დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ტრაგედია“ საპარლამენტო ქალაქში
2012/12/17 13:17:22

მინდა თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ გავიხსენო ნოველა „ტრაგედია უგმიროდ...“ ვფიქრობ, ვისაც სკოლაში სიარულით მაინც უვლია, მიმიხვდება ჩანაფიქრს, რატომ მაინცდამაინც ეს და სხვა არა, ნიკო ლორთქიფანიძის ყველა ნოველა ხომ სადღეისოდაა დაწერილი (უფრო სწორად, ყველა დროისთვის)...

 

 

ავტოქარხნის მიმართულებით, პარლამენტის გახსნის შემდეგ, პირველად მივდივარ. ამბავი ორიოდე დღის წინ ხდება. „4“ - ასე აწერია მიკროავტობუსს და წითელ ხიდთან, გაჩერებაზე, იმაზე დიდხანს დგას, ვიდრე წესით უნდა იდგეს. თითქმის გაივსო სალონი, მძღოლსაც აჩქარებენ, მაგრამ...

ჩემს ზურგს უკან მსხდომი ქალბატონები მტკივნეულ თემებზე ხმამაღლა საუბრობენ. ალაგ-ალაგ წყევლასაც გამოურევენ ვიღაც-ვიღაცების მისამართით. გინდა  - არ გინდა, მესმის... ღმერთმა ხომ იცის, ამას განგებ არ ვაკეთებ.

მინდა, თქვენც მოგასმენინოთ:

- ნუ გეშინია, გოგო, შეცდომა იქნება, რავა მოგიხსნიდნენ დახმარებებს, შენ თუ არ გეკუთვნის, აბა, ვის ეკუთვნის?!

- შეცდომა კი არა, მაჩვენა იმ გოგომ, იმხელა ქულები ჩამომსვლია, პოლისმაც არ მომიწია.

- ესეც შენი „ოცნება“?!

- „ოცნება“ და სიზმარი კიდო! მე ქე დამღუპეს, ლუკმა ამომაცალეს პირიდან. მიჩერებული ვიყავი მაგ ფულზე, გადასახადებს მაინც მილევდა. ახლა რა ჯანდაბა უნდა ვქნა.

- ხელახლა დაწერე განცხადება, იქნება გეშველოს.

- მეტი არაა ჩემი მტერი, ტელევიზორი და მაცივარი არ უნდა გქონდესო.

- კაი ერთი, ნაზიკიასაც ქე აქ ტელევიზორი, მარა ღებულობს დახმარებას.

- ჩემთვის მოიცალა ყველაფერმა, რა ვაჭამო სამ ბოვშს?! რაღა მეშველება?!

- კაი, თუ ქალი ხარ, რაცხა გეშველება.

- რაცხა რა? გამისკდება გული ამდენი ნერვიულობით და თლა უპატრონოდ დამრჩება შვილები.

- შენ თუ მეიკალი თავი და არ დარჩი ამ ქვეყანაზე, შენს შვილებს შენსავით ვინ მიხედავს!

- ქე მაინც შემეძლოს საზღვარგარეთ წასვლა.

- კაი, თუ და ხარ, მაგი არ იფიქრო.

- ბინის გაყიდვაც ვიფიქრე, მარა ვის რაში უნდა მეცხრე სართულზე ოროთახიანი.

- რო გაყიდო, სად მიდიხარ! არა, ეს არ ქნა, არაფრის დიდებით.

- რა ვქნა, ნახევარჯერ მშიერი ვიძინებ, დილას სკოლაში წასვლამდე ბოვშებს რო დარჩეთ პური. რამდენჯერ შიმშილს გავუღვიძებივარ, საპურე გამიხსნია, პურისაკენ ხელი გამიწევია და ის გამხსენებია, სკოლაში რო ვსწავლობდით, თუ გახსოვს, მამამ შვილებს ჭადი რო შეუჭამა, მერე თავი რო მეიკლა. გახსოვს? გამხსენებია და ცივად გამიგდია პური ხელიდან...

ამასობაში პარლამენტსაც მივუახლოვდით.

გავხედე ახლადაშენებულ, 360 მილიონიან შენობას და წარმოვიდგინე იმ საბრალო დეპუტატების მდგომარეობა, „ზღვარზე დაბალი კონდიცირების“ შედეგად, გაუსაძლის ყოფაში რომ უწევთ მუშაობა. მათთან ამ ქალბატონის მდგომარეობა რა მოსატანია! საბრალონი! რა ეშველებათ, მთელი დღე უჟანგბადობისაგან უსკდებათ თურმე თავები!..

ე.წ. „ბეტონის გაჩერებასთან“ ჩამოვედი, მინდოდა, მზერა გამეპარებინა ქალბატონებისკენ, მაგრამ ვეღარ შევძელი...

 

ლელა თოლორდავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1943
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია