დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რას უპასუხებს თეატრის ხელმძღვანელობა?
2013/02/18 12:33:14

ღვაწლმოსილი ადამიანის - ქუთაისში საოპერო ხელოვნების დიდი მოამაგის, თეიმურაზ კობახიძის ქალიშვილის - ქალბატონ მედეა კობახიძე-ასათიანის წერილი, რომელიც რედაქციამ ელექტრონული ფოსტით მიიღო, მრავალმხრივ საყურადღებოდ გვეჩვენა, ამიტომ კომენტარისათვის ბალანჩივაძეების სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელობას ვეწვიეთ.

 

თეატრის დირექტორმა, ქალბატონმა როზა დვალიშვილმა გვითხრა:

„იდეა იმისა, გაკეთებულიყო ოპერის თეატრი და მუსიკალური დარბაზი, იმდროინდელი ადგილობრივი ხელისუფლებისა იყო. როდესაც დასრულდა შენობის რეაბილიტაცია, გაჩნდა სურვილი, ოპერას დამატებითი ფუნქცია მიეღო, რაც, არანაირად არ გამხდარა დაპირისპირებისა და თანამშრომლების დათხოვნის მიზეზი. მათი განთავისუფლების საფუძველი ის ყოველწლიური მოსმენები იყო, რის მიხედვითაც კომპეტენტურმა ჟიურიმ (რომელთა შორისაც იყვნენ: ჯან ლუკა მარჩიანო და დავით საყვარელიძე) გადაწყვიტა, რომ ისინი იმ დროისათვის საჭირო სტანდარტებს არ აკმაყოფილებდნენ. თუმცა მომდევნო წლის მოსმენებზე რამდენიმე მათგანი უკანვე დავაბრუნეთ. შესაბამისად, სიცრუეა, თითქოს სამსახურში ახალი ხელისუფლების მოსვლის გამო დაბრუნდნენ. რაც შეეხება ხელფასებს, მიმაჩნია, რომ ყველას გამოცდილებისა და შრომის ადეკვატური ანაზღაურება აქვს. ხელფასი არის მასში განივთებული შრომა. პრეტენზია არ უნდა იყოს ცალმხრივი და არ უნდა იყვნენ რაღაცაზე ჩასაფრებულები, მეც შემიძლია გამოვაქვეყნო და საჯარო გავხადო მათი მოსმენების ჩანაწერები.“

რევაზ ჯავახიშვილი, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი: „კონცერტმაისტერი არ ნიშნავს კორრეპეტიტორს, რომელიც უდიდეს სამუშაოს ასრულებს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, კონცერტმაისტერს სამუშაოს მიხედვით ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქვს, თუმცა ეს არაა საკმარისი. რაც შეეხება მოკარნახეს, თუ ჩვენ თანამედროვე რელსებზე გადასვლა გვინდა, მოკარნახე საერთოდ არაა საჭირო, ვინაიდან, ზოგჯერ ის ხელის შემშლელიც კი გამხდარა, რადგან კარნახსაც კი თავისი ცოდნა სჭირდება. გვქონია შემთხვევები, როდესაც არასწორად ნაკარნახევის გამო მთელი სპექტაკლი გაფუჭებულა, რაც მსმენელის სამართლიან უკმაყოფილებას იწვევდა. ჩვენ გვქონდა შეთავაზება, რომ დავაბრუნებდით მოკარნახეს, თუკი მომღერლები მოითხოვდნენ, მაგრამ, მერწმუნეთ, არც ერთი მომღერალი არ დაიმდაბლებს თავს და არ იტყვის, რომ დახმარება სჭირდება. საერთოდაც, მოკარნახე აზარმაცებს მსახიობს.

- რაც შეეხება დასმულ კითხვას, მაღალი ანაზღაურების მიუხედავად, თეატრი დღეს რატომ იძლევა სპექტაკლების მცირე რაოდენობას, რას უპასუხებდით? 

რევაზ ჯავახიშვილი: „ჩვენ იმ პერიოდიდან მოვდივართ, როდესაც თეატრს არაფერი გააჩნდა, სამაგიეროდ, გვქონდა ხშირი სპექტაკლები და იძულებულები ვიყავით, დარბაზში მჯდომი ორი ადამიანისათვის გაგვემართა წარმოდგენა. ეს ხდებოდა კვირაში სამჯერ თუ ოთხჯერ. თვის ბოლოს მოგებამ შეადგინა 13 ლარი, ხარჯი კი უამრავი იყო. თითოეული სპექტაკლის გამართვა, დაახლოებით, 600-700 ლარი უჯდება თეატრს. შესაბამისად, გვირჩევნია გავუშვათ თვეში ორი, სამი სპექტაკლი და შემოსავალიც ნორმალური იყოს. ესაა პასუხი ამ კითხვაზე და აქვე დავამატებ: მოვითხოვ - არათუ ვითხოვ, მოვითხოვ - თუკი ვინმეს ქალაქში აქვს ინტელიგენტობის პრეტენზია, ხშირად იარონ თეატრში და შემდეგ გამოთქვან თავიანთი აზრი, როგორი იყო წარმოდგენა. არ მინდა, საერთოდაც ნუ შემოვლენ კულისებში, ნუ მომილოცავენ, აქედან გასულები კი ნუ დაიწყებენ ლანძღვას, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ეს დამკვიდრებული „კლიშეები“.

მე მინდა საქმის კეთება და მჭირდება დახმარება. გავაკეთებ ყოველ კვირაში სპექტაკლს, მაგრამ არ დავინახო მომღერალი, რომელსაც ცალ ხელში პროდუქტით სავსე ცელოფანი ექნება, მეორეში კი - ინსტრუმენტი და სახლში მიეჩქარება.

მოსაწვევის მომლოდინე ხალხიც აღარ დაილია. თეატრი თუ უყვართ, შეეწიონ მას, შეიძინონ ბილეთები, ეს იქნება დახმარება და ამის შემდეგ გავა სპექტაკლი ხშირი რაოდენობით.“

ხელმძღვანელობის სურვილით, თეატრი დავათვალიერეთ. მართალია, საგრიმიოროები ევროსტანდარტებით ვერ დაიკვეხნიან, მაგრამ საჭირო ინვენტარი(სარკეები, მაგიდა და სავარძლები) მაინც მოიძებნება. რაც შეეხება მუზეუმს, პატარა, ვიწრო ოთახია, უფრო ფოიეს მოგაგონებთ, თუმცა მოწესრიგებულია და ნივთები ერთი-მეორის გვერდით კოხტადაა მიწყობილი. ოპერის ბაზაზეა რვა როიალი, სამი - მოქმედი და ხუთიც - საწყობში, ასევე ერთი პიანინო. სანოტო ბიბლიოთეკისათვის კი მართლაც პატარა, უფანჯრო ოთახია გამოყოფილი. მაგრამ რამდენად საშიშია იქ არსებული ჰავა და ტემპერატურა ნოტებისთვის, ამაზე პასუხი, ჯერჯერობით, არ არსებობს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1933
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია