დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საკრებულოდან გადამდგარი ხვადაგიანი ბოტანიკური ბაღის გაცოცხლებისთვის იშრომებს
2013/04/03 12:44:37

ქუთაისის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია და განაშენიანების ახალი ეტაპი იწყება, რაც ბაღში არსებული მცენარეების, ყვავილსაშენებისა და ვარდების ბაღის  გაკეთებას ითვალისწინებს. ქალაქისათვის ბაღის მნიშვნელობასა და მის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას ბოტანიკური ბაღის ახალი დირექტორი ამირან ხვადაგიანი. სწორედ მისი ინიციატივით გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ჟურნალისტებთან. მსგავსი შეხვედრები მოეწყობა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან და ბაღის სასიკეთოდ გამოთქმული მათი რჩევები და მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება.

ამირან ხვადაგიანი, ბოტანიკური ბაღის დირექტორი: „მინდა, ხმამაღლა განვაცხადო, რომ ბოტანიკური ბაღის სახით ჩვენს ქალაქს აქვს მცენარეთა უნიკალური მუზეუმი და ძალიან დიდი ფასეულობა, ოქროს ფონდი, რომელსაც ჭირდება მიხედვა. ძალიან დიდი გეგმები გვაქვს ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით. აქედან გამოვყოფდი რამდენიმეს: პირველი – აუცილებელია მიეხედოს ბოტანიკურ ბაღს. ხელისუფლების ვალია, გაუფრთხილდეს იმ ოქროს ფონდს, რასაც მცენარეთა მუზეუმი ჰქვია. მეორე და მთავარია – ქუთაისის საზოგადოებაში უნდა გავაცოცხლოთ ბოტანიკური ბაღის არსებობა. ძალიან მტკივა მე ის, რომ აღიზარდა თაობა, რომელმაც არც იცის, თუ ქუთაისის სინამდვილეში ასეთი მუზეუმი გაგვაჩნია. მესამე და ძირითადი, ვფიქრობ, ბოტანიკურ ბაღს ახლო მომავალში დავუბრუნოთ კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ფუნქცია.  დიდი იმედი გვაქვს განათლების სისტემის. გვინდა მემორანდუმი გავაფორმოთ სკოლებთან. საწყენია ის, რომ ტარდება ბიოლოგიის გაკვეთილები და მოსწავლეები ბოტანიკურ ბაღში არ ყოფილან. დარწმუნებული ვარ, ჩვენს  გეგმებს განვახორციელებთ და ჩვენ ქალაქს ექნება ისეთი ბაღი, როგორიც ეკადრება."

ბორის თვალაძე, ბოტანიკური ბაღის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში: „ქუთაისის ბოტანიკური ბაღი უძველესია. ბაღი მე-19 საუკუნის შუა წლებში დაარსდა, ცნობილი პიროვნებების რეგნერის და იაკობ მარის მიერ. დღეისათვის დაახლოებით შვიდასამდე სხვადასხვა სახეობის მერქნიან მცენარეთა ჯიშს მოიცავს, ამ ბაღში არსებული ნაირსახეობა, მცენარეთა ინტროდუქციის ისტორიის შესწავლის თვალსაზრისით, არის ძალიან მნიშვნელოვანი. გვინდა, რომ ბაღთან დაკავშირებული ჩვენი გეგმები განვახორციელოთ და ბოლომდე მივიყვანოთ,  ვინაიდან ბოტანიკურ ბაღს დიდი მნიშვნელობა აქვს ქალაქისათვის." 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2044
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია