების გამგემ ციცინო მუმლაძემ განაცხადა:

„ჩვენი გამოფენა მიზნად ისახავს, ფართო საზოგადოებას გააცნოს იმ ადამიანთა ავტოგრაფები, რომელთაც თავიანთი შემოქმედებით განავითარეს, ახალ სიმაღლეზე აიყვანეს ქართული ენა და უდიდესი წვლილი შეიტანეს საქართველოს კულტურისა და მეცნიერების აღმასვლის საქმეში. მუზეუმის არსებობის მანძილზე, აკაკი წერეთლის საიუბილეო გამოფენის (2010 წელი) შემდეგ, ეს არის მეორე შემთხვევა, როცა ქუთაისის საზოგადოებას საშუალება ეძლევა, ვიზუალურად იხილოს ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ავტოგრაფები და გაეცნოს საკითხთა იმ ფართო სპექტრს, რომლებიც განხილულია მათში.“

მუზეუმის დირექტორმა, პროფესორმა ომარ ლანჩავამ „P.S.“-თან საუბრისას აღნიშნა გამოფენის უდიდესი მნიშვნელობა. მისი თქმით: „ეს ბუმბერაზი ხალხი კიდევ ერთხელ გაცოცხლდა ჩვენს თვალში, ეს ყოველივე გვაძლევს დაფიქრების, გაანალიზების შესაძლებლობას, თუ რაოდენ დიდი ღვაწლი მიუძღვით ამ ადამიანებს საქართველოს წინაშე.“

მან არ გამორიცხა, რომ აღნიშნული გამოფენა ქალაქის რომელიმე საჯარო სკოლაშიც გადაიტანონ.

გამოფენის მსვლელობისას კონკურსი გაიმართა. შეჯიბრის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გამოეცნოთ ცნობილ მოღვაწეთა ხელნაწერების ავტორები. გამარჯვებულებს საჩუქრად წიგნები გადაეცათ. დამსწრე საზოგადოებამ დადებითად შეაფასა გამოფენის მნიშვნელობა.

„ხელნაწერი ინახავს სულს, აცოცხლებს მუზეუმს, ხელშესახებს ხდის ხიდს წარსულსა და მომავალს შორის,“ - განაცხადა ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა.

 

ჟანა ჯანელიძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2027
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია