დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
აფხაზეთი. დედაჩემი...
2013/03/25 12:04:36

წლების წინ მარტმა, თავისთვის უჩვეულო სიმშვიდით, დედაჩემი თან წაიყვანა და მარადიულ გაზაფხულში დაასახლა. მე კი, იასამანის და ჟასმინის ყვავილობა დამიტოვა მის სახსოვრად...

დედა აფხაზეთში დარჩა, გაგონებაც არ უნდოდა იქაურობის დატოვების. სახლის კედელს ახლაც ატყვია, კრიმინალისტების მიერ დანაშაულის ადგილზე მოხაზულ წრესავით, დედაჩემის სიმაღლეზე, მისი შეშინების მიზნით გასროლილი ნატყვიარები... მეგონა, რომ ამის მერე მაინც წამოვიდოდა, მაგრამ - არა, ვერა და ვერ შეელია კერას... ბოლოს მაინც მე მომიწია ჩასვლა.
დილაადრიან მატარებლიდან ჩამოსული, დაბნეული და გაღიზიანებული მივადექი ენგურის ხიდს, რომელზედაც ჩემი და სიჩუმის მეტი, იმ წუთას გადასვლას არავინ აპირებდა. უსასრულოდ გრძელი მეჩვენა გასავლელი მანძილი, რომელიც სულ რაღაც 870 მეტრია. გამახსენდა, როგორ გადმომატარა პირველად აქ, ხელჩაჭიდებული, ბებიამ და მდინარის ხმაურის ფონზე, რომელიც უშველებელ სიფართეზე მოქუხდა, მომიყვა, თუ როგორ აშენებდნენ გერმანელი ტყვეები 1944-1948 წლებში ამ ხიდს, როგორ მოდიოდა ის კვირაში ერთხელ, დატვირთული კალათით, აქ, აპურებდა მათ და თან ეკითხებოდა: „მიტუშა ფულარიანი ხომ არ გაგიგიათ ვინმეს?“ (ასე ეძებდა ბებია ომში დაკარგულ ძმას).

ამ სიჩუმეში მეც მომწვდა თითქოს, ხიდის ერთი თავიდან მეორე ბოლოში მარცვალ-მარცვალ გასული, გამყინავი გადაძახილის ექო: „Kennst du vielleicht die Mitusha Pulariani“... და წარმომიდგა პასუხის მოლოდინში გაყუჩული ბებია...

ვიგრძენი, რომ ვიღაც შემომემატა გზაზე. მივიხედე უკან, მაგრამ არავინ იყო და მივხვდი სიჩუმემ თავისი გაიტანა - შიში დამამგზავრა, შინ დაბრუნების შიში რომ დავარქვი მერე...

ენგურს დავაბრალე - განზე გამდგარი კაცივით, თავისთვის, უხმოდ რომ მიედინებოდა გვერდზე მიგდებულ და დავიწროებულ კალაპოტში. არ ვიცი, რას ვერჩოდი მდინარეს, თანაგრძნობის ნაცვლად, რატომ მინდოდა, ხმაურით მაინც გამოეხატა მას ჩემთვის თანადგომა და ერთად დაგვეძლია შიში.

თითქმის ორი საათი დავკარგე, სანამ საზღვარზე გადასვლის „ნება“ დამრთეს. ტრანსპორტის მოძიებაც გამიჭირდა. მეჩქარებოდა და ავტობუსს ვერ დავუცდიდი.

ერთი მძღოლი დამთანხმდა, მხოლოდ, ექვსი ადამიანის მგზავრობის საფასური მომთხოვა წინასწარ... აღარ დავეძებდი არაფერს, ოღონდ მალე და მშვიდობით მივეყვანე დედასთან.

ჩვეულებისამებრ, უკან ჩავჯექი მანქანაში. გზაზე მომიწია ამ კაცის უცებვე დაწყებული უაზრო, მაგრამ რიხიანი, გაუთავებელი ლაპარაკის მოსმენამ და მალ-მალე გასწორებული, მორყეული სარკიდან ჩემი დათვალიერების არშემჩნევამ, მთელ ხმაზე აწეული „მუსიკით“ „ტკბობამ“ და დაწეული მინიდან, ქარის მიერ უკანვე შემოყრილი სიგარეტის ფერფლის მრავალჯერ ჩამოფერთხვამ ჩემი პალტოდან.

ეტყობოდა, რომ ის დაბადებიდანვე თავხედი იყო. შენიშვნის მიცემას აზრი არ ჰქონდა, ნამდვილად არ ჰქონდა...

ვიგრძენი, თანდათან როგორ წამიჭირა ყელში ტკივილად და დამახრჩო მისმა - „შინ“ მყოფი მასპინძლის - „სითამამემ“ და მომკლა ჩემმა უმწეობამ, რომელსაც არაფერი უმაგრებდა ზურგს, გარდა მძიმე „დანაშაულად“ აკიდებული ქართველობისა... იმ წუთას კარგად მესმოდა, რომ ცრემლების დრო და ადგილი არ იყო, დაბლა დავხარე თავი. ვეცადე, თვალები დამეხუჭა და კინოფირის უკან დატრიალების რეჟიმზე გადავრთულიყავი, მაგრამ არ გამომივიდა, ათასი კითხვა გამიჩნდა და დამრჩა უპასუხოდ...
როგორც იქნა, გაილია ეს გზაც და მივედი სახლამდე. ჭიშკარი რომ შევაღე, შევჩერდი, უკან დამხია ფანჯრებს მომდგარმა და მოჩერებულმა მონატრების, მარტოობის და უთქმელი საყვედურის ძალამ...
- დე, მე მოვედი! - დავიძახე და ავუყევი კიბეებს.

პირველად შევატყვე დედას სიბერე... ეტყობოდა, მძიმე ღამე ჰქონდა გამოვლილი. დღე რომ უფრო რთული გველოდა, ამის მიხვედრა არ გამჭირვებია, მაგრამ იმედი მაინც შემოვინახე. ვეცადე, მას არ შეემჩნია არაფერი.
საღამოს 5 საათამდე ვისაუბრეთ, ვეფერეთ ერთმანეთს, ძველი სურათები ვათვალიერეთ, ბევრი ვიცინეთ და უფრო მეტი ვიტირეთ ერთად, საიდუმლოსავით გამანდო: „დედაჩემი მენატრებაო“...

მერე ჩასთვლიმა. მეც გვერდით მივუწექი. მალევე გამომაღვიძა მისმა ფრთხილმა შეხებამ და ჩურჩულმა: „შენ არ შეგეშინდეს, დე, დედა-ბებია დგას კარებთანო“...

არა, არ მეშინია მეთქი, მაგრად ჩავეხუტე, მის კისერთან ჩავმარხე თავი და უხმოდ ავტირდი, ისე, რომ კარებთან მომლოდინე ლანდი არ დამეფრთხო...

ეს პირველად არ მინდოდა ბებიას ნახვა და მძულდა მარტი, რომელმაც ის ჭირისუფალივით მოაცილა სახლის კარამდე, დედაჩემის წასაყვანად...

ნანა ჯეჯეია

აშშ-დან

14 მარტი, 2013 წ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1848
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია