დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეზო ჭეიშვილი ქართული ლიტერატურის გაკვეთილზე
2013/04/01 12:30:29

თანამედროვე ქართული მწერლობის თვალსაჩინო წარმომადგენელს, შოთა რუსთაველისა და სახელმწიფო პრემიების ლაურეატს, ქუთაისის საპატიო მოქალაქეს რეზო ჭეიშვილს მალე დაბადების 80 წელი შეუსრულდება. ცოცხალი კლასიკოსის იუბილის აღნიშვნა ყველას დაასწრეს ქუთაისის მესამე საჯარო სკოლის IX2 კლასის მოსწავლეებმა და მათმა ქართული ლიტერატურის მასწავლებელმა მარინე არაბიძე-აშვეთიამ. მეტიც - ბავშვებმა არამარტო შეისწავლეს სატირულ-გროტესკული შინაარსისა და თვითმყოფადი მწერლური მანერით შესრულებული მისი რჩეული ნაწარმოებები, არამედ - ქართული სიტყვის ოსტატი გაკვეთილზეც კი მოიწვიეს და პირისპირ ესაუბრნენ.

ყველაფერი ვ. როდონაიას რედაქციით გამოცემული IX კლასის სახელმძღვანელოთი დაიწყო. აქ რუბრიკას „სიბრძნე სიცილისა“ ეხმიანება სულხან-საბას იგავი „მოტირალი და მოცინარი“, აკაკის „კუდაბზიკეთი“ და რეზო ჭეიშვილის „ნობელი“. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სახელმძღვანელოში კურსის მხოლოდ 70 პროცენტია მოთავსებული, დანარჩენი - პედაგოგის თავისუფალ არჩევანზეა დამოკიდებული. როდესაც მარინე მასწავლებელი „ნობელს“ უხსნიდა თავის მოსწავლეებს, ბავშვებმა დიდი ინტერესი გამოამჟღავნეს ამ ნაწარმოებისა და მისი ავტორისადმი. სწორედ მაშინ ერთობლივად გადაწყვიტეს, ათდღიან პროექტად ექციათ რეზო ჭეიშვილის შემოქმედების გაცნობა, ბოლოს კი ეს პროცესი მწერალთან შეხვედრით დაეგვირგვინებინათ.

მოსწავლეებმა, ჯგუფურად დაინაწილეს მოსამზადებელი საკითხები, პედაგოგის მითითებით წაიკითხეს მწერლის არაერთი ნაწარმოები, ერთობლივად ნახეს მისი სცენარით გადაღებული ფილმებიც: „ცისფერი მთები“,  „ჩემი მეგობარი ნოდარი“, „მზიანეთი“, მოამზადეს პოსტერები, რეზო ჭეიშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტომასალა.

გაკვეთილი, რომლისთვისაც კლასი, პროექტის მიხედვით, 10 დღის მანძილზე ემზადებოდა, მაღალი დონის ლიტერატურულ შეხვედრად იქცა. 33 მოსწავლეს შესაძლებლობა მიეცა, არამარტო ესაუბრა საკუთარ ნაფიქრალსა და განცდილზე, არამედ - თვით ავტორს გასაუბრებოდა მისთვის საინტერესო საკითხის შესახებ.

გამოჩენილმა მწერალმა ჩვეული თავმდაბლობით და სიყვარულით მოუსმინა ახალგაზრდა მკითხველებს, უპასუხა მათ არაერთ შეკითხვას და თავის შემოქმედებით ლაბორატორიაშიც შეახედა ისინი. ბავშვებმა და გაკვეთილზე დამსწრე პედაგოგებმა, მშობლებმა მისგან არაერთი საგულისხმო ამბავი და თვალსაზრისი მოისმინეს.

„ყველაზე მეტად მაწუხებს გულგრილობა, რომელმაც მიიღო გლობალური მასშტაბები,“ - უთხრა რეზო ჭეიშვილმა ახალგაზრდა თაობას, რომელმაც უკვე იცის, რა ფასი და ძალა აქვს მწერლის კალამს.

 

ნანული ქვიშარელი

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 12483
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია